მუცლიდან გარეთ,
გარედან შინ.
რწევა აკვანში,
რწევა აკვანში,
რწევა აკვანში.
პირველ ნაბიჯებს
დედის გარეშე
სწავლობ მანეჟში;
სიტყვის უაზრო
ისმის თამაში:
მინდა `ატაში!~
სკოლიდან სახლში
მარტო მიდიხარ,
უკვე დიდი ხარ,
თანაც ხიდი ხარ,
როცა მამიკოს
ლანძღავს დედიკო;
ყვავილებს ჩუქნი
კლასელ მედიკოს
არ იცი რატომ.
თანდათან პალტო
მოკლდება ტანზე,
წარმოდგენებმა
საკუთარ თავზე
უცებ იმატა
და გაგინათა აზრებმაც გონი.
მეგობრობაში
ჩახვედი კონი _
გამსკდარი ტუჩი
და შეუერთდი
ქუჩის დარაჯებს,
ბირჟას ამაგრებ;
თუთუნს არ აკლებ
რგოლებს და ნაფაზს,
ყვავილებს უკვე
უგზავნი მაკას.
წვერგაპარსული
ამთავრებ სკოლას
და შენთან ბრძოლა
ბეზრდება ყველას,
თან შენს მაგივრად
გამოცდებს ღელავს
მთელი ოჯახი.
თურმე ყოჩაღი
ბიჭი ყოფილხარ,
სტუდენტი გახდი
და შენთვის ნაღდი
საჩუქარია
ქეიფი, ღვინო.
ყვავილებს შენგან
ღებულობს ნინო,
შენი კურსელი.
ტუჩებს უსველებ
ლამაზ გოგოებს
და კარუსელი
ნაზად ტრფიალებს;
თამადა დაცლის
სავსე ფიალებს,
შენა ხარ ქმარი,
ყვავილის ბუკეტს
ზურგს უკან ისვრის
თეთრონი მარი.
მუცლიდან გარეთ,
გარედან შინ
რწევა აკვანში,
რწევა აკვანში,
რწევა აკვანში.
გეყოლათ ბავშვი,
ცოლი კი შალში
გახვეული,
დაღლილი გიცდის,
სხვა ქალი გიწვდის
გაშლილ მკლავებს
და შენ ღალატობ,
მერე მთელი ღამ
ცოლთან კამათობ,
ქალის, სუნამოს
არომატს თმაში.
შენ სწორედ მაშინ
გადარჩი მისგან
უსიტყვო გაყრას;
სული უბერე
ლოგინზე ჩამქრალ
ჭიაკოკონას
და პაწაწინა გაჩნდა
გოგონა,
სახელად ქეთი _
ყველაზე დიდი
საჩუქარი,
ყველაზე მეტი.
შენი ცხოვრება
ტრიალებდა _
ბორბალი დროგის,
დრო კი... ოთახში
შვილიშვილი
დარბოდა ცელქი.
შენ თითქოს
ქერქი გაგიმაგრდა,
ითვლი ჭაღარებს.
კვირტი გახარებს
მოხუც ბაბუას,
ჭადარის კვირტი.
ქარს დაუკვირდი,
მოგონებას _
ფოთლებს გაგაცვენს,
საფლავს ჩაგაწვენს
და ყვავილების
დაგადგამს გვირგვინს
სიჩუმე ირგვლივ.
მუცლიდან გარეთ
გარედან შინ
რწევა აკვანში,
რწევა აკვანში,
რწევა აკვანში...
მომწონს · · გაზიარება