x
image
worldsport.ge
ჯინობილი, დურანტი, ნოვიცკი, გასოლი... ცინცაძე

imageსაქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელ გიორგი ცინცაძეს, რომელიც კიევის “ბუდიველნიკთან” ერთად უკრაინის ჩემპიონატის ფინალშია გასული, მნიშვნელოვანი პერიოდი უდგას. კიეველებმა მარიუპოლის “აზოვმაშს” სერიის პირველ მატჩი მოუგეს, დღეს საღამოს კი მეტოქეს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან. ამასობაში, ცინცაძე რადიო “სპორტობოზს” ესტუმრა და ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც ქართველი გულშემატკივარისთვისაც საინტერესო უნდა იყოს.
- გიორგი, რატომ კალათბურთი? სპორტის ამ სახეობით როდის და რატომ დაკავდი?
- ბავშვობაში ფეხბურთი ძალიან მიყვარდა და თავდაპირველად, პროფესიონალურად სწორედ ფეხბურთით დავკავდი, თუმცა, მშობლები კალათბურთისკენ იხრებოდნენ, რადგანაც მამაჩემი კალათბურთს თამაშობდა. შესაბამისად, ისე გამოვიდა, რომ 9 წლის ასაკში ფეხბურთს შევეშვი და კალათბურთზე გადავერთე.
- არაერთ ქვეყანაში გითამაშია. ყველაზე მეტად კალათბურთი სად უფრო პოპულარულია?
- საბერძნეთში. იქ გადარეული ქომაგები არიან და გულშემატკივართა კულტურა ძალიან განვითარებულია. ამ მიმართულებით, იმ ქვეყანათა შორის, სადაც მითამაშია, საბერძნეთი პირველ ადგილზეა, სხვაგან კი დაახლოებით იგივე სიტუაციაა, რაც უკრაინაში. რუსეთში, პოლონეთში და ესტონეთშიც ხალხი კალათბურთზე დადის, თუმცა, ბერძენთა მსგავსი ქომაგობა არ იციან.
- უკრაინაში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისთვის რისი გაკეთებაა საჭირო?
- ვფიქრობ, დროთა განმავლობაში კალათბურთზე უფრო მეტი ხალხი დაიწყებს სიარულს. როგორც ვიცი, უკრაინაში სპორტის ეს სახეობა ახალ სიმაღლეზე სწორედ ახლა ადის და გუნდებიც განვითარების საწყის ეტაპზე არიან. ისინი ევროპულ ასპარეზზე გარკვეულ წარმატებას უკვე აღწევენ, ეს კი ხალხის მიზიდვისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
- უკრაინის და საქართველოს ჩემპიონატები დიდად განსხვავდება?
- დიახ. შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინაში სულ სხვა დონეა. აქ უფრო ბევრი ძლიერი გუნდია და კლუბების ბიუჯეტებიც რადიკალურად განსხვავდება. მათი შედარებაც კი შეუძლებელია.
- “ბუდიველნიკთან” კონტრაქტი 2012 წლის აგვისტოში გააფორმე, შემდეგ “ოლიმპიაკოსშიც” გეპატიჟებოდნენ... ახლა, როგორი გეგმები გაქვს? კიევურ გუნდთან ხელშეკრულების გაფორმებას აპირებ?
- “ოლიმპიაკოსთან” დაკავშირებით ყველაფერი მარტივადაა: მათ ერთი მოთამაშე დაუშავდათ და რამდენიმე კანდიდატურას განიხილავდნენ, რომელთა შორის მეც ვიყავი. თუმცა, კონკრეტიკამდე საქმე არ მისულა. რაც შეეხება “ბუდიველნიკთან” კონტრაქტის გაგრძელებას, ამაზე ვერაფერს გეტყვით, რადგანაც არაფერი ვიცი.
- მიმდინარე სეზონში “ბუდიველნიკმა” რეგულარული პირველობა ლიდერის რანგში დაასრულა. გუნდს ჩემპიონობის დაბრუნების რა შანსი აქვს?
- დიდი იმედი მაქვს, რომ 2011 წლის წარმატებას გავიმეორებთ. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. თუკი საკუთარ თავს პრობლემებს არ შევუქმნით, ყველაფერი გამოვა.
- უკრაინასთან ადაპტაციის პროცესმა როგორ ჩაიარა? კიევში თავს როგორ გრძნობ?
- აქ კალათბურთს სერიოზული ტრავმის შემდეგ დავუბრუნდი. თავდაპირველად ცოტა რთული იყო – ახალი კოლექტივი, ახალი გუნდი. თუმცა, თანდათანობით ყველაფერი დალაგდა. გუნდს შევეგუე და ახლა, ყველაფერი წესრიგშია. კიევი ძალიან კარგი ქალაქია.
