x
image
ჟანა გოგინაშვილი
როგორი გოგოები მოსწონს ,,ახალი ხმის" ფინალისტ სანდრო ქადაგიძეს

imageმოგეხსენებათ მუსიკალურ პროექტ “ახალი ხმის" ერთ-ერთი ფინალისტი სანდრო ქადაგიძეა. თავად არ ეჯერა, რომ ამ კონკურსზე ოთხ საუკეთესო მონაწილეთა შორის მოხვდებოდა. “ახალ ხმამდე" სანდრო სხვადასხვა მუსიკალურ პროექტებში იღებდა მონაწილეობას. ის თავად გვესაუბრება საკუთარ წარსულზე, მომავალსა და პირად ცხოვრებაზე.


– ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. ადრეული ასაკიდან ვმღერი. ათი წლიდან, ხუთი წლის განმავლობაში თამრიკო ჭოხონელიძესთან დავდიოდი სიმღერაზე. მან ძალიან ბევრი რამ მასწავლა. მასწავლა ის თუ როგორ უნდა ჩავდო სიმღერაში სული და მსმენელამდე ისე მივიტანო. ამისთვის დიდი მადლობა მას. შემდგომ უკვე კერძო მასწავლებლებთან გავაგრძელე სიმღერაზე სიარული და დღესაც დავდივარ.
ფრანგულ სკოლაში ვსწავლობდი. გამოვდიოდი სხვადასხვა ღონისძიებებსა და კონსკურსებზე. ხშირად ამიღია პირველი ადგილი.
იმას ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობიდან სცენაზე ვდგავარ და ა.შ. თუმცა თამრიკოს კონცერტებზე ბევრჯერ მიმღერია. მის შვილთან _ მარიამთან ერთადაც.
გეტყვით იმასაც, რომ ერთი წლის წინ, ბედობა დღეს დამირეკა სიონის ტაძრის მგალობელი გუნდის ხელმძღვანელმა ლაშა ზაალიშვილმა. მას ჩემს მიერ შესრულებული ქართული სიმღერა მოუსმენია და მოწონებია. შემომთავაზა, რომ მივსულიყავი სიონში და მეგალობა. ასეც მოვიქეცი. ვცდილობ ხშირად ვიარო ტაძარში. დავდივართ ხოლმე პატრიარქთანაც. ეს ფაქტი კი ძალიან მახარებს.
– “ახალ ხმამდე" მიიღე მონაწილეობა ქართულ მუსიკალურ პროექტებში?
– “ჯეოსტარზე" ვცადე ბედი, თუმცა ვერ მოვხვდი 12 საუკეთესოს შორის. ამის შემდგომ აღარ მქონდა ხალისი იმისა, რომ სხვა რომელიმე კონკურსზე გავსულიყავი. ვიფიქრე, რომ სანამ კარგად არ დავიხვეწები არ გავალ არსად მეთქი.
დათო არჩვაძემ გააკეთა გოგი დოლიძის საღამო, სადაც მე და ჩემი ოჯახიც ვესწრებოდით. დათო მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ მემღერა. მისივე აკომპანიმენტით შევასრულე სიმღერა. ისე მოხდა, რომ დამსწრე საზოგადოებას ჩემი ნამღერი მოეწონა. აღნიშნულ საღამოს პროექტ “ნუცას სკოლის" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შემომთავაზეს, რომ ქასთინგზე მივსულიყავი. “ნუცას სკოლაში" მოვხვდი და ფინალშიც გავედი. ეს პროექტი ჩემთვის პირველი ფეხის ნაბიჯები იყო მუსიკალურ კარიერაში. ერთგვარი სტრესიც იყო ეს პროექტი ჩემთვის. თვეების მანძილზე პირდაპირ ეთერში ყოფნა ძალიან ძნელი ყოფილა. რომ დამთავრდა ეს პროექტი სულ გართობასა და დალევაზე გადავერთე იმდენად დაღლილი ვიყავი.
– შენი ოჯახის წევრები მღერიან?
– მამაჩემი, ბაბუაჩემი და ბებიაჩემი მღერიან. დედის მხრიდან კი მხატვრები არიან. ერთი ძმა მყავს პატარა. კარტინგებში საქართველოს ჩემპიონი. სმენა აქვს, თუმცა არ მღერის. სპორტით არის გატაცებული.
