ჯანმრთელი კვება კულინარიული სიმფონია ფრანგულად 2013, 16 ივნისი, 19:12 თურმე ფრანგები ხუმრობენ, რომ
ინგლისში 360 რელიგია და მხოლოდ 3 სოუსიაო. სამაგიეროდ, საფრანგეთში მხოლოდ 3 რელიგიაა, ხოლო სოუსი - 360!
სამი ასწლეულის განმავლობაში ფრანგულმა სოუსებმა “გაჟღინთა'' მთელი ევროპა. იმავდროულად, თითეული ქვეყნისათვის ტრადიციული პროდუქტების საფუძველზე შეიქმნა სრულიად ახალი რეცეპტები, თავის მხრივ, საგრძნობლად გაამდიდრეს მსოფლიო და თვით ფრანგული კულინარია. როცა უძველესი სამზარეულოების საიდუმლოს ეცნობით ამა თუ იმ წიგნის მეშვეობით, სრულიად ბუნებრივად გეჩვენებათ შემდეგი ფაქტი: XVIII-XIX საუკუნეებში საშუალო შეძლების ოჯახებსაც კი აუცილებლად ჰყავდათ მზარეული. ჩვენამდე მოღწეული რეცეპტების უმრავლესობა ხომ იმდენად რთული და შრომატევადია, რომ ჭეშმარიტ პროფესიონალიზმს მოითხოვს. XX საუკუნის დასაწყისში ფრანგული სამზარეულო განახლდა და გამდიდრდა ახალ-ახალი საკმაოდ მარტივი და ადვილად მოსამზადებელი რეცეპტებით. მხოლოდ პრინციპი დარჩა უცვლელი: კულინარიაში აუცილებელია შემოქმედებითი მიდგომა ანუ კერძის მომზადებისას უნდა ვეცადოთ, შევავსოთ და გავაუმჯობესოთ უკვე კარგად ცნობილი რეცეპტი. უნატიფესი ფრანგული სამზარეულოს შესაფასებლად, გთავაზობთ რამდენიმე სოუსის ცნობილ რეცეპტს, რათა კიდევ ერთხელ შეიგრძნოთ კულინარიული სიმფონია ფრანგულად. ფრანგული მაიონეზი საჭიროა: 1 კვერცხის ყვითრი, 1 ჩაის კოვზი მდოგვი, 250გ არაქისი ან მზესუმზირის ზეთი, 1 სადილის კოვზი ღვინის ძმარი ან ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი (გემოვნებით). მომზადების წესი: ჯამში გულმოდგინეთ აურიეთ ყვითრი, მარილი, პილპილი და მდოგვი. მოღებული მასა ათქვიფეთ მიქსერით, თანდათან, (თითო ჩაის კოვზი) დაუმატეთ ზეთი. “ბოლო აკორდი'' ძმრით ან ლიმონის წვენით შენელებაა. ფრანგული სოუსი არაჟნით (სალათებისათვის) საჭიროა: 1 ლიმონის წვენი, 200გ არაჟანი (ან მაწონი), 1/2 ჩაის კოვზი მარილი, პილპილი. მომზადების წესი: შეურიეთ მარილი, პილპილი და ლიმონის წვენი. ურიეთ დიდხანს, ვიდრე მარილი დადნება. შემდეგ დაიწყეთ ათქვეფა, თანდათან ჩაამატეთ არაჟანი (ან მაწონი - თუ მაწონი ძალიან მჟავეა, ლიმონის წვენი რეცეპტში მითითებული რაოდენობის ნახევარი გამოიყენეთ). სოუსი “ბეშამელი'' საჭიროა: 20გ ნაღების კარაქი, 1 სუფრის კოვზი ფქვილი, 400გ რძე, მარილი, პილპილი, მუსკატის კაკალი. მომზადების წესი: ქვაბში დაადნეთ კარაქი, ჩააყარეთ ფქვილი და 1-2 წთ დააყოვნეთ დაბალ ცეცხლზე, გამუდმებით ურიეთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, თქვიფეთ და ისე ჩაასხით რძე. კვლავ დაბალ ცეცხლზე დადგით, ურიეთ შესქელებამდე. ამის შემდეგ შეანელეთ მარილით, პილპილით, დაფქვილი მუსკატის კაკლით. “აიოლი'' - ნივრის სოუსი სამხრეთ საფრანგეთიდან საჭიროა: 4 მოზრდილი კბილი ნიორი, 1 კვერცხის ყვითრი, 250გ მცენარეული ზეთი, 1 ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი მარილი. მომზადების წესი: გახეხილი (დანაყილი) ნიორი მოათავსეთ ჯამში, მოაყარეთ მარილი, ერთად გასრისეთ, თანდათან ჩაუმატეთ ყვითრი და ზეთი. ყველაფერი კარგად აურიეთ, შეანელეთ ლიმონის წვენით და ცოტა ცივი წყლით. მიღებული სოუსი კონსისტენციით სქელი უნდა იყოს (მაიონეზივით). აიოლით ამკობენ თევზს და ხორცს. თუმცა ეს არაჩვეულებრივი სოუსი უხდება ბოსტნეულის სალათებსაც, მხოლოდ ერთი პირობით: ბოსტნეული ჩახარშული არ უნდა იყოს, პირიქით, ოდნავ მაგარი სჯობს, კუბის ფორმის ან ვიწრო ზოლებად დაჭრილი. 100 4-ს მოსწონს
|