x
მეტი
  • 04.07.2024
  • სტატია:135765
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510148
იტალია არჩევანის ზღვარზე

image24 და 25 თებერვალს, ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩენილი იტალიის 43 მილიონამდე მოქალაქე ახალი პარლამენტის ორივე პალატას, დეპუტატთა საბჭოსა და სენატს აირჩევს. არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, მან შეიძლება სერიოზული ცვლილებები განაპირობოს არა მხოლოდ შიდა სახალმწიფოებრივ დონეზე, არამედ მთელი ევროპის მასშტაბითაც.
ქვეყანა დეპუტატთა საბჭოს დასაკომპლექტებლად 26 ოლქადაა დაყოფილი, სენატის წევრთა შერჩევა კი 20 რეგიონიდან ხდება. საარჩევნო კანონი პროპორციული კენჭისყრის სისტემას გულისხმობს. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში მოხვერდის შანსი მხოლოდ პარტიულ სიებში ჩაწერილ კანდიდატებს აქვთ.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იტალია მრავალპარტიულ, პლურალისტურ დემოკრატიად ჩამოყალიბდა. თითქმის ყველა არჩევნების შედეგად, პარლამენტში მოხვედრას გამორჩეულად მცირერიცხოვანი ჯგუფებიც ახერხებდნენ. ამგვარი ტრადიცია დღემდე შენარჩუნებულია. კენჭისყრაში მონაწილეობას 200-ზე მეტი პოლიტიკური გაერთიანება აპირებს. რამდენიმე ათეული დაჯგუფება აუცილებლად მოხვდება კიდეც იტალიის მთავარ პოლიტიკურ ფორუმზე.
წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას რამდენიმე ძლიერი პარტიული ბანაკი გამოიკვეთა. განვიხილოთ თითოეული მათგანის შესაძლებლობები მოახლოვებულ პოლიტიკურ დაპირისპირებაში.
გამოკითხვებში ლიდერობს ფართო მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი „იტალია. საერთო სიკეთე“, რომლის შემადგენლობაში რამდენიმე გავლენიანი ორგანიზაცია ირიცხება. მათ შორის გახლავთ იტალიურ პოლიტიკაში უცვლელ აქტორად დამკვიდრებული „დემოკრატიული პარტია“, რომელიც დემოკრატიული სოციალიზმის იდეების მიმდევართა გარდა, მემარცხენე კათოლიკეთა მნიშვნელოვან ჯგუფებსაც აერთიანებს. ამავე ბლოკში მოწინავე პოზიციებს იკავებს აპულიის რეგიონის პრეზიდენტის, ნიჩი ვენდოლას ირგვლივ ჩამოყალიბებული ეკოსოციალისტური კოალიცია „მემარცხენე ეკოლოგიური თავისუფლება“. „იტალია. საერთო სიკეთის“ დამფუძნებელთა შორის არიან სოციალისტური და ცენტრისტული დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებიც.
გასულ წელს, დემოკრატიული პარტიისა და მემარცხენე გაერთიანებათა წევრებმა საერთო შიდა არჩევნები ჩაატარეს და პრემიერ-მინისტრობის ერთიანი კანდიდატის ვინაობა გამოავლინეს. ბლოკის ლიდერის სტატუსი ფლორენციის ახალგაზრდა მერთან, მატეო რენზისთან დაპირისპირებაში, 61 წლის პიერ ლუიჯი ბერსანიმ მოიპოვა.
ბერსანი პიაჩენცას პროვინციაში დაიბადა, აქვე დაიწყო თავისი მრავალწლიანი და მრავალფეროვანი პოლიტიკური კარიერაც. თავდაპირველად, იგი იტალიის კომუნისტური პარტიის წევრი გახლდათ, რომელსაც მოგვიანებით „მემარცხენე დემოკრატების“ სახელი ეწოდა. ბოლონიის უნივერსიტეტის ფილოსოფოსის აკადემიური ხარისხის მოპოვების შემდეგ, იგი მალევე აირჩიეს საკუთარი რეგიონის - ემილიო-რომანიას წარმომადგენლობით საბჭოში. 80-იანი წლების მიწურულს იგი რეგიონის ვიცე-პრეზიდენტიც გახდა. 1993-96 წლებში ეკავა ემილიო-რომანიას პრეზიდენტის თანამდებობა. 1996 წელს, ბერსანი მემარცხენე-ცენტრისტულ მინისტრთა კაბინეტში მიიწვიეს და მრეწველობის სამინისტროს პორტფელი ჩააბარეს. 1999 წლიდან მან ტრანსპორტის მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა. 2004-06 წლების პერიოდში მისი მოღვაწეობის მთავარი არენა ევროპარლამენტი გახლდათ. 2006 წელს, იტალიის პრემიერად არჩეულმა რომანო პროდიმ პიაჩენცელი პოლიტიკოსი ეკონომიკის მინისტრად დანიშნა. ბერლუსკონის ხელისუფლებააში დაბრუნებისთანავე, ბერსანი ოპოზიციის გამოკვეთილ ლიდერად ჩამოყალიბდა.
ნაწინასწარმეტყველებული პირველი ადგილის მოპოვების შემთხვევაშიც, მემარცხენეები ვერ შეძლებენ მთავრობის ერთპიროვნულად ჩამოყალიბებას. სავარაუდოდ, უმრავლესობის მოსაპოვებლად მათ დამატებითი პარტნიორების მოძიება დასჭირდებათ.
