კონფლიქტები საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ვაშინგტონიდან. 2013, 28 აპრილი, 23:16 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უარყო პრემიერ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადება, რომ ჩრდილო-კავკასიელ ტერორისტებს შესაძლოა საქართველოში ამზადებდნენ. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოზიციის“ ეთერით გასულ პრემიერმინისტრის განცხადებას სააკაშვილი ვაშინგტონიდან გამოეხმაურა და უპასუხისმგებლო უწოდა. „ეს ზუსტად ჯდება პროპაგანდის ფარგლებში, რომელსაც რუსები ეწეოდნენ ჩვენი დასუსტებისა და ხელში ჩაგდების მიზნით. ეხლა ბოსტონში ტერაქტი განხორციელდა, რომელშიც სამწუხაროდ, ჩეჩნები იყვნენ გახვეულები. ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ეს თემა“, - აღნიშნულია სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში. „არ ვიცი, საერთოდ თუ აცნობიერებს და, თუ აცნობიერებს, რა შარში მხვევს არა მე (შეიძლება ეს ჩემი ამერიკული ვიზიტის გამო გააკეთა), არამედ ჩვენს ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ მის განცხადებას აშშ-ში სერიოზულად არ მიიღებენ, მაგრამ აქაც სხვადასხვა ძალა მუშაობს... თუ საერთოდ გინდა, რომ ყველაზე მოკლე გზით ქვეყანას დააკარგვინო დასავლეთის მხარდაჭერა, სრულიად უიარაღოდ დატოვო ოკუპანტის წინაშე, სრული დახმარების გარეშე დატოვო ჩვენი მეგობრების, საგარეო საფრთხის წინაშე, მაშინ ასეთ რაღაცეებში უნდა სცადო ჩვენი მეგობრების დარწმუნება“, - აცხადებს პრეზიდენტი. სააკაშვილმა მწუხარება გამოთქვა, რომ პრემიერს „არ ესმის, ან არ სურს, რომ ესმოდეს“ აღნიშნული საფრთხის მნიშვნელობა, ამიტომ მოქმედი მთავრობის წევრებს მოუწოდა, საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხზე ხმა ამოიღონ. „მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველო არათუ არასდროს მონაწილეობდა ტერორისტების მომზადებაში, არამედ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ თანამეგობრობის უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი წევრი გამხდარიყო“, - აცხადებს პრეზიდენტი. 36 5-ს მოსწონს
|