ვარსკვლავები მსოფლიოში ყველაზე ხნიერი მოდელი - კარმენ დელ ორეფაისი 2013, 11 ივლისი, 14:40 ამ სტატიაში წამოგიდგენთ კარმენ დელ ორეფაისს (Carmen Dell’Orefice), დღესდღეობით ყველაზე ხანშიშესულ მოდელს. იგი 1931 წელს, ნიუ იორკში დაიბადა. 2011 წლის 3 ივნისს მას 80 წელი შეუსრულდა, მაგრამ ჩვენებებში დღემდე იღებს მონაწილეობას. სამოდელო კარიერა კარმენ დე ორეფაისმა 11 წლისამ დაიწყო, როდესაც სრულიად შემთხვევით, ავტობუსში ერთ-ერთი ცნობილი ფოტოგრაფის ცოლმა შეამჩნია. ფოტოგრაფმა კარმენს საცდელი სურათები გადაუღო. მალე კარმენის დედამ მიიღო ფოტოები წერილით, რომელშიც ფოტოგრაფი ატყობინებდა, რომ მისი ქალიშვილი, მართალია, ძალიან კარგი და ზრდილობიანი ბავშვი იყო, მაგრამ სრულიად არაფოტოგენური! მაგრამ ამ აზრს არ იზიარებდა კარმენის ნათლია, რომელმაც ფოტოები თავის ნაცნობს, ჟურნალ Vogue-ის რედაქტორს, კეროლ ფილიპსს აჩვენა, ამ უკანასკნელმა კი მთავარ რედაქტორს - დიანა ვრილანდს მიუტანა. აქედან დაიწყო კარმენის თანამშრომლობა ჟურნალთან. კარმენი სამჯერ გათხოვდა, მაგრამ სამჯერვე წარუმატებლად. შეეძინა ერთი ქალიშვილი და ჰქონდა საკმაოდ წარმატებული კარიერა. მას შემდეგ, რაც ჭაღარა გაუჩნდა, მოდელმა გადაწყვიტა აღარ შეეღება თმა და მხოლოდ გაეღიავებინა. ამგვარად ხაზი გაუსვა თავის ასაკს და ახალი იმიჯი შეიძინა, რამაც მის კარიერაში ახალი, ამჯერადაც წარმატებული ეტაპი დაიწყო. 1993 წელს ეპიზოდური როლი შეასრულა მარტინ სკორსეზეს ფილმში "უბიწოების ეპოქა". შემდეგ კიდევ რამდენიმე ფილმსა და სერიალში გადაიღეს. 2000 წელს დე ორეფაისმა მონაწილეობა მიიღო Christian Dior-ის ჩვენებაში. ამ ჩვენების შემდეგ კარმენ დელ ორეფაისი გინესის წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე ხანგრძლივი სამოდელო კარიერის მქონე მოდელი. ამის შემდეგ იგი მონაწილეობდა Jean-Paul Gaultier-ს, Hermes-ის, Donna Karan-ისა და Moschino-ს ჩვენებებში. კარმენი დღესაც განაგრძობს მოღვაწეობას, რითაც ამტკიცებს, რომ ხანშიშესულობა და სილამაზე ურთიერთშეთავსებადი ცნებებია. 86 5-ს მოსწონს
|