ესპანეთში, დეუსტოს უნივერსიტეტში შეიქმნა პროგრამა, სახელწოდებით Negobot“ რომლის მიზანია ინტერნეტ ჩატებში პედოფილიისადმი მიდრეკილი მომხმარებლების გამოვლენა.
Negobot არის ვირტუალური მოსაუბრე - ჩატ-ბოტი, რომელიც ონლაინ საუბრისას თავს ასაღებს 14 წლის გოგონად. მეტი დამაჯერებლობისთვის მის ნაწერში არის შეცდომები და თინეიჯერებისთვის დამახასიათებელი აბრევიაციები.
სანამ პირადად მას არ მიმართავენ, Negobot-ს ჩატში პასიური პოზიცია უჭირავს და დროდადრო ნეიტრალურ რეპლიკებს უშვებს. თავისი ძირითადი ფუნქციის შესრულებას - პედოფილის გამოვლენას იწყებს მას შემდეგ, რაც პირადად მასთან გააბამს ვინმე საუბარს.
Negobot საუბარს აწყობს მათემატიკური თამაშის თეორიაზე დაყრდნობით. პროგრამაში ჩატვირთულია ქცევის 7 სხვადასხვა სტრატეგია, რომელთაგან საჭიროს თავად ირჩევს მოსაუბრის ნათქვამის გაანალიზების შემდეგ. რაიმე საეჭვოს გამოვლენის შემთხვევაში პროგრამა შეეცდება მოსაუბრეს პირადი მონაცემები „გამოსტყუოს“.
ინფორმაცია იმ ადამიანებზე, რომლებიც Negobot-მ გამოავლინა, როგორც პედოფილიისკენ მიდრეკილები, შეიძლება პოლიციას გადაეცეს.
შემქმნელები აცხადებენ, რომ Negobot რადიკალურად განსხვავდება მისი წინამორბედი, იგივე მიზნისთვის შექმნილი პროგრამებისგან, რომლებიც ზედმეტად სწორხაზოვნად მოქმედებდნენ და ხშირად ეჭვს იწვევდნენ მოსაუბრეში.
თუმცა Negobot ჯერ კიდევ შორსაა სრულყოფილებისგან, მაგალითად, მას არ შეუძლია საუბარში ამოიცნოს ირონია.