x
ყაზახეთის რესპუბლიკის ზოგადი მიმოხილვა
image


ყაზახეთი არის ცენტრალური აზიის ქვეყანა და პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ-ერთი წარმომადგენელი. საბჭოთა პერიოდში, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების მხრივ ყაზახეთი დამოკიდებული იყო სსრკ-ზე. 1991 წელს მიღებულმა დამოუკიდებლობამ მას მიანიჭა სუვერენული სტატუსი, რომელმაც პირველ წლებში არეულობისა და არასტაბილურობის მდგომარეობამდე მიიყვანა. ყოფილი საბჭოთა სისტემის ყაზახეთი ეკონომიკის რესტრუქტურიზაციამდე შეუდგა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას. სტატიაში მოკლედ განხილულია ქვეყნის მდებარეობა, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა, ისტორიული განვითარების ეტაპები, ბუნებრივი პირობები, დემოგრაფია, ეკონომიკა, პოლიტიკური მდგომარეობა, გეოპოლიტიკა. ასევე ქვეყნის პერსპექტიულობა ეკონომიკის რესტრუქტურიზაციის შემდგომ.


ზოგადი ინფორმაცია:

imageimage


ფართობი - 2. 717. 000 კვ. კმ

დედაქალაქი - ასტანა

მოსახლეობა - 16.6 მლნ (2011 წლის მონაცემებით)

ოფიციალური ენა - ყაზახური

სახელმწიფო რელიგია - ისლამი (სუნიტური); ქრისტიანობა (მართლმადიდებლობა)

სახელმწიფო წყობა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა

სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი

ფულადი ერთეული - ყაზახური თენგე

ეროვნული დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე 27 აგვისტო (1991 წლიდან)


მდებარეობა

ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა განიხილება სამ გეოგრაფიულ დონეზე: მაკრო (მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე მდებარეობა), მეზო (კონტინენტზე მდებარეობა) და მიკრო (მეზობელი ქვეყნების მიმართ მდებარეობა) დონეზე.ყაზახეთის მაკრო მდებარეობის შეფასებისათვის მნიშვნელოვანი ყურადღება ენიჭება მის სიდიდეს. იგი ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა მსოფლიოში (ფართობის მიხედვით მსოფლიოში მე-9 ადგილზეა, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი - მე-2 ადილზე). განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება იმ ფაქტორს, რომ ყაზახეთს არ აქვს მსოფლიო ოკეანეში გასასვლელი. თუმცა მას აქვს შესაძლებლობა რუსეთის დახმარებით გავიდეს მსოფლიო ოკეანეში. ყაზახეთს ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე, რადგანაც ის ფაქტიურად არის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი.

ყაზახეთის ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა მეზო დონეზე
განისაზღვრება მისი ევრაზიის კონტინენტზე მდებარეობით.იგი

მდებარეობს ცენტრალური აზიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთით. წარმოადგენს ევრაზიის კონტინენტის გეოგრაფიულ ცენტრს. მდებარეობს ორ სასაათო სარტყელში. ყაზახეთის ტერიტორიის სიგრძე დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ აღემატება 3 000 კმ-ს, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ - 1 700 კმ-ს. ქვეყანას ფართო სავაჭრო კავშირები აქვს ევრაზიის კონტინენტის ქვეყნებთან. შუალედური მდებარეობა ევრაზიის კონტინენტზე, ქვეყანას მნიშვნელოვან სატრანსპორტო პოტენციალს უქმნის. ევროპა-აზიის ზღვარზე მდებარეობა და მისი ტერიტორიის სიდიდე რეგიონის გრძელვადიანი ენერგეტიკული თუ სავაჭრო განვითარების გეგმებში საკვანძო მნიშვნელობის ფაქტორს წარმოადგენს.

ქვეყნის მიკრო მდებარეობა კი წარმოდგენილია მისი მეზობელი
სახელმწიფოების მდებარეობით. ყაზახეთს ჩრდილოეთით და დასავლეთით ესაზღვრება რუსეთი, აღმოსავლეთით - ჩინეთი, სამხრეთით - ყირგიზეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი (ცენტრალური
აზიის ქვეყნები). ყაზახეთის ერთიანი კონტინენტური მასივის საზღვრების საერთო სიგრძე 12 000 კმ-ზე მეტია.

