სუროგაციის წყალობით მილიონერად ქცეული ქართველი ქალი, რომელიც უკვე მერვედ თხოვდება
სუროგაციის ცენტრის “NEW LIFE" მსოფიო ქსელის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი 35 წლისაა და უკვე 50 ქვეყანაში მოასწრო მოგზაურობა. ოფიციალური მივლინებებითა თუ არაოფიციალური ვიზიტებით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დროის უმეტეს ნაწილს თვითმფრინავში ატარებს. ლამაზ კუნძულზე ქორწილის გადახდა მისი ჰობია. გაგიკვირდებათ და მაისში უკვე მერვე ქორწილს გეგმავს. ინტერვიუდან შეიტყობთ თუ ვიზე თხოვდება იგი ყოველ წელს. გვიზიარებს შთაბეჭდილებებს იმის შესახებ, თუ რითაა გამორჩეული და საინტერესო ესა თუ ის ქვეყანა.
_ პირველი ჩემი მოგზაურობა იყო თურქეთში. შთაბეჭდილება მოგზაურობისას ყოველთვის სასიამოვნოა, რადგან უცხო გარემოში ხვდები და უცხო ქვეყნის კულტურას ეცნობი.
2008 წლიდან დავიწყე ინტენსიურად მოგზაურობა. ძირითადად სამსახურთან დაკავშირებით მიწევდა წასვლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მოგზაურობის სურვილი ყოველთვის მქონდა, თუმცა თავდაპირველად ამისთვის ფინანსები არ მიწყობდა ხელს. როდესაც უკვე დავიწყე ჩემი ბიზნეს საქმიანობა გამიჩნდა იმის საშუალება, რომ მემოგზაურა. 2008 წლიდან დღემდე 50 ქვეყანა მოვიარე. თუ სამუშაო ვიზიტით ინდოეთში ვარ, იქიდან აუცილებლად ისეთ ქვეყანაში გამოვივლი, რომელიც არ მაქვს ნანახი. დიდი სურვილი მაქვს ყველა ქვეყანა ავითვისო.
– რომელ ქვეყნებში ხართ ნამყოფი? ფრენის ალბათ აღარც გეშინიათ.
– მეზობელი ქვეყნებიდან დავიწყებ ჩამოთვლას: თურქეთი, სასომხეთი, აზერბაიჯანი, პალესტინა, რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, ჩეხეთი, უნგრეთი, იტალია, ესპანეთი, ჰოლანდია, ბელგია, მალაიზია, სინგაპური, ტაილანდი, შრილანკა, შვედეთი, ნორვეგია, ისრაელი, ჩინეთი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, სეიშელის კუნძულები, ფილიპინები, ავსტრალია და ა.შ. გეტყვით, რომ თავიდან ფრენის ძალიან მეშინოდა, თუმცა ძალიან შევეჩვიე. წელიწადში რვა თვე სულ თვითმფრინავში ვარ. არის გარკვეული ავიაკომპანიები, რომლებსაც არ ვენდობი. ახლა პარიზში ვიყავი და მიფრინავდა ''აირზენათა" პირდაპირი რეისით, მაგრამ არც მიფიქრია, რომ ამ ავიაკომპანიით მესარგებლა. მირჩევნია ბილეთში ძვირი გადავიხადო და ვიცოდე, რომ უსაფრთხოდ ვიქნები. ეს უნდობლობა კი გამოიწვია იმან, რომ ჯერ ერთი ყავთ ძალიან პატარა თვითმფრინავები. ერთხელ კიდევ შევესწარი, როდესაც პილოტს უთხრა ხელმძღვანელმა კიდევ მოკლე გზით მოფრინდიო. აქედან გამომდინარე დამეკარგა მათდამი ნდობა. არ ვჯდები რუსულ ავიაკომპანიებშიც. სადაც კი თვითმფრინავი ჩამოვარდება უმეტესობა არის რუსული. თანაც ყავთ ძალიან ძველი თვითმფრინავები.
– რომელმა ქვეყანამ მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?
