გერმანულმა ავტოგიგანტმა Mercedes Benz-მა ლოს ანჯელესის ავტოშოუზე კონცეპტუალური მოდელი წარმოადგინა. Vision Gran Turismo Concept-ი გერმანელების კალიფორნიაში მდებარე დიზაინ-სტუდიის თანამშრომლებმა შექმნეს.
სიახლე შეიქმნა სპეციალურად PlayStation-ის ცნობილი თამაშის, Gran Turismo-სთვის და მისი 15 წლის იუბილეს აღსანიშნავად. რაც შეეხება რეალურ კონცეპტს - ის აღჭურვილია M159 ძრავით, რომელიც გამოიყენება E 63 AMG S-Model-სა და CLS 63 AMG S-Model-ებში.
აგრეგატი 585 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ავტომობილი, უბრალოდ, საჩვენებლად შეიქმნა და კომპანია მის სერიულ წარმოებას არ აპირებს, თუმცა არაა გამორიცხული, ამ მოდელისგან ვიზუალური დეტალები მიიღოს AMG GT-მ, რომელიც უახლოეს მომავალში გამოვა და კონკურენციას გაუწევს ისეთ ცნობილ სპორტულ მანქანას, როგორიცაა Porsche 911.
მანამდე კი Playstation 3-ის მოყვარულებს შეუძლიათ ვირტუალურად მიუსხდნენ მის საჭეს. თამაში მიმდინარე წლის 6 დეკემბერს გამოვა, Mercedes Benz AMG Vision Gran Turismo-ს კი მასში სპეციალური ნაწილი დაეთმობა.