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა
ყაზახეთი ადმინისტრაციულად იყოფა 14 ოლქად და 3 ქალაქად:

ოლქი - მოსახლეობა - ფართობი - ცენტრი

აკმეჩეთი - 519.8 - 226 000 - ყზილ-ორდა
აკმოლა - 1006.8 - 92 000 - ასტანა
აქტობე - 595.2 - 300 600 - აქტობე
ალმატი - 2344.5 - 224 200 - ალმატი
ატირაუ - 383.5 - 118 600 - ატირაუ
დას. ყაზახეთი - 538.4 - 151 300 - ორალი
ყარაგანდი - 1230.3 - 428 000 - ყარაგანდა
კოსტანაი - 1309.8 - 225 700 - კოსტანაი
მანგიშთაუ - 276.2 - 156 600 - აქთაუ
სამხრ. ყაზახეთი - 1723.1 - 117 300 - შიმკენტი
პავლოდარი - 880.7 - 124 800 - პავლოდარი
აღმ. ყაზახეთი - 1334.4 - 283 300 - ოსკემენი
ჩრდ. ყაზახეთი - 1167.9 - 123 200 - პეტროპავლი
თარაზი - 857.7 - 144 300 - თარაზი

ისტორიული განვითარების ეტაპები
ყაზახეთის ტერიტორია 20 საუკუნეზე მეტს ითვლის. ჩვენს
წელთაღრიცხვამდე III-I საუკუნეებში გაჩნდა კანგიუსის სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი. VI-VIII სს-ის შუა პერიოდში კი შეიქმნა თურქთა სახანო, კარლუკების სახელმწიფო. IX-XII სს-ში ოგუზების, ყარახანიდების სახელმწიფო იქმნება. XI ს-ის დასაწყისსა და XIII ს-ში კიდანები და მონღოლ-თათრები შემოიჭრნენ. XV ს-ის დასასრულს წარმოიშვა ყაზახეთის სახანო, რომელიც ჟუზებად იყოფოდა. XVIII ს-ში უმცროსმა და საშუალო ჟუზებმა რუსეთის
ქვეშევრდომობა ნებაყოფლობით მიიღეს. უმცროსი ჟუზის შეერთებით XIX ს-ის 60-იან წლებში ყაზახეთის ყველა მიწა რუსეთის შემადგენლობაში შევიდა.
1917-1918 წლებში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება.
1920 წლის 16 აგვისტოს რსფსრ-ს შემადგენლობაში წარმოიქმნა ყირგიზეთის ასსრ, ხოლო 1925 წელს დაერქვა ყაზახეთის ასსრ. 1924-1925 წლებში შუა აზიის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი გამიჯვნის შედეგად, ყველა ყაზახური მიწა გაერთიანდა. 1936 წლის 5 დეკემბერს ყაზახეთი საკავშირო რესპუბლიკა გახდა სსრკ-ში.

ყაზახეთის სსრ-ს უმაღლესი საბჭოს მიერ 1990 წლის ოქტომბერში
მიღებულ იქნა რესპუბლიკის სუვერენიტეტის დეკლარაცია. 1991 წელს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოცხადდა და პრეზიდენტის თანამდებობა დაწესდა.

ბუნებრივი პირობები

ყაზახეთის ტერიტორია ვრცელდება ვოლგის შესართავიდან ალთაიმდე და დასავლეთ ციმბირის დაბლობიდან ტიან-შანამდე. სამხრეთ-აღმოსავლეთით ხან-თენგრის მთის მასივი. რელიეფი მრავალფეროვანია. გამოიყოფა რამდენიმე ლანდშაფტური ზონა: ტყე-სტეპი, სტეპი, ნახევარუდაბნო და უდაბნო. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი უჭირავს ობშჩისირტის სამხრეთ კიდეს და ურალისწინა პლატოს. მათგან სამხრეთით მდებარეობს ვრცელი კასპიისპირა დაბლობი, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შემოსაზღვრულია
ურალის სამხრეთი შტოქედებითა და მუღოჯარებით, ხოლო ამ უკანასკნელს ჩრდილო-აღმოსავლეთით ეკვრის თურღაის პლატო, რომელიც სამხრეთით გადადის თურანის დაბლობზე მდებარე ყიზილყუმის უდაბნოში. არალის ზღვის ჩრდილოეთით დიდი და პატარა ბარსუკებისა და არალისპირა ყარაყუმის ქვიშის მასივებია. რესპუბლიკის ცენტრალური ნაწილი უკავია წვრილგორაკებს,

რომლებიც სამხრეთით გადადიან ერთ-ერთ ყველაზე უწყლო ბეთფაქ-დალის უდაბნოში. კიდევ უფრო სამხრეთით გადაჭიმულია მუინყუმის ქვიშიანი მასივი, ხოლო აღმოსავლეთით მდებარეობს შვიდმდინარეთის ვრცელი მხარე (ასე უწოდებენ ბალხაშის ტბაში სამხრეთიდან შემდინარე 7 მდინარის გამო). ყაზახეთის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულია ალთაის სამხრეთ მთაგრეხილები, აგრეთვე საურის, თარბაღათაის, ჯუნღარის ალათაუს, ტიან-შანის ჩრდილოეთ და დასავლეთ ქედები.