– ყველა ქვეყანა არის უნიკალური თავისი ადგილ მდებარეობითა და ღირსშესანიშნაობებით. შეიძლება ითქვას, რომ ევროპული ქვეყნები ერთმანეთის მსგავსია. ჩემი უსაყვარლესი ქვეყანაა დიდი ბრიტანეთი. შემდეგ წელს სახლის ყიდვასაც კი ვაპირებ. წელიწადში 5-ჯერ აუცილებლად ლონდონში ვარ. ძალიან მიყვარს ეგზოტიკურ კუნძულებზე ყოფნა. პირველად მალდივის კუნძულებზე ვიყავი და ყველაფერმა მომხიბლა. სულ სასტუმროებია, სასტუმროდან რომ გახვიდე უკვე მეორე კუნძულზე აღმოჩნდები, ამიტომ დიდ ხანს ვერ გაჩერდები. მხოლოდ რამოდენიმე დღე. იქვე ქოქოსის ქარხანაა. მიხვალ და ზეთს გამოგიწურავენ და მოგცემენ. არავინ დადის მანქანით, ყველა ველოსიპედით მოძრაობს.
ასევე ძალიან მომეწონა სეიშელის კუნძულები. იქ ყოფნისას მეგონა, რომ სამოთხეში მოვხვდი. სწორედ სეიშელზეა ისეთი სანაპირო, რომელიც მსოფლიოში ნომერ პირველია ფოროგრაფირების თვალსაზრისით. ეს ადგილი იმითაც დამამახსოვრდა, რომ სულ თევზს ვჭამდი. მერე აღმოჩნდა, რომ იქ მაცხოვრებელი თითოეული ადამიანი წელიწადში 90 კილოგრამს მოიხმარს. ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე კუნძულმა _ ბალი. ალბათ გახსოვთ ფილმი, ჟულია რობერტსი თამაშობს მთავარ როლს: ''სიყვარული, ჭამა და ლოცვა". ეს ფილმი ბალზეა გადაღებული და რომელ სასტუმროშიც მიმდინაორეობდა გადაღებები მეც იქ დავრჩი. ამ კუნძულზე ღამე არავინ გარეთ არ გადის. როგორც კი დაღამდება ქუჩაში ვერავის ვერ დაინახავთ, რადგან დადიან ბოროტი სულები `ლეიაკები~. ეს არ არის მითი. მთელი კუნძული ამით ცხოვრობს. დღისით ისინი არიან ჩვეულებრივი ხანშიშესული ადამიანები. ჩვენ თავიდანვე გაგვაფრთხილეს, რომ არ გაანაწყენოთ ხანშიშესული ადამიანი, რადგან ის შესაძლებელია იყოს ''ლეიაკი" და ღამით მოგაკითხოთო. მახსოვს ასაკოვანი ქალი მოვიდა ჩემთან და შემომთავაზა მასაჟს გაგიკეთებო. იმდენი ფული გადავუხადე ამ მასაჟისთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ შემეშინდა ''ლეიაკი" არ იყოს მეთქი.
ძალიან მაგარი ქვეყნებია კუბა და იამაიკა. როგორც ჩვენთან, ბათუმის სანაპიროზე დაატარებენ მოხარშულ სიმინდს, იამაიკაზე ზუსტად ისე დაატარებენ დაახლოებით 25 სახეობის ნარკოტიკს. გაგიმხელთ იმასაც, რომ ტრადიცია მაქვს უკვე შვიდი წელია რომელიმე ძალიან ლამაზ კუნძულზე ქორწილს ვიხდი. ამ დღისთვის ისე ვემზადები, როგორც პირველად. ვყიდულობთ მე და ჩემი მეუღლე ბეჭდებს, ვიცვამ საქორწილო კაბას და ა.შ. ბილეთები უკვე დაჯავშნულია და მერვე ქორწილი გვექნება მაისში ბორა-ბორაზე. მაისამდე კი მავრიციუსზე გავემგზავრები, რომელიც მადაგასკართან ახლოსაა. ზღვა ძალიან მიყვარს. როგორც ხედავთ სულ კუნძულებისკენ მიმიწევს გული.
ისე არ ვარ, რომ რომელიმე კუნძული განსაკუთრებულად მიყვარდეს. ერთადერთი როგორც გითხარით ლონდონი ძალიან მიყვარს, რომელიც სულ მენატრება და ძალიან ხშირად ვაკითხავ. საქართველოში დიდხანს ვერ ვჩერდები. სამი კვირა რომ გადის უკვე მინდა, რომ ვიმოგზაურო.
არც ერთი ქვეყანა აღარ არის ჩემთვის ტურისტული დანიშნულების. ყველგან ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. მთავრობის წევრები, ადგილობრივი მაცხოვრებლები ჩემი მეგობრები გახდნენ. კომუნიკაბელური ვარ და ადვილად ვამყარებ ყველასთან კონტაქტს.
