ცოდვილი და მონანებული ბერის, ანდრიას ანდერძი..
" მივდივარ წუთისოფლიდან ერთი ცოდვილი ანდრია...
ჩემთვის საყვარელ ხალხს ტკივილი ოდნავ მაინც რომ შევუმსუბუქო ვუტოვებ წერილს.
პირველ რიგში ყველას შენდობას ვთხოვ, ვისაც ოდნავ მაინც ვაწყენინე, თუკი ვინმეს გული ვატკინე - მომიტევეთ, მეც შემინდვია ყველასთვის, ვინც მაწყენინა. უფალმა შეგვინდოს ყველას . ამ თხოვნას თუ შემისრულებთ, დამშვიდდება ჩემი ხორციელი ტკივილით ნატანჯი, ცოდვილი სული.
ჩემო საყვარელო ხალხო, გთხოვთ დავფიქრდეთ ცხოვრების აზრზე და დაიწყოთ ჭეშმარიტი, არაფარისევლური მართმადიდებლური ცხოვრება. ყველას ყველაფერი შეუნდეთ, გევედრებით...
ქუდის დამხურავებო, დაანებეთ თავი სიგარეტს, უზომოდ სმასაც ნუ მიეტანებით, გინებას გადაეჩვიეთ.
ქალებო, წყევლას, განკითხვას, ჭორაობას, სერიალების ყურებას თავი ანებეთ .
გიყვარდეთ, ხალხო, ერთმანეთი, არ იჩხუბოთ, არ იკამათოთ. მიებარეთ მოძღვარს, გულწრფელი აღსარება ჩააბარეთ, შეინანეთ, ეზიარეთ ხშირად, ყველა წესის დაცვით, ნუ გააცდენთ კვირის წირვას, ეცადეთ სადღესასწაულო მსახურებები არ გამოტოვოთ. ილოცეთ ხშირად და ილოცეთ გულით...
აუცილებლად დამკრძალეთ ბერულად, ყველა წესის დაცვით.
მომიხსენეთ ლოცვებში, რომ სიმშვიდე ჰპოვოს ჩემმა ცოდვილმა, დაღლილმა სულმა!
უფალს ებარებოდეთ და გფარავდეთ ღვთისმშობლის კალთა. ამინ! "