შოუბიზნესი რატომ შურდა გვანცა ჯაფარიძის შეყვარებულს 2013, 9 ივლისი, 0:58 პროექტის - "საქართველოს ვარსკვლავი" ყოფილმა მონაწილე გვანცა ჯაფარიძემ, მუსიკალური მონაცემების გარდა, გარეგნობის წყალობითაც დაიმსახურა საზოგადოების სიმპათია. მომღერალი არცთუ ისე დიდი ხნის წინ მოდელი გახლდათ, ახლა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს და მძლეოსნობის ფედერაციაში მუშაობს. - ბავშვობიდან აქტიური ვიყავი. დავდიოდი ცეკვაზე, სიმღერაზე, ხატვასა და ფორტეპიანოზე. სამწუხაროდ, ფორტეპიანოს მასწავლებელმა ეს ინსტრუმენტი შემაძულა - როგორც უნდა გაგიკვირდეთ, მცემდა, ხელებში მირტყამდა ხოლმე. - სიმღერის ნიჭი ვისგან გამოგყვა? - სვანი ვარ. ჩემი მშობლები მესტიის რაიონიდან არიან. ბებია და დედა მღეროდნენ, მაგრამ ამ სფეროში წარმატებას ვერ მიაღწიეს. რთულია სვანეთში სასიმღერო კარიერა "გაიკეთო". როგორც ჩანს, სიმღერის ნიჭი მათგან გამომყვა. სხვათა შორის, ჩემს დასაც კარგი სმენა აქვს. - როგორც ვიცი, ერთ დროს მოდელი იყავი... - დიახ, სამოდელო სააგენტო "ამსას" მოდელი გახლდით. ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში ყოფნისას ჯიჯი რეჯინის ასისტენტმა შემამჩნია და ჩემი დის მეგობარს უთხრა: ჯიჯისთან მოიყვანეო. ინტერესის გამო მივედი და სააგენტოშიც მოვხვდი. მოდელობით 4 წელი ვიყავი დაკავებული. ზოგადად, არ მიყვარს კასტინგებში მონაწილეობა, მოდელობის დროს კი ამის გაკეთება ხშირად მიწევდა. ჰოდა, ვინაიდან ასეთ დროს მხოლოდ ჩემს გარეგნობას აფასებდნენ, ეს არ მომწონდა; ზოგჯერ ვფიქრობდი, - ადამიანად არ მიმიჩნევენ-მეთქი, ამიტომ ამ საქმეზე გული ამიცრუვდა. - რამდენიმე მუსიკალურ პროექტში მიიღე მონაწილეობა, მაგრამ პოპულარული "საქართველოს ვარსკვლავის" წყალობით გახდი. შენი აზრით, ასე რატომ მოხდა? - მიუხედავად იმისა, რომ პროექტებში - "ჯეოსტარი" და "ახალი ხმა" არ გამიმართლა, მაინც არ გავჩერდი. ჩემი აზრით, როდესაც ადამიანს რაღაცის გაკეთება ძალიან გინდა, არ უნდა დანებდე, მიზნის მისაღწევად ბოლომდე უნდა იბრძოლო. "ჯეოსტარში" მონაწილეობა რომ მივიღე, 16 წლის ვიყავი და მას მერე საკუთარ თავზე მართლა ვმუშაობ. რაც შეეხება "ახალ ხმას" - ჩემთვის იმდენად შეუფერებელი სიმღერა შემირჩიეს, რომ თავიდანვე ვიცოდი, საკუთარ მონაცემებს ვერანაირად გამოვავლენდი. მართალიც აღმოვჩნდი - "ბრმა" კასტინგის დროს ჟიური ჩემკენ არ შემოტრიალდა... სამაგიეროდ, "საქართველოს ვარსკვლავში" შევძელი საზოგადოებისთვის მეჩვენებინა ის, რისი კეთებაც შემიძლია. ამ პროექტის წყალობით ვისწავლე სცენაზე დგომა, ბენდთან მუშაობა, კამერასთან ურთიერთობა და რაც მთავარია, შევიძინე კარგი მეგობრები: პროექტის მონაწილეებიდან დაწყებული, "რუსთავი 2"-ის შემოქმედებითი ჯგუფით დამთავრებული. დავუმეგობრდი სოფო ტოროშელიძეს, რომელიც ჩვენი მუსიკალური ხელმძღვანელია. მისი დამსახურებაც გახლავთ, პროექტის მონაწილეები ასე კარგად რომ მღერიან. - შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რომელი ტური იყო? - სტივ უანდერისა და ირაკლი ჩარკვიანის ტური ჩემთვის ყველაზე მეტად ემოციური და დასამახსოვრებელი გახლდათ. სამაგიეროდ, არ მინდოდა ადელის სიმღერის შესრულება... - ვის გულშემატკივრობდი? - მარიკო ლეჟავას. ყველაზე მეტად მას დავუახლოვდი. ის ძალიან მიზანდასახული ადამიანია და ყველაზე კარგი ვოკალური მონაცემები აქვს. გამარჯვებას ნამდვილად იმსახურებდა!.. ამ პროექტს გამოვეთიშე თუ არა, ძალიან სერიოზული შემოთავაზება მივიღე, რომლის დეტალებზეც ჯერჯერობით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ გეტყვით, რომ ზაფხულს რეპეტიციებს დავუთმობ და სექტემბრიდან ტელემაყურებელს ძალიან მაგარი შოუთი დავუბრუნდები. - მძლეოსნობის ფედერაციაში მუშაობ. რა გევალება? - მძლეოსნობის ფედერაციაში სამუშაოდ მეგობარმა მიმიყვანა. ჩემი მოვალეობა მარათონების ორგანიზება გახლავთ. გამიმართლა, აქ რომ მოვხვდი. კარგი კოლექტივია და თანაც - ყველა ახალგაზრდაა. ძალიან მაგარი ხელმძღვანელი გვყავს - ალექსი ახვლედიანი... მუშაობის პარალელურად ჟურნალისტიკაზე ვსწავლობ და ტელევიზიასთან, პრესასთან ურთიერთობა ჩემთვის ერთგვარი პრაქტიკაა. სამომავლოდ მინდა პროფესიით, ტელევიზიაში ვიმუშაო. - შეყვარებული გყავს? - გვერდით მყავდა ადამიანი, ვისთან ერთადაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ცოტა ხნის წინ ერთმანეთს დავშორდით. მას ჩემში ყველაზე მეტად მიზანდასახულობა მოსწონდა. მეუბნებოდა: შენი მშურს, მინდა, მეც ასეთი ვიყოო... ახლა, საკუთარი თავის ძიებაში ვარ, კარიერის ასაწყობად ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი... 50 5-ს მოსწონს 2-ს არა
|