x
მეტი
  • 20.08.2024
  • სტატია:136588
  • ვიდეო:351960
  • სურათი:510869
რამდენად გადამწყვეტ როლს თამაშობს ელიტა ერის მშენებლობაში?

ვფიქრობ,
სანამ უშუალოდ თემაზე გადავიდოდე, აუცილებელია განვსაზღვროთ, რა იგულისხმება ერის მშენებლობაში.
ერის მშენებლობის პროცესი ადამიანთა ყველა ერთობისთვის ძალზე ხანგრძლივი და მრავალმხრივია.
დროთა განმავლობაში იგი დამახასიათებელ სახეს იძენს განვითარებული ისტორიული მოვლენებიდან გამომდინარე.
აღსანიშნავია, რომ ერის მშენებლობის პროცესში უმჯობესია მოვიაზროთ არამხოლოდ ერად ჩამოყალიბება,
არამედ ერის განვითარებაც. ერის ჩამოყალიბება და მითუმეტეს მისი შემდგომი არსებობა
დამოკიდებულია სამი მახასიათებლის ერთობლიობაზე, ესენია: ეროვნული ავტონომია, ეროვნული
ერთიანობა და ეროვნული იდენტობა. თუ სამივე მათგანს შევაჯამებთ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ,
რომ ერის მშენებლობა მოიცავს იმ მნიშვნელოვან საფეხურებს, რომლებიც გულისხმობს ტერიტორიული
ავტონომიის, თვითმართვის სისტემის, სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული სოლიდარობის არსებობას
საზოგადოების წევრთა შორის. თითოეული მათგანის მიღწევაში გავლენას ახდენს სხვადასხვა
სოციალური ჯგუფების მონაწილეობა. ის, თუ რომელი სოციალური ჯგუფები ახდენენ ამ პროცესზე
მნიშვნელოვან გავლენას, ბევრისთვის საკამათო საკითხია. ჩემი აზრით, ერის მშენებლობის
პროცესში გადამწყვეტი როლი ელიტას ეკუთვნის.

რას წარმოადგენს ელიტა? - ელიტის განსაზღვრება
სოციოლოგიაში არაერთმნიშვნელოვანია, რაც ქვემოთ მოყვანილი
რამდენიმე განსაზღვრებიდანაც ჩანს: 1.ესაა ადამიანთა
ერთობლიობა, რომლებსაც
აქვთ უმაღლესი
ინდექსი მათი მოღვაწეობის სფეროში
(პარეტო), 2.პოლიტიკური თვალსაზრისით ყველაზე
აქტიური ადამიანები, ძალაუფლებაზე ორიენტირებული საზოგადოების ორგანიზებული უმცირესობა (მოსკა), 3. საზოგადოების შემოქმედებითი უმცირესობა არაშემოქმედებითი უმრავლესობის საპირისპიროდ (ტოინბი).

ყველა არსებული
მიდგომა შეიძლება
დავიყვანოთ ორ ძირითადზე: ა) ღირებულებაზე (ამ შემთხვევაში აქცენტი
კეთდება ადამიანის
ფსიქოლოგიურ–მორალურ
მახასიათებლებზე) და ბ) ფუნქციონალურზე (სადაც
ყურადღება გამახვილებულია ადამიანთა
სოციალურ სტატუსებსა და პოზიციებზე). თუ შევაჯამებთ, შეიძლება ვთქვათ, რომ ელიტა არის მცირერიცხოვანი სოციალური
ჯგუფი, რომლის
წარმომადგენლებსაც უკავიათ
წამყვანი და პრივილეგირებული პოზიციები
საზოგადოებრივი ცხოვრების
ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროებში,
როგორიცაა პოლიტიკა,
ეკონომიკა, კულტურა,
თავდაცვა და სხვ.
და ახორციელებენ მასების
მართვისა და კონტროლის ფუნქციებს.

