x
image
მაკუნა
Mediator image
წინა რეჟიმის გასამართლებაა ხალხის ნება და სწორედ ამას დაინახავს ხელისუფლება 14 აპრილს სპორტის სასახლეში , თან დიდი მასშტაბით
imageჯერჯერობით ხელისუფლება ვერ ახერხებს დაპირებული სამართლიანობის აღდგენას, რაც მოსახლეობის დიდი ნაწილის გულისწყრომას იწვევს.
სწორედ ხელისუფლებისთვის ხმის მისაწვდენად, 14 აპრილს, სპორტის სასახლეში წინა ხელისუფლებისგან დაზარალებულები ყრილობის გამართვას გეგმავენ, სადაც „ნაციონალური" რეჟიმის გასამართლებას მოითხოვენ.


Geotimes.ge ყრილობის ერთ-ერთ ორგანიზატორს, არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარეს, ნანა კაკაბაძეს ესაუბრა:


- ქალბატონო ნანა, რა არის 14 აპრილს, დაგეგმილი ყრილობის მთავარი გზავნილი?


- სპორტის სასახლეში დაგეგმილი ყრილობა იქნება, იმ უკმაყოფილების გამოძახილი, რაც დღესდღეობით მოსახლეობაშია. ჩვენ გვექნება ერთადერთი მოთხოვნა-აღდგეს სამართლიანობა და გასამართლდეს წინა რეჟიმი.
ეს იქნება მესიჯი, როგორც ჩვენი ახლანდელი ხელისუფლებისთვის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. მათ უნდა გაიგონ, რომ ქართველი ხალხის დაკვეთაა ასეთი. ყველა ის პირი, ვინც ცხრა წლის განმავლობაში არღვევდა ადამიანის უფლებებს, უნდა ჩამოშორდნენ თანამდებობებს. მათ არც ოპოზიციაში არაფერი ესაქმებათ და მითუმეტეს პარლამენტში ან სხვა მაღალ თანამდებობებზე. ასევე მკაცრად უნდა დაისაჯონ ისინი, ვისაც ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული. ისინიც, ვისაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ, მათ პოლიტიკურად და მორალურად აგონ პასუხი.
აუცილებელია შეიქმნას საპარლამენტო კომისია, ერთადერთი მოთხოვნით- შეფასდეს წინა რეჟიმი! ხალხმა ეს შეფასება უკვე გააკეთა პირველ ოქტომბერს და ახლა მთელი საქართველოს მასშტაბით, უამრავი ადამიანი ელოდება რომ დამნაშავეები დაისჯებიან. იმდენად დიდია მოსახლეობისგან სამართლიანობის მოთხოვნა, უფლება არ გვაქვს მათ ხმას არ მოვუსმინოთ.
სწორედ ხალხისაგან წამოსულ ინიციატივას შევხვდით ჩვენ, და არა პირიქით. უბრალოდ ჩვენი ორგანიზაცია და პოლიტპატიმრები ორგანიზებაში ვეხმარებით ყრილობის მონაწილეებს. თოთხმეტში სპორტის სასახლეში შეიკრიბებიან


- ქალბატონო ნანა, 19 აპრილს რუსთაველის გამზირზე დაანონსებულია „ნაციონალური მოძრაობის" აქცია, თქვენი ყრილობა ე.წ. ოპოზიციისთვის ხომ არა არის იმის შეხსენება, რომ მათ მორალური უფლება არ აქვთ რუსთაველზე მანიფესტაციის გამართვის?


- მორალი იმას მოეკითხება ვისაც აქვს, სხვა თემაა რომ რუსთაველზე გამოდიან, იქ სადაც წლების მანძილზე თავად არბევდნენ დემონსტრანტებს. მათი აქცია არის პოლიტიკური მიზნების მატარებელი, თუმცა ჩემთვის სრულიად გაუგებარია რა მოთხოვნა აქვთ. ჩვენი ყრილობა კი არის სახალხო, არაპოლიტიკური და არც რაიმე პოლიტიკური მოთხოვნა გვაქვს. ჩვენ გვაქვს მოთხოვნა რომ ხელისუფლებამ შეასრულოს საზოგადოების დაკვეთა.


- თქვენი ყრილობის მონაწილეები გამოდის, კოჰაბიტაციის წინააღმდეგნი არიან...


- რა თქმა უნდა, რადგან საზოგადოების უდიდესი ნაწილი დღეს ფიქრობს, რომ დამნაშავეებთან არანაირი დიალოგი არ შეიძლება. მაშინ რა დააშავეს იმ ადამიანებმა, ვინც ციხეებში ზიან. ჩვენ ნამდვილად არ ვითხოვთ, რომ ლინჩის წესით გასამართლდნენ „ნაციონალები", მაგრამ გვინდა სამართალი დაბრუნდეს ბოლოსდაბოლოს. ის მიზეზი, რომ სასამართლო კვლავ „ნაც. მოძრაობის" დაკვეთებს ასრულებს და ამიტომ ვერ ხერხდება დამნაშავეთა დასჯა ხალხისთვის არაა დამაკმაყოფილებელი. როგორ უზრუნველყოფს ხელისუფლება სასამართლოს გათავისუფლებას, ეს უკვე მათი პრობლემაა. ჩვენ ამისთვის ავირჩიეთ ეს ადამიანები, რომ მოახერხონ ხალხის მოთხოვნების დაკმაყოფილება. მთელ საქართველოში დავდივარ, ახლაც თელავში ვარ და მოსახლეობა ყველგან ითხოვს რეჟიმის გასამართლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში დაუსჯელობის სინდრომი დამკვიდრდება ქვეყანაში და ხელისუფლებისათვის ეს სავალალო შედეგების მომტანი იქნება.


- თუ კვლავ არ გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები სამართლიანობის აღსადგენად, დასავლეთის კრიტიკის შიშით თუ სხვა მიზეზებით, ამ შემთხვევაში როგორი ფორმით გაგრძელდება თქვენი პროტესტი?


- რა ნაბიჯებს გადავდგამთ შემდგომში, ამას უკვე ყრილობა გადაწყვეტს. ამჯერად არის კატეგორიული მოთხოვნა, რომ რეჟიმი დაისაჯოს, ესაა ხალხის ნება და სწორედ ამას დაინახავს ხელისუფლება თოთხმეტში კიდევ ერთხელ, თან დიდი მასშტაბით.

მაკა დეკანოსიძე

http://www.geotimes.ge

0
32
3-ს მოსწონს
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0