- თანაგუნდელთაგან საუკეთესო ურთიერთობა ვისთან გაქვს? თავისუფალ დროს სად ატარებ?
- ყველაზე მეტად მიშა ანისიმოვთან ვკონტაქტობ. იმიტომ, რომ მას აქამდეც ვიცნობდი და საერთო მეგობრებიც გვყავს. ისიც დაემთხვა, რომ მასთან ახლოს ვცხოვრობ. თუმცა, ისეც არაა, რომ მხოლოდ მასთან ვმეგობრობდე. ძალიან კარგი გუნდი გვყავს, ჩინებული ბიჭები არიან და ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ.
- კლუბში ჯარიმების სისტემა არსებობს? ყველაზე მეტად რაზე და როგორ გაჯარიმებენ?
- ცხადია, არსებობს. თუკი ვინმე ვარჯიშზე დააგვიანებს, მას გააცდენს ანაც ფორმა დარჩება. პირადად, ღმერთის წყალობით, მსგავსი რამ არ შემთხვევია.
- წლეულს, უკრაინის კალათბურთის ისტორიაში პირველად “ბუდიველნიკი” ევროთასის ნახევარფინალში გავიდა. იმ მატჩების შემდეგ რა შეგრძნება დაგრჩათ?
- რასაკვირველია, სასიამოვნოა, რომ იმ მოვლენების მონაწილე ვიყავი, თუმცა, მგონია, უკეთესად თამაშიც შეგვეძლო. მაგალითად, თავად ნამდვილად არ ვარ კმაყოფილი, რომ მხოლოდ ნახევარფინალს ვუწიეთ.
- იმ მატჩებზე გულშემატკივარი ნამდვილად მრავლად იყო...
- ეს ძალიან გვეხმარება. არტისტის გამოსვლას შემიძლია შევადარო, რომელიც კონცერტს ცარიელი დარბაზის წინ ატარებს. იმ შემთხვევაში კი კარგად გვქომაგობდნენ და კმაყოფილი ვარ. ჩვენ ძალიან კარგი ქომაგები გვყავს.
- შენი ოცნების გუნდის შექმნის საშუალება რომ მოგეცეს, ხუთეულში ვის შეიყვანდი? ანუ შენ და კიდევ ოთხეული...
- ჩემს საყვარელ მოთამაშეებს ჩამოვთვლი. ჩემი კერპი მანუ ჯინობილია. პირველი – მე, მეორე – ის, კევინ დურანტი, ალბათ მესამე იქნება, დირკ ნოვიცკი – მეოთხე და მეხუთე ძმები გასოლებიდან ერთ-ერთი.
- მომავალ ევრობასკეტზე მონაწილეობას მიიღებენ როგორც – უკრაინის, ისევე საქართველოს ნაკრებები. ამ გუნდების საჩემპიონატო შანსებზე რის თქმა შეგიძლია?
- ვფიქრობ, უკრაინას უფრო იოლი ჯგუფი შეხვდა, ვიდრე – ჩვენ. თქვენს გუნდს წარმატებას ვუსურვებ და იმედია, ჯგუფიდან გასვლას მოახერხებთ. რაც შეგვეხება ჩვენ, ძალიან ძლიერი მეტოქეები გვყავს. ამასთან, დაშავდა საქართველოს ნაკრების კაპიტანი და საუკეთესო მოთამაშე ზაზა ფაჩულია და მომავალ ტურნირს გამოტოვებს. აღნიშნულის გამო, ჩვენი შანსები შემცირდა. ცხადია, ბოლომდე დავიხარჯებით, თუმცა, ესპანელების, სლოვენიელების და ხორვატების წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული იქნება.
- 2015 წელს ევროპის პირველობას უკვე უკრაინა უმასპინძლებს. აღნიშნული ჩვენს ქვეყანაში კალათბურთისადმი ინტერესის ზრდას ხელს რამდენად შეუწყობს?
- ცხადია, ეს ფაქტორი კალათბურთის დონეს და პოპულარობას აამაღლებს. ამას გარდა, ქვეყანას შეემატება დარბაზები, რომელთაც სპეციალურად მომავალი ბატალიებისთვის ააშენებენ. არადა, ამ მხრივ, ბევრ ქალაქში სახარბიელი სიტუაცია ნამდვილად არ არის. იმედი მაქვს, უკრაინაში დაგეგმილ ჩემპიონატში საქართველოც ითამაშებს.
