x
image
ჟანა გოგინაშვილი
არის თუ არა კახა მიქიაშვილი ტანსაცმლის გადამყიდველი?!

image"თავისუფალი თეატრის" მსახიობს, კახა მიქიაშვილს მოგზაურობა ძალიან უყვარს. როგორც თავად გვითხრა, თვითმფრინავში ყოფნა მოსწონს და იქაურ საკვებსაც სიამოვნებით გეახლებათ. კახამ გაგვიმხილა, რომ მოგზაურობამ ალკოჰოლური სასმელების კოლექციის შეგროვებისკენ უბიძგა. ის გასტროლზე, შოპინგზე, კურიოზებსა და საოცნებო ქვეყანაზე გვესაუბრება.
- მოგზაურობა ძალიან მიყვარს. ბევრი ფული რომ მქონდეს, უმეტეს ნაწილს სწორედ ამ სიამოვნებისთვის დავხარჯავდი და მთელ მსოფლიოს მოვივლიდი. მადლობა ღმერთს, იმ თეატრში ვმოღვაწეობ, რომელიც გასტროლებზე ხშირად დადის. ორმაგ სიამოვნებას განიჭებს მოგზაურობა მაშინ, როდესაც საყვარელ საქმეს აკეთებ. ეს სულ სხვა შეგრძნებაა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიც გვაქვს ხოლმე გასვლები და ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.

- საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად დასვენებას ახერხებთ? თუ მხოლოდ თეატრის დასთან ერთად მოგზაურობთ?
- ფიზიკურად არ მრჩება დრო იმისთვის, რომ ოჯახთან ერთად ვიმოგზაურო. სულ თეატრში ვარ და სულ სპექტაკლი მაქვს. გასტროლებზე წასვლაც ისე იგეგმება ხოლმე, რომ ამან ხელი არ შეუშალოს თეატრის ცხოვრებას. რამდენჯერმე მაინც მოვახერხე ოჯახთან ერთად დასვენება. ერთხელ თურქეთში ვიყავით.

- როგორ გახსენდებათ პირველი მოგზაურობა?
- მეოთხე კურსზე ვიყავი, უნივერსიტეტს ვამთავრებდი, რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ საკურსო სპექტაკლი დაგვიდგა და მისი დახმარებით თურქეთში, ფესტივალზე გავემგზავრეთ. ფეშენებელური სასტუმრო დაგვხვდა. მიუხედავად იმისა, რომ უფრო კარგ ქვეყნებში ვყოფილვარ და უფრო კარგ ფესტივალებშიც ვმონაწილეობდი, ეს მოგზაურობა ჩემთვის დაუვიწყარი იყო. სწორედ მას მერე აეწყო ყველაფერი კარგად და იმავე ფესტივალზე კიდევ ბევრჯერ გავემგზავრეთ. ისე არ გავა წელი, მინიმუმ ორ ან სამ გასტროლზე არ წავიდეთ.

- რომელ ქვეყნებში ხართ ნამყოფი და ყველაზე მეტად რომელმა მოგხიბლათ?
- რამდენიმეს ჩამოგითვლით: თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ინდოეთში, ეგვიპტეში, ფინეთში, უკრაინაში, ლატვიაში. უცხო ქვეყანაში ჩასვლისას, მაქსიმალურად ვცდილობ დროის გამოყენებას და ქალაქის საინტერესო ადგილების მონახულებას. მოგზაურობის დროს არაფერი მღლის. მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს სასტუმროში ცხოვრება, უცხოეთში ძალიან ცუდად მძინავს, რადგან ერთი სული მაქვს ხოლმე, გათენდეს და ქალაქში გავიდე.

