"შუა ქალაქის" მსახიობი ბაჩო ქაჯაია ხუთი წლის ქეთევანის და ოთხი წლის თეკლას მამაა. გაგვიმხილა, რომ ივნისის ბოლოს მესამე შვილის მოლოდინში არიან.
ბაჩო ადრეულ აკაში _ 20 წლისა დაქორწინდა. ის ოჯახურ ამბებსა და სირთულეებზე გვესაუბრება.
მე და ჩემი მეუღლე კლასელები ვიყავით. მერვე კლასიდან ერთმანეთი გვიყვარდა. 20 წლის ასაკში კი გადავწყვიტეთ, რომ დავოჯახებულიყავით.
– 20 წელი არც თუ ისე დიდი ასაკია ოჯახის შესაქმნელად. ალბათ იყო გარკვეული სირთულეები.
– კი, მაგრამ ეს სასიამოვნო სირთულეები იყო. ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება ამ ასაკში, რომ მივიღე მინანია, პირიქით.
გარდა ჩვენი სურვილებისა მგონია, რომ სხვაგან წყდება კიდევ ჩვენი ბედი. ცოლის მოყვანა დამატებითი სტიმული იყო, რომ სხვანაირად ავმოძრავებულიყავი. უკვე სხვა პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. ეს კი დამამძიმებელი ფაქტი ნამდვილად არ იყო.
– ოჯახი გიწევდათ დახმარებას ფინანსური კუთხით?
– რა თქმა უნდა. მაშინ უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა. ვმუშაობდი თეატრებში, მქონდა შემოსავალი, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. ძალიან მცირე ხელფასს ვიღებდი.
საქართველოში როგორც ხდება ხოლმე, თავიდან ჩემი და ჩემი მეუღლის ოჯახის წევრები გვეხმარებოდნენ. არამარტო ფინანსურად, არამედ სულიერადაც.
– ორი გოგონას მამა ხართ. გვითხარით რა შეცვალა მამობამ თქვენს ცხოვრებაში?
– პირველი გოგონა რომ გაჩნდა, დაახლოვებით ექვსი თვის განმავლობაში ვერ ვაცნობიერებდი რა შეგრძნება მქონდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ეს პატარა არსება ჩემი ნაწილი იყო. რაც დრო გადის სულ უფრო ახალ-ახალს აღმოვაჩენ ხოლმე მამაშვილურ სიყვარულში. მეორე შვილიც ძალიან მალე შეგვეძინა, რომელმაც მეტად შემაგრძნობინა მამობის თბილი და ტკბილი განცდა. გეტყვით, რომ მესამე შვილსაც ველოდებით.
– ორი გოგონა გყავთ. კაცების უმეტესობას ბიჭი უნდა. თქვენს შემთხვევაში როგორაა? არ გაგვიმხელთ მესამე შვილის სქესს?
– შვილისს სქესს ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი არის ის, რომ ნამდვილი ჩემი შვილი ქართველი გაიზარდოს. მესამე შვილს ივნისის ბოლოს ველოდებით, მაგრამ სქესს არ გაგიმხელთ.
– თუ იღებდით მონაწილეობას შვილების გაზრდაში?
– კი. პირველი შვილი რომ შეგვეძინა, არ ვიყავი დატვირთული მუშაობის თვალსაზრისით, ამიტომ ქეთევანის აღზრდაში მეუღლეს აქტიურად ვეხმარებოდი. ვაჭმევდი, პამპერს ვუცვლიდი და ჭიპლარსაც კი ვუმუშავებდი (იღიმება). მეორე შვილის აღზრდაშიც მიმიძღვის წვლილი, მაგრამ ისე არა როგორც პირველზე. დროის დეფიციტი მქონდა და ამიტომ.
– როგორც ვიცი, მეუღლის მშობიარობას ორივე შვილზე დაესწარით. რატომ გაგიჩნდათ ამის სურვილი?
– თავიდანვე მე და ჩემს მეუღლეს გვქონდა სურვილი, რომ მშობიარობას დავსწრებოდი. ექიმს ეს რომ ვუთხარი ირონიით მიპასუხა კი დაესწარიო. ალბათ იფიქრა მანამდე გადაიქირებსო. ყოველ მისვლაზე ექიმს ვეუბნებოდი, რომ აუცილებლად დავესწრებოდი და ნელ-ნელა რწმუნდებოდა შესაძლებელი იყო ჩემი სურვილი განმეხორციელებინა. ცოლები თავიდან თანახმანი არიან და ბოლოს სამშობიარო ბლოკში აღარ უშვებენ ხოლმეო მითხრა ექიმმა. ბოლო წუთამდე მეუღლეს ვეუბნებოდი, რომ არ წამოგცდეს ისეთი რამ, მე რომ არ შემომიშვან მეთქი.
