x
ჭადრაკის დაფასთან
image


- მამა, მასწავლე რა, ჭადრაკის თამაში. - ამბობს გია.

მამას გაგონებაც არ სურს. სხვა დროს პირიქით იყო. მამა ეხვეწებოდა, გასწავლიო, და გია უარს ამბობდა.

- უთხარი რა, დედა? - ახლა დედას ეხვეწება გია.


- ასწავლე, - თქვა დედამ.

- ვიცი მე მაგ ვაჟბატონის ამბავი, - უარზეა მამა.

- მასწავლი, ჰო?

- არა.

მერე ბებია ჩაერია საქმეში. მამა ისევ უარზე იყო. ბოლოს გადამწყვეტი სიტყვა ისევ ბაბუამ თქვა.

- დაჯექი, - თქვა მამამ. გია გაიქცა სკამის მოსატანად.

- დაჯექი, მამა.

- ჰოდა, დაიმახსოვრე. ჭადრაკის დაფასთან ბევრი ლაპარაკი არ შეიძლება.

- რატომ არ შეიძლება, მამა, ბევრი ლაპარაკი ჭადრაკის დაფასთან?

- გაჩუმდები თუ არა ახლა შენ!

- ჰო, - თქვა გიამ.

- ჰოდა, ასე.

- არ მინდა ჭადრაკის თამაში!

- არ გინდა და იყავი!

- ვიქნები!

- კარგი, ნუ ტირი... ამას ჰქვია პაიკი, გაიმეორე.

- არ ვტირი, - ამბობს გია და მუშტებით თვალებს იმშრალებს, - პაიკი.

- პაიკი წინ მიდის. აი ასე, და გვერდზე კლავს, აი ასე...

- რას კლავს, მამა, პაიკი?

- ყველაფერს, რაც შეხვდება, კუს, ეტლს, მხედარს, ლაზიერს...

- ნუ კლავს რა მამა!

- არ შეიძლება, სხვანაირად არ შეიძლება.

- არ მინდა თამაში! - ისევ აცხადებს გია.

- მიყურე, შვილო. ეს არის თეთრი პაიკი. თეთრი პაიკი შენია, ეს შავი ფიგურები კი სულ ავი სულებია, დევები, ეშმაკები და ქაჯები... ჰოდა, ხომ უნდა მოკლას, არა თეთრმა პაიკმა?..

- ცოდოა.

- ვინ არის ცოდო?

- ქაჯი.

- ქაჯი არაა, შვილო, ცოდო... ქაჯს თუ არ მოკლავ, მაშინ ქაჯი თვითონ მოკლავს პაიკს, კარგია მერე?

- არ მოკლავს.

- მოკლავს-მეთქი და გაიგონე!

- არ მოკლავს!

- მოკლავს!

- არ მოკლავს! დედი ქაჯი ხომ კარგია?

- ცუდია, შვილო.

- ეს ხომ კარგი ქაჯია, დედა?

- კარგია, ჰო, კარგი.

- დედამ თქვა, კარგიაო, - ამბობს გია.

- მერე, მამამ რა თქვა? - ეკითხება მამა.

- ცუდიაო.

- ჰოდა, ცუდია. დედას ხომ დაუჯერე, ახლა მე დამიჯერე.

- შენ არ დაგიჯერებ.

- აუჰ, სულ დამავიწყდა! - შუბლზე ხელი შემოიკრა მამამ. - კი არა კლავს... აბა, მოკვლა როგორ შეიძლება!.. მოდი, ყველაფერი დაივიწყე, რაც გითხარი და თავიდან დავიწყოთ...

- დავიწყოთ.

- მაშ ასე. თეთრი პაიკი წინ მიდის და გვერდზე აჰყავს...

- ხელში აჰყავს, მამა?

- ჰო, ხელში.

- რატომ აჰყავს ხელში თეთრ პაიკს, მამიკო?

- იმიტომ, რომ აკოცოს და მერე დაფიდან აგერ ბალიშზე რბილად გადასვას...

- ვინ აჰყავს, მამიკო, თეთრ პაიკს?

- ვინ და შავი ფიგურები.

- დევები და ქაჯები, მამა?

- დევები და ქაჯები კი არა, ნატო ბებოს თეთრი წიწილები.

- მერე ესენი რატომ არიან შავები, მამა?

- ღამეში დარჩენია ნატო ბებოს გარეთ და გაშავდნენ.

- მატყუებ, ჰო?

- არა, არ გატყუებ.

- მერე, მამა?

- მერე ის, რომ დღეს გეყოფა, რაც ისწავლე, და ხვალ გავაგრძელოთ.

- ხვალ როდის იქნება, მამა?

- გაისად.

- დღეს იყოს რა, მამა, გაისად?

- დღეს არ შეიძლება.

- რატომ არ შეიძლება, მამა?

- იმიტომ, რომ დაიძინო.

- ხვალ არ დავიძინებ, ჰო?

- ნუ დაიძინებ.

- რატომ, მამა?

- იმიტომ, რომ ხვალ დაძინება, საერთოდ არ შეიძლება. ყოველთვის დღეს უნდა დაიძინო.

- ხვალ დაძინება რატომ არ შეიძლება, საერთოდ, მამა?

- მომაცილეთ ეს ბავშვი! - ყვირის მამა.


ყარამან კიკვიძე





დამატება: ეს ჩემი მოთხრობა არაა. ეს

არის ჩემი ბაბუის ყარამან

კიკვიძის დაწერილი,

რომელიც მწერალი იყო და

ადრეულ ასაკში

გარდაიცვალა.



7
358
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ალექსანდრე
ალექსანდრე
358
  
2016, 24 ივლისი, 13:29
დიდი მადლობა, გაიხარეთ
2016, 15 ივლისი, 21:10
კარგია ნამდვილად.. ღმერთMა აცხონოს ბაბუათქვენის სული :(
2016, 15 ივლისი, 18:33
არაფრის მსწავლელია, არ გეწყინოს
2012, 4 მაისი, 20:41
მადლობთ რომ მოგეწონა
2012, 4 მაისი, 20:41
დიდი მადლობა რომ მოგეწონა
2012, 4 მაისი, 19:51
აუ რა საყვარელი მოთხრობასა:* აზრს ვერ ჩავწვდი მაგრამ საყვარელია:D:*
2012, 25 აპრილი, 11:57
ძალიან მაგარი მოთხრობაა და თუ კიდევ გაქვს მსგავსი რამ დადე აუცილებლად :)
0 1 7