ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატში ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ჩემპვილი” ერთპიროვნულ ლიდერ ბეირუთის “ალ რიადის” დაუხვდა და 76:84 წააგო.
ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად – 40 წუთს ითამაშა და მარესტეშელებს 17 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შეაწია. ნიკოლოზმა 9-დან 4 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, 4 შეცდომა დაუშვა, პერსონალური ფოლი არ მიუღია, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
“ჩემპვილი” 17 მოგებით და 11 მარცხით მე-4 ადგილზე დარჩა, მომდევნო შეხვედრას კი 16 აპრილს სტუმრად “ჰუპსთან” გამართავს. აქვე დავძენთ, რომ 21 აპრილს ლიბანში “ყველა ვარსკვლავთა მატჩი” ჩატარდება, რომლის ნომინანტთა შორის ქართველი კალათბურთელიც გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა ცოტა უცნაურად მიმდინარეობს და ქომაგებმა არა ადგილობრივების და ლეგიონერთა გუნდები უნდა დააკომპლექტონ, არამედ – ბეირუთის და არაბეირუთის ნაკრებები.
ცქიტიშვილს ხმა არაბეირუთულ გუნდში მოსახვედრად უნდა მისცეთ, გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება კი ამ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი - www.lbcgroup.tv/sports/all-star-ballot
www.worldsport.ge