ნანუკა ჟორჟოლიანს მოგზაურობა ძალიან უყვარს, ეს მის გადაცემასაც ეტყობა. ამბობს, ამ სიამოვნებისთვის ფული არასდროს მენანებაო. ჟურნალისტი პირველ მოგზაურობას, სასიამოვნოდ და სახალისოდ იხსენებს. მისი საყვარელი ქვეყანა კი დიდი ბრიტანეთი აღმოჩნდა, რომლის შესახებაც ამომწურავ ინფრომაციას გვაწვდის.
– გიყვართ მოგზაურობა? პირველი მოგზაურობას ალბათ გასაკუთრებული ემოცია ახლდა თან.
– მოგზაურობა ძალიან მიყვარს, ვგიჟდები. ამ სიამოვნებისთვის ფულის დახარჯვა არასდროს მენანება.
მამაჩემთან ერთად, ადრეული ასაკიდან დავდიოდი საქართველოს ფარგლებს გარეთ, სიმართლე გითხრათ ეს პერიოდი კარგად არ მახსოვს. ყველაზე კარგად მახსენდება, როცა დასასვენებლად ანტალიაში მე, ნინო შუბლაძე და კიდევ ერთი ჩემი მეგობარი წავედით. ძალიან ცოტა ფული გვქონდა, ავტობუსით დიდხანს ვიარეთ და სამვარსკვლავიან სასტუმროში დავბინავდით. საოცარი იყო, ცოტა ფული გვქონდა, მაგრამ თითქმის ყველა სურვილის ასრულება შევძელით. დავდიოდით შოპინგზე და თანაც, ყველა მომენტში სურათს ვიღებდი. სასტუმროს მისაღებში წყლის დალევასაც სხვა გემო ჰქონდა. ბევრი თუ იღებდა შხაპს, მაშინ ჩვენთან წყალი წყდებოდა და იყო გადაძახილები დაკეტეთო. მიუხედავად იმისა, რომ იმდროს მარიამი მყავდა და მეუღლეს გაშორებული ვიყავი, მაინც პატარა ვიყავი. ამ მოგზაურობიდან, დაახლოებით სამი წლის შემდეგ ირაკლისთან ერთად ჩემი ქვეყნიდან გასვლა ისევ ანტალიაში და ისევ იმ სასტუმროში იყო. მის მენეჯერთან უკვე დამეგობრებულები ვიყავით. მიხვდა, რომ რესტორნებში, მაღაზიებსა და ბარებში დავდიოდით და ეგრეც არ გვიჭირდა იქ გვეცხოვრა, უბრალოდ ძალიან შეჩვეულები ვიყავით და ბევრი კარგი მოგონება გვაკავშირებდა. წამოსვლისას გვკითხეს, _ ძებნილები ხომ არ ხართო. ვერაფრით ვერ მიხვდნენ რის გამო სამვარსკვლავიან სასტუმროში, რატომ ვცხოვრობდით.
– რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?
– არასდროს დამითვლია. ევროპაში ყველგან ვარ ნამყოფი გერმანიის გარდა. აზიის ქვეყნებშიც ბევრგან მიმოგზაურია. დიდი მნიშვნელობა აქვს ვისთან ერთად მოგზაურობ. 7 თვის ორსული პარიზში, ირაკლისთან, მის შვილებთან და მარიამთან ერთად ვიყავი. ეს პერიოდი არც ისე კარგად მახსენდება: ვერ დავდიოდი, ცუდად ვიყავი, სულ ვიღლებოდი. ამ დროს ბავშვები გვყავდა დისნეილენდში წაყვანილი. არადა ხეტიალთან, სიახლეებთან და ბევრ ემოციასთან ასოცირდება ეს ქვეყანა.
რომი უკავშირდება გაზაფხულს, დიდ სამეგობრო წრეს, ჩემი და ირაკლის ახალი ურთიერთობის ეტაპს, შესაბამისად სულ სხვანაირად მახსოვს. ლონდონი ჩემთვის სუსტი წერტილია. ყველასგან გამორჩეულად მიყვარს.
– რით დაიმსახურა ამ ქვეყანამ ასეთი სიყვარული?
