მარიამ რომელაშვილი ყველას პატარა ახსოვს. ის მსმენელმა საბავშვო ევროვიზიაზე წარმატების მიღწევის შემდეგ შეიყვარა. ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ მარიამი გათხოდა და უკვე 3 თვის ანდრიას დედაა. მისი მეუღლე კი 18 წლის გიორგი ოზერია.
– ერთმანეთი როგორ გაიცანით?
მარიამი:
– ოთხი წლის წინ ერთმანეთი საერთო მეგობარმა გაგვაცნო. ხანდახან სკაიპით ვეკონტაქტებოდით ხოლმე ერთმანეთს. დაახლოვებით წელიწადნახევრის წინ შემომთავაზა დუეტი ჩავწეროთო. ერთი პერიოდი გიორგიც მღეროდა. აქედან დაიწყო ჩვენი ახლო ურთიერთობა.
გიორგი:
– თავიდან მართლა დუეტის ჩასაწერად დავუკავშირდი. არ მეგონა ასე თუ განვითარდებოდა მოვლენები.
– სიყვარული როგორ აუხსენი?
– ძალიან სასაცილოდ. თავიდან ვეუბნებოდი, რომ სხვა მიყვარდა და მინდოდა მარიამს რჩევები მოეცა.
მარიამი:
– ბოლოს მივხვდი, რომ ის გოგო რომელიც მოსწონდა მე ვიყავი. უბრალოდ პირდაპირ ვერ მეუბნებოდა. მეც არ მივახვედრე, რომ თავიდანვე ვიცოდი ვინ მოსწონდა (იცინის). ჭკუას ვარიგებდი, იმ გოგოს დააცადე ისწავლოს და წარმატებას მიაღწიოს მეთქი.
თუმცა ძალიან მალე დავოჯახდით. 7 თებერვალს შეყვარებულები გავხდით და 28-ში გავიპარეთ.
– ასე ნაუცბათევად მიღებულმა გადაწყვეტილებამ არ წარმოშვა პრობლემები?
გიორგი:
– მე 18 წლის, ხოლო მარიამი 17-ის იყო რომ დავქორწინდით. სკოლა დამთავრებული ჯერ კიდევ არ ჰქონდა.
მარიამი:
– აბიტურიენტი ვიყავი. სანამ სკოლას დავამთავრებდი სამი თვით ადრე გავიპარეთ. ჩემი ოჯახი წინააღმდეგი იყო პატარა ასაკში შემექმნა ოჯახი. მეუბნებოდნენ, რომ ჯერ მესწავლა, მუსიკალური კარიერისთვის მიმეხედა.
ჩემი გადაწყვეტილება, რომ ცოლად ასე მალე გავყოლოდი გიორგის, მისმა აქტიურობამ განაპირობა. ყოველდღე მეგობრებთან ერთად გორში ჩამოდიოდა, რომ ვენახე.
გიორგი:
– მარის ვთხოვდი, რომ დავინიშნოთ მეთქი. მისმა მშობლებმა ჩემს შესახებ რაღაცეები იცოდნენ. მოინდომეს, რომ უკეთ გავეცანი. სასიდედრომ და სასიმამრომ სახლში დამპატიჟეს. სიმამრი მკაცრად მელაპარაკა. მარის დედისთვის ნათქვამი მქონდა, რომ უნდა გავიპაროთ მეთქი.
მარიამი:
– დედაჩემს გიორგის ეს ნათქვამი იმდენად არარეალურად მოეჩვენა, ვერც კი გაიაზრა რას ეუბნებოდა. რომ მითხრა, მოდი დავქორწინდეთო მაშინვე დავთანხმდი. თბილისში წავედით. დედაჩემმა ეს ამბავი, რომ გაიგო მაშინვე ჩამომაკითხა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა შეგუებოდა ჩვენს გადაწყვეტილებას. მამაჩემი თავიდან არ მირიგდებოდა.
გიორგი:
– მამამისი, ჩვენს სანახავად, რომ ჩამოვიდა ვკანკალებდი ნერვიულობისგან (იცინის). ისეთი გაბრაზებული იყო, ხელი რომ გავუწოდე არ ჩამომართვა. დედით მეგრელი ვარ. ბიძაჩემებმა გაიყვანეს. დაელაპარაკნენ, დაამშვიდეს და ნახევარი საათის შემდეგ ყველანი ტიროდნენ.