რესპუბლიკის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს მანგიშლაყის ნახევარკუნძული, რომლის ჩრდილოეთ ნაწილში მლაშობი დაბლობია, ხოლო სამხრეთში ღრმა, გაუდინარი ღრმულები, რომელთა ფსკერი მსოფლიო ოკეანის დონეზე დაბლაა. მანგიშლაყის აღმოსავლეთით არის უსთიურთის უდაბნო-პლატო. ყაზახეთის ტერიტორია ძალიან შორს არის განლაგებული ოკეანიდან და გახსნილია ქარებისათვის დასავლეთიდან და ჩრდლიოეთიდან, რის შედეგადაც ქვეყანაში ყალიბდება მკვეთრად კონტინენტური ჰავა და არათანაბრად ნაწილდება ნალექები. ზამთარი ყაზახეთში ცივია და ჩრდილოეთში ხანგრძლივია, ხოლო სამხრეთში ზომიერად რბილია. ზაფხული მშრალია, ჩრდილოეთში თბილი, ცენტრში ძალიან თბილი, სამხრეთში ცხელი. ატმოსფერული ნალექები მცირეა, გარდა მთიანი რეგიონებისა. ყაზახეთის თითქმის მთლიანი ტერიტორიისათვის
დამახასიათებელია ძლიერი ქარები.მიუხედავად მშრალი კლიმატისა, ყაზახეთში არის ბევრი მდინარე და ტბა. სამი უმთავრესი მდინარე - ირტიში, ტობოლი და იშიმი - ჩაედინება ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში. ტბებიდან მნიშვნელოვანია: არალის, ბალხაშისა და ზაისანის ტბები.

სასარგებლო წიაღისეულის სიუხვითა და მრავალფეროვნებით
ყაზახეთი ერთ-ერთი უმდიდრესია პოსტსაბჭოთა სივრცეში. ქვეყნის დასავლეთით კასპიისპირა სინეკლიზის ფანეროზოური დროის სქელი წყებების ჭრილის შუა ნაწილში განლაგებულია 4-6 კმ სისქის მარილშემცვლელი შრეების სერია, რომელშიც მოქცეულია ქვამარილისა და კალიუმის მარილების ბუდობები. მარილის გუმბათების თაღსა და ფრთებთან დაკავშირებულია ნავთობისა და აირის საბადოები. ქვედა ცარცული პერიოდის ნალექები შეიცავს ფოსფორიტების საბადოებს. მუღოჯარები აგებულია კამბრიულისწინა და პალეოზოური პერიოდის წყებებით, რომლებთანაც დაკავშირებულია ქალკოპირიტის საბადოები. მუღოჯარებიდან აღმოსავლეთით და სამხრეთით პალეოზოური პერიოდის ფუნდამენტი ყაზახეთის მთელს ტერიტორიაზე ვრცელდება. თურღაის როფის ძირთან დაკავშირებულია მაგნეტიტური მადნების საბადოები. ცარცულ, პალეოგენურ და ნეოგენურ ნალექებში გვხვდება მურა რკინაქვის, მურა ნახშირისა და ბოქსიტების საბადოები. მანგიშლაყის დანაოჭებულ მეზოზოურ შრეებში ნავთობისა და აირის მდიდარი საბადოებია. ყაზახეთის დანაოჭებულ პალეოზოურ ფუნდამენტთან დაკავშირებულია სპილენძისა და პოლიმეტალების მრავალი დიდი საბადო. ოქროს საბადოები თავმოყრილია ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ყაზახეთში. ქვანახშირის მდიდარი საბადოებია
ყარაღანდისა და ექიბასთუზის აუზებში.

imageimageimage

დემოგრაფია
მიუხედავად დიდ ტერიტორიაზე მდებარეობისა, ყაზახეთი
მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ითვლება ერთ-ერთ

მცირერიცხოვან ქვეყნად მსოფლიოში. ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს 16.5 მლნ ადამიანს. ამ მაჩვენებლით მას 50-ე ადგილი უჭირავს
მსოფლიოში. რაც შეეხება ეროვნულ შემადგენლობას, მოსახლეობის თითქმის 48%-ს შეადგენენ ყაზახები, 34%-ს რუსები. ყაზახეთში ამავდროულად ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნებისა თუ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები (უკრაინელები - 800 ათასი, გერმანელები - 500 ათასი, უზბეკები - 400 ათასი, თათრები - 300 ათასი და სხვა).

მსოფლიოს 2 000 ეთნოსს შორის ყაზახებს უკავიათ 70-ე ადგილი. ამჟამად ყაზახეთში ცხოვრობს 8 მლნ ყაზახი (მკვიდრი მოსახლეობა). ყაზახები წარმოადგენენ ევროპეიდურ და მონღოლოიდურ რასას. მათი წინაპრები წარმოადგენენ თიურქულენოვანი და მონღოლური ტომების კავშირს, რომლებიც თანამედროვე ყაზახეთის ტერიტორიაზე დასახლდნენ ჩვ.წ. - მდე I ს-ში.