– ეს ის ქვეყანაა, რომელიც ჩასვლისთანავე შენი ხდება. მეგობრები ხშირად მეუბნებოდნენ, ნიუ-იორკში არ ყოფილხარ, თორემ შენი ტიპის ადამიანს ის უფრო მოხიბლავდაო. ამერიკაში მოგზაურობისას მართლაც სუნთქვა შემეკვრა, ცუდად გავხდი, მაგრამ თუ ოდესმე სადმე ვიცხოვრებდი ეს ლონდონია. ვგიჟდები ამ ქვეყნის `სერ~ ამინდებზე. `ჰაიდ~ პარკის წინ, სკოლაში ვსწავლობდი. შესვენება მხოლოდ იმიტომ მიხაროდა, რომ ბალახზე, ფეხშიშველი, წიგნებითა და საჭმლით ხელში ვატარებდი დროს და ვტკბებოდი სილამაზით. ამ ქვეყანაში განსაკუთრებული პარკებია. ხშირად სუნამო და მუსიკა ცხოვრების რაღაც ეტაპს მახსენებს _ ასევეა ქვეყნებიც. 2005 წლიდან ირაკლისთან ერთად კიდევ უფრო აქტიურად დავიწყე მოგზაურობა, რადგან ინტერესიც მეტი მქონდა და ხალისიც. მეგობრები ხშირად გვახლდნენ თან, რაც კიდევ უფრო სასიამოვნო იყო.
– კურიერში მუშაობისას ხშირად მოგზაურობდით. ეს პერიოდი როგორ გახსენდებათ?
– კურიორში მუშაობისას, ყოფილა შემთხვევები, როცა უცხო ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ არაფერი არ მინახავს _ მაგალითად: პოლონეთში. პრეზიდენტის სამიტის დროს დასვენების საშუალება არ გვქონოდა. ერთხელ გაგვიმართლა, ჩინეთში წასვლის დროს, რაღაც ადგილების დათვალიერება მოვახერხეთ. ვენაში გელა ბეჟუაშვილის ვიზიტის დროს, მხოლოდ ერთი ქუჩაზე გასეირნება შევძელით მე და ნათია გოგსაძემ. მეორეთ, როცა ამ ქალაქში მოვხვდი მეგონა სხვაგან ვიყავი, არაფერი მახსოვდა.
– უცხო ქვეყნის სამზარეულოს სიამოვნებით აგემოვნებთ ხოლმე?
– ქართულ სამზარეულოზე მორგებული ორგანიზმი მაქვს. ყველა უცხო კერძის, ქართულთან დაახლოებას ვცდილობ. ეგვიპტეში ამოვიჩემე ბადრიჯნის სალათი, მხოლოდ იმიტომ, რომ `აჯაფსანდალს~ ვუკავშირებდი. ერთი მეგობარი მყავს, რომელიც მენიუში ყველაზე უცნაურს რასაც წაიკითხავს, იმას უკვეთავს. საფრანგეთში კვება ძალიან გამიჭირდა. თუ რომელიმე ქვეყნის სამზარეულო არ მომწონს, მარტივ გამოსავალს ვპოულობ, ის რაც ყველა ქვეყანაშია _ ჩინური სამზარეულო. "მაკდონალდსიც" კარგია, რომ არ ასუქებდეს.
– ყველაზე ლამაზი ქალები რომელ ქვეყანაში არიან?
– ყველაზე საქმიანი ქალები ლონდონში ცხოვრობენ. მახსოვს, სკოლაში, ავტობუსით მივდიოდი. დავინახე ქალმა ავტობუსშივე გაიხადა დაბალ ძირიანი ფეხსაცმელი, ქუსლებზე ჩაიცვა. სამსახურში მიდიოდა. მათ შეუძლიათ კაცური და ქალური სამოსი შეუხამონ და ძალიან მაგრად გამოიყურებოდნენ. იტალიელი ქალები მომხიბვლელები არიან, ჩვენსავით მუქ ფერებში გამოწყობა უყვართ, `ქოთქოთები~ არიან. ფრანგი აუცილებლად წვრილი, მაღალი და მოწესრიგებულია. უკრაინელებს რაც შეეხებათ, მათი ტანი მშურს. საქართველოში `მიქსია~, ყველანაირ ქალს გადააწყდებით.
თურქი მამაკაცები ყველაზე მაგრები არიან. ზუსტად ისეთები, როგორებიც რუს ქალებს ქართველი მამაკაცები წარმოუდგენიათ. მათ იციან ქალის პატივისცემა.
– ყველაზე თბილი ხალხი სად შეგხვედრიათ?
– ამერიკაში, სადაც სულ გიცინიან. იქ ხვდები, რომ ყველაზე მაგარი, მაღალი და გამხდარი ხარ. აზიაში კარგი მასპინძლობა იციან, მაგალითად დუბაიში. იტალიაშიც საოცრად თბილი ხალხია, ხოლო ჩინეთში _ პირიქით. ჭიანჭველებივით თავისთვის დადიან, არ გიყურებენ, ყურადღებას არ გაქცევენ.
– მუზეუმებს, უცხო ქვეყნის ღირსშესანიშნავ ადგილებს სტუმრობთ ხოლმე?
