რაგბი „საქართველოს ნაკრები უკეთესი უნდა იყოს და იმედი მაქვს, მალე იქნება“ 2012, 21 მარტი, 15:08 რუსეთს რაგბში 46:0 შევუსრულეთ. ლამაზად, მშვიდად, საინტერესოდ შევუსრულეთ. რუსეთს რაგბში თითქმის სულ ვუგებთ და ბოლო ტესტი მართლა მაგარი იყო. საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში 17:0 დასვა. მერე დავისვენეთ, ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა რაღაცეები დაალაგა და მეორე ტაიმში ავკრიფეთ. მეორე ტაიმი 29:0 ავიღეთ და წამოიღო. დავდეთ 6 ლელო. მაგარია. 6 ლელოსთვის პრემიალური ქულაც დავირტყით. ორმაგად სასიამოვნო, საჭირო ბონუსი იყო. რუსეთთან, რუმინეთთან თუ ესპანეთთან, ბონუსი და უკომპლექსო თამაში ყველა შემთხვევაში სასიამოვნოა. მეორე ტაიმში უფრო შევაწუხეთ რუსეთი და მეორე ტაიმით მილტონ ჰეიგიც კმაყოფილი იყო. მეორე ტაიმში მერაბ კვირიკაშვილი ქულებს ჯარიმებით აგროვებდა. კარგი კოლექცია გამოუვიდა. ირაკლი მაჩხანელმა, ლევან დათუნაშვილმა, გიორგი ნემსაძემ, მერე ისევ მაჩხანელმა მეორე ტაიმში ლელოებით გახიეს რუსეთი. მილტონ ჰეიგი ყველაფერს აკვირდება, ბევრ რაღაცას ინიშნავს, ყველაფერს იმახსოვრებს, სამწვრთნელო პროცესი აკურატულად, ყველასთვის გასაგებად წაიყვანა. ჰეიგი დღეს A ნაკრებთან ერთად ბრიტანულ ტურნეშია, სადაც სამი ტესტი გვაქვს. ბოსი ბრიტანეთშიც ბევრ რაღაცას მოინიშნავს. ჰეიგი ჩვენი დელეგაციის პირველი კაცია. ახალზელანდიელი პირველი ნაკრებისთვის სასურველ ხალხს ჩაიწერს და ივნისში, პირველ გუნდთან ერთად საინტერესო, ჩრდილოამერიკულ ტურნეში წაიყვანს. მილტონთან ერთად, მთელ ამ პროცესს აკვირდებიან ბოსის ასისტენტები კრის გიბსი და ტონი ბერჯესი. A ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილია. მილტონ ჰეიგთან საუბარი რუსეთთან ბოლო ტესტით დავიწყეთ. მილტონ ჰეიგი: „კარგი იყო. ბუნებრივია, როდესაც შენი გუნდი 46-ს იღებს, დაცვაში ცოტა შეცდომას უშვებს და ტესტს პოზიტიურად ამთავრებს, ყველაფერი გაწყობს, ყველაფერი მისაღებია. რაღაც მომენტში რეალურად კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შეცდომები მაინც იყო. ბურთი გვივარდებოდა, რაღაც ნიუანსებში არადამაჯერებლად ვაკეთებდით საქმეს და რამდენიმე მომენტში ტემპი დავაგდეთ. ენერგიის გადანაწილება აუცილებელია. მნიშვნელობა არ აქვს, ვის ხვდები, რუსეთს თუ ახალ ზელანდიას. თუ გრძნობ, რომ დაიღალე, ტემპი უნდა დააგდო, მაგრამ როდესაც ეს უმიზეზოდ ხდება, მწვრთნელი უკმაყოფილოა. მეორე ტაიმში უკეთ გავაკეთეთ ყველაფერი. მეტი აგრესია და აკურატულობა იყო. რაგბში მხოლოდ აგრესიით ვერ მოიგებ. ეს აგრესია აკურატული, მიზანმიმართული უნდა იყოს და მოწინააღმდეგისთვის არ უნდა დაიღალო. შენი ტაქტიკით მეორე გუნდს არ ასვენებ, ღლი და იგებ. ეს მთავარია. მეორე ტაიმი კარგი იყო, პირველი – ნორმალური. – რა არ მოგეწონათ პირველ ტაიმში? – ელემენტარულ შეცდომებს