მიმოხილვა Red Victor I 2200 ცხენის ძალით 2013, 26 აგვისტო, 15:05
ვულვერჰემპტონი ინგლისის ერთ-ერთი, ნაკლებად ცნობილი ქალაქია. ამ ქალაქს ინგლისის მოსახლეობის 90 პროცენტი მხოლოდ ავტობანზე გაკეთებული წარწერებიდან თუ იცნობს, თორემ სხვა მხრივ ვულვერჰემპტონი არაფრითაა ცნობილი. ამ ქალაქს ადგილობრივი გმირი ყავს, რომელიც ამ ქალაქის ნებისმიერი ბავშვისთვის იმდენად ცნობილი და საყვარელია, რამდენადაც თითოეული ინგლისელისთვის დედოფალი. მისი სახელი და გვარია ენდი ფროსტი. მას ხალხი ავტომობილით იცნობს. მანქანას ქვია Red Victor I და ის, არც მეტი, არც ნაკლები ქალაქის ქუჩებში დაშვებული ავტომობილებიდან, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი და მძლავრია! ალბათ ვერ წარმოგიდგენიათ, რომ შეიძლება ქალაქის ქუჩებში დაუშვან მანქანა, რომელიც 1001 - ცხენისძალიან Bugatti EB 16.4 Veyron-ზე სწრაფი შეიძლება იყოს. ჰო, მაქსიმალური სიჩქარის თავლსაზრისით Red Victor I მასზე სწრაფი არ არის, სამაგიეროდ აჩქარებაში ძალიან ჯაბნის, ფაქტობრივად არცხვენს "ბუგატის". დავწვრილმანდეთ. "ავიღოთ ჩვეულებრივი, 402-მეტრიანი დისტანცია და შევაჯიბროთ ჩემი მანქანა მაგ თქვენს "ბუგატის". ჩვენ ეს ერთხელ უკვე გავაკეთეთ და შედეგი არ გაინტერესებთ? იმ დროს, როცა ჩემმა ავტომობილმა 402-მეტრიანი დისტანცია დაფარა, Bugatti Veyron-ს ნახევარი გზა ქონდა გავლილი!" - ამბობს ენდი ფროსტი. თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ფროსტის ვიდეო-კადრებიც აქვს და ნებისმიერ დროს მზადაა ტესტის გასამეორებლად. "660- ცხენისძალიან "ფერარი ენცოს" 200-დან 300 კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის 15 წამი ჭირდება, Bugatti Veyron-ს 9.4, მე კი, ჩემს მანქანას 200-დან 300-კმ/სთ-მდე ზუსტად 3 წამში ვაჩქარებ.!" ეს ყველაფერი კითხვებს ბადებს, მისტერ ფროსტ! კი მაგრამ, ასეთი რა ძრავა უდგას? როგორ და რატომ დაუშვეს ეს ჯოჯოხეთის ავტომობილი ქუჩებში? დავიწყოთ სულ თავიდან. თავის დროზე, 20 წლის ფროსტი და მისი საცოლე დები იაფიან ავტომობილს ეძებდნენ, მანქანისთვის სულ რაღაც 60 ფუნტი ჰქონდათ გამოყოფილი. ფროსტმა 1972 წელს გამოშვებულ Vauxhall Victor-ს მიაგნო, რომელიც Opel Record C-ს ბრიტანული ასლია. 1983 წელს ფროსტმა ამ ჯაბახანას 104 ცხენის ძალის მქონე ოთხცილინდრიანი ძრავა ჩაუდგა. გავიდა სამი წელი და მან ძრავა 2.3-ლიტრიანი, 120 ცხენის ძალის მქონე აგრეგატით შეცვალა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, გაუჩნდა თუ არა მომდევნო შანსი და შესაძლებლობა, ავტომობილში 3.3-ლიტრიანი, ექვსცილინდრიანი ძრავა ჩადგა, რომელსაც მერე3.5 ლიტრიანი Rover V8 (154 ცხენის ძალა) მიემატა. ამ დროს მანქანა რეკორდსმენი იყო მეოთხედი მილის დისტანციის დაფარვაში (15.8 წამი). ფროსტი ხვდებოდა, რომ კიდევ შეეძლო სიმძლავრის გაუმჯობესება. 1990 წელს მანქანა 402-მეტრიან დისტანციას უკვე 11.2 წამში ფარავდა, რადგან მას Chevrolet-ის 300- ცხენისძალაინი, V8 ძრავა დაემატა. 1991 წელს კი ფროსტი უკვე ზედმეტებში გადავიდა! ხუმრობა იქით იყოს და და მანქანას სახელი შეუცვალა და მას Red Victor I დაარქვა. 1993 წელი, გაუმჯობესების მორიგი ეტაპი: Chevy-Bigblock-ის ჩადგმის შემდეგ, რომელსაც 500 ცხენის ძალა აქვს, მანქანა ზემოთ ხსენებულ დისტანციას უკვე 9.2 წამში ფარავს. ამ დროისთვის მანქანა 100 კილომეტრზე 30 ლიტრ ბენზინს მოიხმარდა. 2002 წელს ავტომობილმა MOT-ის სერთიფიკატი მიიღო, ანუ ინგლისის ავტომობილების სიაში ოფიციალურად ჩაეწერა. 2003 წელს კი მის ცხენისძალებს კიდევ 500 დაემატა და ძრავის მოცულობა 9375 კუბური სანტიმეტრი გახდა, მანქანის იმხანად უკვე 1400 ცხენის ძალა ქონდა. დღეს კი Red Victor I-ს 2200 ცხენის ძალა აქვს. სამომავლოდ მისტერ ფროსტი თავისი "მხეცის" სიმძლავრის გაზრდა 3000 ცხენისძალამდე აპირებს. "ეს საბოლოო იქნება 3000-ზე ზემოთ ასვლა უაზრობა იქნება". ამბობს ფროსტი. 105 6-ს მოსწონს
|