x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
უმისამართო ბარათები__პირველი თავის დასაწყისი_(ავტორი ირინა ხურციძე)

დიასახლისმა ერთხელ კიდევ შეავლო ოჯახს თვალი, სამზარეულო შეამოწმა, წესრიგში ჰქონდა თუ არა ყველაფერი; ქმარ-შვილი შინ როცა დაბრუნდებოდნენ, არ უნდა ეთქვათ: “სალაზღანდაროდ წადი, ვახშამი კი არ მოგვიმზადეო’’... დარწმუნდა რა, არაფერი გამომრჩენიაო, კარი ფრთხილად გაიხურა... ცოტა ბნელოდა, თუმცა არ შეშინებია, სწრაფად ჩაიარა კიბეები და მოპირდაპირე ბინის სადარბაზოში გაუჩინარდა. მესამე სართულზე ხელმარჯვნივ დააკაკუნა, მასპინძელი თითქოს ელოდა, სტუმარს მაშინვე გამოეგება.
_ მობრძანდი ინგული! სად დაიკარგე ამდენი ხანი!_ დაქალები ერთი
წლის უნახავებივით გადაეხვივნენ ერთმანეთს.
_ რა ვიცი აბა, ცარო, ხან ამთავში ვარ, ხან იმ თავში, საქმე აუარებელია, ცოცხალ ადამიანს საზრუნავს რა გამოულევს.
_ დღეს მაინც ისეთი განერვიულებული, გაღიზიანებული ვარ, მეტი
რომ არ შეიძლება, ლამის გავგიჟდე ქალი.
_ ასეთი რა მოხდა არ იტყვი?
_ცოტა ამომასუნთქე და მოგიყვები ყველაფერს_ მძიმედ ამოიგვნეშა და სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა. მიხვდა, ცარო შინ მარტო რომ იყო, ამიტომ ხმამაღლა დაიწყო: “ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადაო’’-
ნათქვამია, მეც ასე დამემართა.. ერთ ოჯახში ვალი მოვითხოვე, შენ არ მომიკვდე, ძაღლადაც არავინ ჩამაგდო, რძალმა კარები გაიჯახუნა, გულის გადასაყოლებლად მეზობელთან წავიდა, დედამთილი აბაზანაში შეძვრა, აქაოდა სარეცხს ვრეცხავო; მიმატოვეს სამზარეულოში ბავშვების ღრიანცელში. კარგა ხანს ვიჯექი ასე მუნჯად. მოულოდნელად კარი ერთმა ზორბა ტანის ქალმა ჯიქურ შემოაღო, ბავშვების დანახვაზე ჯერ შეცბა, მერე ზრდილობის გულისათვის იკითხა:
_ უკაცრავად, უფროსები შინ არიან?_ ისეთი მწივანა ხმა ჰქონდა, ლამის გული შემიწუხდა. ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს, ისე დაესო ერთ ადგილს.
_ დედა მეზობელთანაა, ბებია რეცხავს_ ერთხმად უპასუხეს ბავშვებმა.
_ დაუძახე რომელიმეს!_ გასცა ბრძანება “კულტურული’’ კილოთი.
_ ბებიაა!_ ეცა გოგონა აბაზანის კარს.
_ რა ჯანდაბა გინდა, გოგო!
_ სტუმარია.
მასპინძელი წინსაფარზე ხელების მშრალებით შეეგება მოსულს, მისი დანახვა ნამდვილად არ ესიამოვნა, უკან რამდენიმე ნაბიჯით დაიხია, რათა კედელს მიყრდნობოდა. სტუმარს არაფრად ჩაუგდია მასპინძლის ამგვარი “შეწუხება’’, კარებში ფეხები გაბარჯღა, ისე რომ მისი ხმა მეზობლებსაც გაეგონათ და ყვირილით დაიწყო:
_ რატომ გამომიყვანე ქალო წყობილებიდან, ამ ბავშვებს მაინც რას ერჩი, ქვეყანას რად აწყევლინებ, სინდისი და ნამუსი სულ დაკარგე?... სად ბრძანდება ის შენი “პატიოსანი’’ რძალი, მოვიდეს ახლა და მითხრას, როდის მომცემს ჩემს ფულს, კარაკულის შუბა ხომ კარგად მოიხურა ბეჭებში, ფასის გადახდა კი არ უნდა. სულ ჩამოგიფშვნით სახლში რაც გაგაჩნიათ. გინდათ კომფორტულად იცხოვროთ ჩაცმა-დახურვა და ჭამა-სმა არ დაიკლოთ, თანაც სხვისი ნერვების წყვეტის ხარჯზე ხომ?... მე თქვენ გიჩვენებთ სეირს...
_ ცოტაც გვადროვე და მოგცემთ_ მოლბა მასპინძელი.
_ მაინც რამდენ ხანს უნდა გაცალოთ, რამდენჯერ მოვიდე ამ სახლში, ჩამიწერეთ ბარემ საბინაოში._ მიმოავლო თვალი ირგვლივ და მხოლოდ ახლა შემამჩნია.
_ ქალბატონო, ამათთან საქმე რამ დაგაჭერინათ, ესრნი ხომ ხალხი არ არიან, მესამე სეზონი მოდის რაც ამის მეტიჩარა რძალმა ჩემგან შუბა იყიდა, ნახევარი თანხა ხელზე მომცა, დანარჩენს კი შენც ხედავ რა დღეშიც ვარ.
_ ამას რას მოვესწარი_ ვთქვი უეცრად და გარეთ გამოვვარდი. თავდახრილი, გამათრეხებულივით გავუყევი შინისაკენ მიმავალ გზას. როცა ცოტა დავწყნარდი, გამახსენდა, სწორედ ჩემგან ნასესხები ფული ჰქონდა შუბაში ბედ გადახდილი.

(გაგრძელება იქნება შემდეგ დამატებაში)

1
19
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა ხურციძე
ირინა ხურციძე
19
  
2013, 18 მაისი, 19:18
მოუთმენლად ველით გაგრძელებას
0 1 1