პოეზია გაზაფხული სასაფლაოზე 2012, 4 მაისი, 8:46 რა მშვიდად სძინავთ წუთისოფლის ვნებებს, ქაოსებს სოფლის ძველისძველ მიტოვებულ სასაფლაოზე დავცქერი ლოდებს გაზაფხულის წვიმით გაბანილს ზოგზე ნამგალი ზოგს კავი ან მწყემსის არგანი ზოგს სატევარი ზოგს მტევანი რტოზე გასული ამოკვეტილა ქვაზე მთელი ჩვენი წარსული მამულს იცავდნენ, ვაზს უვლიდნენ, თუ მკიდნენ ყანებს ახლა ერთს გვთხოვენ: წამკიტხველნო, შენდობა ბრძანეთ ეს ღვთაებრივი სიმარტივე უბრალო ნიში არიდებაა დამრჩენთათვის სიკვდილის შიშის შემოხვევია სასაფლაოს მზის თბილი მკლავი და ლოდებს შორის ათასფერი ყვავილი ყვავის განა ყვავილნი ნიავზე რომ კრთიან მორჩილად თითქოს სამზეოს მატი სული ამობოლქვილა სასწაულია ყვავილებში საფლავის ლოდი სასწაულია რომ სიკვდილი სიცოცხლედ მოდის. 32 შეფასება არ არის
|