x
image
ჟანა გოგინაშვილი
ნიკო ბერიძე პირველ პაემანსა და ქალების შესახებ

imageნიკო ბერიძე საზოგადოებამ არც თუ ისე დიდი ხნის წინ დადგმული სპექტაკლით: "ქეთო და კოტე" გაიცნო. შემდეგ "ჯეოსტარშიც" მიიღო მონაწილეობა. როგორც თავად გვითხრა პოპულარობის მოპოვებამდე, ბევრი წარმატება ჰქონდა. 15 აპრილს კი ბათუმში, სოლო კონცერტი გამართა.
"სიმღერა ექვსი წლის ასაკიდან დავიწყე. რობერტ ბარძიმაშვილის სტუდიაში, ბათუმის ფილიალში დავდიოდი. თავიდან გიტარის ქასთინგზე მივედი, თუმცა ამისთვის პატარა აღმოვჩნდი და სწავლა სიმღერაზე გავაგრძელე. შემდეგ ჩამოყალიბდა აჭარის ტელევიზიასთან არსებული ბავშვთა მუსიკალური სტუდია _ "ჩანგი". მის ნიადაგზე კი ბავშვთა ოპერა, რომლის წევრიც ვიყავი. უამრავ კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას და ბევრჯერ გავიმარჯვე კიდეც. ყველაზე კარგად მახსენდება ერთ-ერთი წარმატება, რის შემდეგაც მე და მომღერალი თამუნა მიქელაძე ამერიკაში გაგვგზავნეს. ჯერ გვითხრეს, რომ საქველმოქმედო კონცერტზე უნდა გვემღერა, თუმცა ამის გარდა იქ ბევრი საღამო გვქონდა. ნიუ-იორკში, იმ დარბაზში გავმართეთ კონცერტი, სადაც ერთ დროს მაიკლ ჯექსონი მღეროდა. ასევე ვაშინგტონსა და ფლორიდაში ვიმღერეთ. ამერიკის გარდა სამჯერ მოსკოვშიც ვიყავი, ასევე იტალიაშიც. საკმაოდ წარმატებული და ბევრის მომცემი გასრტოლები იყო. ასევე ახალგაზრდული თეატრის მუსიკალური სოლისტი გახლდი.
– რა გახსენდება ყველაზე კარგად ამერიკული მოგზაურობიდან?
– ის დრო რაც იქ ვიყავი არ მეყო და წასვლას კიდევ ვაპირებ. ყველაზე მეტად დისნეილენდი დამამახსოვრდა.
ვაშინგტონის ერთ-ერთ უდიდეს პარკში კონცერტი გვქონდა. თან ჩემი დაბადების დღე იყო. სიმღერა, რომ დავასრულე კონცერტის ორგანიზატორებმა უდიდესი ტორტი მომართვეს. ყველა მილოცავდა. ამერიკელები ძალიან თავისუფალი და თბილი ხალხია. მაიკლ ჯორდანი შემთხვევით ნიუ-იორკში, რომ ვნახე ეგეც კარგი იყო.
– მანამ, სანამ სპექტაკლში "ქეთო და კოტე" მთავარ როლს შეასრულებდი კიდევ რით იყავი დაკავებული?
– სწავლასაც ვასწრებდი, ფეხბურთის თამაშსაც და ხულიგნობასაც (იღიმება). 2006 წელს "იმედის ტალღის" ფინალისტი და ერთ-ერთი პრიზიორი გავხდი. ამიყვანეს დრამატულ თეატრში. ამის მერე მალევე დაიდგა "ქეთო და კოტო".
ჩემი კარიერა ბათუმში დაიწყო, იქ ვისწავლე ყველაფერი, რაც მუსიკას შეეხებოდა. თუმცა იყო პერიოდები, როცა შემოქმედებითი თვალსაზრისით არაფერი ხდებოდა ხოლმე. გარდა ამისა ვისწავლე ადამიანობა და ხალხთან ურთიერთობა. ისიც კი, თუ როგორ უნდა მოექცე ბოროტ და შურიან ადამიანებს. მიუხედავად იმისა, რომ სცენის ნაკლებობა ბათუმში იყო ხოლმე, თავს არ ვზოგავდი. სიმღერას სიზარმაცე არ უხდება. ვმუშაობდი ჯგუფებთან ერთად, ასევე საკუთარ თავთანაც. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და მოვხვდი გენიალურ სპექტაკლში, გენიალურ ჯგუფთან ერთად.
– ალბათ უამრავი სიძნელის გადალახვა გიხდებოდა. . .
– სიძნელეს, სიძნელე მოსდევდა და დღემდე ასე გრძელდება. თუმცა არაუშავს. გადაულახავი არაფერია, პირიქით რაც უფრო დიდი დაბრკოლების წინაშე დგახარ, მისი გადალახვა მით უფრო მეტად გინდა და შედეგის მიღწევა ამ დროს გაცილებით მაგარია. ასე, რომ სიძნელეები არასდროს მაშინებს.
– ოჯახი როგორ შეხვდა შენს მუსიკალურ და სამსახიობო კარიერას?
– ჩემს ოჯახში მომღერალი არავინაა, თუმცა სმენა აქვთ. თუ არ ჩავთვლით მამაჩემს (იღიმება). ჩემს გადაწყვეტილებებს ყოველთვის პატივს სცემდნენ და დღესაც ასეა. მათგან რჩევებს ყოველთვის ვღებულობ. ისე დიპლომატიური დავამთავრე. მესამე კურსზე, ვიყავი ვოკალზე, რომ ჩავაბარე.
