"ჯეოსტარი" 2010-ის გამარჯვებული ოთო ნემსაძე უკრაინულ "ახალ ხმაში" იღებს მონაწილებას. როგორც თავად გვითხრა კონკურსები კი არ აშინებენ, არამედ იზიდავენ. წარმატების დიდი იმედი აქვს. მისი მთავარი სურვილი კი ისაა, რომ საქართველო ღირსეულად წარადგინოს ფარგლებს გარეთ.
პირველი ტური უკვე იყო. სხვა ამბებთან ერთად ოთო მის შედეგებსაც გვამცნობს.
"ჯეოსტარმა" ძალიან ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. სწავლა მუსიკალურმა კარიერამ ჩაანაცვლა.
"ჯეოსტრში" კარგი მუსიკოსები იზრდებოდნენ, რომელთა ჩამოყალიბებაში დიდი როლი მარინა ბერიძემ და მისმა გუნდმა შეასრულა.
ქალბატონ მარინას ყველა მონაწილესთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, ასევე მათთანაც ვინც ვერ მოხვდა ამ კონკურსზე. ეს იყო და არის ერთი დიდი ოჯახი.
ქალბატონმა მარინამ იცის, ვის როგორ მიუდგეს, ვის რა შესაძლებლობები აქვს. მისი დამსახურებაა, რომ ძალიან ბევრი ქართველი მომღერალი დღეს ცოცხლად მღერის.
– მუსიკალური გემოვნება შეგეცვალა?
– სხვათა შორის არა. ისევ იმ ჟანრში ვმღერი, რაშიც
"ჯეოსტარამდე". ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ამ წლების განმავლობაში. რომ ვუყურებ ჯეოსტარის ქასთინგების ჩანაწერებს, შემდგომ უკვე ლაივ ტურებსა და დღეს ჩემს მოღვაწეობას, ისეთი განსხვავება იგრძნობა, როგორც ცას და დედამიწას შორის. ბენდთან ცოცხლად ვმუშაობ, ყოველ ყოველ დღე მაქვს მუსიკასთან შეხება და ვიხვეწები. ქალბატონ მარინასაც ხშირად ვეკითხები რჩევებს, არა მარტო მე, არამედ ყველა ჯეოსტარელი. ყველას ძალიან გვიყვარს.
გული მწყდება, რომ ჯეოსტარი შეწყდა. იმედი მაქვს დაიწყება ახალი მუსიკალური პროექტი, სადაც მარინა ბერიძის გამოცდილება აუცილებლად დასჭირდებათ.
– ამ პროექტის დასრულების შემდეგ როგორ ცხოვრობ? დღეს მუსიკა არის თუ არა შენი შემოსავლის ძირითადი წყარო?
– როგორც გითხარით ბენდთან ერთად ვმუშაობ. ამ პროექტის დასრულების შემდეგ ალბათ დღე არ გასულა მუსიკის გარეშე. ურბან ლოუნგ-ში ვმღერი მარიკო ებრალიძესთან, სალომე ბაკურაძესთან და ნინი წიკლაურთან ერთად. დიდი ბედნიერებაა ის, რომ ისეთ მუსიკოსებთან მიწევს შეხება, რომლებიც თავისი საქმის პროფესიონალები არიან. მათთან შედარებით ძალიან "პატარა" ვარ. მათგან ძალიან ბევრის სწავლა შეიძლება.
დღეს მუსიკით თავის რჩენა თითქმის შეუძლებელია. "ჯეოსტარმა" გზა გამისხსა, სხვადასხვა სამსახურის თვალსაზრისით, მაგრამ ჩემი შემოსავლის ძირითადი წყარო მაინც მუსიკაა. მხოლოდ შემოსავალზე არ არის საუბარი, მე მუსიკით ვცოცხლობ. მადლობა ქართველ მსმენელს, რომ ასეთი მიმიღეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი რამ შეიცვლება საქართველოში, შოუ-ბიზნესი გააქტიურდება, უფრო მეტი შემოთავაზებები წამოვა.
ბოლო დროს ხშირად ვიღებ საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილეობას. ძალიან მიხარია, ამდენი მოწყალე ადამინი რომ გამოჩნდა. შეიძლება ვიღაცას ბანალურად მოეჩვენოს, მაგრამ ჩემთვის მთავარია მუსიკასთან მქონდეს შეხება. მატერიალურ მხარეს არ აქვს დიდი მნიშვნელობა.