ჩვ.წ.-ის XV ს-ში ყაზახები ჩამოყალიბდნენ ცალკე ეთნიკურ

ჯგუფად, ხოლო XVI ს-ის შუა რიცხვებში ისინი იმყოფებოდნენ მათ მიერვე შექმნილი ერთიანი სახელმწიფოს ქვეშ. ევრაზიის კონტინენტზე ყაზახები არიან ერთ-ერთი კულტურული

ცივილიზაციის შთამომავლები, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს კაცობრიობის ისტორიაში. გასული საუკუნიდან ცენტრალური რუსეთიდან ყაზახეთში დიდი რაოდენობით გადმოსახლდნენ რუსები. მათი უმრავლესობა გადმოვიდა გასული საუკუნის 30-იან და 50-60-იან წლებში ინდუსტრიული ბაზის შესაქმნელად და ხელუხლებელი მიწების ამაღლებისათვის.

მოსახლეობის ურბანიზაციის მიხედვით, ყაზახეთი ყველაზე
ურბანიზებული რესპუბლიკაა ცენტრალურ აზიაში. ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 56% ქალაქის მოსახლეობად ითვლება, 44% კი სოფლის მცხოვრებია. ყაზახეთის ყველაზე ურბანიზებული ნაწილია სამხრეთი: ალმა-ატაში ცხოვრობს ყველაზე მეტი ადამიანი (დაახლოებით 1.5 მლნ ადამიანი). მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ყველაზე დიდი ქალაქებია: ასტანა, შიმკენტი, ყარაგანდა,
თარაზი, უსტ-კამენოგორსკი, პავლოდარი.

რაც შეეხება მოსახლეობის ზრდის ტემპებს, ამ მხრივ ქვეყანაში
რთული მდგომარეობაა. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, საგრძნობლად შენელდა მოსახლეობის ზრდის ტემპი. ეს აიხსნება ერთის მხრივ, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ქვეყნიდან
გადინებით (ანუ უარყოფითი საგარეო მიგრაციის სალდო), მეორეს მხრივ, შობადობის შემცირებით, რაც გამოწვეულია მოსახლეობის ცხოვრების დონის შედარებით გაუმჯობესებით და მოსახლეობის
სწრაფვით დასავლური ფასეულობებისაკენ. ამაზე მიუთითებს მომსახურეობის სფეროში დასაქმებულთა ხვედრითი წილიც (60%). დაწყებული 1988 წლიდან, ეკონომიკურ და საერთო კრიზისთან დაკავშირებით, დემოგრაფიული სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა: შემცირდა შობადობა და გაიზარდა სიკვდილიანობა. შობადობის მაჩვენებელი 1988-95 წლებში 25.5 პრომილედან 17 პრომილემდე შემცირდა, ხოლო სიკვდილიანობა გაიზარდა 7.5 პრომილედან 10 პრომილემდე. უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში საგარეო მიგრაციების უარყოფითმა სალდომ 1 მლნ ადამიანს გადააჭარბა.

ყაზახეთის ოფიციალური ენა არის ყაზახური. იგი მიეკუთვნება
ალთაურ ენათა ოჯახის თურქული ენების ჯგუფს. ენათესავება უზბეკურს, ყირგიზულს, თურქმენულსა და თურქულს. საბჭოთა კავშირის დაშლამდე, სახლემწიფო ენა ფაქტიურად იყო რუსული.
1991 წელს მიღებული კანონის თანახმად, რუსული და ყაზახური ენები თანაბაროფიციალურ და თანაბარმნიშვნელოვნად გამოცხადდა, თუმცა რუსული დარჩა სწავლების მთავარ ენად. ხოლო 1995 წლის კონსტიტუციის თანახმად, ერთადერთ სახელმწიფო ენად გამოცხადდა ყაზახური ენა. რუსულს კი მიენიჭა ინტერეთნიკური კომუნიკაციის
სტატუსი. ის ასევე გამოიყენება სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, საერთაშორისო საუბრებისათვის და ფართოდაა გავრცელებული საქალაქო დასახლებებში. სასოფლო დასახლებებში
ძირითადად ყაზახურ ენაზე საუბრობენ. რაც შეეხება ანბანს, 1940 წლიდან კირილიცას ანბანი გამოიყენება (მანამდე ლათინური ანბანი გამოიყენებოდა). ყაზახეთში მცხოვრები ეროვნული უმცირესობები თავიანთ ეროვნულ ენებზე და ადგილობრივ დიალექტებზე საუბრობენ. ყაზახური ენის გამოყენება საგრძნობლად შემცირდა და ამჟამად ქალაქის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ცუდად ფლობს მშობლიურ ენას.

ყაზახეთის რელიგიურ მდგომარეობას რაც შეეხება, ყაზახები
ტრადიციულად არიან სუნიტური ისლამის მიმდევრები, ხოლო ყაზახეთში მცხოვრები რუსები მართლმადიდებლები არიან.