- კიევში თავს როგორ გრძნობ? საქართველოში ჩასვლას ხშირად ახერხებ?
- საქართველოსა და უკრაინაში ცხოვრების რიტმი და მენტალიტეტი დიდად არ განსხვავდება, ამდენად, აქაურ სტილზე გადმოწყობა არ გამჭირვებია. საქართველოში იშვიათად ვიმყოფები ხოლმე. ახალ წელსგავემგზავრე და ეს იყო, ამდენად, ნოსტალგია ძალიან მაწუხებს.
- კალათბურთის გარდა ფეხბურთიც გიზიდავს და შენი საყვარელი გუნდი “ბარსელონაა”. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში კატალონიელთა მარცხის შემდეგ რა ემოციები გქონდა?
- ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა. საფეხბურთო “ბარსელონა” ჩემთვის პირველი გუნდია. არა მხოლოდ კალათბურთსა და ფეხბურთში, არამედ – საერთოდ სპორტში. კატალონიელებს მთელი ოჯახით ვქომაგობთ და ჩვენთვის ყველა მათი მატჩი, მიუხედავად იმისა, ვის ეთამაშებიან, ნამდვილი ზეიმია. “ბაიერნთან” გავარდნა – ეს კატასტროფაა! კიდევ კარგი, “რეალმა” მაინც გაგვახარა (იცინის).
- ფეხბურთში მსაჯებთან ბევრი შეკითხვებია. ამ მხრივ, კალათბურთში როგორი სიტუაციაა?
- განსაკუთრებით, ბევრი შეკითხვა მაშინაა, როდესაც “ბარსელონა” თამაშობს (იცინის). რაც შეეხება კალათბურთს, ამ მხრივ უკრაინაში ყველაფერი ნორმალურადაა. მასჯობის კარგი დონეა. სხვათა შორის, არც ის მსმენია, რომ არბიტრთა ქმედებები თუნდაც ევროლიგაში ვინმეს გაეკრიტიკებინოს.
- მოედანზე მსაჯებთან შეკამათება თუ მოგსვლია?
- გარკვეულ მომენტებში კამათში ჩავბმულვარ, მაგრამ ამის გამო ტექნიკური ფოლი არ მიმიღია.
- ამასწინათ, უკრაინის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სკანდალი მოხდა, როდესაც მსაჯების ქმედებით უკმაყოფილო ერთ-ერთი კლუბის პრეზიდენტმა მათ და კომისარს მუქარა არ დააკლო და შემდეგ ქალაქიდან “გააძევა”. ამ ფაქტს რა კომენტარს გაუკეთებდი?
- ასეთი რამ ჩემს კარიერაში ნამდვილად არ მინახავს. აღნიშნული ფაქტი მეც შევიტყვე. მსაჯებიც ადამიანები არიან და შესაძლოა, შეცდნენ, თუმცა, ასეთი მიდგომა არაადეკვატურია.
- ბოლო პერიოდში შორეული ტყორცნები კარგად გამოგდის. ამ კომპონენტს ვარჯიშებზე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობ?
- ბოლო მატჩებში სამქულიანები მართლაც გამომდის, თორემ მთელი სეზონი საქმე ცუდად იყო. ცხადია, ვარჯიშებზე იმ კომპონენტს, რომელთა გამოსწორებაც საჭიროა, განსაკუთრებულად ამუშავებ. ვფიქრობ, ახლა კარგი პერიოდი “დავიჭირე” და ქომაგებს კიდევ გავახარებ.
- კალათბურთში შენი საყვარელი ტექნიკური ილეთი რომელია?
- პასი. გადაცემების გაკეთება მიყვარს და თუკი აღნიშნული ლამაზად გამომდის, ეს კიდევ უფრო მახარებს.
- შენი ყველაზე დიდი საკალათბურთო ოცნება რა არის?
- ევროლიგის კარგ გუნდში თამაში და იქ ფეხის მოკიდება. იმედი მაქვს ამ დონემდე “ბუდიველნიკიც” მივა და მე ამ გუნდის ნაწილი ვიქნები.
- მოედანზე მწვრთნელის დავალებებს ყოველთვის ასრულებ?
- არა, რადგანაც კალათბურთო საინტერესო სწორედ ამითაა. მეტოქე მუდმივად იმის ცდაშია, რომ შენი თამაში გააანალიზოს, ამდენად, როდესაც კომბინაციას ცვლი და რაღაცას სხვაგვარად აკეთებ, ის იბნევა და თამაშიც უფრო საინტერესო ხდება.
