x
image
ჟანა გოგინაშვილი
რატომ შეიძინა ,,კომედი შოუმ" პოლიტიკური ელფერი?!

imageაქამდე ალბათ არ დაკვირვებულხართ თუ რამდენად დიდ ზეგავლენას ახდენს იუმორისტული ტიპის გადაცემები ადამიანის ცნობიერებაზე. ისინი პოლიტიკოსებსა თუ სხვა სფეროს წარმომადგენლებზე შეფარვითა თუ პირდაპირ გვიტოვებენ შთაბეჭდილებას ხან დადებითს და ხანაც უარყოფითს.
ე.წ. კომედიური შოუების პროპაგანდისტულ მეთოდებზე საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი _ არჩილ გამზარდია გვესაუბრება.


– მინდა შევნიშნო ის, რომ რამდენიმე დღის წინ იყო მედია კვლევის პრეზენტაცია, რომელიც ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩაატარა და გამოიკვლია მაყურებელთა პრიორიტეტები. რაც უნდა გასაკვირი იყოს, აღნიშნულმა კვლევამ მაყურებელთან პრიორიტეტების ასახვის კუთხით ყველაზე ეფექტური შედეგი “რუსთავი 2-მა" აჩვენა. კვლევის მწარმოებლებს მე ერთი შეკითხვა დავუსვი – საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებს ასახავდა ყველაზე ეფექტურად აღნიშნული ტელეკომპანია თუ პირიქით, საზოგადოებრივი ინტერესი მხოლოდ მას შემდგომ ჩნდებოდა, “რაც რუსთავი 2" წარმოადგენდა ინტერესთა სივრცეს. პასუხი სრულიად გამოსაცნობი აღმოჩნდა, მაყურებლისათვის პრიორიტეტული თემები მხოლოდ მოვლენების გაშუქების შემდეგ ჩნდებოდა და არა პირიქით, მედია საშუალება ახდენდა მაყურებლისათვის საინტერესო თემების გაშუქებას.
ეს არის ცნობილი მეთოდი პროპაგანდისტიკაში, მედია თავისი არსით განიხილება, როგორც გამტარი საინფორმაციო არხი დაინტერესებული წყაროებისა და არა თვითმყოფადი საშუალება, კიდევ უფრო მარტივი ენით რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს იმას, რომ რუსთავი 2 უფრო ეფექტურად ქმნის პროპაგანდისტიკაში კარგად ცნობილ საზომს - ე.წ. "საახალამბო მოვლენას."
"საახალამბო მოვლენით მანიპულირება" - ეს არის ეფექტურად და საზოგადოებრივ სისუსტეებზე კარგად მორგებული ხელოვნურად შექმნილი საინფორმაციო სპექტრი, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანთა არა რაციონალურ საწყისებზე - არამედ ირაციონალურზე, საამისოდ სხვადასხვა მეთოდით მიეწოდება მაყურებელს ე.წ. ინფორმაცია, რომლის გათვლაც იმაშია, რომ მაყურებელი დაუცველია რაციონალურ დონეზე, შესაბამისად დაგეშილი ინფორმაცია მიეწოდება არა მის გონებას განსჯისათვის, არამედ განსჯის გარეშე ჯდება მაყურებლის ტვინში.
თანამედროვე მედია არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც მხოლოდ მოვლენის ამსახველი საშუალება, არამედ ის არსებობს როგორც საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი საშუალება. აქ დიდ მონაწილეობას იღებს არა მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებები, არამედ სრული პროგრამული ბადე, მათ შორის ე.წ. იუმორისტული გადაცემები, რომლებსაც განსაკუთრებული როლიც აქვს და არა ნაკლები საინფორმაციო გამოშვებების პროპაგანდისა. ეს არის მესიჯთა ანუ შეტყობინებათა მთელი სისტემა, რომელიც რიგით მაყურებელზე მოქმედებს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის არაპირდაპირად და ახდენს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას.