როგორც მე-19 საუკუნის ფრანგი მოაზროვნე
- გუსტავ ლებონი ამბობს, „ცივილიზაციის ყოველი საფეხური ამკვიდრებს უთანასწორობას.
ელიტური სტრუქტურა და დიდი ადამიანების როლის საკითხი, რჩეული თუ განსაკუთრებული მასისაგან
გამოყოფილ ადამიანთა საქმიანობა ქმნის ცივილიზაციას და ხალხის ძალას“. ჩემი აზრით,
სწორედ ელიტაა ის ძალა, რომელსაც შესწევს უნარი საზოგადოების ფართო მასები ერთი მიზნის
ქვეშ გააერთიანოს. ელიტის წარმომადგენლები მიჩნეულნი არიან დიდ ადამიანებად იმდენად,
რამდენადაც მათ ესმით ეპოქის მოთხოვნილებანი და პოულობენ მათი განხორციელების გზას
და სწორედ ამ გზაზე ისინი ხელმძღვანელობენ ხალხს. ერთნი - გენიალური გამომგონებელნი
აჩქარებენ ცივილიზაციის მსვლელობას, მეორენი - ქმნიან ისტორიას. საზოგადოების ფართო
მასები, როგორც წესი ამ უკანასკნელთ მიჰყვებიან, რადგან ისტორია სხვა არაფერია, თუ
არა იდეალების შექმნა, იდეალებისა, რომლებიც ხშირად ეროვნული იდენტურობის სიმბოლოებად
იქცევიან. ელიტის წარმომადგენლები ამკვიდრებენ ამ იდეალებს, რადგან სწამთ, რომ "ხალხის
ბელადი ვერ გახდები, თუ მის ოცნებებს არ განასახიერებ". ჩემი აზრით, სწორედ ისტორია
და კულტურაა ის ძირითადი სფეროები, სადაც ელიტა, როგორც - „ერის მშენებელი“ დომინირებს.
კაცობრიობის განვითარების მანძილზე ელიტა ყოველთვის გადამწყვეტ როლს თამაშობდა ადამიანთა
ერთობის მასობრივი კულტურის ფორმირებაში. ამის მაგალითია სწორედ შოტლანდიური კილტის
ისტორია, რომლის შექმნაც მე-19 საუკუნის შუაში გადაწყვიტა შოტლანდიურმა ელიტამ, რათა
თავი დაეღწია ირლანდიის კულტურული დომინაციისგან. ისტორიის შექმნა სამ ეტაპად მოხდა.
უპირველეს ყოვლისა შეიქმნა ეპიკური პოემა „ოსლანი“, სადაც აღწერილი იყო შოტლანდილეთა
დამსახურება კელტური კულტურის ჩამოყალიბებაში. მეორე ეტაპზე მოხდა მთიელ კელტთა, ანუ
შოტლანდიელთა ტრადიციების შექმნა. სწორედ ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ შოტლანდიური პოლკის
ჯარისკაცები კილტებით შეემოსათ. ამის შემდეგ კილტი, რომელიც ინგლისური ტანსაცმელია
და რომლის შესაკერადაც აუცილებელი ჭრელი მასალა (ტარტანი) ჰოლანდიური წარმოშობისაა,
გამხდარიყო არამარტო დაბალი ფენების, არამედ წარჩინებულ შოტლანდიელთა სამოსი. ისტორიის
შექმნის მესამე ეტაპზე მოხდა ამ ტრადიციის დანერგვა ბარის შოტლანდიელებშიც, რაც დოკუმენტის
გაყალბებით განხორციელდა. ამ დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ შუა საუკუნეებში ყველა
შოტლანდიურ კლანს თავისი ფერის კილტი ეცვა. ეს დოკუმენტი გამოქვეყნდა, როგორც ისტორიული
წყარო და ყველა შოტლანდიელს მიეცა საშუალება მისი კლანისთვის დამახასიათებელი კილტი
ეტარებინა. დღეს შოტლანდიელები ამაყობენ იმით, რომ კილტი არის შოტლანდიის ტრადიციების,
კულტურისა და ისტორიის სიმბოლო. ეს არის მაგალითი ერთგვარი „სახელმწიფო ელიტის პროექტისა“,
რომელიც ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად განხორციელდა. როგორც ამ მაგალითიდან ჩანს,
კულტურა და ისტორია ერთაშორისი განსხვავებების განსაზღვრისთვისაც გამოიყენება. ჯერ
კიდევ მე-19 საუკუნეში ანგლოკანადური ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელებმა პროპაგანდისტური
კამპანია წარმართეს კანადური იდენტობის შენარჩუნებისთვის, რადგან ასიმილაცია არ მომხდარიყო
უფრო ძლიერ და მდიდარ ამერიკელებთან. ამ მიზნით მათ წინ წამოსწიეს ჩრდილოეთ კანადის
მაგალითი, სადაც ევროპული წარმოშობის მოსახლეობამ ათწლეულების განმავლობაში შეინარჩუნა
წინაპართა ტრადიციები და პატარა სოფლებში კონცენტრირებულნი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდნენ.
ნაციონალისტები აქცენტს სწორედ იმაზე აკეთებდნენ, რომ ჭეშმარიტი კანადა სწორედ სასოფლო
კანადა იყო, რაც რადიკალურად განასხვავებდა მათ ამერიკული საქალაქო ცხოვრების წესისგან.
ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებს მმართველი ელიტა სახალხო კულტურას ეროვნული
იდენტობის ფორმირების სახელმწიფო პოლიტიკაში. ეროვნული იდენტობა კი თავის მხრივ ერის
მშენებლობისა და შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი მთავრი წინაპირობაა. ელიტა მიდის დათმობაზე,
რომ დააახლოვოს საუკუნეების განმავლობაში განსხვავებული ხალხური და ელიტური კულტურის
ფასეულობები, აღიაროს ხალხური კულტურა ეროვნული კულტურის შემადგენლად, გააერთიანოს
ისინი ერთი საერთო სახელმწიფოებრივი მიზნის
გარშემო და გამოიყენოს სახელმწიფო ინტერესებისთვის ბრძოლაში. ამ შემთხვევაში სახალხო
კულტურა მხოლოდ ინსტრუმენტია ელიტის ხელში, რომელსაც მმართველი ელიტა წარმატებით იყენებს
ეროვნული იდენტობის ხაზგასასმელად. აქედან გამომდინარე სწორედ ელიტაა მიმართულების
მიმცემი და მთავარი აქტორი ერის მშენებლობაში, ვინც ქმნის საზოგადოების ერთიანობის
საფუძველს ლინგვისტური, სალიტერატურო თუ სხვა სფეროში.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან ევროპასა
და აშშ-ში ნათლად გამოჩნდა ელიტების როლი საზოგადოებრივი
საქმიანობის ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი კულტურულ მშენებლობაში, როდესაც ეროვნული
იდენტობის ფორმირებისთვის ევროპულმა სახელმწიფოებმა დაიწყეს ლინგვისტური, სალიტერატურო
და საგანმანათლებლო რეფორმა.

