რიჩარდ სტოკსი: "საქართველო ევროპულ საკალათბურთო ოჯახში სულ უფრო მყარად მკვიდრდება"
კალათბურთის ფედერაციისა და მსაჯთა კავშირის მოწვევით საქართველოში ჩამოსული რიჩარდ სტოკსი დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს, თამაზ თევზაძეს ესტუმრა. ფიბა-ევროპის სამსაჯო და საშეჯიბრო დეპარტამენტების დირექტორთან ერთად, მინისტრის მოადგილეს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი და გენერალური მდივანი მერაბ რატიშვილიც შეხვდნენ. ევროპელმა სტუმარმა მინისტრის მოადგილეს თავისი ვიზიტის დეტალები გააცნო და იმ პროგრამაზე ესაუბრა, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ერთად ახორციელებს.
შეხვედრის შემდეგ მხარეებმა კომენტარები გააკეთეს:
რიჩარდ სტოკსი, ფიბა-ევროპას მსაჯთა და საშეჯიბრო დეპარტამენტების დირექტორი: “საქართველო სულ უფრო და უფრო მყარად მკვიდრდება ევროპულ საკალათბურთო ოჯახში. გარდა იმისა, რომ თქვენი ნაკრები უკვე სისტემატიურად ასპარეზობს ევროპის ჩემპიონატზე, ქართველი მსაჯები აქტიურად მონაწილეობენ ფიბა-ევროპის ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში. საერთაშორისო კატეგორის არბიტრების რიცხვიც იზრდება, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია შიდა ჩემპიონატებში მსაჯთა და მწვრთნელთა დონის ამაღლება. სემინარის პირველმა დღემ შედეგიანად ჩაიარა, წინ კიდევ 2 სამუშაო დღეა და მჯერა, რომ ქართველი მსაჯები, კომისრები, მსაჯ-მდივნები და მწვრთნელები სემინარებიდან მათი პროფესიული ზრდისთვის აუცილებელ ცოდნას მიიღებენ“.
ბესიკ ლიპარტელიანი, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: “ფიბა-ევროპის სამსაჯო დეპარტამენტის დირექტორის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. სემინარის პირველმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა. ვფიქრობ, ასევე გაგრძელდება და მასზე დასწრებით ქართველი მსაჯ-კომისრები მნიშვნელოვან ცოდნას მიიღებენ. რიჩარდ სტოკსი ხვალ სუპერლიგის თამაშებს დაესწრება, მოახდენს ჩვენი მსაჯ-კომისრების საქმიანობის ანალიზს. მოგვიანებით, როცა თბილისში ნანახსა და მიღებულ ინფორმაციას გაანალიზებს, ის გამოგვიგზავნის თავის დასკვნას და იმ მინუსებზე მიგვითითებს, რომელიც საქმიანობაში გვექნება, ჩვენ კი მათ გამოსწორებაზე გავაგრძელებთ მუშაობას“.
თამაზ თევზაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე: “ძალიან კარგია, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციას განვითარების პროგრამაში მსაჯთა და მატჩების მომსახურე პერსონალის მომზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაც აქვს შეტანილი. მსაჯების დონის ამაღლება ზოგადად სპორტული თამაშების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. აქედან გამომდინარე, ფიბა-ევროპის ჩინოსნის ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მივესალმებით ყველა იმ ინიციატივას, რაც ქართული კალათბურთის და სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს“.
www.gbf.ge