ამგვარი ტექნიკით შექმნილი სტერეოტიპები ადამიანის კონტროლს არ ექვემდებარება, ის ჩნდება ადამიანში და სხვა შეტყობინებათა სივრცეს ქმნის შემდგომ. ალბათ დააკვირდებოდით `კომედი შოუს~ ბოლო გადაცემებს. მათი ძველ სკეტჩებს მხოლოდ იშვიათად ჰქონდა საქმე რაიმე პოლიტიკურ მოვლენებთან და ძირითადად მხატვრულ რეალობაზე იყო აგებული.
– ახლა რა შეიცვალა?
– ახლა ის შეიცვალა, რომ მათი მხატვრული რეალობა მკვეთრად პოლიტიზირებული გახდა. გადაცემის თითქმის ყველა სკეტჩი არის პოლიტიკური შეტყობინებების ნაკრები პირდაპირ ან ირიბი ფორმით, კიდევ უფრო პოლიტიზირებული გახდა “ვანოს შოუ”, ის თითქმის სრულად იქცა პროპაგანდისტულ გადაცემად. ამ შემთხვევაში კომუნიკაციის ეფექტურობა კიდევ უფრო დიდია, თუკი ნებისმიერ სხვა გადაცემას თავისებური ვალდებულება ეკისრება, რომ ახსნას ესა თუ ის საკითხი, რომელიც გამოითქმება გადაცემაში, ამ ე.წ. იუმორისტულ გადაცემებს მსგავსი ვალდებულებები არ ეკისრება და ინფორმაციის მიმღები ამ პროპაგანდისტული ინფორმაციის ტყვეობაში აღმოჩნდება ხოლმე, ამასთან, ეს არის ძალიან ლამაზად შეფუთული და მაყურებლისათვის მიმზიდველი ფორმებით მოწოდებული.
საინფორმაციო ან პოლიტიკური გადაცემების ნახვის დროს ადამიანი გადასულია რაციონალურ საზომში, ის თითქოსდა წინასწარ ცდილობს გარკვეული თავდაცვითი მექანიზმი ჩართოს და ისე მოუსმინოს ამგვარ გადაცემებს, ხოლო ე.წ. იუმორისტული გადაცემების დროს მაყურებელი მოდუნებულია და მისი აღქმის სივრცე გათავისუფლებული, ისე, რომ მზა ფონია შექმნილი პროპაგანდისტული შეტყობინებების შეგონებისა მაყურებელში.
– როგორ ფიქრობთ, რატომ გააქტიურდა კომედი შოუში პოლიტიკური ტიპის მესიჯები?
– ჩვენ შეგვიძლია დავსვათ შეკითხვა _ იმის ფონზე, რომ არჩევნების შემდგომი რელობის გათვალისწინებით, არაერთი გადაცემა არხისათვის “ზედმეტი ხარჯი" გახდა, ხოლო, რაზეც აქცენტები კეთდება, მას ასე ვთქვათ განსაკუთრებული ფუნქცია აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პოლიტიკური კომუნიკაციების კუთხით, ჩნდება შეკითხვა, რა ფუნქცია უნდა ჰქონდეთ ამგვარ იუმორისტულ გადაცემებს დარჩენილი; ბუნებრივია, რომ დარჩენილი გადაცემების ფუნქციაა მოსახლეობას პროპაგანდა კიდევ უფრო მკვეთრად კონცენტრირებული ფორმითა და ოდენობით მიაწოდოს. ყველა სხვა ტელევიზიისგან განსხვავებით “რუსთავი 2" პროპაგანდისტულად “კარგად" დამუშავებულ გადაცემებს აწვდის მაყურებელს. მეორადი და ასე ვთქვათ, თუნდაც სრულიად უშინაარსო ინფორმაციაც კი გათვლილია, თუ როგორ უნდა იყოს მიწოდებული მაყურებლისათვის და რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ამგვარ საინფორმაციო ნაკადებს სხვადასხვა გადაცემებიდან. ეს ტელევიზია ამ ფუნქციას დღემდე ინარჩუნებს. აღსანიშნავია ერთი ფაქტიც. მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბრამდე არსებულ იმედს განსაკუთრებულად ჰქონდა პროპაგანდისტული, თანაც საკმაოდ პრიმიტიული პროპაგანდის შინაარსი, ე.წ. იუმორისტული გადაცემები შედარებით მაინც უფრო გვერდით იყო გაწეული პირდაპირი პოლიტიკური პროპაგანდისგან, თუნდაც ოთარ ტატიშვილის შოუ ამის ნაკლებ ინტერესს გამოხატავდა.
