ქალი და მამაკაცი " ქალის იდეალურობა... მამაკაცის ზმანება..." 2013, 9 აგვისტო, 15:54 ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველა ქალის სურვილია სილამაზით, ხიბლით, მიმზიდველობით, სექსუალურობითა თუ სხვა კრიტერიუმებით მამაკაცის ზმანებას, სრულ იდეალს წარმოადგენდეს. მაგრამ სამწუხაროდ ყველა მამაკაცის იდეალი არ არის ფიზიკურად ლამაზი თუ სექსუალური მანდილოსანი. მამაკაცებთან ჩატარებული გამოკითხვების შედეგებით ფიზიკური სილამაზე პირველ ადგილზე არ დასახელდა. ნამდვილ ქალს უნდა შეეძლოს აირჩიოს ღირსეული მამაკაცი-სერიოზული და საიმედო, რომელსაც შეეძლება პატიოსანი და გულწრფელი იყოს, მასთან აკავშირებდეს საერთო შეხედულებები ცხოვრებაზე, განათლებაზე, კულტურაზე და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ფულზეც, დიახ, სწორედ რომ ფულზეც, ვინაიდან წყვილების უმეტესი ნაწილი ფულზე ჩხუბობს. სანამ მფლანგველ ადამიანს დაუკავშირებთ ცხოვრებას, კარგათ დაფიქრება სჯობს. (რჩევა ორივე სქესის წარმომადგენელს). "გთავაზობთ რჩევებს, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც შეძლებთ გახდეთ თქვენთვის სასურველი მამაკაცის იდეალი". ქალი იდუმალი, გამოუცნობი, ყოველთვის საინტერესო და დამაინტრიგებელი უნდა იყოს. მისი ხასიათისა და გარეგნობის ცვლილება (ზომიერების ფარგლებში) იზიდავს და აღაგზნებს მამაკაცს. საოცნებო ქალი ასევე უნდა იყოს ყურადღებიანი, ოღონდ მცირე დოზით, ვინაიდან გადაჭარბებული არაფერი არ ვარგა. უნდა აჩენდეს პატარ-პატარა ყურადღების გამომხატველ ნიშნებს, რომელიც მამაკაცს აგრძნობინებს რაოდენ მნიშვნელოვანი ყოფილა მისთვის. ნამდვილი ქალი არ უნდა ითმენდეს მამაკაცის მიერ გამოხატულ უმსგავსო საქციელს, რადგან მამაკაცი ისეთ ქალს უფრო აფასებს, ვინც საკუთარი თავის ფასი იცის, თუმცა არც ეს მცნება დაივიწყოთ: "რამდენადაც ღირხარ, თავი იმდენად დაიფასე, წინააღმდეგ შემთხვევაში სულ მთლად გაუფასიურდები". პატივი ეცით გარკვეულ პრინციპებს. ქალი უნდა იყოს სექსუალური, მაგრამ ზედმეტობების გარეშე, თუმცა ეს კონცეფცია ურთიერთობის განვითარებასთან ერთად იცვლება. ნაცნობობის დასაწყისში თავი უნდა აარიდოთ სექსუალურ კომენტარებსა და გამომწვევად მოქცევას, თუმცა ურთიერთობის სერიოზულ ეტაპზე გადასვლის დროს სიყვარულის უფრო ინტიმური გამოხატვა სრულებით ნორმალურია. (ეს უკვე თქვენ-თქვენი ჩარჩოებიდან გამომდინარე). ქალი არ უნდა ეძალებოდეს მამაკაცს, არ ღირს დღეში ცხრაჯერ დარეკვა კითხვით "სად ხარ?" მამაკაცები ვერ იტანენ შეზღუდვებს, ანგარიშის გაწევას და მომაბეზრებლად ქმედებებს. მისთვის იდეალურ ქალს უნდა შეეძლოს ამაღლებულ კაცად აგრძნობინოს თავი: იცინოს მის ხუმრობებზე, უთხრას კომპლიმენტები და იბრწყინოს მის გვერდით. იდეალურმა ქალმა უნდა იცოდეს როგორ მოუაროს თავს, უნდა ჰქონდეს საკუთარი სტილი, იყოს ხალისიანი, შეეძლოს ტკბობა ცხოვრებისეული პატარ-პატარა სიკეთეებით და არასოდეს გამოიჩინოს ინიციატივა პირველმა მამაკაცის გაცნობაში, რადგან მამაკაცი ქვეცნობიერად მონადირეა და თვითონ ოცნებობს ქალის მონადირებაზე. გისურვებთ წარმატებებს და მუდამ იდეალური სტატუსით ყოფნას. 121 16-ს მოსწონს
|