x
image
ჟანა გოგინაშვილი
რატომ ნანობს ხატია სიჭინავა ტუჩების დაბერვას

imageხატია სიჭინავა თავის მოვლას დიდ დროს უთმობს. მისთვის შოპინგი და მუდმივი რუჯი ძალიან მნიშვნელოვანია. არც დიეტას ღალატობს და ამბობს, რომ ეს უკვე ჩვევად ექცა. ცოტა ხნის წინ ხატიამ სალონი გახსნა, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ატარებს.
– ხატია, იმიჯს ხშირად იცვლი?
– კი, საკმაოდ ხშირად. ერთადერთი თმის სიგრძესა და ფერს არასდროს ვიცვლი. მოკლე თმას, მირჩევნია გრძელი ვატარო და სხვადასხვანაირად გავიკეთო. ჩემი და ჩემი შვილების თმას ოქროსავით ვუფრთხილდები.
– 2 შვილი გააჩინე, თუმცა ისევ ფორმაში ხარ. დიეტას იცავ?
– სულ დიეტაზე ვარ. ეს უკვე "მანიაკობად" მექცა. სხვადასხვა სახის დიეტას მივმართავ. ერთადერთი რაც არ შემიძლია _ გრამობით ჭამაა. ახლა მხოლოდ ლიმონიან წყალს ვსვამ, რომელიც თერმოსით ყველგან დამაქვს. 50 კილო ვარ და 47-ზე უნდა ჩამოვიდე. მირჩევნია წონა მუდამ ვაკონტროლო, ვიდრე გავსუქდე და ამაზე ფიქრი მერე დავიწყო. ჩემი პლიუსია ის, რომ _ ტკბილი არ მიყვარს. არასდროს ვჭამ: შოკოლადს, ნამცხვარს, კანფეტს. სამაგიეროდ ხორცზე და კაცურ საჭმელებზე უარს ვერ ვამბობ. ჩემი წონის მტერი ცომეულია. ყველას ვურჩევ: თუ წონის პრობლემა გაქვთ, პირველ რიგში ცომი ამოიღეთ რაციონიდან. სწორი კვებით და დიეტით გენეტიკურად გადაცემული ჭარბი წონაც დაიძლევა. მეუღლეს არ მოსწონს ჩემი სიგამხდრე, მაგრამ მთავარია მე მომწონს.
– ვარჯიშს რა ადგილი უკავია შენს ცხოვრებაში?
– მეორე შვილი რომ გავაჩინე, 20 კილო მქონდა მომატებული. სარკეში აღარ ვიყურებოდი. ვარჯიშით თავს ვიკლავდი და მხოლოდ 2 კილო დავიკელი. კარგი შედეგი რომ ვერ მივიღე, სპორტისადმი ინტერესი დავკარგე. ერთხელ რამაზმა მთელი დღის განმავლობაში მავარჯიშა, კუნთი დამეჭიმა რის გამოც ერთი კვირა ვიწექი, ვეღარ დავდიოდი. შემდეგ ძალიან ბევრი ვეხვეწე ჩემთვის ის აბები მოეტანა, რომლითაც სპორტსმენები გარკვეულ კილოგრამებს იკლებენ. ჰოდა, თურმე იმას რომ დავლევდი, უნდა მევარჯიშა, ენერგია დამეხარჯა, მე კიდევ ვიძინებდი. ერთ დღესაც წნევა 100:90-ზე მქონდა, ლამის მოვკვდი.
– როგორც ვიცი სოლარიუმის ხშირი სტუმარი ხარ...
– ვგიჟდები რუჯზე. მისი ერთ-ერთი პლიუსა: როცა გარუჯული ხარ, მაკიაჟი აღარ გჭირდება. მაგ საქმეში ძალიან ზარმაცი ვარ, არასდროს ვიყენებ მკვებავებსა და ტონალურ კრემებს. ხშირად მსმენია, სოლარიუმი სხვადასხვა სახის დაავადებებს აჩენსო. ეს რომ სინამდვილე იყოს, მე ყველანაირი დაავადების მატარებელი უნდა ვიყო, რადგან დღე და ღამე სოლარიუმში ვარ. მინდა გითხრათ, რომ ულტრაიისფერი სხივები ავლენს იმ დაავადებას რაც გქონდა და არა აჩენს.
– სამკაულები გიყვარს?
