საჰარას უდაბნოს სამხრეთ დასავლეთის ვრცელ ტერიტორიაზე სახლობენ ტომები, რომლებიც ტუარეგთა სახელით არიან ცნობილნი. როგორც არაბული წყაროებისთვის, ისე ევროპელი კოლონიზატორებისათვის, ეს ხალხი "სახედაბურულების" სახელითაა ცნობილი. ეს მათი უცნაური სამოსელის გამოა. საქმე ისაა, რომ ჩადრებს ტუარეგებში ქალების ნაცვლად მამაკაცები ატარებენ. ამის შესახებ თავად ტუარეგებში საინტერესო გადმოცემა არსებობს. თითქოს ოდესღაც ტუარეგებს ომი ჰქონიათ, ბრძოლის ველიდან სამარცხვინოდ გაქცეულან. ამის გამო ქალებს შეურცხვენიათ. დარცხვენილ მამაკაცებს სახე დაუფარავთ და და უთქვამთ, რომ ბრძოლის ველიდან არასოდეს გაქცეულიყვნენ. განცდილი სირცხვილი რომ არ დავიწყებოდათ სახე მუდამ დაფარული ჰქონდათ.
დასავლეთ სუდანის ხალხებში ტუარეგები ცნობილია, როგორც ყველაზე დაუმორჩილებელი და ბრძოლის უნარიანი ხალხი. მათი დამორჩილება ვერ შეძლეს არაბებმა. XVI საუკუნეში ამაოდ სცადა ტუარეგების დაპყრობა მაროკომ. ფრანგებს კი ხანგრძლივი ომი დასჭირდათ, სანამ XIX საუკუნის 80-იან წლებში ტუარეგების სამეფოს დაიპყრობდნენ.
ტუარეგები თეთრი რასის წარმომადგენლები არიან. მაგრამ მათი ეთნიკური წარმომავლობის შესახებ მეცნიერებს ზუსტი პასუხი ჯერაც არ აქვთ. ენეობრივად, ტუარეგების ენა ბებრბერულთან ამჟღავნებს სიახლოვეს, ამიტომაც ტუარეგებს პირობითად ბერბერებად მიიჩნევენ, მაგრამ არსებობს ვერსია, თითქოს ისინი ებრაელთა შთამომავლები უნდა იყვნენ. არაბულ წყაროებში არის ერთი მეტად ბუნდოვანი ცნობა ებრაელთა ერთი ჯგუფის საჰარას უდაბნოს სიღრმეში გახიზვნასთან დაკავშირებით. ამ ცნობის მიხედვით, არაბთა დიდი დაპყრობის პერიოდში, VII საუკუნის ბარკას პროვინციიდან აყრილა და თუნისში გადასახლებულა ებრაელთა საკმაოდ დიდი ჯგუფი, ხოლო როდესაც VIII საუკუნის დასაწყისში არაბები თუნისსაც მიადგნენ, ებრაელები აქედანაც აყრილან და საჰარას სიღრმეში გახიზნულან. არაბულ წყაროებში უდაბნოში გადაკარგულ ებრაელთა შესახებ სხვა არაფერია ცნობილი.
ამ საკითხის გარკვევისათვის ძალიან საინტერსო სურათი იკვეთება ტუარეგების ტომობრივ იერარქიულ სტრუქტურაში. ტუარეგები ორ ტომობრივ იერარქიულ ნაწილად არიან დაყოფილი: ე.წ. არისტოკრატიული და ვასალური ტომები. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ნამდვილ ტუარეგებად თავს "არისტოკრატები" მიიჩნევენ და ამას "ვასალებიც" აღიარებენ. ტრადიციულად, მხოლოდ "არისტოკრატები" ატარებენ იარაღს, "ვასალებს" მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევდნენ იარაღს თუ კი მათ ომში წაიყვანდნენ. თითოეული "ვასალური" ტომი რომელიმე არისტოკრატულ ტომს ექვემდებარებოდა, უხდიდა გადასახადს. სავარაუდოა, რომ VIII საუკუნეში უდაბნოში გაუჩინარებული ებრაელების შთამომავლები სწორედ "ვასალი" ტუარეგები არიან. როგორც ჩანს უდაბნოში შეხიზნული ებრაელები რომლებიც ისლამის გავრცელებასთან ერთად უფრო და უფრო სიღრმეში მიიწევდნენ, საბოლოოდ დასავლეთ სუდანში აღმოჩდნენ და უცხო მიწაზე ადგილობრივი ტომების ქვეშევრდომები გახდნენ.
ალბათ ებრაელებმა იუდაიზმზე უარი თქვეს და ისლამი მიიღეს, რითაც მათი ებრაელობასთან მაკავშირებელი უკანასკნელი ძაფი გაწყდა. მგრამ მომთაბარე საზოგადოებაში ძალიან ძლიერია ტრადიციები, ამიტომაც ადრე შეხიზნულმა ტომებმა ვერასოდეს მოიპოვეს სრულფასოვანი წევრობის უფლება და ვასალებად დარჩნენ.