– როგორც ვიცი საკმაოდ კარგი პრიზები გერგო "ჯეოსტარის" დასრულების შემდეგ.
– კი. მერგო მანქანა და ალბომი, რომელიც აპრილში გამოვა. გეტყვით იმას, რომ ალბომი ოთარ რამიშვილის ხსოვნას მიეძღვნება. უბედნიერესი ვარ, რომ არანჟიერება ზვიად ბოლქვაძემ გააკეთა. გუშინ მის კონცერტზე ვიყავი. იქიდან უემოციოდ ვერავინ გამოვიდოდა. დადებითი და სასიამოვნო ენერგიით ვარ დამუხტული. ყველას ვუყვები ამას.
ჩემი ალბომი "ბრავო რეკორდსში" ჩაიწერა. ცოცხალი შესრულებით. შესულია ათი სიმღერა.
გარდა ალბომისა, პრიზად მანქანა მივიღე, რომელიც გავყიდე. სხვა რამისთვის მჭირდებოდა თანხა. მანქანის ფუფუნებას თავს ჯერჯერობით ვერ ვაძლევ.
– როგორც ვიცი უკრაიაში, "ახალ ხმაში" მიიღე მონაწილეობა. მსგავსი პროექტი საქართველოშიც იყო ცოტა ხნის წინ, აქ რატომ არ სცადე ბედი?
– ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის `ახალი ხმა~ არ ვარ. მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ძველი ხმა ვარ. ამბიციურობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ არ ვთვლი, რომ საქართველოში ვინმემ დამივიწყა და თავის შეხსენება მჭირდება. ფილარმონიის სცენაზე 14 ტური მაქვს ნამღერი სხვადასხვა ჟანრში. ამ ეტაპზე ვთვლი, რომ საქართველოს "ახალი ხმა" არ მჭირდება. თუ დამჭირდება აუცილებლად მივალ. არ მეშინია კონკურსების პირიქით, მიზიდავს. "ახალმა ხმამ" საქართველოში ძალიან კარგი ნიჭიერი მომღერლები გამოავლინა. რაც უფრო ბევრი ასეთი მომღერალი იქნება, მით უფრო წინ წავა ქართული შოუ-ბიზნესი.
რაც შეეხება უკრაინულ "ახალ ხმას". ქართულ საელჩოსთან ხშირი ურთიერთობა მქონდა. ისინი მპატიჟებდნენ ხოლმე სხვადასხვა ღონისძიებეზე. სამი კვირის წინ, ერთ-ერთი ვიზიტის დროს უკრაინაში, მათ მითხრეს, რომ "ახალი ხმის" ქასთინგი იყო და შემეძლო მონაწილეობა მიმეღო. ასე შემთხვევით მოვხვდი "ბრმა ქასთინგზე". მოტრიალდა ოთხივე მწვრთნელი. მალე პირდაპირი ეთერი იწყება. შემდეგი კი "რინგის" ტურია.
– როგორი ემოცია იყო ოთხივე მწვრთნელის შემობრუნება?
– ჩემი გამოსვლიდან ერთადერთი ის მახსოვს, რომ დარბაზი ფეხზე იდგა და ტაშს მიკრავდა. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, რადგან თურმე მომნატრებია კონკურსი და მსმენელი.
ოთხი დღის წინ ჩასული ვიყავი უკრაინაში, შევასრულე სიმღერა რინგისთვის, ჯერ არ არის გადაწყვეტილი ვისთან ერთად მომიწევს დუეტის შესრულება ლაივ შოუზე.
ძალიან დიდ პატივს ვცემ უკრაინულ მუსიკას. უმაგრესი ფოლკლორი აქვთ. ახალგაზრდა მუსიკოსები კარგ მუსიკას წერენ და მათთან ერთად მოვხვდი "ახალ ხმაშიც".
– კონკურენცია დიდია?
– საკმაოდ. აქ მხოლოდ ქართველები იღებდნენ მონაწილეობას, უკრაინაში ასე არ არის. ძალიან ბევრი რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ამერიკიდან იყო ჩამოსული. თანაც ძალიან ყურებადი პროექტია. გეტყვით, რომ ერთი ქართველი გოგოც იღებს მონაწილებას, რომელიც უკრაინაში მოღვაწეობს. ქართველი მსმენელი მას არ იცნობს.
