მე დღეს შემოგთავაზებთ ქართული სუფრის ულამაზეს სადღეგრძელოებს.
მეგობრობის სადღეგრძელო
მოდი, ამ ჭიქით იმ მეგობრის სადღეგრძელო ვთქვათ,
ლხინის სუფრაზე ბოლომდე რომ გვერდით დაგრჩება,
ვინც შენს სიხარულს, ვით საკუთარს ისე გაიყოფს–
შენი სიკეთე, რომ არასდროს არ შეშურდება!
მოდი!–დავლოცოთ მეგობარი ლხინის ზიარი...
პირველ მოსული...ბოლო სტუმარს რომ გააცილებს,
ჭირში კი არა, ზუსტად ლხინში არ გაგექცევა–
და შენს სიხარულს, ვითარც სხვისას არ აიცილებს!
მოდი, ერთხმად ვთქვათ! არ არსებობს ადამიანი,
რომ არ უნდოდეს მეგობარმა გული გაუთბოს,
მაგრამ წაქცეულს, ხელს რომ კაცი წამოგაშველებს,
იმას კი არა...ლხინის ზიარს!–მსურს გაუმარჯოს!
ეს სადღეგრძელო მეგობრობის, ყველამ დავლიოთ!
სიხარული რომ მის თვალებში აირეკლება,
ადამიანი ხშირად ჭირში...სიბრალულს მოჰყავს–
მაგრამ ასეთი სიხარულში გაგერიდება მოდი,
დავლოცოთ მეგობარი, ლხინის ზიარი–
პირველ მოსული...ბოლო სტუმარს რომ გააცილებს !!!
დედამ სთხოვა შვილს,
“შვილო, ამიერიდან რამდენ ცუდ საქციელს ჩაიდენ
იმდენი ლურსმანი მიაჭედე იმ დიდ მუხასო,
შვილმაც დაუჯერა და ასე მოიქცა.
დროთა განმავლობაში გამრავლდა ეს ლურსმები მუხის ხეზე,
დედა დანაღვლიანდა, ამის შემხედვარე შვილიც მიხვდა თავის დანაშაულს.
ახლა დედამ უთხრა, რამდენ კარგ საქციელსაც ჩაიდენ იმდენი ლურსმანი უკან ამოაძრე ხიდანო.
რამოდენიმე ხნის შემდეგ შვილმა თავისი კეთილი ქმედებებით ყველა ლურსმანი ამოიღო.
და როცა განთავისუფლდა მუხის ხე, მას დიდი ნაიარევი დარჩა.
მოდით ბიჭებო ისე გვეცხოვროს რომ დედის გულზე ერთი ნაიარევიც არ გაგვეჩინოს. მე კოცნის ზღვაში დავიბადე გამიგონია,
მე კოცნის ზღვაში დავიხრჩობი ასე მგონია,
ამბობენ, თურმე კოცნა ლოთებს მოუგონიათ
მათ გაუმარჯოს რა სათუთი გრძნობა ქონიათ. აღმოსავლეთით ცისკარი რომ
ხვდება ალიონს,
დაასხით ღვინო!
საქართველოს სადღეგრძელო
უნდა დავლიო!
ჩემი კახეთი;
ჩემი შილდა;
ჩემი ხუბერა.
ყმაწვილკაცობის,
იორღობის,
წლებმა უბერა.
ძველი შუამთა,
ალავერდი,
ჩემი თელავი.
წითელი კაბით ერთი გოგო,
გრძნობის მთელავი.
თვალებს ამშვიდებს,
გულს აჩქროლებს,
ალაზნის ველი.
მარტის გაზაფხულს
ნადიკვრიდან
მე ისევ ველი.
მოიტათ ჭიქა,
რომ კახეთის სადღეგრძელო
შევსვა,
დავლიო,
წუთისოფელი სიყვარულით
მთვრალმა გავლიო.
აღმოსავლეთით ცისკარი რომ
ხვდება ალიონს,
მომეცით ყანწი,
ამ ცხოვრების სადღეგრძელო
მინდა დავლიო!