ჩემს მშობლებს კი ვეუბნებოდ 25 წლამდე ცოლის მოყვანას არ ვაპირებდი მეთქი. უცბად, რომ ვუთხარი დავოჯახდითქო ბებიაჩემს და დედაჩემს გული წაუვიდათ.
– მარიამ, გიორგისგან თუ გახსენდება რაიმე ორიგინალური სიურპრიზი?
– გიორგი ძალიან ორიგინალური და განსხვავებული ადამიანია. სულ სიურპრიზებს მიწყობს. რაიმე განსაკუთრებული ახლა არ მახსენდება, მაგრამ სულ ცდილობს მასიამოვნოს.
– გიორგი არაქართული გვარი გაქვს. მოგვიყევი შენს ოჯახზე.
– გვარად ოზერი ვარ. დედა ქართველი, მამა კი თურქი მყავს, მუსულმანია. 2 წლის რომ ვიყავი ქრისტიანად მოვინათლე. მამაჩემმა ეს დღემდე არ იცის, მას ყოველთვის უნდოდა მუსულმანი ვყოფილიყავი.
თურქეთი დიდი ქვეყანაა. მამაჩენი დიდად ტრადიციების მიმდევარი კაცი არ არის. თბილისში დაბადებულ-გაზრდილი ვარ, მაგრამ თურქეთშიც ხშირად მივდივარ ხოლმე. ოთხი ძმა მყავს. მოკლედ ერთი ფეხბურთის გუნდი ვართ (იცინის).
მე და მარიამმა მართლმადიდებლურად დავიწერეთ ჯვარი.
– 3 თვის ანდრიას ზრდით. რა შეცვალა თქვენს ურთიერთობაში შვილმა?
– ყველაფერი შეცვალა შვილმა. მანამდე ვიყავით დაოჯახებულები, მაგრამ ისევ ორი ცანცარა ბავშვი. სულ გართობაზე ვფიქრობდით. ახლა კი დავსერიოზულდი, სხვანაირი გავხდი. ახლა მახსენდება დედაჩემის დარიგებები.
გიორგი ძალიან მეხმარებოდა. ორსულობის პერიოდში არაფერს არ მაკეთებინებდა. საჭმელსაც კი თვითონ აკეთებდა. ახლა ცოტას ეგოისტობს ხოლმე ანდრიას გამო დრო, რომ მოაკლდა. ფანტასტიური შეგრძნებაა დედობა, ყველაფერი საუკეთესო შენი შვილისთვის რომ გინდა და ცდილობ არაფერი მოაკლო.
გიორგი:
– ანდრია მოულოდნელად გაჩნდა. თებერვალში ველოდებოდით და იანვარში დაიბადა. მარის უნივერსიტეტში გამოცდა ჰქონდა. უკან, რომ დაბრუნდა მაშინ იმშობიარა გორში. მე, რომ ჩამოვედი თბილისიდან მერე გავიგე, რომ ბავშვი შემეძინა.
ცოლის მოყვანამ და მამობამ ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ შეცვალა. მანამდე თუ სულ გარეთ, ძმაკაცებთან ერთად ვერთობოდი, დაოჯახების შემდეგ ძირითად დროს ოჯახს ვუთმობ. რა თქმა უნდა ახლაც არ ვიკლებ გართობას, მაგრამ ყველაფერი ზომიერების ფარგლებში ხდება.
– მარიამ, დედამთილ-მამამთილთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
– მამამთილმა ქართული არ იცის და ვერ ვიტყვი, რომ კარგად ვიცნობ. დედამთილთან კი ძალიან ახლოს ვარ.
გიორგი:
– თურქულ ტრადიციებს კარგად აუღო ალღო. ამ ზაფხულს იქ რომ ვიყავით ბებიაჩემს ეხმარებოდა და ძალიან შეუყვარდა.
– შვილის გაზრდას ბევრი სჭირდება ფინანსური თვალსაზრისით. ასეთ პატარა ასაკში როგორ ახერხებთ? გეხმარებათ ვინმე?