– უამრავი სამკაული მაქვს, მაგრამ ვერაფერს ვერ ვხმარობ. ჩანთაც კი არ მიყვარს. ვატარებ მხოლოდ საქორწინო ბეჭედსა და ჯვრისწერის დღეს მეჯვარის მიერ ნაჩუქარ კულონს.
– ვიცი, რომ შოპინგი ძალიან გიყვარს, მეუღლის ჩაცმულობაზეც თავად ზრუნავ?
– ჩემი მუზეუმი, _ ჩემი გარდერობია. ვგიჟდები შოპინგზე. ყველგან, სადაც მივდივარ ამ საქმეს დღის უმეტესი ნაწილი მიაქვს. ხასიათს გააჩნია, ხან სპორტულ სტილში ვარ გამოწყობილი და ხანაც _ კლასიკურში. მე და რამაზს არაფერზე არ გვაქვს უთანხმოება, გარდა იმისა, რომ არ მოსწონს დაბლები და გრძელი კაბა რომ მაცვია.
მეუღლეს უამრავი რამ აქვს ჩემი ნაყიდი. არ არსებობს რამე ვაჩუქო და ვერ მოიხმაროს.
– შვილების ჩაცმულობაზეც ალბათ აქტიურად ზრუნავ, არა?
– მათ ჩემზე დიდი გარდერობი აქვთ. დიდ გოგონას უკვე ჩამოყალიბებული გემოვნება აქვს, თავისით ირჩევს სად რა უნდა ჩაიცვას. შვილების ჩაცმულობაზე რამაზიც აქტიურად ზრუნავს და მეც. საზღვარგარეთ რომ მიდის, იქიდან ძვირადღირებული ბრენდები ჩამოაქვს და ანებივრებს გოგოებს.
– ტელევიზიაში მუშაობისას, დიდი ხნის განმავლობაში ეთერში სათვალეს არ იხსნიდი. ზოგადად ეს აქსესუარი გიყვარს? თუ მხოლოდ გადაცემის ინტრიგის გამო გეკეთა?
– ამ ინტრიგამ ძალიან გაამართლა, მთელ თბილისს ეგონა რომ ელამი ვიყავი. სათვალე ჩემი საყვარელი აქსესუარია.
– ჩაცმასთან დაკავშირებით დედამთილი რჩევებს გაძლევს?
– ჩემს ჩაცმულობაში ის არასდროს ერევა, მაგრამ კომპლიმენტებს ხშირად მეუბნება. ყველას ვუსურვებ, რომ მისნაირი დედამთილები ჰყავდეთ. არ არსებობს საკითხი, რაშიც გვერდში არ მიდგას. სულ ცდილობს კომფორტი შემიქმნას.
– პლასტიკურ ქირურგიაზე რას ფიქრობ?
– 7 წლის წინ ტუჩები დავიბერე და ამას დღემდე ძალიან ვნანობ. საერთოდ არ მჭირდებოდა, უბრალოდ მოდას ავყევი. მითხრეს, რომ ერთი წლის მერე ისევ ჩემი ტუჩები დამიბრუნდებოდა, მაგრამ მოტყუებული დავრჩი. ცოტა ხნის წინ ექიმთან მივედი და მითხრეს: ოპერაციას გაგიკეთებთ და სილიკონს ისე ამოგიღებთო. ჯერ ვერ გადავწყვიტე რა ვქნა, ოპერაციის მეშინია.
– სალონი გახსენი. ეს იდეა როდის გაგიჩნდა?
– ამ სალონის მომხმარებელი დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი. ერთ დღესაც გავიგე, იყიდებოდა. სახლში ჯდომას ვამჯობინე რამე ახალი მეკეთებინა და მეუღლეს ვუთხარი შეგვეძინა. უპრობლემოდ დამთანხმდა. ამ საქმის არაფერი გამეგებოდა, მაგრამ ყველაფერი ჩემი გემოვნებით მოვაწყე. უამრავი ხალხი მოდის. დღის უმეტეს ნაწილს აქ ვატარებ.
– შემოსავლის თვალსაზრისით მომგებიანი ბიზნესია?
– კი, კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, რომ ქალს თავის ფული აუცილებლად უნდა ჰქონდეს. შემოსავალი ჩემთვისაც მყოფნის და შვილებისთვისაც.

0
133
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0