„იტალია. საერთო სიკეთის“ უმთავრესი ოპონენტი მემარჯვენე-ცენტრისტული გაერთიანება გახლავთ, რომელიც სილვიო ბერლუსკონის პარტიის, „თავისუფალი ხალხის“ ირგვლივაა შემოკრებილი. „თავისუფალი ხალხი“ გამოკვეთილად მემარჯვენე, ლიბერალური კონსერვატიზმის მიმდევარ ორგანიზაციად მიიჩნევა. ექს-პრემიერის ბლოკში ირიცხებიან ფედერალისტური მიმართულების, რეგიონალიზმის მომხრე უძლიერესი პარტიებიც: იტალიის რიგ პროვინციებში ძალიან პოპულარული „ჩრდილოეთის ლიგა“ და პოპულისტური „დიდი სამხრეთი“.
მემარჯვენეთა ლიდერი 76 წლის მულტიმილიონერი, სკანდელებით მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული სილვიო ბერლუსკონი გახლავთ. იგი მეოთხეჯერ ცდილობს იტალიის მთავრობის მეთაურის პოსტის მოპოვებას. პირველად, საფეხბურთო კლუბ „მილანის“ თანამფლობელი პრემიერ-მინისტრად 1994 წელს აირჩიეს. სოციალისტთა ხანგრძლივი მმართველობის შემდეგ, საუკუნის დასაწყისში მან დიდი ხნით მოახერხა ხელისუფლების სათავეში დაბრუნება. 2006 წელს, იგი კვლავ გადაირჩიეს, თუმცა მხოლოდ 2 წლით. 2008-11 წლებშიც, ბერლუსკონი მთავარი იტალიელი პოლიტიკოსი იყო.
2010 წელს, მსოფლიოს ეკონომიკურმა კრიზისმა უკიდურეს ზღავრს მიაღწია იტალიაშიც. ფინანსური სირთულებიის გადაუჭრელობისა და საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, პარლამენტმა ხელისუფლება ტექნოკრატებს, არაპროფესიონალ პოლიტიკოსებს გადასცა. მთავრობის მეთაურად საერთაშორისო რანგის ცნობილი ეკონომისტი, მარიო მონტი აირჩიეს. რამდენიმე თვის წინ, იგი გადადგა და ცენტრისტულ კოალიციას „მონტისთან ერთად, იტალიისთვის“ ჩაუდგა სათავეში.
69 წლის მარიო მონტის ტრენტოს სასწავლებლის, ტურინის უმაღლესი სკოლისა და იელის უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტები აქვს დამთავრებული. იგი გახლდათ ნობელიანტი ჯეიმს ტობინის სტუდენტიც. წლების განმავლობაში იყო მილანის ბოკონის უნივერსიტეტის რექტორი, ხელმძღვანელობდა არაერთ სამეცნიერო-კვლევით და აკადემიურ პროგრამას. 1995-99 წლებში ეკავა შიდა ბაზრის, მომსახურეობისა და დაბეგვრის ევროკომისრის თანამდებობა. მოგვიანებით დანიშნეს კონკურენციის საკითხებში ევროკომისრად.
ტექნოკრატის კოალიციაში შედის „ცენტრისტული კავშირი“, იტალიის მთავარი ქრისტიან-დემოკრატიული ძალა. ამასთანავე, მონტის მხარდამჭერათა შორის არიან კონსერვატიული „მომავალი და თავისუფლების“ წარმომადგენლები, რეგიონალური პარტიებიდან კი, ცნობილი ეკონომისტის გვერდით აღმოჩნდნენ „ტრენტინოს კავშირის“ წევრები.
ცენტრისტებს არჩევნებში გამარჯვების მინიმალური შანსი აქვთ. ისინი, სავარაუდოდ, მესამე ადგილის დასაკავებლად იბრძოლებენ.
უკანასკნელ ხანებში, იტალიის პოლიტიკურ ველზე ძალიან გაძლიერდა საპროტესტო ინტერნეტ-მოძრაობა „5 ვარსკვლავი“, რომელიც პირდაპირი დემოკრატიის მეთოდთა ნაწილს ემხრობა და განწყობილია ევროსკეპტიკურად. მოძრაობა პოპულისტური მოწოდებებითაც გამოირჩევა. მისი წევრები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ ყველა ყოფილი მთავრობის კორუფციულ მოქმედებებზე და მათი აღმოფხვრის დაპირებით გამოდიან. „5 ვარსკვლავს“ ხელმძღვანელობს ცნობილი კომიკოსი, მსახიობი და რეიტინგული ბლოგერი, 1948 წელს დაბადებული ბეპე გრილო.
უცნაურ პოლიტიკური ჯგუფი სოციოლოგიურ გამოკითხვებში სოლიდურ შედეგებს აჩვენებს. დაახლოვებით 16%-იანი მხარდაჭერით, გრილოს მოძრაობა მესამე აგილს იკავებს და რამდენიმე ნიშნულით უსწრებს მონტის გაერთიანებას.
არჩევნებში მონაწილე დანარჩენ პარტიებს შორის შეიძლება გამოვარჩიოთ რადიკალ მემარცხენეთა, კომუნისტთა და ეკოლოგისტთა ალიანსი „სამოქალაქო რევოლუცია“, ლიბერტარიანული კავშირი „შევარჩეროთ ეკოლნომიკური ვარდნა“, მუშათა ტროცკისტული პარტია და ნეოფაშისტური „ახალი ძალა“.
არჩევნების შედეგების გამოქვეყნებისთანავე, ალბათ, ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება. ხელისუფლების სათავეში მოსვლის შესაძლებლობა ყველა ძირითად პოლიტიკურ ძალას აქვს.

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:საარჩევნო მიმოხილვა
საარჩევნო მიმოხილვა
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0