აღსანიშნავია, რომ გასულ საუკუნეებში იმპერიული
სახელმწიფოები თავიანთი კონტროლის გაზრდას კოლონიურ ქვეყნებზე პირველ რიგში ამ უკანასკნელთა
მმართველი ელიტის და კლასების ასიმილაციით ახდენდნენ, რაც უპირველს ყოვლისა ლინგვისტური
ასიმილაციის ფორმით ხდებოდა. შემთხვევითი არაა, რომ დიდი ბრიტანეთისა და ესპანეთის
ყოფილი კოლონიები დღეს შესაბამისად ინგლისურ და ესპანურენოვან სახელმწიფოებს წარმოადგენენ,
ან თუნდაც ის, რომ რუსეთის იმპერიის არსებობის წლებში მთელი ქართული არისტოკრატია რუსულად
საუბრობდა. ამით იმპერიები ცდილობდნენ საზოგადოების ლინგვისტური ჰომოგენიზაციის მოშლით
გაემყარებინათ პოზიციები. სწორედ რომ ელიტის გადაგვარებით შეიძლებოდა საზოგადოების
ფართო მასების დაყოლიება.

საყურადღებოა ის, რომ რუსეთის იმპერიის
ამ მცდელობას სათანადო გამოძახილი მოჰყვა ქართული შემოქმედებითი ელიტის მხრიდან, რომელიც
წარმოდგენილი იყო „თერგდალეულებით“. მაშინ, როცა მმართველი ელიტის წარმომადგენლები
ვერ გაურბოდნენ რუსეთის იმპერიის ზეწოლას, სამოციანელთა დასმა ითამაშა დიდი როლი ეროვნული
იდენტობის შენარჩუნებაში, სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის საერთო ეროვნულ მიზნად
გადაქცევაში. ისინი იყვნენ იმ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელები,
რომლის მიზანიც საწყის ეტაპზე კულტურულ-ეროვნული თვითიდენტიფიკაცია იყო, საბოლოო ჯამში
კი დამოუკიდებლობის მოპოვება და სახელმწიფოებრიობის შექმნა. ალექსანდრე გერცენი (რუსი
მწერალი და მოაზროვნე) წერდა: „ხალხისათვის, რომელსაც წართმეული აქვს თავისუფლება,
ლიტერატურა ერთადერთი ტრიბუნაა, საიდანაც მას შეუძლია ყველას გააგონოს თავისი აღშფოთებისა
და სინდისის ხმა“.