ვუშვებდით. ვხედავ, რომ გუნდს მეტის გაკეთება შეუძლია და ნაკლებს, თან, სულ სხვა რაღაცას ვაკეთებთ. ხანდახან იმპროვიზაცია საჭიროა, მაგრამ ეს არ უნდა ფარავდეს ჩვენ საერთო გეგმას, ტაქტიკას. როგორც გითხარით, მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები უფრო ახლოს იყო იმ თამაშთან, რომელიც მომავალშიც უნდა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ. – კონკრეტულად რომელიმე მოთამაშის გამორჩევა თქვენი სტილი არ არის, მაგრამ მაინც... – საქართველო ბევრი კარგი მოთამაშისგან შეკრული გუნდია. ბევრი კარგი მოთამაშე ერთ საუკეთესო მოთამაშეს ქმნის და ეს მოთამაშე საქართველოს ნაკრებია. ასე რომ, ერთ მოთამაშეს გამოვარჩევ, მეტის გამორჩევა ცოტა რთულია. – რუსეთთან თამაშს განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა აქვს. რეალურია სხვა ტესტებშიც იგივე ხასიათის, განწყობის შენარჩუნება? – რუსეთთან, რუმინეთთან, ახალ ზელანდიასთან, უელსთან, კიდევ ვინ ვთქვათ...? ანუ, ნებისმიერ გუნდთან მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. მოწინააღმდეგის სტატუსს და მის რეიტინგს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. დამიჯერეთ, ამას ჩვენი ნაკრების ყველა წევრი ხვდება. საქართველოს ნაკრებში დიდი პოტენციალია. ამას მე ვგრძნობ, ამას ხედავენ ბიჭები და იმედი მაქვს, ყველაფერს მაღალ დონეზე გავაკეთებთ. თუ ვამბობთ, რომ ერთად ვართ, ბოლომდე ერთად უნდა ვიყოთ. მე საქართველოს ნაკრების მოთამაშეებში მეგობრებს ვხედავ და ზოგადად, მეგობარი, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ვიმეგობრებთ, მოვიგებთ, დავისვენებთ, ისევ მოვიგებთ და ეს პროცესი არ გაჩერდება. – რას ეუბნებით გუნდს ტესტის წინ და თუ ვიგებთ, ტესტის შემდეგ? – და თუ ვაგებთ? – თუნდაც მაშინ. – ტესტის წინ ერთად ვართ და ერთმანეთს ვავსებთ, ერთმანეთის ლტოლვას ვხედავთ, ვგრძნობთ. ვიგებთ თუ ვაგებთ, ბიჭებს მაინც მადლობას ვუხდი. ისინი ამას და ამაზე მეტს იმსახურებენ. – რა ნიუანსები გაქვთ გასაუმჯობესებელი? – რაღაც ნიუანსები ყველა ნაკრებს აქვს გასაუმჯობესებელი. ალბათ, ახალ ზელანდიასაც. საქართველოს ნაკრებმა მეტი უნდა ითამაშოს ხელით და ხელით უკვე მეტს და უკეთ ვთამაშობთ. კარგი იქნება, თუ ემოცია პოტენციალის ბოლომდე გამოყენებაში ხელს არ შეგვიშლის. არა მგონია, ნაკრების რომელიმე წევრი იყოს დარწმუნებული, რომ ნაკრებში ადგილი გარანტირებული აქვს. ნაკრებში ადგილი უნდა მოიპოვო და შეინარჩუნო. თუ ვხედავ, რომ მოთამაშე ვარჯიშზე მაქსიმუმს აკეთებს, ის პერსონა თავის შანსს მიიღებს. გამოიყენებს თუ არ გამოიყენებს, ეს უკვე ჩვენი საერთო საქმეა. თუ მოთამაშეს შანსს აძლევ, ამ შანსის გამოყენებაში უნდა დაეხმარო. ეს ჩემი პრინციპია. შანსი თქვენც მომეცით და ეს შანსი მეც უნდა გამოვიყენო. მთელი ეს პროცესი ერთი დიდი წრეა, სადაც ბევრი მეგობარი და