x
ვაჟა-ფშაველას აფორიზმები და გამონათქვამები 1 ნაწილი.
ვაჟა-ფშაველა1. ადამიანი იმით ფასდება,

აზრს ვინ ატარებს რამდნად ფრთიანსა.

(”საასპარეზოდ მოგვცა უფალმა”)

2.ადამიანის ფიქრის ერთი საქებული თვისება - მოვლენათა მიზეზების ძიებაა. (”ფიქრები”)


3.ადამიანის გონება ყველას და ყველაფრის დაბერებას შეურიგდება, ხოლო სიბერე ერისა საშინელებაა. (”ზოგი რამ ფიქრებიდან”)

4. ადვილ ვერ იცნობ ვაჟკაცსა

მის ვაჟკაცური რჯულითა.

(”ალუდა ქეთელაური”)

5. ადვილ ნუ იტყვით ვაჟკაცზე

არ კარგიაო, იმასა.

(”ალუდა ქეთელაური”)

6. ავი დატანჯე და დაამონე,

კეთილის მქნელსა შეასხი ფრთები.

(” სვინიდისი”)

7. ავი კაცის პურ-მარილიც მოსარიდებელია დაცნობა-მეგობრობაც.

(”თიანეთური ფელეტონი”)

8.ავსა და კარგსა კაცისას

როდი ივიწყებს სოფელი. (”საახალწლო”)

9.აზრი სწორი და შრომა მედგარი,

ბედნიერების მოსაპოვებლად

ერთი სახსარი მხოლოდ ეგ არი. (”წვეთი და ლოდი”)

10. აზრის წარმოთქმა რომელიმე საგანზე თვით საგნის შეუსწავლელად და შეუგნებლად მხოლოდ რეგვენს ადამიანს შეუძლია.

(”ცოტა რამ ჩვენი ცხოვრების ავ კარგისა”)

11.აზრი დარბაისელი, დიდად გამოცდილი, დინჯი მოხუცია; ყველაფერს სარგებლობის, სიმართლისა და ჭეშმარიტების თვალით უცქერის, საბოლოოდ რა გამოვა და რა არა. (”წერილები მეგობართან”)

12.აზრსაც იმის მიხედვით აქვს ბაზარი და გასავალი, რამდენადაც მტკიცე და შეუპოვარნი არიან მისი მტვირთველნი, რამდენიც მეტი წამებული ჰყავს. ყველა რჯულის აზრი, სოციალური თუ საწმუნოებრივი, იმის მიხედვით იმარჯვებს, თუ რამდენად ნიადაგი აქვს განხორციელებისა და რამდენად თავგამოდებულნი მომხრენი ჰყვანან. (”წერილები მეგობართან”)

13.ათი ათას სჯობს მტრედს, კაკაბს,

მარტო არწივის თვალები. (”მთათა ერთობა”)

14.ათას ცოცხალსა ბევჯელა

ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია. (”ხმელი წიფელი”)

15.ათასი რამე მოხდება

სიცოცხლით კაცის თავზედა. ("ერთი სიყვარულის ამბავი")

16.ათისა და ოცის კაცის ავაზაკობა ისე ვერ დააზიანებს ერის ცხოვრებას, როგორც სხვაგვარი ავაზაკობა ათასისა და ორი ათასისა, - პირველთ ადვილად ვიშორებთ თავიდან, ავაზაკებს ვეძახით, ვსდევნით, როგორც ცოფიან ძაღლებს, ვეტევებით თოფით და ხმლით, მოსაკლავად არა ვზოგავთ, ხოლო მეორე ჯულის ავაზაკებს ვძმობილობთ და ვემოყვრებით. ("თიანეთური ფელეტონი")

17.აკვანი და კუბო და-ძმანი არიან: ვიბადებით აკვანში გვაწვენენ "ნანას" გვეუბნებიან, ვიხოცებით - კუბოში ჩაგვდებენ და ქნაობით (იგივე რწევით) მივყავართ სასაფლაოსკენ. ("გაბრიელის დღიური")

18. ან უსამშობლომ, კაცმა ბოგანომ,

რა იცის, რაა სამშობლოს ტრფობა?! ("საასპარეზოდ მოგვცა უფალმა")

19.ან უშურველი კარგად ვინ ვიცნოთ,

თუ კი არ იყო შური და მტრობა? ("საასპარეზოდ მოგვცა უფალმა")

20.რა არის ამაოება ბუნების მოქმედება, არც კაცის ხელით და ტვინის შრომა. ("გაბრიელის დღიური")

0
4968
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ზერო
ზერო
4968
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0