სხვა მეტი გავიგოთ თმაზე 2013, 8 იანვარი, 1:44 ჩვენს თმას დღეს თითქოს სილამაზის ფუნქცია აქვს, მაგრამ ჩვენი ადრეული წინაპრებისთვის სხეულზე და თავზე ამოსული თმა ცივ ამინდში დამცავ საფარს წარმოადგენდა.
საუკუნეების განმავლობაში იარაღების აქტიური გამოყენების, თავშესაფარში ცხოვრების და ტანსაცმლის ტარების შედეგად, ჩვენი გარეგნობა საკმაოდ დაიხვეწა, თუმცა დღესაც კი ჩვენი სხეულის თითქმის ყველა ნაწილი თმით თუ არა, ბუსუსებით მაინცაა დაფარული. თმა მუდმივად ასრულებს დამცავის ფუნქციას ზამთარში სიცივისაგან, ხოლო ზაფხულში - მზისაგან. ის აბსოლუტური შეგრძნების გარეშეა, მის მოჭრას ჩვენ ვერ შევიგრძნობთ, ასევეა ცხვრები მატყლის შეკრეჭისას და ცხენები ნალის დაჭედებისას. ყველა შეგრძნება კანშია გაფანტული.
თმა იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ საშვილოსნოშიც კი, ჩვენი სხეულები პატარა, ნაზი ბუსუსებითაა დაფარული, რასაც ლანუგო (ღინღლი) ეწოდება. იგი, ჩვეულებრივ, დაბადებამდე ცვივდება, ხოლო დაბადების შემდეგ თავზე და სხეულზე უკვე ნორმალური თმა ასაკთან ერთად იზრდება.
მოზრდილი ადამიანის თავზე, დაახლოებით, 120 000 თმის ღერია და ყოველი მათგანი საკუთარი ფესვიდან ამოდის. ფესვი ეწოდება თმის ღეროს ნაწილს, რომელიც კანშია ჩამალული. ფესვის გამსხვილებული ნაწილია ბოლქვი, რომელშიც ქვემოდან შეჭრილია შემაერთებელი ქსოვილის დვრილი, მდიდარი სისხლის კაპილარებითა და ნერვებით. თმის ფესვს გარედან აკრავს თმის პარკი, რომლის შიგნითაც არის ორი შრე - შიგნითა და გარეთა ქარქაში. თმის პარკში იხსნება ცხიმოვანი ჯირკვალი, რომელიც მცირე რაოდენობით ზეთოვან ნივთიერებას - ცხიმს (თებოს) გამოიმუშავებს. ეს ნივთიერება თმებს გადაეკვრება და ბზინვარებას ანიჭებს. თმას მართავს გლუვი კუნთოვანი ბოჭკოები. სიტყვასიტყვით ეს ტერმინი ითარგმნება, როგორც "თმის ამწევი" კუნთი და, როდესაც გვცივა ან შევშინდებით, ეს კუნთები იკუმშება, თმები კი ყალყზე დგება. ამ კუნთებს ჩვენი ადრეული წინაპრები, რომელთაც გაცილებით მეტი თმა ჰქონდათ, აქტიურად იყენებდნენ, როდესაც შესცივდებოდათ ან უფრო საშიში გარეგნობის მიღება სურდათ, ზუსტად ისევე, როგორც ჩიტი აიშლის ბუმბულს ცივ ამინდში ან კატა აიშლის ბეწვს ძაღლის დანახვისას, უფრო დიდი რომ გამოჩნდეს.