– ხალხმა "ქეთო და კოტეთი" გაგიცნო. ეს პროექტი მგონი შენთვის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა.
– გეთანხმები. ხალხმა ამ სპექტაკლის მერე გამიცნო. პროექტმა თავისი ღირსშესანიშნაობის გარდა კიდევ დამარწმუნა იმაში, რომ ყველაზე მთავარი თავმდაბლობაა. რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას შესციცინებდე. მე მიკვირს იმ ადამიანების, ვინც ერთ ნოტს "ამოაყროყინებს" და თავი ელვის პრესლი ჰქონია.
– ამ სპექტაკლისა და "ჯეოსტარის" გარდა თუ იყო რამე შემოთავაზებები? კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელებაზე არ გიფიქრია?
– აქ გთავაზობენ მხოლოდ იმას, რომ ესა და ეს კონცერტია და იმღერებო?! რამდენს ითხოვ სანაცვლოდო. თუმცა არის შემოთავაზება კლიპის გადაღებისა და სიმღერის ჩაწერისა. საზღვარგარეთიდანაც იყო შემოთავაზებები, თუმცა ამ ეტაპზე აქ დარჩენა ვამჯობენე. არც ისე ბებერი ვარ (იცინის). თუმცა აუცილებლად მინდა მუსიკალური კარიერა ევროპაში გავაგრძელო. ვთვლი, რომ რაღაც-რაღაცეების სწავლა მჭირდება. ვნახოთ რას ვიზავ.
– სპექტაკლებში რამდენად ხშირად თამაშობ?
– განათლებით მსახიობი არ ვარ. უბრალოდ რახან ბავშვობიდან სხვადასხვა სპექტაკლებში ვთამაშობდი რაღაცეები ვისწავლე. ისეთ რეჟისორებთან მქონია შეხება, როგორებიც არიან ბატონი გიზო ჟორდანია, გიორგი თავაძე, დავით დოიაშვილი. ჯერჯერობით არ მითამაშია ახალ სპექტაკლში. ველოდები, როდის აღდგება ილია ჭავჭავაძის სახელობის, სახელმწიფო დრამატული თეატრი.
– დროის უმეტეს ნაწილს ბათუმში ატარებ?
– ხან ბათუმში ვარ და ხანაც თბილისში. საქმეს გააჩნია. ახლა აჭარის ტელევიზიაში ვმუშაობ. გენერალური მუსიკალური პროდიუსერი ვარ. აქედან გამომდინარე ძირითადად ბათუმში მიწევს ყოფნა.
– თავისუფალ დროს როგორ ატარებ?
– მეგობრები, ბილიარდი, ვისკი. ხანდახან კომპიუტერული თამაშები. კიდევ სხვა რაღაცეები, რისი დაწერაც არ შეიძლება.
– ჭორებზე როგორ რეაგირებ ხოლმე?
– ჭორები?! მომწონს.
– მაშინ შენი და სოფო ნიჟარაძის რომანის შესახებაც მოგეწონებოდა ჭორი...
– უსაქმურებმა გადაწყვიტეს ეჭორავათ და `ქეთო და კოტე~-დან გააკეთეს "ნიკო და სოფო". მე და სოფოს მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. საერთოდ ძალიან იშვიათად ვინმესთან ცუდი დამოკიდებულება მქონდეს. განსაკუთრებით კოლეგებთან.
– პირველი პაემანის შესახებაც მომიყევი. გახსოვს?
– ეს "ათასი" წლის წინ იყო, ბათუმის პარკში. ეს მოწონება, სულ რაღაც ორი კვირა გაგრძელდა. თუმცა სასიამოვნოდ მახსენდება.
– ახლა არ ხარ შეყვარებული?
– პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ მიყვარს. ისე კი გეტყვით, რომ კონკრეტული ქალის ეტალონი არ მყავს. უნდა იყოს ძლიერი, მოწესრიგებული, საღად მოაზროვნე. რაც შეეხება გარეგნობას. ქალში მიყვარს სილამაზე, შარმი და სექსუალურობა. თმის ფერს და ასეთ დეტალებს ყურადღებას არ ვაქცევ. ქალმა ერთი შეხედვით უნდა მიგიზიდოს.
– როგორც ვიცი, 15 აპრილს, ბათუმში სოლო კონცერტი გქონდა. მომიყევი ამის შესახებ.
– სიმართლე გითხრა, ჩემი იდეა არ ყოფილა სოლო კონცერტი გამეკეთებინა მანამ, სანამ საქართველოში საავტორო, ანუ ჩემი სიმღერები არ იქნებოდა. თუმცა შემდეგ ვთქვი, რატომაც არა.
არის ასეთი ივენთ გრუპი: "B.I.H", სადაც საღამო შედგა. ჩემმა მსმენელმა და მეც ძალიან ვისიამოვნეთ.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
– კლიპის გადაღებას ვგეგმავ. ასევე მინდა მუსიკალურად დავეხმარო იმ არხს, სადაც ვმუშაობ. კონცერტებიც მექნება. მოკლედ შეძლებისდაგვარად ყველაფერს ვეცდები.
ბოლოს დავამატებდი: "ადამიანი, მაშინ ხდება კრიტიკოსი, როდესაც არტისტად გახდომის ყველა შანსს კარგვს. ზუსტად იმ ჯარისკაცების მსგავსად, ჯარისკაცობა რომ აღარ შეუძლიათ და ინფორმატორები ხდებიან."

0
89
5-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0