x
image
worldsport.ge
ევრობასკეტის ფარგლებში, ლუბლიანაში ქართული ღვინის გამოფენა-ბაზრობა დაიწყო

imageლუბლიანაში, მდინარე ლუბლიანიცას სანაპიროზე, გუშინ ქართული ღვინის გამოფენა-ბაზრობა დაიწყო. ამ საინტერესო ღონისძიების შესახებ, ვლადიმერ ბოისამ შეგვატყობინა, რომელიც მეუღლესთან ერთად შემთხვევით ვნახეთ სანაპიროსთან. ლუბლიანის შუაგულში შეძახილი მომესმა: „ჯორჯია, სოხუმი, თენგო!“. უკან მივიხედე და ჩემ წინ ვოვა ბოისა იდგა, რომელიც ბოლოს ცელიეში, 9 სექტემბერს, საქართველო-ესპანეთის მატჩის დროს ვნახე ტრიბუნებზე. ვოვამ მითხრა, რომ ძალიან ეჩქარებოდა „სტოჟიცე-არენაზე“, ევრობასკეტის მორიგ მატჩებზე, მაგრამ მიგიყვანთ სანაპიროზე იმ ადგილას, სადაც ქართული ღვინის გამოფენააო. 5 წუთში ვიყავით საპრეზენტაციო ადგილზე, სადაც სლოვენიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ჭკუასელი დაგვხვდა. მან გვითხრა, რომ ლუბლიანას მერიის ინიციატივით, ევრობასკეტის ფარგლებში, ქალაქში დაიწყო ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნების ღვინოების გამოფენა-ბაზრობა. ეს ღონისძიება 14 სექტემბერს, ქართული და ესპანური ღვინოების ორ დღიანი გამოფენა-ბაზრობით დაიწყო, შემდგომ დღეებში, ამ ღონისძიებას შეურთდება ევრობასკეტში მონაწილე სხვა ქვეყნებში წარმოებული ღვინის პროდუქცია. ჩვენი ღვინოების გამოფენა-ბაზრობა საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ტარდება. ერთ-ერთმა სლოვენიურმა კომპანიამ, საქართველოში წარმოებული ღვინოები შეიძინა და დღევანდელ გამოფენა-ბაზრობაზე წარმოადგინა. ღვინის დეგუსტაცია უფასოა, შეძენა - ფასიანი. ჩვენი თანდასწრებით, ნახევარი საათის განმავლობაში უამრავი სლოვენიელი და აქ მყოფი ტურისტი ეწვია ჩვენს დახლს და რამდენიმემ, დეგუსტაციის შემდეგ, ღვინო შეიძინა.
ამასობაში, სლოვენიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრე ჭკუასელს გავესაუბრეთ, რომელიც ცელიეში საქართველოს ნაკრების შეხვედრებს ესწრებოდა და აქტიურად ქომაგობდა ჩვენ ნაკრებს. მისი სიტყვით, ზოგადად, სლოვენიაში დიდი სიმპათიით არიან განწყობილნი საქართველოს მიმართ.
ამაში ყოველდღე ვრწმუნდებით ლუბლიანაში, ქალაქში, რომელიც ჯერ კიდევ 1977 წლიდანაა თბილისთან დაძმობილებული. თუმცა, ოფიციალურ მხარეს თავი რომ დავანებოთ, რეალურ ცხოვრებაში სლოვენიელები დიდი სიმპათიით არიან საქართველოს მიმართ. ძალიან ბევრი, ახლაც გამოხატავს სინანულს იმის გამო, რომ წლევანდელ ევრობასკეტზე, საქართველოს ნაკრები ვერ გავიდა ჯგუფიდან, თუმცა, მათი აზრით, ჩვენი გუნდი, თავისი პოტენციალით ამას იმსახურებდა...


თენგიზ პაჭკორია, ლუბლიანა, სპეციალურად www.worldsport.ge-სთვის
ხათუნა გაბიტაშვილის ფოტოები

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0