x
image
worldsport.ge
კომისრები, მსაჯ-მდივნები, მოქმედი და ვეტერანი მსაჯები, რაც შეიძლება ბევრ საარჩევნო ხმას ითხოვენ

imageსკფ-ის (საქართველოს კალათბურთის ფედერაცია) გამგეობა ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების თარიღთან, ფედერაციის წესდებასა და საარჩევნო ყრილობის დღის წესრიგთან დაკავშირებით, საკალათბურთო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას აგრძელებს.
ვეტერან კალათბურთელებთან 4 ოქტომბრის შეხვედრის შემდეგ, რომელიც სასტუმრო “რედისონ-ბლუში” ჩატარდა, სკფ-ს გამგეობა (ბესიკ ლიპარტელიანი, ვალერი ლომაძე, მერაბ რატიშვილი, გივი ბიჭიაშვილი, ნოდარ ქორქია, პაატა გურასპაული), ამჯერად კომისრებს, მსაჯ-მდივნებს, მოქმედ და ვეტერან მსაჯებს შეხვდა. ამ შეხვედრასაც “რედისონ-ბლუს” საბანკეტო დარბაზმა უმასპინძლა და 11 ოქტომბერს შედგა.
შეხვედრა სკფ-ს გენერალურმა მდივანმა, გამგეობის წევრმა მერაბ რატიშვილმა გახსნა.
გთავაზობთ სიტყვით გამოსულთა კომენტარებს.
ბესიკ ლიპარტელიანი (საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი):
“12 წელია საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ვხელძღვანელობ. 2004 და 2009 წლების არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი ვიყავი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საარჩევნო წესდების ცვლილება აუცილებლობას არ წარმოადგენდა. ახლა, როცა რამდენიმე კანდიდატმა გამოთქვა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი და გამორიცხული არაა, ეს სია კიდევ გაიზარდოს, დღის წესრიგში დადგა საარჩევნო წესდებაში ცვლილებების შეტანა. ცვლილების განხორციელების ჩატარების მიზნით, გადავწყვიტეთ რიგგარეშე ყრილობის ჩატარება. სამწუხაროდ, იძულებული გავხდით ყრილობა გადაგვედო, რადგან დელეგატებზე მოხდა ზეწოლა. ეს ზეწოლა ერთმა “კავშირმა” განახორციელა, რომელსაც პრეზიდენტობის კანდიდატი, ვეტერანი კალათბურთელი მიხეილ ახვლედიანი ხელმძღვანელობს. ის ამბობს, რომ ქართულ კალათბურთში, 12 წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა და რომ მოვლენ, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ და “კალათბურთელთა კავშირი” ვერ შევთანხმდით შემდეგ დელეგატებზე. “კავშირმა” მოითხოვა სუპერლიგის გუნდებს არჩევნებში 3-4 ხმა ჰქონდეს. ასევე ითხოვს ხმას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, რომელიც არჩევნებში ახვლედიანის მხარდამჭერია. ჩვენ ვთვლით, რომ მათი ეს მოთხოვნა მიუღებელია და არ გავითვალისწინეთ. მოგეხსენებათ, თუUრა გაუსაძლისი მდგომარეობა იყო ქართულ კალათბურთში პრეზიდენტად ჩემს მოსვლამდე. ზოგიერთი კალათბურთელი, სათამაშოდ შეიარაღებული მოდიოდა და აღნიშნულიდან გამომდინარე, დიდი იყო მსაჯებზე ზეწოლა. მე რომ მოვედი, ფედერაციის ბიუჯეტი 37 ათასი ლარი იყო, ახლა კი ორმილიონნახევარია, ამისთვის ყველამ დიდი შრომა გავწიეთ.
პირადი ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არ უნდა დავაყენოთ. მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ...”
როლანდ ხომერიკი (ვეტერანი მსაჯი, ფიბას არბიტრი): “დამოუკიდებელი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები ექვსჯერ ჩატარდა. პირევლი სამი, ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რადგან იქით ვეხვეწებოდით, რომ ფედერაცია ვინმეს ჩაებარებინა. ყველაზე დაძაბული, 2001 წლის არჩევნები იყო, სადაც კენჭს ვეტერანი კალათბურთელები, ბესიკ ლიპარტელიანი და ოლიმპიური ჩემპიონი მიხეილ ქორქია იყრიდნენ. აღნიშნულ არჩევნებში, 93 დელეგატიდან 87 გამოცხადდა. მაშინდელ არჩევნებში, 13 ხმის უპრატესობით (50-37) ლიპარტელიანმა გაიმარჯვა. ლიპარტელიანის ხელმძღვანელობის დროს, საქართველოს ნაკრებმა ორჯერ მოახერხა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე თამაში
