სხვა ოჯახური ღალატი - გახდომის საუკეთესო საშუალება 2013, 4 მარტი, 16:42 ჭარბი წონა კაცობრიობის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად ითვლება. შემუშავებულია უამრავი დიეტა, ვარჯიშების კომპლექსი თუ ფსიქოლოგიური ტრენინგი ამ პრობლემის გადასაჭრელად. თუმცა, თუ ბრიტანელ მეცნიერებს დავუჯერებთ, გამოსავალი უმარტივესია - ღალატი.
ბირმინგემის უნივერსიტეტის (University of Birmingham) სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევა, ალბათ საზოგადოებრივი მორალის დამცველთა რისხვას გამოიწვევს, თუმცა შესაძლოა სიმსუქნის პრობლემა წარმატებით გადაჭრას. კვლევის პროცესში მეცნიერები აკვირდებოდნენ სხვადასხვა ასაკის 3000-ზე მეტ ადამიანს და ახდენდნენ მათი წონის ცვლილების შეჯერებას ოჯახური ღალატის ფაქტებთან. აღმოჩნდა - რაც უფრო ხშირად ღალატობს ადამიანი პარტნიორს, მით უფრო სწრაფად იკლებს წონაში. ციფრებში ეს ასე გამოიყურება: ექსპერიმენტში მონაწილე მამაკაცების 50 და ქალების 62 პროცენტი მუდმივად ფიქრობენ "ლევი" დროსტარებაზე (არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ საქართველოში მოღალატეთა თანაფარდობა აშკარად კაცების მხარეს იქნებოდა გადახრილი). ამასთან, მოღალატე კაცები თვეში საშუალოდ 2.7 კგ იკლებენ, მაშინ როდესაც მსუბუქი ყოფაქცევის ქალების შედეგი ბევრად უფრო "შთამბეჭდავია" - საშუალოდ 4.5 კგ თვეში. კვლევის ავტორები ასეთ შედეგებს ფსიქოლოგიური ფაქტორებითა და ჰორმონალური ცვლილებებით ხსნიან. მოღალატე ადამიანი მუდმივი სტრესის ქვეშ იმყოფება, რაც იწვევს ჰორმონ კორტიზოლის შემცველობის ზრდას სისხლში. ამასთანავე, ამ დროს შეინიშნება არტერიული წნევის ზრდა, გულისცემის გახშირება და ჰორმონ სეროტონინის (კმაყოფილებისა და სიხარულის ჰორმონი) გაძლიერებული გამოყოფა, რაც ჯამში იძლევა ცხიმოვანი უჯრედების წვის ეფექტს და ადამიანი წონაში კლებულობს. თითქოს წამალი ნაპოვნია, რომ არა ფლორენციის უნივერსიტეტის (University of Florence) მეცნიერთა კვლევა, რომლის თანახმადაც მოღალატეებს ბევრად მეტი შანსი აქვთ მიოკარდის ინფარქტი "გაიჩალიჩონ". ძირითადი მიზეზი, გაგეცინებათ და იგივეა, რაც წონის დაკლებას უწყობს ხელს - უკლებლივ ყველა მოღალატე, ცნობიერად თუ არაცნობიერად, განიცდის სინდისის ქეჯნას და მასთან დაკავშირებულ დისკომფორტს. ასე რომ, სანამ ამ მეთოდის გამოყენებაზე იფიქრებს ვინმე, რისკებიც შეაფასოს. თუ გიღირთ, კი ბატონო!! 437 4-ს მოსწონს
|