მხატვრობა "ჯოკონდა," ანუ "მონა ლიზა" 2013, 6 იანვარი, 3:14 ფერმწერი, მეცნიერი და შემოქმედი, ლეონარდო და ვინჩი აღორძინების ხანის იტალიური კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწეა. ჩვენამდე მხოლოდ რამდენიმე ნახატმა მოაღწია, თუმცა მისი "მონა ლიზა" მსოფლიოში ყველაზე ცნობილ კომპოზიციად ითვლება.
1503 წლის დასაწყისში ლეონარდო და ვინჩი ფლორენციში დაბრუნდა, სადაც უდიდეს აღმავლობას განიცდიდა მიქელანჯელო ბუონაროტისა და რაფაელ სანტის (სანციოს) ხელოვნება. მდიდარმა ვაჭარმა ფრანჩესკო დელ ჯოკონდომ და ვინჩის მეუღლის, ლიზას პორტრეტი დაუკვეთა. "მონა ლიზას, " ანუ "ჯიკონდას" პორტრეტი, როგორც მას 1625 წელს მეცენატმა და კოლექციონერმა კასიანო დელ პოცომ უწოდა, დიდი მხატვრის ყველაზე ცნობილი და, ალბათ, ისტორიაში ყველაზე სახელგანთქმული სურათია. პორტრეტზე გამოსახული ქალის ვინაობა არაერთი დისკუსიისა და დაუჯერებელი ლეგენდის საგანი გახდა. მავანთა აზრით, ეს გლეხი ქალია, სხვებს ჰგონიათ, რომ ბიჭი, ზოგიერთის აზრით კი ეს არის თვით ლეონარდოს სახეშეცვლილი ავტოპორტრეტი . კარდინალ ლუის არაგონელის მდივანი ანტონიო დე ბუატისი, რომელიც ლეონარდოს ამბუაზში ეწვია 1517 წელს, დღიურში წერს, რომ სუათი dona aretrata, dicto la Jokonda იყო განსვენებული ლორენცო ბრწყინვალე დე მედიჩის თხოვნით ნატურიდან დახატული ფლორენციელი ქალის პორტრეტი. მაშასადამე, "ჯოკონდა" დაახლოებით 1513 წელს უნდა შექმნილიყო.. მათი აზრით, ვისაც მიაჩნია, რომ ლეონარდო და ვინჩის შემოქმედება ჰერმეტულ და გნოსტიკურ ხასიათს ატარებს, "მონა ლიზა" მარიამ მაგდალინელის გამოსახულებაა. სავარაუდოდ, მათ ამის საფუძველს აძლევს მხატვრის შენიშვნა Codex Urbinas-ში, სადაც ნათქვამია: "მომიხდა ღვთაებრივი თემის ამსახველი სურათის შექმნა ერთი შეყვარებულისთვის, რომელმაც ქალღმერთის დახატვა მთხოვა, რათა შესძლებოდა ეჭვების გამოუწვევლად ეკოცნა მისთვის, მაგრამ საბოლოოდ ცნობიერებამ სძლია მის ოხვრა-ვაებასა და ავხორცობას და იძულებული გახდა, სურათი სახლიდან გამოეტანა." ამ სურათზე და ვინჩის სფუმატო ადამიანზე ზემოქმედების მწვერვალს აღწევს. უნდა ითქვას, რომ მხატვარს არასოდეს გადაუცია პორტრეტი ფრანჩესკო დელ ჯოკონდოსთვის, სიცოცხლის ბოლომდე გვერდიდან არ მოუშორებია იგი. ამ კომპოზიციაში გამოვლენილია ღრმა ჰუმანიზმი, რაციონალურობასთან შერწყმული პოეტურობა, მხატვრის განსაცვიფრებელი ნიჭი და ოსტატობა. ამბობენ, რომ ფლორენციელი ვაჭრის ცოლის ერთ მდგომარეობაში გასაჩერებლად ლეონარდო ძალას არ ზოგავდა, იგი მას მუსიკითა და კითხვით ართობდა. "ჯოკონდამ, " "მშვენიერებამ, რომელშიც მძაფრი სულიერი ტკივილია ასახული, " როგორც ბრიტანელი ავტორი უოლტერ პატერი ამბობდა, უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ფლორენციულ მხატვრობაზე. "მისი თვალები ისეთი ელვარე და წყლიანია, როგორსაც ცხოვრებაში ვხვდებით. მათ ირგვლივ მოწითალო და ტყვიისფერი ჩრდილებია, რომელთა