მინდა გითხრათ, რომ ძალიან სერიოზულად მივყვებოდი ფეხბურთს. სამწუხაროდ თვალებზე მაქვს პრობლემა და მითხრეს, რომ არ შეიძლებოდა გაგრძელება. აქედან გამომდინარე მშობლებმა აღარ გამაგრძელებინეს. ცურვაზეც დავდიოდი. სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი, ბოლო სამი წლის გამოკლებით. (იცინის) დამამთავრებელ ეტაპზე ძალიან ვიზარმაცე.
– სხვა რაიმე პროფესიას ხომ არ ეუფლები? სწავლობ სადმეს?
– გეპეიში, არქიტექტურულზე ვსწავლობ. რომ ვაბარებდი, ზუსტად არ ვიცოდი რა მინდოდა. ვხატავდი და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე არქიტექტურულზე ჩამებარებინა. მათემატიკური აზროვნებაც მქონდა. სიმართლე გითხრათ, სწავლით თავს არ ვიკლავ. ვფიქრობ, რომ თავიდან ჩავაბარო კონსერვატორიაში. გაგიმხელთ, რომ ძალიან ზარმაცი ვარ. საერთოდ არაფერს არ ვაპირებდი. ვმღეროდი, ჩავაბარე კიდეც უნივერსიტეტში, მაგრამ კონკრეტულად არ ვიცოდი რა მინდოდა ცხოვრებაში. გაურკვევლობაში ვიყავი.
გარდატეხის ასაკში, როდესაც სიმღერა შევწყვიტე ბილიარდს ვთამაშობდი. ამან ერთი პერიოდი ძალიან სერიოზულად გამიტაცა. `ახალმა ხმამ~ დამანახა ის, თუ რა უნდა გავაკეთო მომავალში. ჩემი თავი მაპოვნინა. ახლა მხოლოდ სიმღერაზე ვფიქრობ. ეს კიდევ მერაბ სეფაშვილის, რუსა მორჩილაძის, რუსა ბახტაძისა და ქეთი გაბისიანის დამსახურებაა. ამ ადამიანების წყალობით მე სიმღერას დავუბრუნდი.
სულ ბამბობ იმას, რომ მანამ, სანამ კიდევ კარგად არ დავიხვეწები არ ჩავწერ სიმღერას. ეს იმიტომ, რომ მინდა, როდესაც სიმღერას ჩავწერ ხალხმა მოუსმინოს და კიდევ თავიდან გადაახვიოს. სიამოვნებას ვანიჭებდე ჩემს მსმენელს.
– რატომ გადაწყვიტე “ახალ ხმაში" მონაწილეობის მიღება? რამ მოგხიბლა ამ პროექტში? მითხარი, რომ სიმღერას არც ისე სერიოზულად უყურებდი.
– საერთოდ არ ვაპირებდი მონაწილეობის მიღებას. მანამ, სანამ საქართველოში დაიწყებოდა ნანახი მქონდა უცხოური “ხმა" და ძალიან მომწონდა. პირველ რიგში ის, რომ არ აფასებენ ვისუალს, მხოლოდ ხმა ფასდება.
უცებ ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ “ახალი ხმის" ქასთინგი დაიწყო საქართველოშიო. დავრეგისტრირდი მეც. სიმართლე გითხრათ არც ველოდი საერთოდ თუ გავიდოდი რომელიმე ტურში. თავდაპირველად 7000 მსურველი იყო ამ პროექტში მონაწილეობის მიღებისა. შემდგომ უკვე 300 შერჩეული კონკურსანტის მონაცემი გადაიგზავნა ჰოლანდიაში და იქ ვინც მოეწონებოდათ იმას გაიყვანდნენ შემდგომ უკვე “ბრმა ქასთინგზე". მან მოიწონა 101 კაცი.
“ბრმა ქასთინგის" დროს ძალიან ვნერვიულობდი. ამ დროს როგორც იცით მერაბი შემომიბრუნდა. ძალიან მინდოდა მისი არჩევა. ყველა, რომ შემობრუნებულიყო მაინც მერაბს ავირჩევდი.