პროპაგანდისტული მეთოდები ძირითადად თავს იყრის იქ, სადაც საზოგადოებრივი ცნობიერებისა და განათლების დონე სუსტია და განსჯისა და რაციონალობის ხარისხი მცირეა. ასეთ ფონზე მოქალაქეებს საკმაოდ ნიჭიერად შეფუთულ პროპაგანდას ისე გვაწვდიან, რომ გონზე ვერ მოვდივართ. იუმორის პოლიტიკა ეს არის მაღალი რანგის პროპაგანდის პოლიტიკა. ის მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია და დიდი ხანია არსებობს, მაგალითად ჯერ კიდევ 19-20 საუკუნის ამერიკაში ამერიკულ პროპაგანდას აქტიურად ებრძოდა ცნობილი მწერალი მარკ ტვენი. ის მთელი ცხოვრება ცდილობდა ემხილა ამერიკა სიყალბეში. ამტკიცებდა, რომ მედიას შეუძლია ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე. მის ერთ-ერთ მოთხრობაში აღწერილია ერთი ახალგაზრდა ადამიანის შესახებ, თუ როგორ შექმნა გმირად ამერიკულმა მედიამ და საზოგადოებამ არარაობა და შემდეგ რაღაცის არ მოწონების გამო როგორ ჩაქოლა მედიამაც და შესაბამისად საზოგადოებამ, ისე, რომ ჯერ გამილიონერებულ ამერიკელ გმირს შიმშილით სიკვდილი დაემუქრა. უნდა შევნიშნოთ, რომ განა ამ პიროვნებაში რაიმე შეიცვალა. არა. უბრალოდ მედიამ უზრუნველყო ამ ადამიანისადმი საზოგადოების განწყობის შექმნა და მართვა.
ჩვენთანაც ცდილობენ იუმორით შექმნან მდგომარეობა ისე, რომ იმის იქითაც ნაბიჯი ვერ გადავდგათ. რა უნდა მოგვეწონოს ან რა – არა, ეს ხშირად ჩვენზე პროვოცირებული პროცესია. ისე, რომ ამგვარი პროპაგანდის წყალობით ჩვენი ქმედება ხდება არა `ჩვენეული და თავისუფალი~, არამედ მედიის მიერ უზრუნველყოფილი, ხოლო ჩვენ კი ინსტრუმენტები და ტექნიკური შემსრულებლები ვრჩებით.
ახლა თუ დავაკვირდებით “ვანოს შოუს
"ბოლო რამდენიმე გადაცემას ვნახავთ, რომ თუ არის ვინმე ნაციონალური მოძრაობის წევრი, მათდამი იუმორი არის სრულიად განსხვავებული, ხოლო ქართული ოცნების წევრის მიმართ სრულიად სხვა. ამ პოლიტიკით გაჯერებული შეტყობინებები კი ჩვენში ირიბი გზით მკვიდრდება და ხშირად ჩვენი შეხედულებებისა და შეფასებების მიმართულებას განსაზღვრავს. მაგალითად, გავიხსენოდ `კომედი შოუს~ ერთ-ერთი ბოლო პერიოდის სკეტჩი. შინაარსი არის ასეთი. შვილი ციხიდან ბრუნდება და სოციალურად გაჭირვებული ოჯახის სივრცეში გარკვეული სიტუაცია თამაშდება. სხვადასხვა სასაცილო მომენტებს შორის ამ პერსონაჟის, ე.წ. ყოფილი პატიმრის მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ციხეში გვქონდა საჭმელიც, მოსასვენებელი ადგილიც და სხვა ტიპის ისეთი კომფორტიც, რომელიც რიგითი სოციუმის წევრისთვისაც კი საოცნებო ხდება. სიტუაცია იხატება ისე, რომ საბოლოდ მეორე გმირმა გადაწყვიტა მეზობელი გალახოს, რათა თვითონაც მოხვდეს ციხეში ანუ უკეთეს რეალობაში, ვიდრე თავად ცხოვრობს. ამასობაში ჩნდება საზოგადოებრივი სტერეოტიპების მთელი წყებაც და ამ გადაცემის მთელი რიგი სიუჟეტები სწორედ ამგვარ კონცეფციაზეა აგებული.