– თურქეთში ბიძაჩემთან ვმუშაობ. ჩავდივარ ორს ან სამ დღეს ვიმუშავებ და ჩამოვდივარ. რთული სამსახური არ მაქვს. ჩვენი ოჯახებიც რა თქმა უნდა გვეხმარებიან.
– კარგია პატარა ასაკში დაოჯახება?
მარიამი:
– თუ ერთმანეთს უგებენ და უყვართ, მაშინ კარგია. შეიძლება გვიან დაოჯახდე, მაგრამ მეორე ნახევარს ვერ შეეწყო და გაშორდე.~
გიორგი:
– მთავარია ურთიერთგაგება. ჩვენ ყოველთვის ერთმანეთს ვეკითხებით აზრს. ორი ადამიანის ცხოვრებაში მშობლები არასდროს არ უნდა ჩაერივნონ. ეს საქმეს ხშირად აფუჭებს ხოლმე.
– ანდრიას სახელი როგორ შეურჩიეთ?
– ჩემი შვილი ჩასახული არ იყო ანდრია, რომ ერქვა. განსხვავებული სახელია, თანაც ეკლესიურია, ბევრს არ ჰქვია. ძალიან მიყვარს ეს სახელი.
გიორგი:
– გოგო, რომ ყოფილიყო ანა-მარიას დარქმევა მინდოდა.
– რამდენი შვილი გინდათ?
მარიამი:
– მე ერთზე მეტი აღარ მინდა. მხოლოდ გაჩენა არ არის, შვილს ბევრი რამ სჭირდება. მათ შორის განათლება.
გიორგი:
– თავიდანვე გვქონდა დაგეგმილი, რომ ჩვენს შვილს ყველაფერი საუკეთესო უნდა ჰქონოდა. პატარები ვართ, ამიტომ ჯერ მეტის გაჩენაზე არ ვფიქრობთ.
– ანდრიას გაზრდაში ვინ გეხმარებათ?
მარიამი:
– მინდა გითხრათ, რომ სანამ გავთხოვდებოდი საოჯახო ცხოვრების არაფერი გამეგებოდა. დედა და ბებია ძალიან მანებივრებდნენ. ახლა საჭმელსაც ვაკეთებ, სახლსაც ვალაგებ, ბავშვსაც ვუვლი. ჩემი მეგობრები და მასწავლებლები გაოცებულები არიან ასე, რომ შევიცვალე.
ანდრიას გაზრდაში ბებიები გვეხმარებიან. თუმცა მინდა, რომ მე გავზარდო. ხან ვფიქრობდით, რომ ძიძა აგვეყვანა, რადგან მე ვსწავლობ. მაგრამ არ მოვინდომე. გიორგიც მაქსიმალურად ჩართულია ბავშის აღზრდაში.
– სად სწავლობ და რა პროფესიას ეუფლები?
– ვსწავლობ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის (სდასუ) უვივერსიტეტში, ტელე-რადიო ჟურნალისტიკაზე. ჟურნალისტობაზე ვოცნებობ, მაგრამ რა თქმა უნდა სიმღერას თავს არ დავანებებ.
– რა გეგმები გაქვს სამომავლოდ მუსიკალურ კარიერაში?
– ჯერ ანდრიას ვჭირდები. ცოტა რომ წამოიზრდება რა თქმა უნდა ისევ გამოვჩნდები მუსიკალურ ასპარეზზე. რამდენიმე სიმღერის ჩაწერას ვგეგმავ. სწავლა და ოჯახი ძალიან რთულია ერთად, მაგრამ როგორღაც ვახერხებ.
– გიორგი, როგორც ვხვდები მარიამს ხელს უწყობ წარმატების მიღწევაში.
_ კი, რა თქმა უნდა. ეს ასეც უნდა იყოს. მეც რომ წარმატებული ვიქნები და მეუღლეც, ჩვენი ოჯახი უფრო ძლიერი იქნება. მინდა, რომ მარიმ იმღეროს. ერთი თვეა დავრბივარ, მუსიკალური შოუს გაკეთება მინდა და ვნახოთ რა გამომივა. აუცილებლად დაგპატიჟებთ.