x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
რა ხდება შინხოფერსა და VTB ბანკს შორის?

კომპანია „შინხოფერი“ „ვითიბი ბანკს“ კაბალური საკრედიტო ხელშეკრულების
გაფორმებაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ შპს "შინხოფერის" და შპს "ვესტ-დისტრიბუშენის" ადვოკატმა ირაკლი ნინუამ და “საზოგადოებრივი ინიციატივების გაერთიანების ცენტრის" თავმჯდომარე ირაკლი ღლონტმა დღეს „Frontnews“-ის პრეს–კლუბში სტუმრობისას განაცხადეს.

ირაკლი ღლონტმა კომპანიებსა და ბანკს შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, „ქართულ ეკონომიკაში რუსული ბანკის ფარულ ინტერვენციასთან გვქონდეს საქმე“

„ჩემს ორგანიზაციას შპს „შინხოფერისა“ და შპს „ვესტ-დისტრიბუშენიდან“ გათავისუფლებულმა, დაახლოებით, 30–მა ადამიანმა მომართა. ეს ადამიანები 2012 წლის ნოემბრამდე წარმატებულად მუშაობდნენ აღნიშნულ კომპანიებში. მათი გათავისუფლების მიზეზად კომპანიებმა მწვავე ფინანსური მდგომარეობა დაასახელეს, რომელიც კომპანიებსა და „ვითიბი ბანკს“ შორისაა შექმნილი და მენეჯმენტი იძულებული გახდა, თანამშრომლები დაეთხოვა. ეს ადამიანები დაინტერესდნენ, უფრო სამართლებრივი განმარტებები მოესმინათ დამსაქმებლებისგან და ამ მიზნით მომართეს ჩემს ორგანიზაციას და ჩვენც, რა თქმა უნდა, ორივე კომპანიას შუამდგომლობა გავუგზავნეთ და თანამშრომლობა მოვითხოვეთ. დაახლოებით, ორ–სამ დღეში, ორივე კომპანიამ ოფიციალურად მოგვწერა, რომ მათ ნამდვილად მოუწიათ თანამშრომლების გათავისუფლება კომპანიაში არსებული ფინანსური პრობლემების გამო. ჩვენ თავის მხრივ, მივმართეთ „ვითიბი ბანკს“, განემარტა რასთან გვქონდა საქმე, მაგრამ ბანკის მენეჯმენტი არ გამოგვეხმაურა. მინდა აღვნიშნო, რომ კომპანია „შინხოფერი“ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს უანგაროდ ემსახურებოდა ქართულ ჯარს და ქვეყნის სადარაჯოზე იდგა. აქედან გამომდინარე, მიჩნდება კითხვა, ხომ არ არის ეს რუსული ინტერვენცია ქართულ ეკონომიკაში და ხომ არ გვაქვს საქმე რუსული წარმოშობის ბანკის შურისძიებასთან? ეს აბსოლუტურად ლოგიკური შეკითხვაა. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ საქმე არ გვაქვს მრავალმილიონიან კრედიტთან, ანუ ისეთთან, რომ მისი დაფარვა შეუძლებელი იყოს. აქედან გამომდინარე, ბანკის მთავარი ამოსავალი წერტილი ხომ არ არის კომპანიის ქონებრივი სიკეთეების დაუფლება? იმედი მაქვს, ჩვენი დღევანდელი მიმართვა ბანკისთვის საინტერესო გახდება“, – განმარტა ღლონტმა და საკითხით დაინტერესებისკენ ბიზნეს–ომბუდსმენსაც მოუწოდა.

თავის მხრივ, კომპანიების ადვოკატმა ირაკლი ნინუამ ბანკსა და მის კლიენტებს შორის არსებულ საკრედიტო ხაზზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ვითიბი ბანკმა“ მისი დაცვის ქვეშ მყოფ კომპანიებს კაბალური საკრედიტო ხელშეკრულება გაუფორმა, რამაც საბოლოოდ, ფინანსური პრობლემები გამოიწვია.

მისი თქმით, მათ მიმართეს „ვითიბი ბანკის“ გენერალურ დირექტორს არჩილ კონცელიძეს, რათა მხარეებს შორის მორიგება მომხდარიყო, თუმცა უშედეგოდ.

„დღისათვის, პრაქტიკულად ეს საწარმოები გაჩერებულია, ვინაიდან აბსოლუტურად ყველა ფინანსური რესურსი, რაც გააჩნიათ, მიმართული იყო ვალდებულებების დაფარვაზე, რომელსაც 2013 წლის თებერვლამდე ეს საწარმოები კანონის ფარგლებში იხდიდნენ; თუმცა 2012 წლის 24 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე გახსნილმა ახალმა საკრედიტო ხაზმა (70 000 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი 24%, დაფარვის ვადა – 6 თვე) კომპანია კაბალურ მდგომარეობაში ჩააყენა და მათ ვერ შეასრულეს ვალდებულებები. შესაბამისად, 2013 წლის აგვისტოდან დაიწყო სამართლებრივი დავა და ამჟამად 4 დავა მიმდინარეობს“, – განმარტა ადვოკატმა.

image

0
41
შეფასება არ არის
ავტორი:ირაკლი ღლონტი
ირაკლი ღლონტი
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0