იყო კითხვები, ეს პროექტი რომ მოვიგო დავრჩები თუ არა იქ და ა.შ. ბევრგან ვყოფილვარ, სადაც ძალიან კარგი პირობები ყოფილა, მაგრამ არსად ვრჩები, რადგან არ შემიძლიან საქართველოს გარეშე.
– როგორ გგონია, რა წარმატებას მიაღწევ უკრაინულ "ახალ ხმაში"?
– გათვლები არ მაქვს. სხვათა შორის არც "ჯეოსტარზე" მქონია მოგების ამბიცია. ვაკეთებ ჩემს საქმეს. მთავარია საქართველოს სახელი ღირსეულად წარვადგინო. იქ მუშაობა გაცილებით მიადვილდება, რადგან არ მყავს კრიტიკული ქართველი მსმენელი, არ ვმღერი ქართულ სიმღერას, რისი შესრულებაც ურთულესია. უცხო ქვეყანაში მღერა, ჩემთვის არის ძალიან მარტივი. ვთვლი, რომ შანსები მაქვს.
– რჩევა თუ ჰკითხე აქ ვინმე ობიექტურს, თუნდაც მარინა ბერიძეს?
– რა თქმა უნდა ქალბატონ მარინას დავუკავშირდები და ვკითხავ რჩევას. ასევე სხვებსაც. მაგალითად ესა თუ ის სიმღერა როგორ უნდა შევასრულო უკეთესად და ა.შ.
ძალიან რთულია იქაურ შოუ-ბიზნესში ჩართვა, რადგან არც იქ არ ყვავის ეს სფერო, მაგრამ რა თქმა უნდა შესაძლებელია.
– მეგობრები, ოჯახის წევრები როგორ შეხვდენენ შენს ამ გადაწყვეტილებას?
საუბარში ერთვება ოთოს მეგობარი რაჯი ფილიპია: ვიცოდი, რომ ოთო მიდიოდა უკრაინაში. შემდგომ უკვე სხვებისგან გავიგე "ახალ ხმაში" რომ მიუღია მონაწილეობა და ყველა მწვრთნელი შემოატრიალა. ჩემი აზრით კიდევ გავხდებით ერთ-ერთი წარმატების მომსწრენი ოთოს შემოქმედებაში. საქართველოში უფრო ადვილია რაღაც გააკეთო, მაინც შენიანები არიან. უკრაინა დიდი ქვეყანაა, როდესაც ერთი ბიჭი ჯინსებით და კედებით ჩადიხარ და ამბიცია გაქვს ამხელა ქვეყანამ გაგიცნოს, ეს უკვე კარგია."
ოთო: "დედამ არ იცოდა, რომ უკრაინაში მივდიოდი, რადგან სულ ყოველთვის ნერვიულობს მე რომ თვითმფრინავში ვჯდები. ის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. ჩემი ეს წარმატებაც ძალიან გაუხარდა.
– პროფესიით ეკონომისტი ხარ. ამ სპეციალობით არ აპირებ მუშაობას? მუსიკის გარდა სხვა რითი ხარ დაკავებული?
– მეოთხე წელია, "რა? სად? როდის?" ვთამაშობ უმაღლეს ლიგაში. ვცდილობ ჩემი ინტელექტის რეალიზებას. რაც შეეხება ჩემს პროფესიას, მინდა რომ სწავლა მაგისტრატურაში გავაგრძელო. ჩაბარებული მაქვს და ქულებს ვინახავ, რადგან ჯერ ჩემი ძმის სწავლის ფულს ვიხდი (იცინის).
– პირად ცხოვრებაში. . .
(მაწყვეტინებს) ყველაფერი კარგად არის. არავის არ ვაწუხებ და მუდამ შეყვარებული ვარ.
– დაახლოებით ერთი წლის წინ, ერთ-ერთ გადაცემაში საუბრობდი შენს შეყვარებულზე.
– ის ურთიერთობა წარსულს ჩაბარდა. ოთო ნემსაძე ძალიან კარგად გრძნობს თავს, ძალიან ბედნიერია და უხარია ცხოვრება. ჩემი თხოვნა იქნება, რომ იცხოვრეთ სიყვარულით. უყურეთ მულტფილმებს ხშირად.