მშვიდობის სადღეგრძელო
ქალბატონებო
და ბატონებო! საქვეყნოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა: “ცხოვრება ის დღეები კი არ
არის, რომლებიც მიდიან უბრალოდ, არამედ ის დღეებია, რომლებიც
გვამახსოვრდება, რომლებიც წარუშლელ კვალს ტოვებენ ჩვენი არსებობის
ყანობილზე.” ქართული სუფრა, ბატონებო, თავისი შინაარსით საოცრად ტევადია,
მრავალფეროვანია და, რაც მთავარია, შემეცნებითი ხასიათის მქონე. ტყუილად
როდი უწოდებენ მას უცხოელები “აკადემიას.” თავის დროზე ის მართლაც
აკმაყოფილებდა ყველა ამ მოთხოვნას. საქართველოს ისტორიაში, როგორც
მოგეხსენებათ, არ ყოფილა ისეთი ეტაპი, რომ მშვიდობა სანატრელი არ
გამხდარიყო. ასე იყო დასაბამიდან და, საუბედუროდ, ასე გრძელდება დღესაც.
აი, ასეთი იყო ქართველთა სავალი გზები, აი, ასეთი იყო ქართველთა ბედისწერის
უხმო ძახილი ამ გზებზე. არ გაუბოროტებია და სიცოცხლის ხალისი არ
წაურთმევია. და იდგა, ლომივით იდგა, საუკუნეთა არმურში ჯავშანგაუხდელი
ქართველი კაცი. იბრძოდა - მშვიდობისთვის იბრძოდა. ლოცულობდა -
მშვიდობისთვის ლოცულობდა. ეფერებოდა მიწას და ვაზს. მშვიდობა ვუსურვოთ
მშვიდობას დანატრებულ ქართველ კაცს! მსოფლიოსაც გადავაწვდინოთ ჩვენი ხმა.
ვუსურვოთ, ბოროტისა და კეთილის მარადიულ ჭიდილში, ერთხელ და სამუდამოდ
გაგვთენებოდეს ისეთი დღე, რომ ჩვენს თავზე გვეთქვას ჩვენივე ბუმბერაზი
წინაპრების გენიალური სიტყვები: “ლხინი მოგვეცა, მოგვშორდა ყოველი ჭირი
ძნელია. მზე მოგვეახლა, უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია, ბოროტსა სძლია
კეთილმა, არსება მისი გრძელია.” მშვიდობას გაუმარჯოს, მეგობრებო!
უდროოდ გარდაცვლილთა სადღეგრძელო
ერთი
დიდებული ქართველი ამბობს: “ქართველთა ლხინს მცირეოდენი სევდის გარეშე
ლხინი არ ეთქმის” და აქ არაფერია გადაჭარბებული. ეს წესი ჩვენმა ისტორიამ
განსაზღვრა, ჩვენმა რელიგიამ, ჩვენმა ქრისტიანულმა მორალმა ჩამოგვიყალიბა
და ეს, ერთი შეხედვით, თითქოსდა შეუსაბამო ფაქტი, ჩვენი ხასიათის თვისებად
გვიქცია. ამიტომაც ნუ გაგიკვირდებათ თუ დღეს, ამ ლხინისა და ბედნიერების
დღეს, ამ ტოტალური ქეიფის დღეს, მცირეოდენი სევდა და მინორები
შემოგვეპაროს. მეგობრებო! მე ამ სასმისით მინდა შემოგთავაზოთ იმ ადამიანთა
ხსოვნისა და მოგონების სადღეგრძელო, რომლებიც დღეს ჩვენს გვერდით უნდა
იყვნენ და არ არიან, რომელთაც ყველა ჩვენგანივით სურდათ სიცოცხლე, მაგრამ,
ვაი, რომ ბედისწერას თავისი გზები აქვს, თავისი კანონები და და ადამიანის
სურვილებს თუ წინასწარ შედგენილ გეგმა-პროგნოზებს, სამწუხაროდ, არ
მიჰყვებიან. ბატონებო! გარდა იმისა, რომ წარმოუდგენლად მძიმეა და
ტკივილიანი ეს გრძნობა, გარდა იმისა, რომ სულით-ხორცამდე შემძვრელია და
გამანადგურებელი, ამასთან, იგი საყოველთაოც გახლავთ და მეტ-ნაკლებად ყველა
ჩვენგანს გვეხება. და რადგან ასეა, მე გთხოვთ, გარდაცვლილთა სულების
პატივისცემის ნიშნად, ფეხზე წამოვდგეთ და ჩვენი ქრისტიანული წესის თანახმად
ერთი წუთით ყველანი გავირინდოთ...