ტურიზმი ტივოლის ბაღები 2013, 3 იანვარი, 21:26
გასართობ პარკს თავდაპირველად "Tivoli & Vauxhall" ეწოდებოდა. "Tivoli" პარიზში მდებარე "Jardin de tivoli" - ს სახელზე დაერქვა, ხოლო "Vauxhall" - ლონდონში არსებული ვოქსოლის ბაღების სახელზე. ტივოლის ბაღების დამფუძნებელი არის გეორგ კარსტენსენი, თუმცა ინიციატივა ეკუთვნის დანიის მეფე ქრისტიან VIII-ს. მას მიაჩნდა, რომ "როდესაც ადამიანებს აქვთ თავშესაქცევი, ისინი არ ფიქრობენ პოლიტიკაზე". სწორედ ეს პოლიტიკური სტრატეგია გახდა პარკის შექმნის მიზეზი. მეფემ კარსტენსენს ხუთი წელი მისცა მშენებლობისთვის და ქალაქგარეთ გამოუყო დაახლოებით 14-16 ჰექტარი მიწის ფართობი. პროექტმა გაამართლა. გასართობმა პარკმა მოიპოვა დიდი წარმატება პირველივე დღიდან და დღემდე ინარჩუნებს.
მთავარი შესასვლელი გახსნის დღეს (1843 წ.)
შესასვლელი 1874 წელს განახლდა და დღესდღეობით ასეთი სახით არსებობს
1943 წელს, ნაცისტებმა დაწვეს ბაღის შენობები, მათ შორის დიდი საკონცერტო დარბაზი, თუმცა პარკს რამდენიმე კვირაში ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. იმავე წლის 15 აგვისტოს, ტივოლში აღინიშნა პარკის დაარსების 100 წლის იუბილე. ამ დღის აღსანიშნავად, ბაღს ეწვია 115 ათასზე მეტი ადამიანი. ტივოლს განსაკუთრებულობას სძენს ის ფაქტიც, რომ ის ყოველთვის ვითარდება პირვანდელი ხიბლის და ტრადიციების დაკარგვის გარეშე. გეორგ კარსტენსენმა 1844 წელს განაცხადა: "ტივოლს არასოდეს ექნება დასასრული". ერთი საუკუნის შემდეგ კი იგივე სიტყვები გაიმეორა ვოლტ დისნეიმ დისნეილენდთან მიმართებაში: "დისნეილენდს არასოდეს ექნება დასასრული, სანამ ადამიანის ფანტაზია იარსებებს დედამიწაზე". როდესაც ის თავის მეუღლესთან ერთად ეწვია ტივოლს, სწორედ იქ მიღებული შთაბეჭდილებების შედეგად გადაწყვიტა დისნეილენდის აშენება.
1844 წელს, სპეციალურად ტივოლის პარკისთვის, დაარსდა ტივოლის ბიჭთა გვარდია. ეს არის მუსიკალური ანსამბლი, რომელიც დაკომპლექტებულია 8-16 წლის, დანიის სამეფო გვარდიის უნიფორმებში გამოწყობილი ბიჭებით.
ტივოლის ბაღში თავმოყრილია: 30-ზე მეტი ატრაქციონი, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, რესტორნები, კაფეები, ყვავილების ბაღები და უამრავი სხვა გასართობი საშუალება. პარკი იხსნება ყოველ გაზაფხულზე (აპრილში), დანიის საზაფხულო სეზონის დაწყების აღსანიშნავად. ბაღში უძველესი ნაგებობებია მთავარი შესასვლელი კარიბჭე და პანტომიმის თეატრი.
პანტომიმის თეატრი შექმნილია ჩინური სტილის მიხედვით და გამოყენებულია ნათელი ფერები. თეატრი ღია ცის ქვეშ მდებარეობს და ყოველდღე იმართება წარმოდგენები.
ბაღში ტარდება უამრავი კონცერტი. აღსანიშნავია 2006 წელს გადაკეთებული საკონცერტო დარბაზი, რომელიც 2000 ადამიანს იტევს.
ტივოლის ბაღში, ულამაზესი ტბის მახლობლად, მდებარეობს ჩინური კოშკი, რომელიც აშენდა 1900 წელს. აქ განთავსებულია ჩინური რესტორნები და დამთვალიერებლებს შეუძლიათ დააგემოვნონ ჩინური კერძები. დანიელებში ჩინური კულტურა დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ტივოლის ბაღი სავსეა მრავალი სახის ყვავილებით, როგორებიცაა: ტიტა, ვარდი, ქრიზანთემა და ა.შ. ბაღი მორთულია ბუნებრივი და მომხიბლავი კონფიგურაციით. საღამოობით პარკი განათებულია.
პარკი იმითაც არის გამორჩეული, რომ აქ მაქსიმალური სიამოვნების მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის ადამიანს. გასართობი საშუალებები არსებობს როგორც მოზარდებისთვის, ისე ბავშვებისთვის. .
ბოლო მონაცემებით, 4.5 მლნ-ზე მეტი მნახველით, ტივოლი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სეზონური პარკია მსოფლიოში. ყველაზე მეტი დამთვალიერებელი ჩამოდის სკანდინავიის ქვეყნებიდან, მათ მოსდევს ევროპის სხვა ქვეყნები.
251 3-ს მოსწონს 1-ს არა
|