x
image
ჟანა გოგინაშვილი
რატომ ყიდის ინტერნეტით ღვიძლს ნუკი კოშკელიშვილი


imageნუკი კოშკელიშვილი ბავშვობიდან ბევრს მოგზაურობს. როგორც თავად გვითხრა ამით დიდ სიამოვნებას იღებს. სურვილი აქვს მოხუცებულობის დროს, დაგროვილი პენსიითა იმოგზაუოს.
უამრავ კურიოზთან ერთად ნუკი გვიყვება თუ როგორ აღმოჩნდა თბილისის მაგივრად პარიზში.
"სამი კვირის ვიყავი პირველად, რომ ვიმოგზაურე. 15 წლის განმავლობაში მოსკოვში ვცხოვრობდი და დედასთან ერთად სულ აქეთ-იქით დავდიოდი ხოლმე ერთად. ხუთი წლის ასაკში ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში გავემგზავრეთ ჰოლივუის სანახავად. თუმცა მასზე მეტად ჩემზე დისნეილენდმა მოახდინა შთაბეჭდილება. კომფორტი იყო ის, რომ ატრაქციონებზე დასაჯდომ ბილეთებს ერთიანად ვყიდულობდით და ყველგან არ მიწევდა დედაჩემისთვის თხოვნა დამსვი მეთქი.
მახსოვს დედაჩემმა ამერიკაში ახალი ტანსაცმელი მიყიდა და მთხოვა სუფთად გეცვას ზედ არაფერი დაისხაო. ზუსტად ორი წუთი იყო გასული ფანტანში, რომ შევძვერი. თავიდან ბოლომდე სველი ვიყავი. ახლომახლოს არაფერი იყიდებოდა გარდა მამაკაცის მაისურისა. საჩქაროდ ვიყიდეთ და ჩავიცვი, რომელიც კოჭამდე მწვდებოდა. მეგონა, რომ დიდი კაბა მეცვა და ამითაც კი ბედნიერი ვიყავი.
ამერიკაში მშობელს უფლება არ აქვს, შვილს ქუჩაში ეჩხუბოს. შესაძლოა ასეთი შემთხვევის დაფიქსირებისას დედობის უფლება ჩამოართვან. ეს, რომ დავაფიქსირე დედაჩემის დაშანტაჟება დავიწყე. მიყიდე ის, მიყიდე ეს. თუ არ მყიდულობდა ეგრევე ტირილს ვიწყებდი. რა თქმა უნდა იმ მომენტში დედა ვერ მიტანდა ხოლმე.
ყველაზე კარგად მახსებდევა ჩემი ცხრა წლის იუბილე. ცხრა ივნისს ოქროს დაბადების დღე მქონდა. მშობლებმა მითხრეს, რომ თბილისში უნდა გავფრენილიყავით და დაბადების დღესაც იქ გადავიხდიდი. თბილისამდე ორი საათი უნდა გვეფრინა. ექვსი საათი რომ გავიდა მერე მივხვდი, რაღაცაში იყო საქმე და ავნერვიულდი. თვითმფრინავი, რომ დაჯდა დედამ მითხრა, პარიზში ჩამოვედითო. მოკლედ ჩემი დაბადების დღე მე და დედამ პარიზის დისნეილენდში გავატარეთ. შესაბამისად უამრავი საჩუქარი მივიღე. ვიძახდი ეს საჩუქარი მამიკოსგან. ბებია, რომ ვერ ვნახე ეს მისგან, ეს მამიდასგან. ბოლოს ხუთი ჩემოდანი მხოლოდ სათამაშოებით მქონდა სავსე. ახლაც შენახული მაქვს ისინი, ჩემი და თამაშობს ხოლმე.
– როგორ ახერხებდით ასე ხშირად მოგზაურობას?
– პატარა, რომ ვიყავი დედაჩემი იშვიათად მუშაობდა. მხატვარია და რაც საქმე ჰქონდა, ძირითადად სახლში ასრულებდა ხოლმე. დროის დიდ ნაწილს მე მითმობდა ხოლმე. არდადეგების სულ მოგზაურობაში ვატარებდით. მამაჩემი ყველგან გვიშვებდა.