“რინგის" ტურში ჩემს ძმაკაცს, გიორგი კობაიძეს შევხვდი. გიორგი ძალიან კარგად მღერის. შანსები იყო 50/50-ზე. სიმღერა, რომელიც ვიმღერე იმდენად ბევრჯერ მქონდა მანამდე ნამღერი, რომ ძალიან მობეზრებული მქონდა. რეპეტიციებზე იმდენად კარგად ვერ ვასრულებდი, როგორც “რინგზე" შევასრულე. ეს მერაბმაც აღნიშნა. “რინგზე" დოგმას ისეთი “მუღამი" ჰქონდა, რომ ძალიან დიდი ემოცია დავინახე ჩემს თავში. აქედან გამომდინარე მერაბმა ალბათ რაღაც სხვა დაინახა ჩემში და ამიტომაც გადამიყვანა მე.
– მერაბმა რა როლი შეასრულა იმაში, რომ შენ ფინალში მოხვდი?
– მერაბმა ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ მე ფინალში მოვხვდი. პირველ რიგში თავისი ძმაკაცური დამოკიდებულებითა და გვერდში დგომით. სხვა გუნდში არ ვიცი როგორ იყო, მაგრამ ჩვენთან რა სიმღერაც უნდოდა რომ ემღერა მონაწილეს და რაც ჩვენი გულიდან მოდიოდა იმას ვმღეროდით. საბოლოო ჯამში ვასრულებდით იმას, რაც ჩვენც ძალიან მოგვწონდა და მწვრთნელსაც.
– ფინალში მოხვდი. ვინ დაგიდგა გვერდში, მეგობრები, ოჯახი... ვინ გიმესიჯებდა?
– ნამდვილად არ მეგონა ფინალამდე თუ მივიდოდი. ზოგადად ვფიქრობ, რომ მაქსიმუმზე უნდა იფიქრო თუ გინდა, რომ მინიმუმს მიაღწიო. სურვილი ნამდვილად მქონდა იმისა, რომ ფინალამდეც მიმეღწია და მომეგო კიდეც ეს პროექტი, მაგრამ რეალობად თუ იქცეოდა სურვილი ვერ წარმოვიდგენდი. ვიტყოდი, რომ გამიმართლა კიდეც. ამავდროულად ვიზრდებოდი კვირიდან კვირამდე და ამას მაყურებელი ხედავდა. უცხოური სიმღერის მღერა ამ პროექტში დავიწყე. აქამდე კი ქართულ სიმღერებს ვასრულებდი. დამეხმარნენ მეგობრებიც რა თქმა უნდა, ოჯახიც. ასევე ის ადამიანები ვისაც ჩემი სიმღერა მოეწონა. დიდი მადლობა მათ.
– მონაწილეებს შორის როგორი დამოკიდებულება იყო?
– ძალიან მეგობრული დამოკიდებულება იყო. ერთმანეთს ვამხნევებდით. გაგიკვირდებათ და ვეუბნებოდით, რომ შენ გადახვალ შემდეგ ტურში და ა.შ. ფინალში ყველა საკუთარ თავთან იბრძოდა. თავს დავდებ იმაზე, რომ მოგებაზე არავინ ორიენტირებული არ იყო. ყველას გვქონდა იმის სურვილი, რომ კარგად გვემღერა. მგონი, რომ კარგი კონცერტი გამოვიდა.
– შეყვარებული გყავს? პროექტის მერე მოიმატა თაყვანისმცემლების რიცხვმა?
– შეყვარებული არ მყავს. ლამაზი გოგოები მომწონს როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად. ასევე ჭკვიანები და ღირსეულები. ისეთები, რომლებიც ქართულ ტრადიციებს პატივს სცემენ. მე ძალიან ტრადიციული და ეკლესიური ვარ. მოდის გულისთვის არ უნდა ვაკეთებდეთ რაღაცეებს. მაგალითად ბევრი ვიცი, ვინც ეკლესიაში მხოლოდ იმიტომ დადის, რომ მოდა თურმე ასეთი. ჩვენ თუ არ შევინახეთ ჩვენი ტრადიციები, მაშინ ეს ქვეყანა, ქვეყანა აღარ იქნება.
“ახალი ხმის" შემდეგ თაყვანისმცემლების რიცხვმა მოიმატა.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
– ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცი რას გავაკეთებ. კლიპის გადაღებასა და სიმღერის ჩაწერას არ ვაპირებ მანამ, სანამ კიდევ ბევრ რამეს არ ვისწავლი. ვნახოთ რა იქნება

0
126
1-ს მოსწონს
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0