ეკონომიკა

ეკონომიკის განვითარების შესახებ - ყაზახეთის სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა შუა აზიის რეგიონის ეკონომიკური საქმიანობის 60%-ს შეიცავს. ყაზახეთის რესპუბლიკა მდიდარია მინერალური რესურსებით, დიდი სამეურნეო დანიშნულების მიწებით, კვალიფიციური პერსონალით. მას გააჩნია მნიშვნელოვანი სამრეწველო პოტენციალი. დღესდღეობით, ქვეყანაში განვითარებულია საბაზრო ეკონომიკა, რომელიც ემყარება არა სახემწიფო, არამედ კერძო საკუთრებას, თავისუფალ არჩევანს,
კონკურენციას და თავისუფლებას, როგორც სახელმწიფო

ხელისუფლებისაგან, ასევე ძველი ჩვევებისა და ტრადიციებისაგან. გასული ათწლეულის მანძილზე ყაზახეთში შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 10-ჯერ გაიზარდა. შედეგად, ყაზახეთს მეზობელი შუა აზიური სახელმწიფოები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან და ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკური განვითარების დონეს

მიუახლოვდა. ქვეყნისათვის ეკონომიკური ზრდის მთავარი წყარო არის დიდი პოტენციალის მქონე რესურსების ექსპლუატაცია. ბოლო 15 წლის განმავლობაში, ენერგეტიკის განვითარებაში 100 მლრდ დოლარის დაბანდების შემდეგ, ყაზახეთის მთავრობა შემდეგი ათწლეულის მანძილზე მსგავსი ინვესტიციის გაღებას აპირებს. იმ შემთხვევაში, თუ ყაზახეთმა შემდეგი ათწლეულის მანძილზე ნავთობის წარმოების გაორმაგებას მიაღწია, ქვეყანა მსოფლიოს ათი უმსხვილესი ნავთობის მწარმოებელი სახელმწიფოების ექსკლუზიურ კლუბს შეუერთდება. ინვესტორებმა კი იციან, რომ დღეს ყაზახეტი
საიმედო პარტნიორია, გააჩნიათ სტაბილურობის გარანტია და ქვეყანა უზრუნველყოფს ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობას. ამჟამად, ყაზახეთი, მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, ეკუთვნის საშუალო
შემოსავლების მქონე ქვეყანათა ჯგუფს. ქვეყანაში მკვეთრად გაუმჯობესდა ცხოვრების ხარისხი, გაიზარდა საშუალო ფულადი შემოსავალი, საშუალო თვიური ხელფასი, საარსებო მინიმუმი, საშუალო თვიური პენსია. ყოველივე ეს მიუთითებს ყაზახეთის ეკონომიკის განვითარების პროგრესზე.
ფინანსური სისტემა - ყაზახეთის ფინანსური სისტემა აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და ეს დადასტურებულია
წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების მიერ. ის პირველია დსთ-ს ქვეყნებს შორის, რომელმაც განახორციელა საპენსიო რეფორმები (1998 წელს). ასევე, პირველია დსთ-ს ქვეყნებს შორის, რომელმაც შექმნა ეროვნული ფონდი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ქვყნის მდგრადი სოციალური და ეკონომიკური განვითარება, ასევე შეამციროს დამოკიდებულება უარყოფით საგარეო ფაქტორებზე.

ეკონომიკური გეოგრაფია - ყაზახეთი შედგება 5 მსხვილი ეკონომიკური რეგიონისაგან:

I.ჩრდილოეთ ნაწილში განვითარებულია მემარცვლეობა, რკინის მადნისა და ქვანახშირის მოპოვება, მანქანათმშენებლობა,
ნავთობპროდუქტებისა და ფეროშენადნობების წარმოება, ენერგეტიკა.

II.აღმოსავლეთ ყაზახეთში დომინირებს ფერადი მეტალურგია, ენერგეტიკა, მანქანათმშენებლობა და სატყეო მეურნეობა.

III.დასავლეთ ყაზახეთი ნავთობისა და გაზის უმსხვილესი რეგიონია არა მარტო ყაზახეთში, არამედ დსთ-ში.

IV.ცენტრალურ ყაზახეთში მთავარი დარგებია შავი და ფერადი მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, მეცხოველეობა.

V.სამხრეთ ყაზახეთში იწარმოება ბამბა, ბრინჯი, მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული, ყურძენი. განვითარებულია ფერადი

მეტალურგია, ხელსაწყოების დამუშავება, მსუბუქი და კვების მრეწველობა, მეთევზეობა და სატყეო მეურნეობა.

