x
გამჭვირვალე ტუალეტი.

მათთვის, ვისაც მოწყინდა ტელევიზორში ყოველდღიური „საზოგადოებრივი სეირის“ ყურება.
imageრატომღაც, ბოლო ორი ათეული წელია, საზოგადოება უშედეგოდ ეძიებს სამართალს იმ ჩინოვნიკების წინააღმდეგ, რომლებიც საზოგადოებას სისტემატურად ძარცვავდნენ. მაგრამ ეს ხდება მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ, როდესაც ისინი უკვე საზღვარგარეთ სამშვიდობოს იმყოფებიან. თუმცა, გულში ხომ ვაღიარებთ, რომ არსებული საზოგადოებრივი სისტემის პირობებში „ნებისმიერი ასე მოიქცეოდა“. ამ ქვეყანაში „საზოგადოებრივი წამებულის“ ბრწყინვალე კარიერა ხომ დიდი „ქუშის“ ვიზუალიზაციით იწყება, რომელსაც იგი ერთ მშვენიერ დღეს საზოგადოებას სკალპივით ააჭრის. სწორედ რომ არსებული სისტემის პირობებში „ნაცები“ იჭერდნენ „მოქკავშირელებს“, ახლა „ოცნება“ დაერია „ნაცებს“, ხვალ „ოცნების“ წევრებს დაუწყებენ დაჭერა-ჩამოხრჩობას (ამაში ეჭვი ნუ შეგეპარებათ), ხოლო ამ უკანასკნელებს კი მათ შემდეგ მოსულები დაერევიან და ა.შ. ადვილი მისახვედრია, რომ პრობლემა არსებობს არა გარკვეულ პიროვნებებში, ან პარტიებში, არამედ ეს სისტემური პრობლემაა. ეს ნიშნავს, რომ თვით საზოგადოებრივი კონტროლის სისტემა არის ძალიან სუსტი. მოდით ვაღიაროთ, რომ თუ ჩინოვნიკი იწყებს დაუსჯელად „მაყუთის“ კეთებას, საზოგადოება აქ „მამა აბრამის ბატკანი“ სულაც არ არის და გარკვეულწილად ისიც პასიური თანამონაწილეა. ამიტომ, მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკების „ბინადრობის გარემო“ უნდა გახდეს აბსოლტურად გამჭვირვალე. ვარიანტის სახით კი გთავაზობთ შემდეგს: მსგავსად დასავლეთის ქვეყნებისა, სადაც პრესაში ქვეყნდება ყოველკვარტალური კორპორატიული ანგარიშგებები, რომლებიც აბსულუტურად გამჭვირვალეა, საქართველოშიც, მაღალი თანამდებობის პირები ყოველკვარტალურად უნდა აქვეყნებდენ თავიანთ ე.წ. ბალანსს - რა შემოსავალი მიიღეს და რა მსხვილი შენაძენები გააკეთეს. ეს იქნება ყოველკვარტალური დეკლარაციის მსგავსი. რომელიმე საიტზე გამოქვეყნებული მსგავსი ინფორმაცია გახდება ჟურნალისტების და ძალოვნების ყურადღების საგანი. კონტროლი უნდა მოხდეს არა პოსტ-ფაქტუმ, როდესაც ყოფილი ჩინოვნიკი, შემდგომ კი მილიონერი, უკვე ავსტრალიაში ნიანგებზე ნადირობს, არამედ იგი გაკონტროლდება რეალურ დროში. აქედან გამომდინარე, ჩინოვნიკს უკვე აღარ უნდა აწყობდეს უნამუსოდ მოქცევა და იძულებული იყოს იმუშაოს არა მხოლოდ თავის ჯიბეზე, არამედ საზოგადოებაზეც. თუ მას „აჩუქეს“ ვილა სამხრეთ იტალიაში, ეს კოროფციული ფაქტია და ამაზე მას მოუწევს პასუხის გაცემა. თუ მისმა მეუღლემ იყიდა ბენტლი, მასვე მოუწევს პასუხის გაცემა და ა.შ. ასევე, ჩინოვნიკს სულაც არ სჭირდება ოფშორული საბანკო ანგარიში სადღაც, ბრიტანეთის ვირჯინიის ან სეიშელის კუნძულებზე. მსგავსი შეზღუდვები კი გამაგრებული უნდა იყოს კანონმდებლობით. რაც შეეხება ჩინოვნიკის უფლებებს, მათ არავინ არ აძალებთ მსგავსი თანამდებობების დაკავებას, და თუ მაინც დათანხმდნენ ამაზე, კეთილი ინებონ და იყვნენ გამჭვირვალენი. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეუძლიათ იმუშაონ კორპორატიულ სექტორში, დაკავდენენ კერძო ბიზნესით, ან სულაც, საზღვარგარეთ გასტარბაიტერებად წავიდნენ, როგორც იქცევა საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა. საზოგადოებრივი თანამდების დაკავების შემთხვევაში კი მათ უფლებებზე წინ საზოგადოების რიგითი წევრების უფლებები უნდა იდგეს. როდესაც ჩვენს საცხოვრებელ სახლში ვიწვევთ ხელოსანს, სამუშაოს შესრულების შემდეგ მას ხომ არ აქვს უფლება ბარათიდან ჩამოგვაწეროს ის თანხა, რომელიც მას მოესურვება. ამას ჩვენ ვაკონტროლებთ. იგივე შეეხება ჩინოვნიკსაც. შეთავაზებული იდეა - ყოველკვარტალური დეკლარაცია წააგავს ე.