– უცხო ქვეყანაში ჩასვლისას, გართობა, ან კულტურული ღონისძიებები მაქვს დაგეგმილი. ეს მითუმეტეს მაშინ, როცა მარიამთან ერთად ვარ. ღირსშესანიშნაობების ნახვა, ცხოვრების ამ ეტაპზე მისთვის მნიშვნელოვანია. მე თითქმის ყველაფერი ნანახი მაქვს, მაგრამ ერთსა და იმავე ქვეყანაში მეორედ ან მესამედ ჩასვლისას ახალს აღმოვაჩენ ხოლმე. დუბაში კვირაში ერთხელ, რომ დადიოდე _ ახალი შენობა აუცილებლად დაგხვდებათ.
ძალიან მინდა სიცილიაში წასვლა. იმედია, ამ სურვილს ავიხდენ. მალე ხანგრძლივი შვებულება მიწევს და ლონდონს აუცილებლად, 3 კვირით ვესტუმრები. დღეში 2-ჯერ გავალ `ჰაიდ~ პარკში, ნოთინგჰილზზე ვისეირნებ ყოველდღე, სტარბაქსის ყავას დავლევ და აუცილებლად რომელიმე მიუზიკლზე წავალ.
– თაფლობის თვე სად გქონდათ?
– თაფლობის თვე არ გვქონია. პირველად ერთად, ანტალიაში ვიყავით, თუმცა მაშინ შეუღლებულები არ ვიყავით. ირაკლი პარიზზე და ლონდონზეა გაგიჟებული. თუ შესთავაზებ სად წავიდეთო, გეტყვის _ ლონდონში. დიდ ხანს ფრენა არ შეუძლია, ნიუ-იორკში მხოლოდ იმიტომ წამოვიდა, რომ ჩემი ოცნება იყო. სტრესში იყო ამდენი ფრენისგან, ამბობდა ეს ქალაქი მხოლოდ შენს გამო მომეწონაო, ხვდებოდა დიდ ემოციებში ვიყავი. გიჟივით დავდიოდი ქუჩაში, ყველაფერი ვნახე თუკი რამე შეიძლებოდა. ახლა თუ გვექნება თაფლობის თვე, ისევ ლონდონს ავირჩევ.
– არ გქონიათ ფრენის შიში არასდროს?
– არასდროს. მარიამს და ირაკლის ისე ეშინიათ, პანიკებში ვარდებიან და მე მათი დამშვიდება მიწევს.
– მოგზაურობისას შოპინგს დიდი დრო ეთმობა?
– კი, საკმაოდ. არის ქვეყნები, სადაც ზუსტად ვიცი რომ ვიშოპინგებ და სადაც არაფერს ვიყიდი, მაგალითად _ დუბაიში. იტალიასა და ლონდონში ყველაზე ბევრ რამეს ვიძენ. მილანში თუ გადაწყვეტ რამის ყიდვას, ფასი შესაძლოა მობილურის ნომერი გეგონოს. მე არ მიყვარს ძვირადღირებული შოპინგი. სუვენირები და მაცივარზე მისაკრობები ყველა ქვეყნიდან ჩამომაქვს.
– უამრავი გადაცემა გქონდათ საზღვარგარეთიდან. ალბათ რთულია დაგეგმვა, რესპონდენტების მოძიება, არა?
– ჩემი ვალია მაყურებელს ბევრი რამ "ბრჭყვიალა" ფერებში ვაჩვენო, ვითომ ყველაფერი ასე ადვილად მოიპოვება. ყველაზე კარგი გასვლა, საბერძნეთში გვქონდა. ძალიან მაგარი ქვეყანაა. იქ გვქონდა იმის საშუალება, 3 დღე დაგვესვენა, რადგან გადაღებებმა წარმატებულად ჩაიარა. დუბაიში ისეთი დასიებული ჩავედი, პირველ დღეს დაგეგმილი გადაღება ჩაგვეშალა. ძალიან ცუდად ვიყავი. მექსიკაში გადაღებები ურთულესი იყო, იქიდან რომ დავბრუნდი 2 კვირა რეაბილიტაციისთვის დამჭირდა. ინგლისურად ვერავინ საუბრობს, რუსულზე ლაპარაკი ზედმეტია. დიპლომატიური კორპუსი უსაფრთხოების გარანტიას არ გაძლევს და გეუბენვა არის უბნები, სადაც არ შემოგყვებითო. ჩვენ სადაც ვიყავით, იმ ქალაქიდან ძალიან შორს არის სერიალების ქალაქი. დღეში 5 ან 6 სერიას იღებენ. მთელი დღე კომენტარისთვის უნდა ელოდო და შესაძლებელია ვერ მოახერხო ჩაწერა და მეორე დღეს ისევ მიხვიდე.
– გადაცემებს სხვადასხვა ქვეყნიდან აღარ გეგმავთ?
– კი, გაგრძელდება. ახლო მომავალში გავემგზავრები ჩასაწერად და ახალ სეზონზე მაყურებელი მსგავს შოუებს კვლავაც იხილავს.