მრეწველობის განსახლებები მოთავსებულია საბადოებთან, დიდ ქალაქებთან და წყლის რესურსებთან სიახლოვეს. სამთო მრეწველობის მაღალმა კონცენტრაციამ განაპირობა გარემოს დეგრადაცია, რაც განსაკუთრებით დამახასიათებელია აღმოსავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ყაზახეთის ქალაქებისათვის.
საგარეო ვაჭრობა - ქვეყნის საგარეო ვაჭრობის ხვედრითი წილი დიდია ტრადიციულ პარტნიორებზე, დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე. მათ ანგარიშზე მოდის დაახლოებით ექსპორტის 59% და იმპორტის 63%-მდე. ამავე დროს, მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩება რუსეთი. ყაზახეთი წარმატებით ავითარებს სავაჭრო ურთიერთობებს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა: გერმანია, თურქეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, იტალია, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, სამხ. კორეა და სხვა. 2010 წლის ივლისში დაიწყო მოქმედება საბაჟო კავშირმა
რუსეთს, ბელარუსიასა და ყაზახეთს შორის. ეს კავშირი ხელს შეუწყობს და სტიმულაციას მისცემს ეკონომიკურ განვითარებას, ასევე უზრუნველყოფს დამატებით შემოსავლებს. ქვეყნის ექსპორტის სტრუქტურა ასეთია:
ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 35%
ფერადი ლითონები - 17%
რკინის მადანი - 12%
მარცვლეული კულტურები - 9%
სხვა - 11%
რაც შეეხება იმპორტს, მტავარი იმპორტირებული პროდუქცია არის ტექნიკური მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალებები, ქიმიური ნაწარმი, მინერალური საწვავი, საკვები პროდუქტები, სამრეწველო
და სამომხმარებლო საქონელი.
სოფლის მეურნეობა - სოფლის მეურნეობა ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია. მარცვლეულის წარმოების მიხედვით ყაზახეთს დსთ-ს ქვეყნებს შორის მესამე ადგილი უჭირავს რუსეთისა და უკრაინის შემდეგ. ყაზახეთის ჩრდილოეთ ნაწილში მოჰყავთ საგაზაფხულო ხორბალი, შვრია, ქერი და სხვა მარცვლეული, ასევე
მოჰყავთ მზესუმზირა, სელი. განვითარებულია მებოსტნეობა და მებაღჩეობა. დასავლეთი ცნობილია თავისი მცენარეული კულტურებით: სიმინდი, ბოსტნეული, მზესუმზირა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები. 2009 წელს ურალში გეგმავდნენ მზესუმზრისი ზეთის მწარმოებელი ქარხნის აშენებას. ეს შეავსებდა დეფიციტს რეგიონში. რესპუბლიკის სამხრეთ ნაწილში ხელოვნური სარწყავი იძლევა მაღალი შემოსავლის მომტან ბამბას, შაქრის ჭარხალს, თამბაქოს, ლეღვს. ამ ნაწილში ასევე განვითარებულია სამებაღეო საქმიანობა.
ყაზახეთის ბუნებრივი პირობები, მისი მრავალფეროვნება
წარმოადგენს მნიშვნელოვან პოტენციალს მეცხოველეობის

განვითარებისთვის. ყაზახეთში ტრადიციულად განვითარებულია ცხვრის მოშენება, ცხენის, აქლემის და მსხვილფეხა რქოსანი

პირუტყვის მოშენება.

მრეწველობა - ყაზახეთში მრეწველობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. განვითარებულია მანქანათმშენებლობა, შავი და ფერადი მეტალურგია, ქიმიური მრეწველობა, სამშენებლო მასალების დამზადება.

მანქანათმშენებლობის ხვედრითი წილი მთლიანი სამრეწველო
პროდუქციის 8%-ს შეადგენს. ყაზახეთი აწარმოებს მანქანა

დანადგარებს სამთომოპოვებითი მრეწველობის საჭიროებისათვის. ბოლო დროს, სახელმწიფოს მხრიდან გაიზარდა ყურადღება ავტომშენებლობისადმი. დასავლეთ ყაზახეთში დაგეგმილია მანქანათმშენებლობის განვითარება. ქალაქ ურალში მდებარეობს
ისეთი მსხვილი საწარმოები, როგორიცაა: „ზენიტი“, „უმზა“, „მეტალისტი“, „ომეგა“, „რემზავოდი“. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შემცირდა მათი პროდუქციის წარმოება.
შავი მეტალურგიის წარმოება სამრეწველო გამომუშავების
12.5%-ზე მეტს შეადგენს. რკინის საბადოების რეზერვების

მიხედვით, ყაზახეთს მსოფლიოში მერვე ადგილი უჭირავს. მისი წილი მსოფლიო აქციების 6%-ს შეადგენს. ქვეყანაში წარმოებული
რკინის მადნის 70%-ზე მეტი გადის ექსპორტზე.