– რატომ გიყვართ ლონდონი ასე ძალიან? რით მოგხიბლათ ამ ქვეყანამ?
– ყველაფერი მიყვარს. ბრიტანელი ხალხი, ბრიტანული აქცენტი. ერთ-ერთი მიზეზი შოპინგია კიდევ რაც ძალიან მიყვარს ამ ქვეყანაში. გარდა ამისა იქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და თავს არ ვგრძნობ ტურისტად. კლიმატია ცოტა ცუდი. ღრუბლიანი. ისეთი აწყობილია ლონდონი ყველაფრით, რომ მსგავსი დალაგებული ქვეყანა არსად მინახავს. ნებისმიერ ადამიანს, რომ ჰკითხო საით წავიდეო გამოგყვება და ბოლომდე მიგაცილებს. აურას ვგრძნობ ხოლმე, დიდ ბრიტანეთში საოცრად კარგი აუცრაა. საფრანგეთში 3-ჯერ ვარ ნამყოფი, მაგრამ ძალიან მინდა ხოლმე უკან მალე დავბრუნდე. ინდოეთი ძალიან მიყვარს. იქ კლინიკა მაქვს და ხშირად მიწევს ჩასვლა. მშობლიური განცდაც კი მაქვს ამ ქვეყნისადმი.
– წლების გასვლასთან ერთად არ გინელდებათ მოგზაურობის სურვილი? თუ პირიქით?
– მოგზაურობა ჩემი ნარკოტიკია. შუალედებში, როდესაც სამსახურიდან ვისვენებ მაშინვე სამოგზაუროდ მივდივარ. წლების გასვლასტან ერთად სურვილი ამისა, უფრო მიმძაფრდება.
– როგორ ეგუება მეუღლე იმას, რომ ამდენს მოგზაურობთ თუ ისიც თქვენთან ერთადაა ხოლმე? თავიდან როგორ დაგთანხმდათ, რომ ქორწილი ბევრჯერ უნდა გქონოდათ?
– ხშირად მარტო მივდივარ სამოგზაუროდ და ხშირადაც ერთად. ვთვლი, რომ წყვილს აუცილებლად სჭირდება რაღაც პერიოდი ცალ-ცალკე ყოფნა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ისე წავსულვარ, რომ არც კი სცოდნია მეუღლეს. ერთხელ ინდოეთში მივდიოდი აქედანვე ვიზა ჩინეთისაც გავაკეთე. ეს არ იცოდა მან. მისი პლასტიკური ბარათი, რომ ჩინეთში გატარდა მხოლოდ მას შემდეგ გაიგო სად ვიყავი. ასეთ სიურპრიზებსაც ვუწყობ ხოლმე. ცოტას ეჭვიანობს ხოლმე, რაც ვფიქრობ, რომ საჭიროა. ხშირად მე სხვა ქვეყანაში ვარ და ჩემი მეუღლე სხვაგან და ან მე ჩავაკითხავ და ან ის ხოლმე და ასე. ბავშვებთან ერთად არ გვიმოგზაურია ჯერ. პატარები, წლინახევრისები არია. რომ გაიზრდებიან მერე აუცილებლად ერთად ვივლით.
ყოველ წელს ქორწილის გადახდის იდეა გეტყვით რატომაც მომივიდა. საზოგადოებამ დააწესა, რომ ქორწილი უნდა იყოს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ. მე კი ვფიქრობ, რომ ასეთი ლამაზი დღე ცხოვრებაში ერთხელ არ უნდა იყოს. ურთიერთობას ყოველთვის განახლება სჭირდება და ჩვენც ამ ხერხს მივმართეთ. სადაც არ ვართ ხოლმე ნამყოფები იმ კუნძულზე მივდივართ და ვიხდით ქორწილს. ამ დღისთვის კი თითქმის მთელი წელი ვემზადებით. საქორწინო კაბა, ბეჭდების გაცვლა, მეჯვარეები და ა.შ.
– მეუღლე ადვილად დაგთანხმდათ ამ ახირებაში?
– მეუღლეს მიაჩნია, რომ მთლად დალაგებული არ ვარ (იცინის). ის ძალიან სტაბილური და გაწონასწორებულია. ერთმანეთს კარგად ვავსებთ. ჩემი ეს ახირებები, გართობები და გამოგონებები ძალიან ახალისებს. თვითონაც მოწონს.
