x
image
ჟანა გოგინაშვილი
რატომ ჩამოშორდა ანა კოშაძე სამოდელო საქმიანობას. მისი პირადი ცხოვრების შესახებ

imageსამოდელი სააგენტო ''ნატალის" ყოფილი მოდელი, "უნიქარდის" პიარ-მენეჯერი ანა კოშაძე ოთხი წლის მაშოს და წლინახევრის ანასტასიას დედაა. ერთ დროს წარმატებული მოდელი ცდილობს კარიერას ოჯახი შეუთავსოს.
როგორც თავად ამბობს ცელქი და ჯიუტი გოგონები ჰყავს, ამიტომ მათთან სიმკაცრის გამოჩენა ხშირად უწევს.
– ოჯახში, როდესაც ბავშვი ჩნდება, ყველაფერი იცვლება, მთლიანად ცხოვრების წესი. დედობა ისეთი კარგი შეგრძნებაა, რისი აღწერა და გადმოცემა შეუძლებელია.
პირველი შვილი, რომ გამიჩნდა 20 წლის ვიყავი. დედობის განცდა თანდათან მოვიდა ჩემში. დროის გასვლასთან ერთად მაშო უფროდაუფრო მიყვარდებოდა. ახალბედა დედა ვიყავი, ყველაფერზე შეშინებული და დაპანიკებული. სიცხე თუ ჰქონდა ბავშვს უფრო მეტად განვიცდიდი, ვიდრე ვთქვათ ახლა. პირველი შვილის გაზრდაში ბევრი ადამიანი იყო ჩართული. ეს ფაქტი რა თქმა უნდა მახარებდა.
მეორე შვილი – ანასტასია კი თითქმის მე გავზარდე. სულ ჩემთან იყო. არც მქონდა სურვილი, რომ ვინმე დამხმარებოდა, რადგან პირველ შვილზე გამოცდილება მიღებული მქონდა და ანასტასიას მოვლით სიამოვნებას ვიღებდი.
– ბავშვებს სახელები როგორ შეურჩიეთ?
– პირველს მაშო მე დავარქვი, ანასტასიას კი _ მამამ. მითხრა, შენ რომ პირველს დაარქვი მეორეზე ჩემი ჯერიაო (იღიმება). მაშოს თაობაში ეს სახელი პოპულარულია. უკვე ბევრს ჰქვია. რამოდენიმე წლის წინ ასე მასიურად არ იყო.
"ნატალიში" იყო ერთი გოგო მაშო გაგუა, რომელთანაც ვმეგობრობდი. ძალიან მომწონდა და ამიტომაც ალბათ უფრო მისი გავლენით დავარქვი მას ეს სახელი.
– ბავშვების გაზრდაში ვინ გეხმარება?
– ძირითადად ძიძა. მაშო ბაღში დადის და ანასტასია ძიძასთან რჩება ხოლმე. ის ძალიან კარგი ადამიანია და ჩვენი ოჯახის წევრია, ძალიან გვიყვარს. ამიტომაც, არანაირი შიშის მომენტი არ მაქვს. როდესაც არ ვმუშაობ სულ ჩემთან არიან.
ძალიან დამეხმარა ჩემი დედამთილი. მაშოსთან ნახევრად მას ეძინა ხოლმე, რომ მე დამესვენა. დღემდე ყველანაირად ცდილობს ხელი შემიწყოს.
ანასტასია რთულად გასაზრდელი ბავშვია. უზომოდ ცელქი, მოჩხუბარი და ჯიუტი. რაც სიარული დაიწყო გაგვაგიჟა. მისი მოვლა ძალიან ძნელია. მაშო და ანასტასია, რომ ერთად არიან სულ ჩხუბი აქვთ. თანაც ყველა წვვრილმანზე. რომელი აიღებს სათამაშოს ხელში პირველი, ვინ ჩაეხუტება მამას და ა.შ.
თუ ბავშვები ავად არიან შვებულებას ვიღებ ხოლმე და მათთან ვრჩები. მათაც ამ დროს ჩემთან უნდათ ყოფნა.
– თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
– თავისუფალი დრო ძირითადად შაბათ-კვირას მაქვს. პროდუქტების საყიდლად დავდივარ ბავშვებთან ერთად. სულ ვცდილობ სადმეს გასართობად წავიყვანო. პარკში ან სასრიალო მოედანზე. მოწყენილები რომ არ იყვნენ.
იმ გაქტზე, რომ სახლში არ ვარ პატარა მაინცდამაინც არ წუხს. მაშო სულ გამოთქვამს სურვილს, რომ მუდამ მასთან ვიყო.
– მკაცრი დედა ხარ?
– ძალიან. არ მომწონს, როდესაც ბავშვები უზრდელები არიან და ამას ძალიან ვუშლი ჩემს შვილებსაც. ჯიუტები არიან და ვფიქრობ, რომ სჭირდებათ მკაცრად მოქცევა. უფროსთან განსაკუთრებით მკაცრი ვარ. ხანდახან მეცოდება ხოლმე და ვცდილობ პატარასთან შედარებით არ დავჩაგრო. ბებოები მეჩხუბებიან ზედმეტად მკაცრი ხარო. ამას იმით ვაბალანსებ, რომ ხშირად ვეფერები.
– სამოსს რაც შეეხება. როგორ ურჩევ ბავშვებს? ერთად თუ შოპინგობთ ხოლმე?
– მაშოსთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რას ჩაიცვამს. ამ მხრივ უპრეტენზიოა. ზაფხულში თმა ბიჭურად შევჭერი და ამაზეც სიამოვნებით დათანხმდა. ეუბნებოდნენ ბიჭს გავხარო. არ უნერვიულია ამბობდა მე ვიჭი ვარო.
რომ გითხრათ, რომ შვილების ჩაცმულობას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ მოგატყუებთ. შეიძლება ეს ცუდიც არის.
ძალიან ზრუნავს მაშოზე მისი მამიდა და მეუღლის დეიდაშვილი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს. ყოველ ჩამოსვლაზე იმდენი ტანსაცმელი ჩამოაქვს ხოლმე, რომ აღარ გვჭირდება ყიდვა.
საშოპინგოდ როცა მივდივარ მაშო მიმყავს. მინდა, რომ სულ ჩემთან ერთად იყოს, რადგან მასთან ურთიერთობის დეფიციტი მაქვს. წუწუნებს ხოლმე, დავიღალე სახლში წავიდეთო.
– მეუღლე მონაწილებს თუ არა ბავშვების გაზრდაში? თუ მას ეს საქმე არ ეხება?
– მოვლის თვალსაზრისით მაშოს აღზრდაში უფრო ჩართული იყო ვიდრე ანასტასიაზე. თავისუფალ დროს ისიც სულ ბავშვებთან ერთად ატარებს და ძალიან უყვართ. ორივე სულ მამას გაიძახის. ახლა, სამი დღით ქალაქიდან გასული იყო და ანასტასია სულ მას ეძებდა.
კაცებს ბიჭის ყოლის განსაკუთრებული სურვილი აქვთ ხოლმე. შენი მეუღლე ამ მხრივ როგორაა?
– რახან ორი გოგო ყავს, ბიჭი მასაც უნდა. თუმცა ამ სურვილს ძალიანაც არ გამოხატავს ხოლმე. პერსპექტივაში კიდევ არის ბავშვი, მაგრამ როდის _ არ ვიცი. შეიძლება მესამეც ისევ გოგო იყოს (იცინის).
მე თვითონ დედისერთა ვარ და ეს ძალიან ცუდი შეგრძნებაა. ანასტასიაც ასე მალე იმიტომ გავაჩინე, რომ ემეგობრა მაშოსთან.
– წინასწარ ხომ არ დაუგეგმეთ ბავშვებს რა პროფესიას უნდა დაეუფლონ?
– არა, ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. რომ წამოიზრდებიან ვეცდები ბევრ რამეში მოსინჯონ ძალები და საბოლოო არჩევანი თავად გააკეთონ. ძალიან მიყვარს მრავალმხრივ განვითარებული ადამიანები. ვნახოთ რა გამოგვივა.
– რთულია გქონდეს წარმატებული კარიერა და ოჯახი. ამაში ალბათ მეუღლე ხელს გიწყობს.
– ყველამ შემიწყო ხელი იმაში, რომ კარიერა და ოჯახი მქონოდა. დედამ, მეუღლემ, დედამთილმა, მამიდამ, ბებიაჩემმა. მოკლედ ყველა ერთად მეხმარებოდა. ძალიან რთულია რა თქმა უნდა კარიერა და ოჯახი ერთად. ბავშვები პატარები არიან და მათ დედის მზრუნველობა და ყურადღება სჭირდებათ. ხანდახან ისე ძალიან ვიღლები, რომ მინდა სახლში მივიდე და დავიძინო, თუმცა ეს არ გამოდის ხოლმე.
რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, ნამდვილად არ აქვს კომპლექსები, რომ ქალი აუცილებლად მხოლოდ სახლში უნდა იყოს. არასწორია, როდესაც კაცები აიძულებენ ქალებს არ აკეთონ მათთვის საყვარელი საქმიანობა.
– ანა დიდი ხანია სამოდელო სფეროში აღარ ჩანხარ. პოდიუმს საბოლოოდ ჩამოშორდი?
– კი, რამდენიმე წელია ჩვენებებზე აღარ გამოვსულვარ. რაღა დროს ჩემი პოდიუმია (იცინის). ეს არ იყო ჩემი პროფესია, მხოლოდ ჰობის დონეზე ვაკეთებდი ამ საქმეს, რომელიც იმ მომენტში ძალიან მსიამოვნებდა. ვერ მოგატყუებთ დ ავერ გეტყვით, რომ მენატრება. ზოგადად საქართველოში რთულია პროფესიის დონეზე გაიხადო მოდელობა, რადგან არ არის მუდმივი სამუშაო, ჩვენებები არის ცოტა და შესაბამისად ანაზღაურებაც დაბალი. რომ გავთხოვდი დაახლოებით ორი წელი კიდევ ვაგრძელებდი სამოდელო საქმიანობას. შემდეგ ბაშვები გაჩდნენ. აღარც სათანადო ფორმაში აღარ ვარ და დავანებე თავი. იყო რაღაც შემოთავაზებები, თუმცა ამის არც სურვილი და არც დრო არ მქონდა.
– და ბოლოს, რას ურჩევდი დედებს?
– ჩემი გადმოსახედიდან კარგია, როდესაც შვილებთან მეგობრობ. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი საკმაოდ მკაცრი იყო ჩემს მიმართ, ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა. ამას დღემდე ვინარჩუნებთ. მეკითხებოდა აზრს და ყოველთვის ითვალისწინებდა. მეც შევეცდები ასე აღვზარდო ჩემი შვილები და იგივეს ვურჩევდი დედებსაც.

0
260
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0