გახსოვთ ალბათ იყო ასეთი გადაცემა “დარდუბალა" და სერიალი “ჩვენი ეზო". ედუარდ შევარდნაძე დღემდე აღიარებს, რომ ხსენებულ გადაცემებს ვერ იტანდა. ამ გადაცემის მიზანი შევარდნაძის რეპუტაციის მაქსიმალური შემცირება იყო. საბოლოოდ, სიტუაცია იქითკენ წავიდა, რომ მაშინდელი პრეზიდენტის აღქმა სერიოზულად თითქმის არავის შეეძლო, მის სახეში ყველა ხედავდა მულტსერუალის პერსონაჟს და არა პრეზიდენტს.
როგორია ამგვარი იუმორის პოლიტიკა? – მაგალითად, ხშირად სპეციალისტები ამბობენ ხოლმე, რომ შალვა ნათელაშვილის მიერ ხშირად ხდებოდა რეალური ინფორმაციის გავრცელება, თუმცა მისი პიროვნება იმდენად იყო გაშარჟებული, რომ რაც უნდა სიმართლე ეთქვა, მრავალი მოქალაქე ირონიულად ეკიდებოდა ამ ინფორმაცია. კულუარებში იმაზეც ლაპარაკობდნენ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, ინფორმაცია, რომლის შეკავებასაც სპეცსამსახურები ვეღარ ახერხებდნენ, განგებ გადაეცემოდა შალვა ნათელაშვილს, რადგან მისი მხრიდან გახმაურების შემდეგ საზოგადოება ბევრად ნაკლებად იჯერებდა ინფორმაციის რეალურობას.
ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი ფაქტორი პოლიტიკოსისთვის საზოგადოების მხრიდან ნდობის დაკარგვაა. შეიძლება ეწინააღმდეგებოდე და არ ეთანხმებოდე, მაგრამ პატივისცემის გრძნობა და სერიოზული განწყობა გქონდეს მისდამი. ამგვარ პირობებში კი ეს სივრცე დარღვეულია და ინფორმაციის გავრცელებიდან დაწყებული ინფორმაციის ზემოქმედების ჩათვლით პროცესი სრულიად მართულია.
– თქვენ ამბობთ, რომ კომედიური გადაცემები საზოგადოებას აწონებენ ან არ აწონებენ ამა თუ იმ პოლიტიკოსს?
– კი ასეა. გავიხსენოთ, 2003 წლის რევოლუციიდან მალევე შალვა რამიშვილმა “დარდუბალას
"გაგრძელება გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის ყველა მიმიკა ნაჩვენები იყო ისეთი პათოსით, რასაც მანამდე საზოგადოება არ უკვირდებოდა, ამ გადაცემის შემდგომ უკვე გაშარჟდა მისი ნატურა. შექმნილი იყო პრეზიდენტის ისეთი ტიპი, რომელიც შინაგანად ვერ შემდგარი პიროვნებისა და დიქტატორის, მანიებით სავსე სუბიექტის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
საინტერესოა ე.წ. პაროდიების საკითხებიც, მაგალითად, პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ რამდენიმე პაროდისტი გვყავს, მათ შორისაა, ვთქვათ, მამუკა ლომაშვილი (“იუმორინა") და გიორგი აფციაური (“კომედი შოუ"). აქაც განსხვავებული სიტუაციაა. თუ დააკვირდებით “კომედი შოუს" განსახიერებულ პრეზიდენტს, ის ყოველთვის გამარჯვებული და ძლიერია ანუ სწორედ ისეთი, როგორიც ამ გადაცემის პოლიტიკითაა განპირობებული.