შემოქმედებითმა
ელიტამ გააცნობიერა, რომ საერთო განათლება და კულტურა განაპირობებს საერთო ეროვნული
განცდის შექმნას საზოგადოების წევრთა შორის. ამ ეტაპზე კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება უნიფიცირებული ენის, ეროვნული პრესის, მეტ-ნაკლებად ერთიანი განათლების სისტემის, საკუთარი ისტორიული წარსულის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას და ყოველივე ამით ხორციელდება ეროვნული ცნობიერება, რაც ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორია ეროვნული თვითიდენტიფიკაციის საქმეში. სწორედ
ამიტომ თერგდალეულებმა შეძლეს მათი, როგორც
ელიტის ეროვნული ერთობის სტრატეგია ჩამოეყალიბებინათ და სალიტერატურო ენა დაეახლოვებინათ
ხალხურ მეტყველებასთან, შექმნეს წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოება, დააარსეს
სკოლები, გამოსცეს ჟურნალები და სახელმძღვანელოები, შეაგროვეს ძველი ხელნაწერები, ფოლკლორული
მასალა და დაიწყო ისტორიულ ძეგლებზე ზრუნვა. თერგდალეულთა მოღვაწეობა ნათელი მაგალითია
იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ელიტის როლი ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებასა
და იდენტობის ფორმირებაში.

ისინი, ვინც არ ეთანხმებიან ელიტის
დომინანტური როლის იდეას ერის მშენებლობაში, კერძოდ კი კულტურულ სფეროში, ალბათ ხაზს
გაუსვამენ იმას, რომ ბევრი ერის კულტურა იქნებოდა მაშინ, როცა ელიტა ჯერ კიდევ არ არსებობდა.
მაგრამ, ამ ფაქტის მიღება არგუმენტად შეუძლებელია, იმიტომ, რომ დღეს პრაქტიკულად გამორიცხულია
რომელიმე თანამედროვე ერს მცირე დოზით მაინც შეენარჩუნებინა ჯგუფური ან ტომობრივი წყობილების
დროს შექმნილი კულტურა. კაცობრიობის განვითარების
დანარჩენ სტადიებზე კი ელიტა ყოველთვის საზოგადოების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილია,
რომელმაც დიდი როლი ითამაშა მასობრივი კულტურის ფორმირებასა და მაშასადამე, ეროვნული
იდენტობის ჩამოყალიბებაში.

კიდევ ერთი წინააღმდეგობა შეიძლება წარმოშვას
იმ მოსაზრებამ, რომ ელიტის გარდა, უბრალო მოქალაქენი არ არიან საზოგადოების უმოქმედო
ნაწილი და ხალხისა და ელიტის დამოკიდებულება ორმხრივი მოძრაობის ქუჩას ჰგავს, რისი
მაგალითია თუნდაც ის ფაქტი, რომ 1980-იანი წლების ეროვნულ მოძრაობაში თავდაპირველად
ჩაებნენ სტუდენტები, ელიტა კი მას მოგვიანებით შეუერთდა. ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ
ის, რომ თავად სტუდენტების გააქტიურება შესაძლოა ყოფილიყო იმ შემოქმედებითი ელიტის
წევრთაგან წაქეზებული, რომელსაც მეცნიერები და საუნივერსიტეტო ლექტორატი წარმოადგენს.


მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ერის მშენებლობაში
ელიტის როლის დომინანტურობას აღნიშნავენ ისეთი მეცნიერებიც, რომლებმაც თავად ერის მშენებლობის (nation-building) ტერმინი დაამკვიდრეს
1950-1960 წლებში. ერთ-ერთი მათგანია ნორვეგიელი პოლიტოლოგი და სოციოლოგი შტეინ როკენი.
შტეინისეული ხედვა ერის მშენებლობისა მოიცავდა 4 ასპექტს და მათგან უპირველესი იყო
ეკონომიკური და კულტურული გაერთიანება ელიტის დონეზე, რათა შემდგომში ბიძგი მისცემოდა
საზოგადოების დანარჩენი ფენების ამ მიმართულებით გაერთიანებასა და სვლას. თავად როკენი
აღნიშნავს იმასაც, რომ ეს პროცესი დამახასიათებელი იყო ევროპის ქვეყნებისთვის, სადაც
იგი შუა საუკუნეებში დაიწყო და საფრანგეთის რევოლუციამდე გაგრძელდა.

ჩამოთვლილი მაგალითების გათვალისწინებით,
დასკვნის სახით კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ჩემი პოზიცია, რომ ელიტა წარმოადგენს იმ
მნიშვნელოვან დომინანტურ ძალას საზოგადოებაში, რომელსაც ერის მშენებლობის პროცესში
შეუძლია ადამიანები გააერთიანოს ერთი რომელიმე სახელმწიფოებრივი, ეროვნული მიზნის გარშემო,
აიღოს ხელთ ის რესურსები, რომელსაც თუნდაც თავად ხალხი ქმნის და გამოიყენოს იარაღად
ეროვნული იდენტურობის, ავტონომიის და ერთიანობის ფორმირებასა და მაშასადამე, ერის ჩამოყალიბება-განვითარების
პროცესში.



0
99
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე გოგელია
სალომე გოგელია
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0