რამდენიმე საათის წინ, ლიკა ევგენიძე ბიჭის დედა გახდა. ცოტა ხნის წინ, ჩემთან ინტერვიუში ლიკა თავის ამერიკულ ცხოვრებასა და დედურ ინსტიქტებზე საუბრობდა.
გთავაზობთ ინტერვიუს:
- წარმოუდგენელია, ადამიანს ის წუთები დაგავიწყდეს, როცა შვილს პირველად შეხედავ. დედობისთვის ფსიქოლოგიური მზადება ჯერ კიდევ "დედობანას" თამაშიდან იწყება. პირველი შვილის მოლოდინში ცოტა არ იყოს, საკუთარ თავთან გაუცხოებული ადამიანის პოზიციაში ვიყავი და დიდი ცვლილებისთვის, პასუხისმგებლობისთვის ვემზადებოდი. მეშინოდა კიდეც, მაგრამ რისი - არ ვიცი. ანა-სოფიას დანახვა ჩემთვის შოკის მომგვრელი რამ იყო; ამ ემოციის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ადამიანები მუდამ საოცრებების ძიებაში არიან, სინამდვილეში კი, ყველაზე დიდი საოცრება ქალის სხეულში ხდება - მაშინ, როდესაც ბავშვი ისახება და იბადება.
- დედობამ რა კუთხით შეგცვალა?
- ისეთ რაღაცებზე დავიწყე ფიქრი, რაზეც მანამდე არასდროს დავფიქრებულვარ და უფრო მეტად ფრთხილი გავხდი; ხშირად მახსენდებოდა, რომ დედასა და მამას გადამეტებული ყურადღება არ მსიამოვნებდა. ჰოდა, მათ ვეუბნებოდი: მე შვილის მიმართ ასეთი არ ვიქნები-მეთქი. არადა, მათზე ბევრად უარესი ვარ. დედობრივი სიყვარული არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. რაც უფრო მეტად იზრდება ანა-სოფია, მით უფრო მეტად მიყვარდება.
- შენთვის და შენი მეუღლისთვის შვილის სქესს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს?
- ჩვენთვის შვილის სქესს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ჯანმრთელი იყოს. თუმცა, ძალიან გაგვიხარდა, როცა გავიგეთ, რომ ბიჭიც გვეყოლება. კარგია, როცა ოჯახში ქალიშვილიც იზრდება და ვაჟიც. ძალიან მინდა, მომავალში და-ძმამ იმეგობროს.
- მეუღლე ბავშვის მოვლაში თუ გეხმარება?
- თავიდანვე ძალიან მეხმარებოდა. პირველი ორსულობის პერიოდში ყველა ექოსკოპიაზე დამყვებოდა და ამჯერადაც გამუდმებით ცდილობდა, ჩემ გვერდით ყოფილიყო. ჩვენ ყველაფერი ერთად გავიარეთ. სხვათა შორის, ორსულობისას ქალი უფრო მეტად მგრძნობიარე ხდება და მისთვის მეუღლის გვერდში დგომა მნიშვნელოვანია. ნიკა მშობიარობასაც დაესწრო და ბავშვს ჭიპლარიც თავად გადაუჭრა. ანა-სოფია მტირალა არ იყო. ღამით რომ იღვიძებდა, ნიკა აჭმევდა, უცვლიდა.
- კაცებს უჭირთ მშობიარობაზე დასწრება. ნიკამ ეს გადაწყვეტილება ადვილად მიიღო?
- ამის სურვილი თავიდანვე გამოთქვა. შენი შვილის პირველ ამოსუნთქვაზე მაგარს, ვერასდროს ვერაფერს ნახავ. მეორე შვილის დაბადებასაც აუცილებლად დაესწრება.
- ბავშვს როდისთვის ელოდებით?
- უკვე მეცხრე თვეში ვარ, ივლისში ველოდებით.
- საცხოვრებლად ამერიკაში რატომ გადახვედი?
- ამერიკის მოქალაქეობას ველოდები, ამისთვის კი საჭიროა, აქ ერთი წელი მაინც ვიცხოვრო. ამერიკაში ყოფნას ორსულობაც კარგად დაემთხვა: ასეთ მდგომარეობაში ტელევიზიაში მუშაობას მაინც ვერ შევძლებდი.
- როგორია ნიუ-იორკში შენი ერთი დღე?
- საკუთარი თავი მთლიანად ოჯახს დავუთმე. არ მინდა, რაიმე სხვა საქმით დავიტვირთო. დროს მშვიდად ვატარებ და შვილთან ერთად ვსეირნობ ხოლმე.
- როგორი ორსულობა გაქვს? ხასიათი ხომ არ შეგეცვალა?
- ზოგიერთი ჩემი მეგობრისგან განსხვავებით, არც ხასიათი შემეცვლია და არც რაიმე საჭმელი მომნდომებია განსაკუთრებულად. თავიდან მხოლოდ ტოქსიკოზი მქონდა, ისიც - იოლი ფორმით.
- პატარას რას დაარქმევთ? ანა-სოფიას სახელი რის მიხედვით შეურჩიეთ?
- პატარასთვის სახელი ჯერ არ
შეგვირჩევია. რაც შეეხება ანა-სოფიას, გვინდოდა, მისთვის ინტერნაციონალური სახელი შეგვერჩია, რადგანაც ხან ამერიკაში ვართ და ხან - საქართველოში. ბოლოს, არჩევანი ანა-სოფიაზე გავაკეთეთ და ჩვენი გოგონა ამ სახელით კმაყოფილია. თუ მხოლოდ ანას ან მხოლოდ სოფიას დაუძახებ, აუცილებლად შენიშვნას მოგცემს (იცინის)... რომ ვუთხარი: მალე ძამიკო გეყოლება-მეთქი, მიპასუხა: მე გოგო ძამიკო მინდაო! ახლა ხელში ვერ ამყავს და სურვილი აქვს, მალე ვიმშობიარო, რათა მისი აყვანა შევძლო. თავიდან გაუჭირდა ამერიკელ ბავშვებთან ურთიერთობა და ენის ბარიერიც ჰქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერს შეეჩვია და საბავშვო ბაღშიც დადის.
- როგორც ვხვდები, ამერიკული ცხოვრების სტილი მოგწონს...
- ამერიკა ძალიან მიყვარს. ნიუ-იორკი მრავალფეროვანი ქალაქია. აქ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ხალხი ცხოვრობს და თავს უცხოდ ნამდვილად ვერ იგრძნობ. თანაც, გამუდმებით საინტრესო ამბები ხდება. ნიუ-იორკში უამრავი მეგობარი მყავს - ქართველებიც და არაქართველებიც. ჰოდა, ერთ თვეში უკვე სამ ქორწილში მომიხდა წასვლა (იღიმის)...