გარეთ რომ დავრჩენილიყავი უფრო მეტად ვინერვიულებდი, რადგან არ მეცოდინებოდა შიგნით რა ხდება. ამ დროს ადამიანის ფანტაზიები უფრო ცუდისკენ მიდის.
ექთანმა დამიძახა შეგიძლია უკვე სამშობიარო ბლოკში შეხვიდეო, მაგრამ მაძალებდა არ გინდა დასწრება იქნებ გადაიფიქროვო. თუმცა შემატყო, რომ ვერ გადამარწმუნებდა. ბოლოს ისღა მოიფიქრა ნახვის საათებია და ხალათები აღარააო რომ ჩაიცვა და აბა როგორ დაესწრებიო. უკვე ისეთი ტონით ვუთხარი ხალათი მომიტანეთთქო, რომ სასწრაფოდ მომიტანეს. დავესწარი მშობიარობას და ყველაფერი კარგად დამთავრდა.
– რა გრძნობა იყო, როდესაც საკუთარი შვილის დაბადებას უყურებდით?
– ეს არის სასწაული, რომელსაც ადამიანები შევეჩვიეთ. შვილის დაბადება ნამდვილად ის სასწაულია, რომლის ნახვაც არ უნდა გამოტოვო. ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან სასიამოვნო ემოციებს იღებ ამ დროს. არასდროს არ დამავიწყდება პირველი ჩემი შვილის ამოსუნთქვა და დანახვა.
– განსხვავება იყო შეგრძნებებში პირველ და მეორე შვილის დაბადებას შორის? მესამე შვილის დაბადებასაც დაესწრებით?
– არა განსხვავება ნამდვილად არ ყოფილა. აბსოლუტურად იგივე შეგრძნება იყო. აუცილებლად მესამე შვილის მშობიარობასაც დავესწრებით.
– თქვენი დატვირთული რეჟიმის გამო ხომ არ განიცდიან დროის დეფიციტს გოგონები?
– დროის დეფიციტს ნამდვილად განიცდიან. დატვირთული დღის გრაფიკი მაქვს. დასვენებიის დღეებში კი მთელი ოჯახი ვცდილობთ ერთად ვიყოთ და სადმეს წავიდეთ.
– გინდათ თუ არა თქვენმა შვილებმაც მსახიობობა მოინდომონ?
– თავიანთი სურვილია რა პროფესიას აირჩევენ. ქეთევანს ძალიან უყვარს ხატვა და ერთ დღესაც თქვა: "დედა! მამა! მე უნდა გამოვიდე ელენე ახვლედიანი და ეს იცოდეთ". (იცინის). თუ მოინდომებს, რომ ამ საქმიანობას სერიოზულად გაჰყვეს ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, მაგრამ მაინც ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.
რაც შეეხება მსახიობობას. მე ვიცი ეს პროფესია რაც არის. იყო მსახიობი მდედრობითი სქესის წარმომადგენლისთვის უფრო რთულია, ვიდრე კაცისთვის. მგონია, რომ გაუჭირდებათ კარიერისა და პირადი ცხოვრების შეთავსება.
– შემოქმედებითი კუთხით რა სიახლეებია? როგორც ვიცი გორის თეატრში თამაშობთ. რა ხდება გორში?
– სიახლეა ის, რომ გორში ახალ სპექტაკლზე მუშაობას ვიწყებთ, რომელსაც ბატონი სოსო ნემსაძე აკეთებს. საბედნიეროდ ვახერხებ თეატრშიც ვიყო და სერიალშიც ვთამაშობდე. რეპეტიციები, რომ დაიწყება ახალი სპექტაკლის, ხშირად მომიწევს გორში ყოფნა.
– ჰყავს გორის თეატრს მაყურებელი?
– ძალიან ბევრ თბილისის თეატრს შეშურდება მაყურებელი, რომელიც გორის თეატრს ჰყავს. ორი წელია ვთამაშობ და ყოველთვის ანშლაგია ხოლმე. ეს ხდება არა მარტო იმ სპექტაკლებზე, სადაც მე ვთამაშობ, არამედ ყოველთვის.