წ. „გამჭვირვალე ტუალეტს“, მაგრამ მაფიოზურ-კლანურ საზოგადოებაში ეს ალბათ, ერთადერთი მისაღები მექანიზმია. საზოგადოებას ხალხის უაზრო მასისგან განასხვავებს გამართულად მომუშავე საზოგადოებრივი მექანიზმები, რომლებიც უნდა იქმნებოდეს რეალური საჭიროებიდან გამომდინარე და არა იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ ვითომ საითღაც ვისწრაფვით. თუ არ მოხდა შეიმუშავება დაქირავებული ჩინოვნიკების რეალურ დროში კონტროლის სისტემისა, პერიოდულად ყოველთვის მოგვიწევს ტელევიზორში „დამსჯელი შოუების“ ყურება. შესაბამის გარემოში, თუკი პიროვნება დადგა არჩევნის წინაშე, პატიოსნად იმუშაოს დიდ ხელფასზე, თუ დაუსჯელად მოიპაროს მილიონი და ამავე დროს, შეინარჩუნოს თანამდებობა, ყველა მიხვდება, თუ რის სასარგებლოდ გააკეთებს იგი არჩევანს. წარმოიდგინეთ, სამსახურში გაქვთ ძალაუფლება, ხელმძღვანელობთ სახელმწიფო ფინანსური რესურსების ათვისებას. ამავე დროს, თქვენი საქმიანობა არის საზოგადოებისათვის გაუმჭვირვალე, ანუ არ კონტროლდებით. მაგრამ ცხოვრობთ ხელფასზე. ამავე დროს, არის მოლოდინი, რომ ახალი მთავრობის მოსვლის შემთხვევაში დაკავებული თანამდებობას დაგატოვებინებენ და ამ უმუშევრების ქვეყანაში თქვენც ფაქტიურად, უმუშევარი დარჩებით და ვეღარ შეძლებთ ოჯახის რჩენას (შეგახსენებთ, თქვენ ხომ მხოლოდ ხელფასზე ცხოვრობდით). ასეთ სიტუაციაში ერთადერთი ლოგიკური ქმედებაა ფულის „მოტეხვა“ და ე.წ. „ფინანსური ბალიშის“ შექმნა, ან შემოსავლიანი ბიზნესის შეძენა. მით უმეტეს, რომ ცოცხალი მაგალითებით ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში არარენტაბელური სწორედ ცოტა ფულის მოპარვა არის. დიდი ფულის მიმთვისებლები კი ყოველთვის ჩრდილში რჩებოდნენ. როგორც ვხვდებით, არსებული მოცემულობის პირობებში ნებისმიერი დიდი თანამდებობის საჯარო პირი უკვე პოტენციური დამნაშავეა. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოების რეაგირება უნდა მოხდეს მისი მოღვაწეობის დასაწყისშივე. ყოველკვარტალური კონტროლი კი ამისათვის კომფორტული პერიოდია. ამას თუ შევძელებთ, შემოსავლიანი თანამდებობებისათვის თვალთმაქცურ ბრძოლას უკვე აღარ ერქმევა „სამართლიანობისათვის“ ბრძოლა. გამჭვირვალეობას და კონტროლს კი ძალუძს გააუფასუროს საჯარო თანამდებობის ფარული ფასეულობანი, რაც საზოგადოების ინტერესში იქნება. თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ მსგავსი პრინციპების დანერგვა ისევ ჩინოვნიკებმა უნდა მოახდინონ. ეს კი წააგავს იმ ტოტის მოჭრას, რომელზეც თვითონვე სხედან. რეალურად, ჩინოვნიკებს (მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა) არ გააჩნიათ არავითარი მოტივაცია, რომ დაინერგოს მათივე კონტროლის გამჭვირვალე მექანიზმები. ნაცნობი სურათია, როდესაც საზოგადოების ცალკეული წევრები, ოპოზიციური წივილ-კივილის შემდეგ, იკავებდენ თანამდებობებს და იგივე უკანონობებს სჩადიოდნენ. ანუ, ეს არის არა პიროვნული, არამედ სისტემური პრობლემა, რომელიც საჭიროებს კარდინალურ ცვლილებებს. აღსანიშნავია, რომ დროული საჯაროობის იგივე პრინციპები უნდა ეხებოდეს ასევე ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს, მათ ცალკეულ მუხლებს. თუ დასავლური სამყაროსკენ მართლა გვინდა წაწევა, მაშინ კეთილი უნდა ვინებოთ, მოვიშოროთ ბილშევიკური მენტალიტეტი და შევიმუშაოთ გამართულად მომუშავე საზოგადოებრივი მექანიზმები.

0
5
1-ს მოსწონს
ავტორი:გია გელაშვილი
გია გელაშვილი
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0