ბაბუაჩემს მანქანით სიარული ძალიან უყვარს. დღესაც კი ბებიაჩემი და ბაბუაჩემი საკუთარი პენსიით დადიან სამოგზაუროდ. თავიდან დავცინოდი მანქანით, რომ მიდიოდნენ ხოლმე. 16 წლის ვიყავი, რომ ვუთხარი მეც წამიყვანეთ მეთქი. მათაც სასწრაფოდ დაგეგმეს მოგზაურობა. ფინეთში წავედით, შემდგე ჰელსინკში. ნორვეგიაში რომ ჩავედით ზაფხული იყო, ძალიან ცხელოდა. ფიორდებში რომ ავედით, თოვლი იყო და გაყინული წყალი. გარშემო კი ბალახი და ყვავილები. ულამაზესი სანახავობა დაგვხვდა.
გამაკვირვა გერმანელების სისუფთავემ. ფეხსაცმელმა ფეხები მატკინა და რომ გავიხადე ერთი ცალი დამეკარგა. დიდი გზა ფეხშიშველმა გამოვიარე. სასტუმროში მოსულმა, რომ დავიხედე ფეხებზე სრულიად სუფთა მქონდა.
– რომელი ქვეყნის არქიტექტურას გამოარჩევდი?
– დანიაში არის ეროტიული არქიტექტურა. მაგალითად შუა მოედანზე დგას ქალისა და მამაკაცის ძეგლი სასიყვარულო აქტის დროს. ასევე ორგიის ძეგლი. ჩემთვის ეს ყველაფერი მიუღებელი აღმოჩნდა. შვედებს ძალიან ლამაზი არქიტექტურა აქვთ. ასევე იტალიელებსა და ფრანგებს. ბარსელონაში გაუდის სახლებია ულამაზესი. მსგავსი არაფერი მინახავს.
– ყველაზე თბილი ხალხი რომელ ქვეყანაშია?
– ვფიქრობ, რომ ესპანეთში, იტალიასა და ფინეთში თბილი ხალხი ცხოვრობს. თუმცა იტალიაშიც მინახავს ცივი ადამიანები.
– მუზეუმების დათვალიერება გიყვარს საზღვარგარეთ?
– კი, ძალიან. ყველაზე მეტად კი საფრანგეთში დორსესა და სალვადორ დალის მუზეუმი მიყვარს. მახსოვს ფლორენციაში, კონფუცის მუზეუმის სანახავად მივედით, სადაც რიგს შვიდი საათი უნდა დავლოდებოდით. მეორე მხარეს კი ვხედავ ხალხი რიგის გარეშე, თავისუფლად შედის. ვკითხე როგორ ახერხებთ შესვლას მეთქი და ჩვენ ტელეფონით წინასწარ გვაქვს დაბრონილი ბილეთებიო. დავრეკე, დავბრონე და იმ წამსვე შევედი. არადა ეს არავის თავში არ მოსვლია და საათობით ელოდებოდნენ ამხელა რიგს.
– შოპინგს რა დროს უთმობ ხოლმე, როცა უცხოეთში ხარ?
– შოპოგოლიკი ვარ. ინტერნეტში თუ ნახავთ, რომ ღვიძლს ყიდის ვინმე ეს მე ვიქნები, რადგან ფული ფეხსაცმლისთვის მენდომება. როდესაც ერთი ორი თეთრი ზედმეტი მაქვს ყოველთვის რაღაცეებს ვყიდულობ. არ არსებობს წავიდე საზღვარგარეთ და იქიდან შოპინგის გარეშე დავბრუნდე. დროსაც ბევრს ვანდომებ ხოლმე.
საქართველოში რამდენიმე მაღაზიაა, სადაც შემიძლია ჩემი გემოვნებით ვიყიდო ხოლმე რაღაცეები. ჩემი მშობლები ხშირად დადიან საფრანგეთში და ჩამოაქვთ ტანსაცმალი.
