x
image
მატასი
ერთ დღეს
image




















ერთ ქალაქში სადაც უკვე მრავალი წელი ცხოვრება მშვიდად მიედინებოდა და ყველა მცხოვრები ასე თუ ისე კმაყოფილი იყო საკუთარი ერთფეროვანი, მაგრამ მყუდრო სიამტკბილობით, უცნაური ამბავი მოხდა. ის, რასაც არავინ ელოდა და ღამის ყველაზე ფანტასტიკურ სიზმრებშიც კი ვერ წარმოედგინათ. მოვლენებმა, რომლებიც მაშინ განვითარდა, ხალხზე სხვადასხვაგვარად იმოქმედა, ზოგი შეშინდა, ზოგი აღშფოთდა, ზოგი გაკვირდა, ამ დღის ისტორიასაც განსხვავებულად ყვებოდნენ მომავალში.


ენდისა და ჰოლის ისტორია


ენდი და ჰოლი, ცოლ-ქმარი, ლურჯსახურავიან სახლში, რომ ცხოვრობდნენ იმ დილითაც ჩვეულებრივად ადგნენ 8 -ის ნახევარზე, ჰოლი ბლინებს აკეთებდა საუზმისათვის, ენდი კი ბაღში გასულიყო და ყვავილებს რწყავდა, კვირა დღე იყო და სამსახურშიც არ იყო წასასვლელი. საუზმემ მშვიდობიანად ჩაიარა და წყვილმაც დივანზე გადაინაცვლა ტელევიზორის საყურებლად. მათი საყვარელი გადაცემა - ''ჩიტი და ნამცეცები'' 11 საათზე დაიწყო და 12-ზე დასრულდა, ამის შემდეგ გადაწყვიტეს ეზოში გასულიყვნენ და მზეც მიფიცხებოდნენ, თან მანგოს წვენს წრუპავდნენ და ახალმოტანილ გაზეთებს კითხულობდნენ. უღრუბლო და კრიალა ცას მზე სხივებით აყვითლებდა, ჰაერში ყვავილების ტკბილი სურნელი ტრიალებდა.


ერთი წამის შემდეგ კი ყველაფერმა შეცვლა დაიწყო, ცა უცნაურ, მუქ ფერებად დაიჩრდილა, მზე თითქოს დაპატარავდა და გაფერმკრთალდა ბინდბუნდში. ცაზე პატარა მანათობელი წერტილები გამოჩნდა და ნელა დაიწყო ძირს ჩამოსვლა, ცოლ-ქმრის თქმით, მანათობელი წერტილები მღეროდნენ კიდეც და მუსიკას გამოსცემდნენ, ისინი კი შეშინდნენ და სახლში გადაწყვიტეს დამალვა, მაგრამ როცა შიგნით შევიდნენ ელდა ეცათ, რადგან ყველაფერი, მთელი ავეჯი და სხვა ნივთები ნელ-ნელა პატარავდებოდნენ და მალე სულ გაქრებოდნენ, ამ დროს სახლმაც დაპატარავება დაიწყო და მათ ისევ გარეთ მოუწიათ გაქცევა, სანამ დრო ჰქონდათ. შემდეგ ყვებოდნენ, როგორ უყურებდნენ საკუთარი სახლის გაქრობას, გაოგნებულები და გაშეშებულები. მომღერალი, მანათობელი წერტილები კი მათ ირგვლივ ტრიალებდნენ და თითქოს უქრობდნენ ყოველგვარი დარდის, შიშისა და სევდის საბაბს.

კევინისა და კოდის ისტორია


იმ დღეს კევინი და კოდი ჩვეულებრივ სახელოსნოში იყვნენ და მანქანის შეკეთებას ცდილობდნენ, კვირა იყო და პირველ საათამდე აპირებდნენ მორჩენილი სამუშაოს დამთავრებას. კევინი წუწუნებდა გასაპარსს წვერზე და გულში ანგარიშობდა რამდენი ფული დაეხარჯებოდა დღეს კეიტთან პაემანზე. კოდი კი მოშიებული იყო და დედამისის გამოტანებულ, ჭრაჭუნა ქაღალდში გახვეულ ქათმის ღვეზელს სინჯავდა ჯიბეში. როგორც ისინი ყვებიან, სამუშაოს საცა იყო ასრულებდნენ, რომ ტყლაპუნის უხეში ხმები მოესმათ, გარეთ რომ გამოვიდნენ პატარა, წითლად შეღებილი, ნახევრადშიშველი არსებები დაინახეს, ადამიანებს რომ ჰგავდნენ. უცნაური არსებები ფეხების ტყლაპუნით დადიოდნენ და დახტოდნენ, ირგვლივ კი წითელ საღებავებს ისროდნენ და ხმამაღლა ყიჟინობდნენ. კევინი და კოდი გაქცევას აპირებდნენ, მაგრამ ვერ მოასწრეს, ისინი დაიჭირეს და აიძულეს მათაც ესროლათ წითელი საღებავები და თავადაც შეღებილიყვნენ, ბოლოს ამ საქმიანობამ ორივე გაახალისა.


0
39
6-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0