კოლექციები ელექტრომიოგრაფია 2012, 28 აპრილი, 15:14 ელექტრომიოგრაფია – (ელექტრო…, მიო… და …გრაფია), ჩონჩხის კუნთების ელექტრულ პოტენციალთა რეგისტრაცია. პირველად ეს შეძლო გერმანელმა მეცნიერმა პიპერმა 1907 წელს. ელექტრომიოგრამის მისაღებად იყენებენ კათოდურ ოსცილოგრაფს. აგზნების დენები გამოჰყავთ ელექტროდებით, რომლებსაც ათავსებენ კანზე ან თვით კუნთში. კუნთში აგზნების დენები აღმოცენდება იმ ნერვული იმპულსების შედეგად, რომლებიც აქ მოაღწევენ ცენტრალური ნერვული სისტემიდან. ამდენად ელექტრომიოგრამა ასახავს არა მარტო კუნთის მოქმედებას, არამედ ცენტრალური ნერვული სისტემიდან წარმოგზავნილ იმ იმპულსებსაც, რომლებიც კუნთებს გადაეცემა და ამის შედეგად სხეულის მოძრაობას განაპირობებს. ფიზიოლოგიაში ელექტრომიოგრაფიას იყენებენ კუნთში აგზნების პროცესისა და სხვადასხვა კუნთის მოქმედების კოორდინაციის შესასწავლად, ხოლო ნევროლოგიურ კლინიკაში – კუნთის, ნერვებისა და ნერვული ცენტრების ფუნქციური მდგომარეობის გამოსაკვლევად, რაც ხელს უწყობს ზოგიერთი დაავადების დიაგნოსტიკას. ელქტრომიოგრაფის ელექტროდები შედგება სპეციალური ნემსებისაგან რომელიც თავსდება კუნთში და დაწყვილებული ლითონის ფირფიტებისგან რომელიც შეიძლება იყოს თუნუქის ვერცხლის და ა.შ. ელექტროდების ზომა დაახლოებით 10, 5 მმ. ისინი თავსდება ერთმანეთისგან 20-25მმ მოზრდილებში და 10-15მმ ბავშვებში. ელექტროდები უერთდება გამაძლიერებელს და სწრაფი რეაგირების რეგისტრატორს (ჩამწერს) რისი მეშვეობით სპეციალურ ქაღალდზე ხდება ელექტრომიოგრამის ჩაწერა. 1285 4-ს მოსწონს
|