ფერადი ლითონების წილი საერთო სამრეწველო გამომუშავების

12%-ს აღემატება. იწარმოება სპილენძი, ტყვია, თუთია, ტიტანი, მანგანუმი, იშვიათი ლითონები. დახვეწილი სპილენძის

მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს შორის ყაზახეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა. ყაზახური სპილენძის ძირითადი

იმპორტიორები არიან იტალია და გერმანია. ყაზახეთი ასევე არის ოქროს მწარმოებელი. ქვეყანაში რეგისტრირებულია 170-ზე მეტი ოქროს საბადო.
ქიმიურ და სამთოქიმიურ მრეწველობაში რესპუბლიკა აწარმოებს
პლასტიკას, ქიმიურ ბოჭკოს და ძაფებს, ფართო სპექტრით რეზინის ნაწარმს, ქრომის ნაერთებს, კალციუმის კარბიდს, კაუსტიკურ სოდას და სხვა პროდუქციას.ყაზახეთში არის სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომლებიც აწარმოებენ ბენზინს, დიზელს, საწვავ ნავთობს, საავიაციო ნავთს და სხვა ნავთობპროდუქტებს. მოქმედებს ფოსფორის მადნის ძირითადი გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც აწარმოებს ყვითელ ფოსფორს, მინერალურ სასუქებს, სინთეზურ სარეცხ

საშუალებებს.
სამშენებლო მასალების ინდუსტრია სამრეწველო პროდუქციის
4%-ზე მეტს შეადგენს. სამშენებლო მასალებიდან იწარმოება ცემენტი, ფიქლები, აზბესტი ცემენტის მილები, რბილი გადახურვის მასალები, ლინოლიუმი, კერამიკული ფილები და სხვა სახის სამშენებლო მასალები. რესპუბლიკას აქვს საკმარისი რეზერვები სამშენებლო მასალების დასამზადებლად.

ყაზახეთის ენერგეტიკა შედგება შედარებით სუსტი შიდა

კომუნიკაციების სამი ზონისაგან: დასავლეთ ყაზახეთი

(დაკავშირებულია რუსეთთან), ცენტრალური და აღმოსავლეთ ყაზახეთი (დაკავშირებულია რუსეთთან), სამხრეთ ყაზახეთი (დაკავშირებულია უზბეკეთთან და ყირგიზეთთან). ატირაუს დასავლეთ ზონაში და დასავლეთ ყაზახეთის რეგიონში არის ენერგიის დეფიციტი და ხდება ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან. მანგისტაუს რეგიონს აქვს საკმარისი სიმძლავრის რეზერვები, თუმცა სუსტი კორელაცია არ იძლევა ენერგიის სხვა
რეგიონებში ტრანსპორტირების საშუალებას. ქვეყანაში არის 3 დიდი ჰიდროელექტროსადგური: ბუხტამინსკის, უსტკამენოგორსკის, კაპჩაღის.
მუშახელი - მოსახლეობის 60% დასაქმებულია მომსახურეობის სფეროში, 24% - სოფლის მეურნეობაში, სატყეო მეურნეობასა
და მეთევზეობაში, 16% - მრეწველობაში.

ტრანსპორტი - ყაზახეთის გეოგრაფიული მდებარეობა ევრაზიის კონტინენტზე ქვეყანას ანიჭებს დიდ სატრანსპორტო მნიშვნელობას
სატრანზიტო სფეროში. რესპუბლიკის სამარშუტო მოცულობა არის 106 ათასი კმ. აქედან 13.5 ათასი კმ არის მაგისტრალური სარკინიგზო გზები; 87.4 ათასი კმ - საავტომობილო გზები,

გზატკეცილები; 4 ათასი კმ - სამდინარო გზები.
2007 წელს ყაზახურმა მხარემ რუსეთს მიმართა ევრაზიის არხის მშენებლობის წინადადებით, რომელიც მდგომარეობს შემდგომში: პირდაპირი საწყლოსნო კავშირების დამყარება კასპიის ზღვისა და
აზოვისა და შავი ზღვების აუზებს შორის რუსეთის ტერიტორიის გავლით. პროექტის რეალიზაციის შემთხვევაში, ყაზახეთი შეძლებს საერთაშორისო საზღვაო კომუნიკაციების დამყარებას.
პოლიტიკური სისტემა; გეოპოლიტიკა - ყაზახეთი არის საპრეზიდენტო რესპუბლიკა. სახელმწიფოს მეთაური არის

პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი, რომელიც ქვეყანას მართავს 1990 წლიდან. საკანონმდებლო ორგანოა ორპალატიანი პარლამენტი,
რომელიც შედგება სენატებისა (47 წევრი) და მაჟილისისაგან (67 წევრი).

ყაზახეთი არის შემდეგი ორგანიზაციების წევრი: დსთ

(დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა); ეუთო (ევროპის უშიშროების თანამშრომლობის ორგანიზაცია); გაეროს წევრია სამშვიდობო ძალისხმევის ეგიდით; ასევე არის ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონული თანამშრომლობის წევრი. ყაზახეთი არის ნატოს პარტნიორი ქვეყანა და ევროკავშირთან აქვს მჭიდრო ურთიერთობები. ყაზახეთმა 1992 წელს სომხეთთან, ყირგიზეთთან, რუსეთთან და უზბეკეთთან ერთად გააფორმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება. ყაზახეთს ორმხრივი კონტაქტები აქვს რუსეთთან, ჩინეთთან, აშშ-თან, თურქეთთან, გერმანიასთან.