- მოედანზე მოთამაშის პოზიცია როგორ განისაზღვრება? შენ მცველი ხარ – როგორი ფუნქციები გაქვს?
- თუკი ინგლისურიდან გადმოვთარგმნით, კალათბურთისთვის მცველი არასწორი ვარიანტია. ინგლისურად გამოითქმის “point guard” ანუ გამთამაშებელი. ამ უკანასკნელმა მთელი გუნდის თამაშის ორგანიზება უნდა მოახდინოს, ის მოედანზე დირიჟორია. გამთამაშებელს კალათბურთში ყველაზე მთავარი როლი აკისრია.
- თუ გაქვს სურვილი, რომ საკალათბურთო წესებში რამე შეიცვალოს?
- ჩემი ნება რომ იყოს, სიმულიანტებს დავსჯიდი. ამასთან, კალათბურთში მსაჯები ძალიან ლმობიერად ექცევიან ავტორიტეტულ მოთამაშეებს. მათ უფრო მეტის უფლება აქვთ, ვიდრე – ახალგაზრდა კალათბურთელებს. თუკი ახალბედა რომელიმე სუპერვარსკვლავს იყვანს, მისი ყოველი მიკარება ჯარიმაა. ეს მიდგომა ყველგან შეინიშნება და ძალიან არ მომწონს.
- კალათბურთი თუ გესიზმრება ხოლმე?
- მქონდა პერიოდი, როდესაც თამაშამდე ერთი დღით ადრე მატჩი მესიზმრებოდა ხოლმე. არა – შედეგი, არამედ ის, კარგად ვითამაშე თუ ცუდად. სადღაც ერთი წელი ეს მუშაობდა. წინასწარ ვიცოდი, როგორ ვიასპარეზებდი.
- შენს ოჯახზე მოგვიყევი. მეუღლე საქართველოდანაა? შვილს რომელ სპორტზე მიაბარებდი? თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
- დიახ, მეუღლე ქართველია. ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ და 10 წელი ვმეგობრობდით, სანამ ცოლად მოვიყვანდი. ის ჩემთვი ძალიან ახლო ადამიანი და მეგობარია. კიევში ფეხით ძალიან ბევრს ვსეირნობთ. საბავშვო ეტლთან ერთად 10 კილომეტრსაც კი გავდივართ ხოლმე. ცხადია, შვილის კალათბურთში ხილვას ვისურვებდი, თუმცა, ფეხბურთის საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს. ისე კი მგონია, რომ ის მაღალი გაიზრდება და ფეხბურთზე არ შევა.
- ქალებში ყველაზე მეტად რას აფასებ?
- უმთავრესი – ერთგულებაა. როდესაც ადამიანს ენდობი და მასში 100%-ით ხარ დარწმუნებული, ეს დაძაბულობას ხსნის.
- რუსულად და ინგლისურად თავისუფლად საუბრობ. უკრაინულთან დაკავშირებით როგორაა საქმე?
- ზოგიერთ ქალაქში რუსულად საერთოდ არ საუბრობენ. შენ მათ რუსულად ელაპარაკები, ისინი კი მაინც უკრაინულად გპასუხობენ. მართალი გითხრათ, უკრაინული ცუდად მესმის.
- საქართველო სამზარეულოთი განთქმულია. უკრაინაში რომელი კერძები გასინჯე და რომელი მოგეწონა?
- ბორშჩი და კიევური კატლეტი გავსინჯე. “სალა” არ მიყვარს.
- აზარტული ადამიანი ხარ? ბანქოს თუ თამაშობ ამ კაზინოში თუ დადიხარ?
- დიახ, კაზინოში სიარული და ბანქოს თამაში მიყვარს, თუმცა, დიდ თანხებს არასოდეს ვაგებ. ვიცი, რამდენის დახარჯვა შემიძლია და იმაზე მეტს არ ვაგებ ხოლმე. ზღვარი ვიცი და მას არ გადავდივარ.
- უკაცრიელ კუნძულზე სამ რომელ ნივთს წაიღებდი?
- (იცინის) კომპიუტერულ თამაშს, იარაღს, რადგან უკაცრიელი კუნძულზეც კი მაინც ბოლოს რაიმეს შეხვდები და მზის სათვალეს.
- როგორც ძველ კეთილ ზღაპარშია, ოქროს თევზი რომ დაიჭირო, შენი სამი სურვილი როგორი იქნებოდა?
- ჩემი ოჯახის ჯანმრთელობა, მსოფლიო მშვიდობა და კარგი მანქანა.


დათო მანჯავიძე

www.worldsport.ge

0
46
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0