რა განსხვავებაა კლასიკურ პაროდიასა და პროპააგნდისტულ პაროდიას შორის? კლასიკურ პაროდია არ არის გათვლილი პოლიტიკურ მიზნებზე, მისი ფუნქცია განმუხტვაა. მეტიც, კლასიკურ პაროდიაში არ შეიძლება დაზარალდეს ორიგინალის იმიჯი, ხოლო პროპაგანდისტულ პაროდიაში კი პირიქითაა, ის სწორედ ორიგინალის ანუ რეალური პიროვნების იმიჯის მართვაზეა გამიზნული.
კიდევ შეგვიძლია დავასახელოთ რამდენიმე მაგალითი თანამედროვე პროპაგანდისტული სატირისა, მაგალითად, “ვანოს შოუ" და “როგორი-ხადურის" საკითხი, ან თუნდაც პარლამენტარ ზაქარია ქუცნაშვილის თემატური ინტერესიანობა გადაცემის წამყვანისათვის. ჩვენ, შესაძლებელია ზაქარია ქუცნაშვილს ვუყურებდით, მაგრამ მისი ვარცხნილობა არ გვხდებოდა თვალში, მაგრამ როგორც კი გააშარჟა იუმორისტულმა გადაცემებმა, მაყურებლისთვისაც სიცილის მომგვრელი გახდა არა მხოლოდ მისი ვარცხნილობა, გარკვეულწილად მისი პიროვნებაც კი. ასევე ხდებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის შემთხვევაშიც. ინტერნეტში ხშირად გავრცელებული კადრები მიხეილ სააკაშვილის ცხვირზე ხელის მოსმის ფორმასთან დაკავშირებით, რომელიც გაშარჟების მიზეზი ხშირად გამხდარა მისი ოპონენტებისაგან, ასევე გარკვეული წილი იყო მისი იმიჯის მიმართ საზოგადოებრივი განწყობის მართვისა.
უნდა შევნიშნოთ, რომ პროცესი მით უფრო საგანგაშოა, რაც უფრო მდარე დონეში გადადის. არ შეიძლება განხილვის საგანი გახდეს ის, თუ როგორ დაისველა ენით ტუჩი პრეზიდენტმა. ამას ნებისმიერი ჩვენგანი აკეთეთებს დაღლილობის დროს. ეს ყველაფერი არის მახინჯი პაროდია, რომლის მიზანია დაცინვის გზით ადამიანებზე ზემოქმედება.
არსებობს გაშარჟების ორი ვარიანტი. როცა ამ ხერხით ადამიანები აზროვნებას იწყებენ. და პირიქით _ კარგავენ. გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი?". მაშინ იუმორს იყენებდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ ემხილებინათ და საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ რეალობა. ამის შედეგი კი იყო ის, რომ ადამიანი აზროვნებას იწყებდა. ახლა ამ `იუმორის~ შედეგი არის ის, რომ ადამიანი აზროვნებას კარგავს. რასაც მიაწვდის ტელევიზია - იმას იღებს მაყურებელი ფაქტად.
– გასართობ შოუებზე რას იტყვით?
– მაგალითად “ნანუკას შოუ" სხვა ჭრილში უნდა განვიხილოთ. მას ყავდა ძლიერი სპონსორები და აკეთებდა ე.წ. აპოლიტიკურ შოუს და შეიძლება ითქვას, თავისთვის ერთობოდა. ამ გადაცემაში უზარმაზარი თანხები იხარჯებოდა. რაც შეეხება “პროფილს". ამ გადაცემას შეგნებითა და აზროვნებით ყველაზე უვიცმა ადამიანმაც კი გაუსწრო. თუმცა ორივე გადაცემა ცდილობდა ასე ვთქვათ ზომბირება მოეხდინა მაყურებლებისა, გადაეტანა ყურადღება აქტუალურიდან მეორეხარისხოვან საკითხებზე. ამას გარდა, ორივე გადაცემა ცდილობდა შეექმნა ე.წ. ფსევდობომონდიზმი, ისე, რომ ამ ასე ვთქვათ “გაპაპსავებული" ადამიანების სახით ხელისუფლება იღებდა მზა ინსტრუმენტებს, რომელსაც საჭიროებისამებრ მოუხმობდა მხარდამჭერი აქციების დროს, განსაკუთრებით კი არჩევნების პერიოდში.