66 წელია კალათბურთში ვარ და ვთვლი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის უფლებას ვიმსახურებ. რატომ უნდა ჰქონდეს მსაჯთა კავშირს ერთი ხმა, როდესაც იგი ფიბას რვა არბიტრს (5 მოქმედი, ერთი კომისარი, 2 ვეტერანი) ითვლის. ბესო, იქნება თუ არა ფედერაციის პრეზიდენტი, მისი შრომა უნდა დაფასდეს. ვთვლი, რომ საბოლოო გადაწყვეტილება სკფ-ს გამგეობამ და კალათბურთის სამყარომ უნდა მიიღოს...”
პაატა გურასპაული (ვეტერანი კალათბურთელი): “50 წლის ვარ და აქედან 40 წელი კალათბურთს მივუძღვენი. კალათბურთი ჩემი ცხოვრებაა. შეიძლება ითქვას, რომ ქართულ კალათბურთში გმირობის ტოლფასი საქმე გაქვთ გაკეთებული. ვერ დაგპირდებით, რომ ყველა თქვენს სურვილს გავითვალისწინებთ, მაგრამ გპირდებით, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინებთ. დღევანდელი შეხვედრით ჩვენი (გამგეობის) ურთიერთობა არ მთავრდება. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოგვმართოთ. ჩვენ ვდგავართ რუბიკონთან; ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ რა გზით წავა ქართული კალათბურთი...”
მურმან ქურიძე (ვეტერანი მსაჯი, ფიბას არბიტრი): “კარგია, რომ იმ დელეგატთა სია ზუსტდება, რომლებმაც მომავალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. მიმაჩნია, რომ საარჩევნი წესდებაზე მუშაობა დიდი ხნით ადრე უნდა დაწყებულიყო. მთელი ცხოვრება კალათბურთში ვარ. იყო დრო, როდესაც საქართველოში კალათბურთის მსაჯებს არაფერს უხდიდნენ. ქართველ მსაჯებს საპრეზიდენტო არჩევნებში 5-6 ხმაზე მეტი უნდა ჰქონდეთ. ჩემი აზრით, ფიბას ყველა ქართველი მსაჯი იმსახურებს არჩევნებში ხმის უფლებას...”
ნოდარ ქორქია (ვეტერანი კალათბურთელი): “55 წელია კალათბურთში ვარ. უხერხულია, ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდეს NBA-ში პირველ ქართველ სპორტსმენს ვლადიმერ სტეფანიას, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ტიტულსაც კი არ ფლობს. ნუ მიწყენენ, მაგრამ თქვენგან, ამჟამად ყველაზე წარმატებული, მაკა კუპატაძეა, რომელმაც ევროპაში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა იმსაჯა. ასეთ გამორჩეულ მსაჯს, ხმის მიცემის უფლება აუცილებლად უნდა ჰქონდეს...”
მაკა კუპატაძე (ფიბას არბიტრი): “მიმაჩნია, რომ ბევრ ქართველ მსაჯს ჩემზე მეტი აქვს გაკეთებული. დღევანდელი სიტუაცია არ მომწონს. ბესო არ უნდა საუბრობდეს მის წარმატებებზე, ამაზე ჩვენ უნდა ვისაუბროთ. სახელმწიფოს ყოფილი ხელმძღვანელები ხშირად ეროდნენ ჩვენი, მსაჯების საქმეში.ბესოს უყურადღებოდ არასოდეს დავუტოვებივართ და შეძლებისდაგვარად გვიცავდა. კარგი იქნება, თუ მოწინააღმდეგე მხარეები ერთად დაჯდებიან და საკამათოOსაკითხებზე შეთანხმებას მიაღწევენ...”
მათ გარდა, სიტყვით გამოვიდნენ: როლანდ გელოვანი, მანანა მოსულიშვილი, გია სანაძე, ზაზა მაჩალაძე, დათო და ირაკლი ბერიშვილები, თამრიკო ბუიღლიშვილი.
სკფ-ს გამგეობა მორიგ შეხვედრას 16 ოქტომბერს, ქუთაისში ჩაატარებს, სადაც დასავლეთ საქართველოს საკალათბურთო წრეებს შეხვდება.


როლანდ ლაბუჩიძე

www.worldsport.ge

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0