მიჭირს რომელიმე ქვეყნის გამოყოფა, იმის მიხედვით, თუ რომელმა მათგანმა მომხიბლა. არქიტექტურის თვალსაზრისით ძალიან მომეწონა რიგა და ალექსანდრია. თავიდან რატომღაც, ლატვია საბჭოთა კავშირთან ასოცირდებოდა, არადა, ყველაფერი პიქითაა. პატარა ქუჩები, ლამაზი სახლები, უამრავი კაფე და რესტორანი. რაც შეეხება ხალხის დამოკიდებულებას, ინდოეთს გამოვარჩევდი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირთ, მილიონი ადამიანი ქუჩაში იბადება და კვდება, სულ გაღიმებულები გხვდებიან. რამდენჯერმე გასტროლებზე ეგვიპტეში ვიყავით და კაიროს მუზეუმი დავათვალიერე, რომელიც ერთ დროს გაქურდეს, თუმცა ეგვიპტელების ისტორიის ამსახველი ახლაც ბევრი საინტერესო და ძვირფასი ნივთია შემორჩენილი. ძალიან მომეწონა ძველი ბაქო, სადაც ცნობილი ფილმი - "ბრილიანტის ხელია" გადაღებული.

- ინდოეთში ფილმი გადაიღეთ. როგორი იყო უცხო ქვეყანაში მუშაობა?
- სანამ ფილმს გადავიღებდით, მე, ავთო ვარსიმაშვილი და დათო ბეჟიტაშვილი ფესტივალზე მოვხვდით. დათოს აქვს რაღაც კავშირები და ინდოეთშიც მისი წყალობით აღმოვჩნდით. ბომბეიში ვიყავით, რომელიც კულტურული ცენტრი, ინდოეთის "ჰოლივუდია". ეს ქვეყანა ძალიან საინტერესოა. ერთ-ერთმა გავლენიანმა პროდიუსერმა დაგვათვალიერებინა ბომბეი და გვკითხა, - გოა ცნობილი კურორტია, სადაც

აგარაკი მაქვს და ხომ არ დაისვენებდითო? ბუნებრივია, არ ვთქვით უარი, მაშინვე ავიღეთ ბილეთები და გადავფრინდით. საოცარი სურათი გადაიშალა ჩვენ წინ. იქ გაჩნდა იდეა, რომ "იდიოტოკრატიის" გაგრძელება სწორედ ამ კუნძულზე გადაღებულიყო... თუმცა, მაშინ ეს მხოლოდ ოცნება იყო. ეს ყველაფერი ნოემბერში ხდებოდა. მარტში კი ფილმის გადასაღებად ჯგუფი გაემგზავრა. გადაღებები 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. დილიდან საღამომდე გადასაღებ მოედანზე ვიყავით. ინდოეთში სხვა კულტურაა და სხვა ხალხი ცხოვრობს. ძალიან სასიამოვნოა, როცა ასეთ ადგილას პროფესიულ მოვალეობას ასრულებ, შენს კულტურასა და ქვეყანას წარმოაჩენ. აღვნიშნავ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, ფესტივალებზე, სადაც უამრავი ქვეყნის მსახიობები იყრიან თავს, საქართველოს მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდია. ჩვევად მაქვს, ყველა ქალაქიდან სუვენირები წამოვიღო, მათ შორის - მაცივრის მაგნიტი. თვითმფრინავში, თითქმის ყველა ავიაკომპანია პატარა ბოთლით ღვინოებს არიგებს, რომლებიც სახლში მომაქვს. პირველად, ეგვიპტიდან რომ ვბრუნდებოდი, მაშინ წამოვიღე. მერე გადავწყვიტე, სასმელების კოლექცია გამეკეთებინა. ახლა უამრავი მაქვს. სამი დღის წინ გასტროლიდან დავბრუნდი და 4 ბოთლი ღვინო შევმატე ჩემს კოლექციას. არც ერთი სასმელი არ არის ნაყიდი და ყველას აქვს თავისი ისტორია.

- შოპინგი გიყვართ?
- ძალიან მიყვარს. უცხო ქვეყანაში ყოფნისას, ჩვევად მაქვს ჩემი ახლობლებისთვის რაღაცების ყიდვა. ახლა უკვე გადართული ვარ შვილებზე. ფინეთში ყოფნისას, ჩემი საგასტროლო ბიუჯეტის 80% ბავშვებზე დაიხარჯა. აეროპორტში ვხუმრობდი, ამდენი პარკით ხელში რომ დამინახავენ, ვინმეს გადამყიდველი არ ვეგონო-მეთქი. მაღაზიაში ბავშვის უზარმაზარ სექციაში რომ შევდივარ, მინდა, ყველაფერი შევუძინო.