ყაზახეთის გეოპოლიტიკას უპირველესად განაპირობებს კასპიის
ზღვის ფაქტორი. კასპიის ზღვის აუზში მდებარეობა ყაზახეთისათვის გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ მნიშვნელობას იძენს. ამ ფაქტორის მნიშვნელობა გამოვლინდა შემდეგ მნიშვნელოვან მომენტებში: 1. ენერგეტიკული კომპლექსის განვითარება; 2. დიპლომატიური შესაძლებლობების გაფართოება და ყაზახეთის პოზიცია საერთაშორისო არენაზე; 3. ყაზახეთის პოზიციონირება, როგორც საზღვაო ძალა; 4. კასპიის ზღვის ბიორესურსების კონსერვაცია და გამოყენება.

ყაზახეთის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას საქართველოსთვის,
ჩემი აზრით, უპირველესად ყაზახეთის ნავთობის ტრანსპორტირება განსაზღვრავს. მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ყაზახეთის ნავთობის ტრანსპორტირების მარშუტი კავკასიაზე
გაივლის. თუმცა ეს არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მარშუტი. ყაზახეთს სხვა მიმართულებითაც აქვს კომუნიკაციები - რუსეთის, ირანის, შუა აზიისა და პაკისტანის, ჩინეთის გავლით. თუმცა ქვეყანას დამატებითი კომუნიკაცია, დამატებითი არხი არ აწყენს. მითუმეტეს, რომ ყაზახეთი ამ პროექტისათვის აბსოლუტურად არაფერს ხარჯავს, ამაზე დასავლური ფირმები ზრუნავენ. პროექტის განხორციელება საქართველოსთვის ორ მნიშვნელოვან თვალსაზრისს იძენს. პირველი, იქმნება მნიშვნელოვანი პრეცენდენტი ნავთობსადენის გაყვანისა კასპიის ზღვის ფსკერზე, რის შემდეგაც უკვე სავსებით სერიოზულად შეიძლება განვიხილოთ იმავე კასპიის ფსკერზე გაზსადენის გაყვანის შესაძლებლობა თურქმენეთიდან - თურქეთსა და ევროპაში, რაც განუზომლად გაზრდის საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს; მეორე, ყაზახეთის ნავთობის გატარება საქართველოზე სერიოზულ დივიდენდებსაც მოიტანს და ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობასაც შესძენს არგუმენტებს.
ყაზახეთისა და რუსეთის ურთიერთობები არც თუ ისე მყარია.
მათი ერთობლივი პროექტი კასპიისა და აზოვის ზღვების

დაკავშირების შესახებ, განხილვის ახალ სტადიაში შევიდა. ამ პროექტმა, განხორციელების შემთხვევაში, შეიძლება საქართველოს
ისედაც ეჭვქვეშ დამდგარი სტრანზიტო ფუნქცია დააკნინოს. მეტიც, რეგიონს მნიშვნელოვანი გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური ცვლილებები მოუტანოს.
რაც შეეხება „რუსულ მიმართულებას“ ტრანზიტისათვის, ყაზახეთს საეჭვოდ და არასაიმედოდ მიაჩნია და ახალ გზებსა და საშუალებებს ეძებს.

დასკვნა
ყაზახეთი პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ქვეყანაა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყაზახეთმა მოახერხა მალევე გამოსულიყო ეკონომიკური კრიზისიდან. ჩემი აზრით, ყაზახეთის მიერ განხორციელებული ეკონომიკური ტრანსფორმაცია საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა. ქვეყანამ შეძლო რიგირ პრობლემების დაძლევა და მდგრადი ეკონომიკის შექმნა. თუმცა, ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობის მიღმა უამრავი პოლიტიკური პრობლემაა დაგროვილი, რამაც შეიძლება ქვეყნის წინსვლას ხელი შეუშალოს.

ყაზახეთის ბუნებრივი პირობები, რესურსების სიმდიდრე
და პირველ რიგში გეოპოლიტიკური მდებარეობა ქვეყანას უდიდეს პოტენციალს მატებს საერთაშორისო ასპარეზზე. ჩემი აზრით, ასეთი ეკონომიკური წინსვლის გაგრძლების შემთხვევაში ყაზახეთი მალე გახდება ისეთი მნიშვნელობის მქონე ქვეყანა, როგორიც დასავლეთი მაღალგანვითარებული ქვეყნები არიან. ჯერჯერობით კი ცენტრალური აზიის მოწინავე და დსთ-ს ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა.




0
2337
2-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ჟვანია
ლიკა ჟვანია
2337
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0