პროზა ყველაფერი კარგად იქნება! 2013, 24 მარტი, 5:35 ''კიდევაც დაიზრდებიან,
ალგეთს ლეკვები მგლისანი''
![]() მრავალი ვაჟკაცი შეეწირა მტრობასა და სისხლისღვრას, ბევრ სევდიან და გულისამაჩუყებელ ამბავს ინახავს ისტორიის ფურცლები. მეც მინდა ერთი საინტერესო ამბავი მოგითხროთ... ეს ისტორია აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმში დაიწყო. ხალხი ჩვეულებრივად, ხალისიანად ცხოვრობდა. ქუჩის მყუდროებას ბავშვვების ჟივილ-ხივილი თუ დაარღვევდა. ოჯახებიც მშვიდად ცხოვრობდნენ. ფაციფუცით აწყობდნენ ხვალინდელი დღის გეგმებს და იმედით შეჰყურებდნენ მომავალს. ბოლო კვირის განმავლობაში მოუსვენრობა ეტყობოდა პატარა ნიკოლოზის ოჯახს. დილით ადრე წამომდგარი ნიკოლოზის დედა ფანჯარასთან მივიდოდა და შიშისგან გაფართოებულ თვალებს ქუჩას მიაპყრობდა. ''ღმერთო სიზმარი ცხადად არ ამიხდინოო''- იტყოდა და თავის ერთადერთ იმედს გულში იკრავდა... თითქოს მთელი აფხაზეთი აფორიაქდაო ხალხს მოუსვენრობა დაეტყო. ნიკოლოზის მამაც ადრე ბრუნდებოდა სამსახურიდან, ის ცნობილი იურისტი იყო და იმ დროისათვის კრიმინალისტთა საქმეს იძიებდა. ადრე რატომ ბრუნდებოდა სახლში? ამაზე პასუხი მეუღლემაც არ იცოდა... ერთ საღამოს საშინელი ამბავიც მოიტანა, '' ქართველებს აფხაზეთიდან გაყრას გვიპირებენო'' არ ეძინა სოხუმს, არ ეძინა ნიკოლოზის ოჯახსაც. პატარაც თითქოს გრძნობდა ამას, სიცხემ აუწია, დედა იძულებული გახდა ექიმისთვის მიემართა. ქალი მალე დაბრუნდა. სადარბაზოში რამდენჯერმე გაისმა თოფის გასროლის ხმა და თითქოს ყველაფერი დამთავრდა... ქუჩაში მხოლოდ მანქანის ხმა და რუსული გინება ისმოდა... გაკვირვებულმა დედამ ნაბიჯს აუჩქარა. სასწრაფოდ შეიჭრა ოთახში, სადაც მამა-შვილი ეგულებოდა და .... ვაი მის თავს... მისი მეუღლე შუა ოთახში ჯირკივით ეგდო თავგადაგლეჯილი. საშინელი დამწვარი ხორცის სუნი იდგა... ''სიზმარი ამიხდაო'' იკივლა და ინსტიქტურად შვილის ძებნა დაიწყო. “მამა, მამა'' ყვიროდა ბავშვი და სიცხისაგან აცრემლებულ თვალებს ლოგინის ქვეშიდან აცეცებდა. პატარა უცოდველ ხელებს დედისკენ იშვერდა, რომელიც ახლა მისი ერთადერთი ნუგაში იყო... ტყვიების ზუზუნმა და ტანკების გრუხუნმა აიკლო სოხუმი, მთელი აფხაზეთი, ქალაქი აიყარა. დედა-შვილმა სიმწრით ჩამარხეს მიცვალებული სარდაფში და იმ საღამოსვე დატოვეს სოხუმი. ვაი-ვაგლახით მოაღწიეს ზუგდიდში და წლების განმავლობაში, კეთილი ხალხის დახმარებით თითქოს ძველი ჭრილობები მოიშუშესო, ცხოვრება აიწყვეს. ნიკოლოზი დავაჟკაცდა, ის მამის კვალს გაჰყვა, იურიდიულზე ჩაირიცხა და წარჩინებული სტუდენტიც გახდა. შვილი იყო დედის ერთადერთი იმედი და მას წარსულის შემზარავი ისტორიის გახსენებაც არ უნდოდა. ნიკოლოზს უყვარდა ზღვაზე ხშირად სიარული, ანაკლია ბავშვობის ქალაქ სოხუმს ახსენებდა, იქ აზვირთებულ ტალღებს ეამბორებოდა, თითქოს ამით მამას ეალერსებოდა და ამით იოხებდა გულს. ზღვა ისე ძალიან უყვარდა ბედსაც აქ ეწია, ერთი იმედგაცრუებული გოგონა დახრჩობას გადაარჩინა და მისი ცხოვრების მეგზურიც გახდა. გაიხარა ოჯახმა, მალე პატარა ვაჟკაცს ელოდებოდნენ, რომლისთვისაც აუცილებლად ბაბუის სახელი ''გიორგი'' უნდა დაერქმიათ. 2008 წელი იდგა, აგვისტოს მზე აცხუნებდა სანაპიროს, სადაც მომავალი მამა სეირნობდა და ოცნებით ცას სწვდებოდა. მდგომარეობა სამხრეთ ოსეთში იყო დაძაბული. აქვე შეიტყო რომ რუსებმა ულმობლად შემოგვიტიეს და... ნიკოლოზს გულმა იქითკენ გაუწია. სიცოცხლეში დედა მხოლოდ ერთხელ მოატყუა, ერთი კვირით ახლობლებთან მივდივარო, ასე დაუბარა. მამის არ ყოფნაში ბიჭი დაიბადა, სახლში მარტო დარჩენილ ბებიას ტელეფონმა დაურეკა. “ იქნებ საავადმყოფოში ჩემი შვილიშვილისთვის რამე დასჭირდათო''- იფიქრა და სიხარულით მივარდა ტელეფონს, მაგრამ ვიღაცამ მოურიდებლად საზარელი ამბავი შეატყობინა... “ვაი, შვილო'' იკივლა და იქვე ჩაიკეცა. მთელი ღამე გაუნძრევლად იჯდა და მოთქვამდა. შემდეგ თითქოს დამუნჯდაო.... მყუდროება რძალმა და პატარა ბიჭის ტირილმა დაურღვია “ დედა, მე და გიო მოვედითო'' - უთხრა... ოღონდ “გიო''-არა “გიო"-არა... ნიკოლოზი... ყვიროდა ქალი და ახლა მასში ხედავდა იმედს, ორი დიდი სიყვარულიც ახლა ამ პატარა არსებაში იყრიდა თავს, რომელსაც სიყვარულით გულში იხუტებდა. რძალს ჯერ კიდევ ვერ გაეგო რა მოხდა... გაოგნებული იდგა და ფიქრობდა, მალე მანაც შეიტყო თავზარდამცევი ამბავი... ცრემლის ზღვა იდგა... ახლა ორი ქალი ზრუნავდა ერთ ვაჟკაცზე, პატარა ნიკოლოზზე. “კიდევაც დაიზრდებიანო'' იმეორებდა ბებია და იმედიანი თვალებით გასცქეროდა შორეთს...... ავტორი: ბესო გოგილავა 47 7-ს მოსწონს
|