პროფესიონალი მუშაობს. – ჩვენი პირველი საუბრის დროს თქვით, რომ საქართველო იტალიის, შოტლანდიის დონეზე უდნა ავიდეს. შევამცირეთ ამ ნაკრებებთან ჰანდიკაპი? – საქართველო და იტალია, ალბათ, შოტლანდიაც, ერთ დონეზე არიან. უბრალოდ, იტალია შოტლადიას და ინგლისს, ირლანდიას და უელსს ეთამაშება და ჩვენ ტესტებში ოდნავ სუსტი მოწინააღმდეგეები გვყავს. ამ ეტაპზე ასეა და ვნახოთ, მერე რა იქნება. იტალიასთან ტესტები საინტერესოა და დარწმუნებული ვარ, იქ სულ სხვა საქართველოს ნაკრები ითამაშებს. უკეთეს გუნდთან შენც უკეთესი ხარ. ეს ნორმალური, ლოგიკურია. იტალია სწავლობს საფრანგეთთან, ირლანდიასთან უკეთ თამაშს და ამას უშუალოდ ამ ნაკრებებთან ტესტებში აკეთებს. ეს უფრო მარტივია. ჩვენ მსოფლიო თასამდე ვხვდებით რუსეთს, რუმინეთს. ყველა მოწინააღმდეგეს პატივს ვცემ, მაგრამ თუ უფრო კარგ გუნდთან თამაშის შანსი გვექნება, ამ შანსს გამოვიყენებთ. იტალია ნორმალური გუნდია და მოუგო შოტლანდიას. იტალია იცნობს შოტლანდიას. შოტლანდიის და ამ დონის გუნდების გაცნობა ჩვენთვისაც სასარგებლო იქნება. თუ ამ შანსს მოგვცემენ – მშვენიერი. თუ არა – პროგრესი მაინც გაგრძელდება. ყველაფერი კარგი უკეთესი უნდა გახდეს. – A ნაკრებთან ერთად ხართ. ეროვნულ ნაკრებში აქედან რამდენი გაქაჩავს? – რთული სათქმელია. ბიჭები ბევრს მუშაობენ და ამას ვაფასებ. ამავე დროს, ამ ნაკრებს ჰყავს მთავარი მწვრთნელი და მის კომპეტენციაში არ ჩავერევი. შემიძლია მივცე რჩევა და გამიხარდება, თუ ეს რჩევა ნაკრებს გამოადგება. ყველა პრობლემა ერთად უნდა მოვაგვაროთ. რამდენიმე ბიჭს ეროვნულ ნაკრებში თამაში შეუძლია, მაგრამ უფრო უნდა მოინდომოს. ამ ნაკრებშიც დიდი პოტენციალია. ეს ნაკრებიც მოუმატებს. – რუსეთთან თამაშის შემდეგ თქვით, რომ დღეს ნაკრებმა თავისი შესაძლებლობების მხოლოდ 30 პროცენტი გამოიყენა? მეტს როდის გამოვიყენებთ? – როდესაც ამისთვის მზად ვიქნებით. როდესაც დასადებ ლელოს დავდებთ და ნაკლებ შეცდომას დავუშვებთ. როდესაც ტაქტიკურ შეცდომებს მინიმუმამდე დავიყვანთ. რუსეთთან ტესტში 46 ქულა ცოტა არ რის. გამიხარდა, როდესაც მითხრეს, რომ ეს ამ ნაკრებების ტესტებში ჩვენი რეკორდი იყო. სასიამოვნოა, როდესაც განსაკუთრებული ტესტის მონაწილე ხდები. თუნდაც, მწვრთნელის რანგში. მჯერა, რომ ეს გულშემატკივრებმაც დააფასეს. საქართველოს ნაკრები ამ საქართველოზე უკეთესი უნდა იყოს და იმედი მაქვს, მალე იქნება. – რას ეტყვით საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს? – პირველ რიგში, დიდ მადლობას. ჩვენ თქვენთვის ვთამაშობთ. თქვენი გვერდში დგომა გვიფარავს ტკივილს, ვიცით, რომ სტადიონზე მოხვალთ და ჩვენთან ერთად ბოლომდე დარჩებით. ამას ვაფასებ და ვხედავ მე, არაქართველი და ნაკრების წევრებზე საუბარიც არ არის. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და მე – თქვენი მეგობარი. 40 შეფასება არ არის
|