– საქორწინო მოგზაურობაში სად იყავით?
– შვიდი წლის წინ გავთხოვდი და საქორწილო მოგზაურობა ლიკანში გვქონდა (იცინის). მაშინ სმეტის საშუალება არ გვონდა.
– მოგზაურობის დროს გიყვართ მუზეუმებში სიარული და ღირსშესანიშნაობების დათვალიერება?
– მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი მხატვარია მე დიდად ახლოს არ ვარ ხელოვნებასთან. დიდად არც მუზეუმების მოყვარული არ გახლავართ. გალერეაში, რომ ერთ სურათს ნახევარი საათი უყურებენ მე ასე არ შემიძლია. ლუვრი 15 წუთში შემოვიარე და ეს ჩემთვის საკმარისი იყო.
– შოპინგი ალბათ გიყვართ უცხო ქვეყანაში როდესაც ხართ. რა დროს უთმობთ მას?
– მოდის დიდი მიმდევარი გახლავართ. თუ ამერიკაში ან პარიზში ვარ აუცილებლად ბევრ რამეს ვყიდულობ ხოლმე, მაგრამ ძირითადად ყველაფერს ლონდონში ვყიდულობ. იქ ყველანაირი ბრენდის სამოსი იყიდება. ჩემი დიზაინერები არიან: პრადა, ვალენტინო, დიორი, გალიანო, მაქვინი. ჩემს გარდერობში ძირითადად სულ ამ დიზაინერების სამოსია. უსარგებლო სუვენირები კი არ მომაქვს ხოლმე. ზოგადად ძალიან თანამედროვე სახლის მომხრე ვარ. მე რომ გავთხოვდი ჩემს დედამთილს სახლში ჰქონდა თაობების ნაგროვალი ხრუსტალები და ა.შ. ის როდესაც ამერიკაში საცხოვრებლად გადავიდა მე დიდი მანქანა მოვიყვანე და მთელი ეს ანტიკვარიატი გადავყარე. ცოტათი გაბრაზდა, მაგრამ არაუშავს. ამიტომ, მომაქვს ის ნივთები რაც მჭირდება. საჩუქრები კი ხშირად ჩამომაქვს ხოლმე მეგობრიბისთვის და ახლობლებისთვის.
– როგორ ასწრებთ იმას, რომ ამდენი იმოდზაუროთ და თან თქვენს საქმიანობას გაუძღვეთ?
– საქართველოს გარდა სუროგაციის ფილიალები უკვე მრავალ ქვეყანაში გვაქვს. საქმეს ძირითადად ინტერნეტით ვაგვარებ. გარდა ამისა ყველა ქვეყანაში ძალიან კარგი თანამშრომლები მყავს. ესეც მიადვილებს. ყველაფერი ისე მაქვს აწყობილი, რომ დღეში 2 ან 3 საათი ჩემი მუშაობა საკმარისია.
– რომელი ქვეყნის სამზარეული გიყვართ ყველაზე მეტად?
– სიმართლე გითხრათ დიდი გურმანი არ გახლავართ. მიყვარს ინდური და ტაილანდური სამზარეულო. ძირითადად ბრინჯით, თევზითა და ბოსტნეულით ამზადებენ ისინი კერძებს. შემწვარი კერძები არ მიყვარს ამიტომაც, მათი სამზარეულო ჩემთვის ყველაზე მისაღებია. ჯანსაღი კვების მიმდევარი ვარ. თუ დააკვირდებით აზიელი ქალები გვიან ბერდებიან, ეს კი იმიტომ, რომ სწორად არჩევენ საკვებს. რომ გითხრათ, რომელიმე ქვეყანაში განსაკუთრებული საჭმელი გავსინჯე მეთქი მოგატყუებთ. გველისა და ა.შ გასინჯვის სურვილი არასდროს არ მქონია. ხორციც არ მიყვარს. მხოლოდ თევზს ვჭამ.