– ახალ ხელისუფლებაზე რას იტყვით, შეიცვლება “უმორისტული პროპაგანდა"?
– როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა და ზოგი გადაცემა დაიხურა და ა.შ ზოგიერთი შოუ უცვლელად დარჩა ტავისი პროპაგანდისტული მიზნების გამო, მაგალითად, “ვანოს შოუ" უცვლელად დარჩა. მას ამოფარებული აქვს ნიღაბი და ცდილობს შეინარჩუნოს `დემოკრატიის შუქურის~ იმიჯი. ცხადია, ამგვარი მესიჯები არ არის გაუაზრებლად ნათქვამი. პირიქით. ამ ნათქვამს იმით ამყარებს, რომ ხან პრეზიდენტზე იტყვის რაღაცას, ხან პოლიტიკოსზე და ა.შ.
როგორი ტენდენცია იქნება ცოტა ძნელია ახლა ამაზე საუბარი. აუცილებლად უნდა შეიქმნას სამოქალაქო ინსტიტუტები, რადგან საზოგადოების განათლებისა და მოვლენების სწორად შეფასების დონე იყოს მაღალი.
– და ბოლოს, როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება, რას ურჩევდით მათ?
– პირველ რიგში გამოსავლის ერთი ნაწილია ის, რომ აუცილებელია ასეთი ტიპის ინფორმაციები სწორად მივიღოთ, რათა ჩვენზე ზემოქმედება არ იყოს ძალიან ადვილი, ჩვენ კი მეტ-ნაკლებად ვფილტროთ მაინც ამგვარი ინფორმაცია. მეორე მხრივ, მედიასაშუალებები, რომლებიც ცდილობენ მედიის კლასიკური როლის მორგებას, აქტიურად უნდა იმუშაონ ასეთ საკითხებზე. ახლა რასაც თქვენ აკეთებთ ეს უნდა იყოს მასობრივი. უნდა გავაძლიეროდ ჩვენი ფსიქოლოგიური დაცვის ფორმები. ასეთი შოუების გასავლიანობა არ უნდა მოხდეს. არ მიიღონ ადამიანებმა ის იუმორი, რომელიც მათ წინააღმდეგ არის მიმართული. რაც უფრო ძლიერია საზოგადოება, მით მეტად აკონტროლებს მედიას.

1
963
9-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
963
  
2013, 9 თებერვალი, 13:55
სტატია კარგია ამიტომ ლაიქი, მაგრამ არ ვეთანხმები. სტატიის მიხედვით გამოვიდა რომ, ვანოს შოუს და საერთოდ რუსთავი 2-ს თუ უყურებ სააკაშვილი და მისი პარტია მოგეწონება, ხოლო 9 არხს და ვასიკოს (დამავიწყდა რა გვარია) იუმორისტულ გადაცემას მაშინ, ივანიშვილი და მისი პარტია. ჩემი აზრით კი ხალხი რომელი პოლიტიკური პარტიის მიმართაც არის სიმპათიით განწყობილი, იმ არხს უყურებს. თუ სააკაშვილი მოსწონს ვასიკოს იუმორისტულ გადაცემას ვერ უყურებს და პირიქით. ატარონ ახლა პრობაგანდა. რასაც ამბობებ ჩემს გულში თუ არ ჯდება, რა ძალა მადგას იმ არხს რომ ვუყურო? ავდგები და იმ არხზე გადავრთავ სადაც გულს მიფონებენ:) თუ არ გინდა ვერავინ, ვერაფერს, ვერ ჩაგიჭედავს ტვინში:)
0 1 1