თმის ზრდა გარკვეული ფაზების გავლით ხორციელდება. პირველია აქტიური ფაზა, როცა თმა განუწყვეტლივ იზრდება ფესვიდან. ეს ფაზა ოთხ წლამდე გრძელდება და გადადის მსვენებარე ფაზაში, ეს იმას ნიშნავს, რომ მთლიანად გაზრდილი თმა თანდათანობით გამოშრება და ცვივდება. მესამე ფაზისას ცარიელი თმის პარკი რამდენიმე თვე უფუნქციოდაა, შემდეგ კი პროცესი ახლიდან იწყება. თავზე თმა, დაახლოებით, თვეში 1.25 სმ-ით იზრდება. თუმცა ეს პროცესი ინდივიდუალურია. თავზე თმა გაცილებით გრძელია, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებზე. საშუალოდ, ადამიანი მეორე ფაზის დასასრულს ყოველდღიურად 40-100 ღერ თმას კარგავს, მაგრამ მათ ადგილას მუდმივად იზრდება ახალი თმა, სხვა უფუნქციო თმის პარკის გააქტიურების შედეგად. როდესაც ბავშვები სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ და ზრდასრულობის ასაკში გადადიან, ორივე სქესის წარმომადგენელს იღლიებში და სასქესო ორგანოების გარშემო, ჰორმონალური ცვლილებების შედეგად, თმა ამოსდით. ამის შემდეგ ბიჭებს სახეზე ეწყებათ თმის ამოსვლა და თანდათანობით, თმა უჩნდებათ მკერდზეც. თმის ეს ტიპი ერთ-ერთი მეორადიი სასქესო ნიშანია. თმის ის ნაწილი, რომელსაც ვხედავთ, შედგება მკვდარი ქსოვილის ღეროსაგან. მხოლოდ კანის კერტში თმის ზრდადი ნაწილია ცოცხალი. გადიდების შედეგად შესაძლებელია დავინახოთ, რომ თმის ღეროს ზედაპირი ქერცლოვანია, რეპტილიების და ჩიტების ფეხების მსგავსად. თმის ღეროები სხვადასხვა ფორმის შეიძლება იყოს და სწორედ ეს ფორმა განსაზღვრავს თმა სწორია, ტალღოვანია თუ დახვეული. მრგვალი ღერო სწორ თმას გვაძლებს, ოვალური - ტალღოვანს ან ხვეულს, ხოლო თირკმლისებური - აფრიკულს. თმის ცენტრალური ნაწილი, ანუ გულგი შეიცავს უჯრედებს, რომლებიც წარმოქმნიან კერატინს. მისგან კი მელანოციტები ფორმირდება. მელანოციტები, თავის მხრივ, წარმოქმნიან პიგმენტ მელანინს, რომელიც თმის ღეროს ფერს აძლევს. რაც მეტი მელანინია, მით მუქია თმა. რატომღაც ასაკის მატებასთან ერთად ნაკლები მელანინი წარმოიქმნება, ამიტომაც უმეტესობა ხანში შესულ ადამიანებს თეთრი ფერის თმა აქვთ. თმის ფერს და გაჭაღარავების ასაკს გენეტიკა განსაზღვრავს. კაცებისთვის სიმელოტე ჩვეულებრივი მოვლენაა. ქალებს ეს იშვიათად ემართებათ, თუმცა ქალის თმაც შეიძლება ძალიან გათხელდეს ასაკის მატებასთან ერთად. სიმელოტე მამაკაცებში მემკვიდრეობითია და დაკავშირებულია თმის პარკის მგრძნობელობასთან მამაკაცის სექსუალურ ჰორმონთან ანდროგენთან მიმართებაში. თმის პარკი აქტიური რჩება, თუმცა წარმოქმნის რბილ პატარა ბუსუსებს. ნებისმიერი ასაკის ადამიანს (ბავშვებსაც) შეიძლება ჰქონდეს თმის ცვენა, რასაც ალოპეცია ეწოდება. ზოგჯერ ავადმყოფობამ და სტრესმა შესაძლოა დროებით შეაჩეროს თმის ზრდა. ამის შედეგად, თმა ჩამოცვივდება და დროებით ადამიანი შესაძლოა გამელოტდეს. შემოგთავაზებთ ჯანსაღი, ლამაზი თმის ფოტოებს: 312 7-ს მოსწონს 1-ს არა
|