ახლა ვმუშაობ წიგნზე, რომელსაც ენციკლოპედიის სახე ექნება. ეს შეეხება იმას, თუ როგორ შევინარჩუნოთ ახლგაზრდობა და შევაჩეროთ დაბერების პროცესი. ვეთანხმები ფრანგებს იმ გამოთქმაში, რომ ქალი არ არსებობს ულამაზო, არსებობს მხოლოდ მოვლილი და მოუვლელი. ჩემთვის გამორიცხულია სიგარეტისა და ალკოჰოლის მიღება. საქართველოში პრევენცია, ანუ როგორ დავიცვათ თავი სიბერისაგან არ არსებობს. ვფიქრობ, რომ ქართველებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი იქნება. საუბარი შეეხება დაბერების ფსიქოლოგიას, პლასტიკური ქირურგიის ავკარგიანობას, არატრადიციულ მედიცინას, ჯანსაღ კვებას. წიგნი რამოდენიმე თვეში გამოვა.
– ფინანსებზე მინდა გკითხოთ. ალბათ ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული ამდენი მოგზაურობა.
– ოთხი წელია მე რაც ამ ბიზნესში ვარ. გავაფართოვე ჩემი ქსელი და უკვე შვიდ ქვეყანაში მაქვს სურაგიციის ცენტრი. ზოგგან კი კლინიკა. კიდევ გავხსნი მომავალში სხვადასხვა ქვეყნებში. ნულიდან დავიწყე საქმიანობა და მოკლე დროში გავხდი უხეშად არ გამომივიდეს და მილიონერი. აქედან გამომდინარე მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ვიმოგზაურო.
– ყველაზე თბილი ხალხი რომელ ქვეყანაში ცხოვრობს?
– უკრაინაში და რუსეთში ძალიან უხეში და ცივი ხალხი ცხოვრობს. თანამშრომლები მყავს უკრაინაში და მათ აუცილებლად მკაცრად უნდა ელაპარაკო. მათთან სიუხეშე აუცილებელია. სხვანაირად არაფერი არ გამოდის. ინდოეთში ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს. მოტივირებულნი არიან იმაზე, თუ როგორ დაგეხმარონ. თუმცა შენიშვნის მიცემის დროსაც აუცილებლად უნდა იყო, ზრდილობიანი. ძალიან მაღალ დონეზეა უმცროს უფროსის კულტი. ტაილანდში კი ზრდილობიანი კი არა ზრდილობის განსახიერება უნდა იყო. მას ღიმილის ქვეყანასაც კი ეძახიან. იქ ვინმე თუ ბრაზდება თვლიან, რომ ასეთი ადამიანი სახეს კარგავს. ეს კი ძალიან დიდი ცოდვაა. აზიელი ხალხი ძალიან თბილები არიან.
ფრანგები არ მიყვარს. თუ ფრანგია პირველი იმას მოემსახურებიან და თანაც თუ ინგლისურად დაელაპარაკები აუცილებლად გვიან მოგაქცევენ ყურადღებას.
– რაიმე კურიოზი მოგვიყევით მოგზაურობასთან დაკავშირებით.
– (ფიქრობს) მთელი ჩემი მოგზაურობა კურიოზია ხოლმე. ამ წუთას რაიმე კონკრეტული არ მახსენდება.
– ვიზებთან დაკავშირებით პრობლემები ხომ არ შეგქმნიათ?
– პრობლემას ნამდვილად არავინ არ მიქმნის იქიდან გამომდინარე, რომ ყველამ კარგად იცის არსად დამრჩენი არ ვარ.
გეტყვით, რომ შარშან მთელი ჩემი ქსელის თანამშრომლები ჩამოვიყანე საქართველოში და დავათვალიერებინე. წავიყვანე სვანეთშიც.
სამშობლოს მონატრების გრძნობა ყოველთვის მაქვს ხოლმე სადაც არ უნდა ვიყო. მშობლები, მეგობები ყოველთვის ძალიან მენატრებიან.
– მოგზაურობის გარდა გაქვთ კიდევ სხვა ჰობი?
– კი. მოგზაურობის გარდა ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ცურვა. ოთხივე სტილის ცურვას პროფესიონალურად ვფლობ. ყოველი დღის დასასრულს მივდივარ აუზზე და სამ საათს ვატარებ.
– სად გეგმავთ კიდევ მოგზაურობას?
– ჩამოწერილი მაქვს 2013-14 წლის სია, სადაც უნდა ვიმოგზაურო. ესენია: კენია, იაპონია, სამხრეთ აფრიკა, პორტუგალია, პაპუანიუგვინეა, ეგვიპტე, ნეპალი, არგენტინა, ბრაზილია, კანადა, ტაივანი, კორეა და ა.შ.