x
image
სანტა-თამო
წამი წამში

image ცხოვრება ეს ხომ ერთი წამია წამში. იმდენად სწრაფი, იმდენად ჩქარი რომ ვერც კი იგრძნო თვალის გახელა. დრო უზომოდ სწრაფად გადის, არც კი აქვს მნიშვნელობა, როგორ გიცხოვრია ამ სიჩქარეში, რადგან ბოლო ერთია - უკუნი. უკუნი და სიბნელე. სიკვდილის სუნი მთელს ამ თავბრუდამხვევ სიჩქარეში სულ თან გვდევს, არ გვტოვებს არცერთი წამით. მას ყველა და ყველაფერზე მეტად ვუყვარვართ, სულ ზედ დაგვტრიალებს, თავს გვევლება, არცერთი წამით არ გვივიწყებს, ზოგჯერ გვიახლოვდება, ახლოს შემოგვაპარებს თავს. მის ძალას ეგზომ ტკბილად გაგრძნობინებს, მერე გაგცილდება, განავარდების საშუალებას მოგცემს, სამყაროს სხვა ფერებში დაგანახებს, ღირებულებების გადაფასებას დაგაწყებინებს, სიყვარულსა და სითბოს უხვად გაცემას გასწავლის, სიკეთის თესვას დაგანახებს, უფალს შეგაცნობინებს, რათა რწმენა განგიმტკიცოს, სამყარო სხვა თვალით დაგანახოს და შეგაფასებინოს ის ყოველივე, რაც ხელთ გქონდა, მაგრამ ისეთი აღარ ჩანდა შენს თვალში, როგორიც სინამდვილეშია. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ არ შეიცნობ ამა ქვეყნისა ამაოებას. ბოლოს კი, სრულიად მოულოდნელად, მეხის გავარდნასავით მოგვარდება, ყელში მაგრად მოგიჭერს, ნელა და მტკივნეულად გაგაქროლებს სამუდამო ბნელეთისაკენ. ასე მხიარულად გარბენინებს, თითქოს სანუკვარ ოცნებას გიხდენს. ის ამ დროს გამარჯვებულია, ყველაზე ბედნიერი და თავდაჯერებულია, რადგან საწადელს მიაღწია, თავისი გაიტანა, სიყვარულს ასე ურცხვად გიმტკიცებს და გაყენებს გზას, რომლიდანაც ნათლად ჩანს, როგორ გიცხოვრია, რა დაგითესია, ვისთვის რა გაგიცია და ღირდა თუ არა საერთოდ შენი ამ ქვეყნად მოვლინება, რა წერტილი დატოვე და მაშინ იმკი ყოველივეს.




(ეს არის ფრაგმენტი რომანიდან "უკვდავი გრძნობა", რომელიც ჩემი დაწერილია.)

თამო ჯიქია

2
20
2-ს მოსწონს
ავტორი:სანტა-თამო
სანტა-თამო
20
  
2013, 8 ივნისი, 21:54
საინტერესოა.:))
0 1 2