საჩუქრები ჩამოგაქვს ხოლმე უცხოეთიდან?

image

– კი, ჩამომაქვს. ძალიან ბევრი მეგობარი არ მყავს, სულ რამდენიმე. ვცდილობ მათ ისეთი რამ ჩამოვუტანო, რაც გაეხარდებათ და გამოიყენებენ.
– კურიოზული შემთხვევები ალბათ თან ახლავს ხოლმე მოგზაურობას. მოგვყევი.
– არ არსებობს მოგზაურობა კურიოზების გარეშე. პატარა ვიყავი. მე და დედა, ესპანეთში, სანტა სუსანას კურორტზე ვისვენებდით მახსოვს კლუბში მივდიოდით. შესასვლელთან დაახლოევებით 15 კალიასკა იდგა. მშობლები ტოვებდნენ ბავშვებს. მე ამას მაშინვე მივხვდი. საბედნიეროდ გადავრჩი დაცვასთან დარჩენას და კლუბში აღმოვჩდი. შეკრებილები იყვნენ ფლამენგოს ცეკვის საუკეთესო ნაკრები, რომლებიც რაღაც დღესასწაულს აღნიშნავდნენ. ერთ-ერთმა მოცეკვავემ თავის კასტანიეტა (მუსიკალური საკრავი) მაჩუქა. უამრავი ხალხი გარედანაც კი უყურებდა მათ ცეკვას. სწორედ ამ ბედნიერების ჟამს ჩამეძინა და ვერ წარმოიდგენთ, როგორ დამწყდა გული სასტუმროს ნომერში, რომ გამეღვიძა.
ერთხლე ბებიაჩემი გაქურდეს, ჩანთა წაართვეს. მან ეს ფაქტი ისე სასაცილოდ შეიცხადა, რომ მე და ბაბუაჩემი სიცილისგან ცუდად ვიყავით. დასახმარებლადაც კი ვერ მივედით. ამის შემდეგ ბებია დიდ ხანს არ გველაპარაკებოდა. ისევ ბებიაჩემზე მახსენდება. სამოგზაუროდ რომ მივდიოდით იმდენი კატლეტები დააცხო, ქვეყანა არ დარჩა სადაც ხალხს არ გაუმასპინძლდა.
მახსოვს მაღაზიიდან ტანსაცმელი მოვიპარე. დედაჩემი რომ აიღებდა რაიმეს და არ მოეწონებოდა მე მაწვდიდა, დაკიდეო. ისე მეძინებოდა რომ გამოვიყოლე ყველაფერი. რა თქმა უნდა უკან დავაბრუნეთ.
ერთხელ მონტე კარლოში, ფანტასტიური გარეგნობის ბიჭი დავინახე. გადავწყვიტე, რომ რაღაცნაირად მისი ყურადღება მიმექცია. ვიფიქრე წყალში ლამაზად შევცურავ და ეს ეფექტს მოახდენს მეთქი. ვერ გავთვალე ის, რომ ჯერ პატარა წყალია და შედეგ ღრმავდება. ქვიშაში პირდაპირ ცხვირით ჩავერჭე. იმ ბიჭმა კი ძალიან ბევრი იცინა, შევეცოდე და ქვიაშიანს მბერტყავდა.
– რომელი ქვეყნის სამზარეულო გიყვარს?
– ჩინური და იაპონური სამზარეულო მიყვარს. ასევე მომწონს იტალიური საჭმელებ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ვგიჟდები. ებრაელებს აქვთ ძალიან გემრიელი სამზარეულო. კრუასანებს, ნამცხვრებსა და ფუნთუშებს ფრანგები ყველაზე გემრიელად ამზადებენ. გერმანელები ჭამენ ბევრს და საინტერესო კომბინაციები აქვთ. მაგალითად თევზი ყველით, კბერცხით და ა.შ. სხვათა შორის მომეწონა. ვთვლი, რომ ყველა ქვეყნის სამზარეულოს აქვს გემრიელი საკვები.
– რომელ ქვეყანაში გინდა ყველაზე მეტად მოხვედრა?