- რომელ ქვეყანაში მოხვედრაზე ოცნებობთ?
- ჩემი ბავშვობის დროინდელი ოცნება იტალიაში მოხვედრაა. ეს ოცნება ჯერჯერობით ვერ ავიხდინე. ბევრჯერ მინდოდა, საკუთარი სახსრებით წავსულიყავი, მაგრამ ამისთვის საჭირო დრო ვერ გამოვნახე. ძალიან მინდა, იერუსალიმი ვნახო. იმედი მაქვს, მოვახერხებ. ასევე აზიური ქვეყნები მიტაცებს. ბრაზილიასა და კუბაში სიამოვნებით ვიმოგზაურებდი. ამერიკაშიც ვაპირებდით გასტროლზე წასვლას, მაგრამ ვიზა არ მოგვცეს და ჩაიშალა. იმედია, ერთხელ მაინც მოვხვდები. ძალიან მიყვარს ფრენა და თვითმფრინავში ჭამა. არასდროს მღლის ეს პროცესი. ტურბულენტურ ზონაშიც მოვხვედრივარ, თუმცა არ შემშინებია.

- საქართველოს ფარგლებს გარეთ წარდგენილი რომელი სპექტაკლი იყო ყველაზე წარმატებული?
- ნამდვილად არ მახსენდება წარუმატებელი სპექტაკლი. ყველა ქვეყნიდან ჯილდოებით ვბრუნდებით. გამოვარჩევდი სპექტაკლს - "ძმები", რომელმაც ბევრი ქვეყანა თუ ფესტივალი მოგვატარა და ბევრი გამარჯვებაც მოგვაპოვებინა. ასევე გამოვარჩევდი - "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ" და "კავკასიური ცარცის წრეს".

- მოგზაურობის დროს უცხოურ სამზარეულოს ეცნობით ხოლმე?
- კი. ვგიჟდები ინდურ სამზარეულოზე. ქათამს ბევრნაირად და მაგრად ამზადებენ. დავრწმუნდი, რომ საცივი ჩვენი კერძი არ ყოფილა. მიყვარს ბორშჩი და უკრაინაში ძალიან გემრიელად აკეთებენ. სპეციფიკური სუნელებით გაკეთებულ საჭმელებს არ გეახლებით. გურმანი ვარ და ხორცი მიყვარს.

- მოგზაურობასთან დაკავშირებით, კურიოზი არ გახსენდებათ?
- არ არსებობს მოგზაურობა კურიოზის გარეშე. მით უმეტეს, ჯგუფის შემადგენლობაში თუ გოგა ბარბაქაძეა. თურქეთში ყოფნისას კისერზე ჩვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობები გვეკიდა. რაღაც ადგილის დასათვალიერებლად წაგვიყვანეს. უკან წამოსულს, ტრანსპორტში ჩამეძინა. გვერდით გოგა მეჯდა. სასტუმროში რომ შევედი, ჩემზე ყველას ეცინებოდა. - ვინ ხარო? - მეკითხებოდნენ და გაოგნებული ვპასუხობდი, - მსახიობი კახა მიქიაშვილი ვარ-მეთქი. თურმე გოგას "ბასტი-ბუბუს" ბეიჯი დაუკიდია ჩემთვის, პირადობის მოწმობის მაგივრად. ბარბაქაძე გასტროლებზე დადის იმიტომ, რომ ასეთი რაღაცები აკეთოს და შემდეგ მოსაყოლად ჰქონდეს.

- კარიერაში რა სიახლეებია?
- რამდენიმე დღის წინ დავბრუნდით გასტროლიდან. თურქეთსა და ფინეთში ვიყავით ფესტივალზე, რომელიც წარმატებით მოვიარეთ. ბატონ ავთოს გეგმაში აქვს ახალი სპექტაკლის დადგმა, თუმცა ეს როდის იქნება, ზუსტად არ ვიცი. მანვე გადაიღო ფილმი სახელწოდებით: "სახლი, რომელიც ფანჯრიდან გაიპარა". სულ რაღაც ორი სცენა დარჩა დასასრულებელი და სავარაუდოდ, შემოდგომაზე მაყურებელი უკვე იხილავს. მოკლედ, სულ მუშაობაში ვართ.


0
149
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0