– ძალიან მინდა რიო-დეჟანეიროში და ბუენოსაირესში წასვლა. ისე არ მოვკვდები, რომ რიოში იესოს ძეგლი არ ვნახო. თანაც წავიკითხე, რომ მაგ ადგილას არქიტექტორის შვილი გარდაიცვალა, შემდგომ შეიძინა ის მიწა და შვილის საპატივსაცემოდ ეს ძეგლი ააგო. საინტერესოა, რომ მთელი ბრაზილიის სიმბოლო გახდა. რა თქმა უნდა კარნავალზე დასწრებაც მინდა. სამწუხაროდ არ მაქვს ახლა იმის საშუალება, რომ იმდენი ვიმოგზაურო, რამდენსაც ბავშვობაში ვმოგზაურობდი. კარგი იქნება ყველამ თითო კაპიკი გადადებდოს ამ სიამოვნებისთვის. ხანდაზმულ ასაკში მინდა, ჩემი პენსიით რომ შევძლო მოგზაურობა.
– რომელი ქვეყანა გვგავს ხასიათით?
– საბერძნეთი. ისეთივე ემოციურები და ჭორიკნები არიან, როგორებიც ჩვენ. აინტერესებთ მეზობლის სახლში რა ხდება. ვის როგორი კაბა აქვს, ვინ ვის გაჰყვა ცოლად და ა.შ.
– უცხოელებიდან რომელი ქვეყნის მამაკაცებს გამოარჩევდი?
– შვედებს მაგარი კაცები ყავთ. ძალიან სიმპატიურები. ადრე ყველა ინტერვიუში ვამბობდი, რომ ქერები მომწონს მეთქი. ახლა კი აღმოვაჩინე, რომ შავგვრემანები მირჩევნია. ამბობენ, შვიდ წელიწადში ერთხელ ადამიანის გემოვნება იცვლებაო და ალბათ მეც შემეცვალა.
– ბოლოს სად იმოგზაურე?
– ისრაელი ვიყავი. ებრაული სისხლი მაქვს და ეს ქვეყანა ისე მომეწონა, რომ ვამბობდი აქ ვრჩები მეთქი. ბიზანტიური ელემენტები, რაც წმინდა მიწაზე ჭარბობს ძალიან შთამბეჭდავია.
ცხოვრებით ამერიკაში ვიცხოვრებდი. თავისუფალი ცხოვრების სტილი ძალიან ახლოს არის ჩემთან. საქართველო იმდენად მრავალფეროვანია მენტალიტეტით, რომ თუ ოდესმე აქ გიცხოვრია შემდგომ სხვაგან ცხოვრება აღარ გაგიჭირდება.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
– 22 აპრილს ჩეხეთში, პრაღში ჩემს ორ საუკეთესო მეგობართან ერთად მივდივარ. სპექტაკლი მიაქვთ და მეც მივყვები.
კარიერას რაც შეეხება სერიალ "შუა ქალაქში" ვარ. ძალიან მომწონს სიტუაცია, ხალხი. თავს კარგად ვგრძნობ. გარდა ამისა მე და გიორგი ნაზრაიძეს რადიო "აფხაზეთის ხმაში" მიგვყავს გადაცემა: "ცოტა ყავა და ბევრი ჭორი". მეტნაკლებად პრესა ბოლო დროს პოლიტიკური გახდა, ჭორები ნაკლებად იბეჭდება. სამაგიეროდ ჩვენ ვეტყვით ვისაც დააინტერესდება ვინ ვისთან დადის, ვის სად რა ეცვა და ა.შ.
კიდევ არის სიახლეები ჩემს კარიერაში, თუმცა სიურპრიზად დავტოვებ.
– პირად ცხოვრებაში სიახლეები არ არის?
– არა სიახლეები არ არის. მარტო ვარ და დავდივარ აქეთ-იქით.

1
429
7-ს მოსწონს
6-ს არა
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
429
  
2013, 20 აპრილი, 18:28
რა გადასარევი ცხოვრებას აქვს,ეჰ!!!წარმატებები საყვარელი გოგოა
0 1 1