დახატვაც მხოლოდ უფაქიზეს ხელს შეუძლია. წამწამები უკიდურესი დახვეწილობით არის შესრულებული, [...] ვარდისფერი და ნაზი ნესტოებით შემკული ცხვირი ცოცხალი ადამიანისას ჰგავს. ოდნავ გახსნილი ბაგეები, რომელთა წითელი ფერი სახის პირისფერ ტონებს უერთდება, დახატულს არ ჰგავს, ცოცხლის შთაბეჭდილებას ტოვებს, " - ასე აღწერს ჯორჯო ვაზარი "ჯოკონდას, " -ლეონარდომ ფრანჩესკო დელ ჯოკონდოსთვის მონა ლიზას, მისი მეუღლის პორტრეტის ხატვა დაიწყო, ოთხი წელი იმუშავა მასზე და დაუმთავრებელი დატოვა; ამჟამად ეს სურათი საფრანგეთის მეფესთანაა, ფონტებლოში, " - აზუსტებს ვაზარი. ამ სურათის ყველაზე დიდი მიმზიდველობა მოდელის განთქმული ღიმილია. მიუხედავად იმისა, რომ იგი წმინდა ანას ღიმილს გვაგონებს ლუვრის მუზეუმის სურათიდან, ლეონარდო და ვინჩიმ "ჯოკონდას" ღიმილში შეძლო ქალის ცხვირის, ბაგეებისა და ნიკაპის ირგვლვ შუქჩრდილების ფაქიზი და დახვეწილი თამაში გადმოეცა, რაც მოდელის კეთილგანწყობილ გამომეტყველებას იდუმალ სიღრმეს ანიჭებს. სწორედ ამით გახდა "ჯოკონდა" საყოველთაოდ ცნობილი. სურათზე გამოსახული ქალი მაყურებლისკენ არის შემობრუნებული, სავარაუდოდ, ის მაღლა, აივანზე ან გალერეაში ზის და რიკულებით შემკულ მოაჯირს ეყრდნობა, რომლის უკანა პლანზე პეიზაჟია გადაშლილი. მაყურებელთან სიახლოვით მონა ლიზა მასზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს, ვიდრე ტრადიციული მოდელები მოახდენდნენ. რაც შეეხება უკანა პლანზე დახატულ პეიზაჟს, იგი მით მეტ სიღრმეს იძენს, რაც უფრო გვშორდება მთების ტეხილი სილუეტები, რომლებიც საბოლოოდ მომწვანო ცისფერ ცას ერწყმის. პეიზაჟის მარცხენა ნაწილში ვხედავთ დაკლაკნილ გზას, მარჯვნივ კი მდინარის დამშრალ კალაპოტს, რომელსაც თითქოს არავითარი კავშირი არა აქვს ზედა ნაწილში დახატულ ჯებირთან. და ვინჩი შეგნებულად წყვეტს ჰორიზონტის ხაზს, რაც გაბედული და სარისკო გადაწყვეტილებაა, და ამ დარღვეულ ხაზს მონა ლიზას თავს უკან მალავს, უფრო ღრმა ვიზუალური ეფექტის მისაღწევად. მხატვრის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს დეტალები. მართლაც, სიფრიფანა რიდე, რომელიც ქალის გაშლილ თმას ფარავს, კაბაზე მოყოლებული კანტი, მისი ნაქარგობა და ნაკეცები, სახელოებზე შუქის ანარეკლები, სფუმატოს ფაქიზი ჩრდილები სურათს ჰაეროვან და ჰარმონიულ პლასტიკურ ეფექტს ანიჭებს. ამას ემატება შუქი, რომელიც სათუთად ანათებს პერსონაჟის სახეს, გულმკერდს, ხელებსა და უკანა პლანზე დახატულ პეიზაჟს. ეს სურათი განსაკუთრებით მონა ლიზას განთქმული ღიმილით არის მიმზიდველი. ამგვარ ხერხს ხშირად იყენებდნენ მხატვრები კვატროჩენტოდან ჩინკვეჩენტოსკენ გარდამავალ პერიოდში, იგი ქალური მომხიბვლელობის განუყოფელ ელემენტად ითვლებოდა. მიუხედავად ამისა, ხელოვნების ისტორიის სპეციალისტი დონალდ ს. სტრონგი მიიჩნევს, რომ ლეონარდო და ვინჩიმ დახატა "ჯოკონდა, " რათა სიმბოლურად ეჩვენებინა სათნოების გამარჯვება დროზე და შეექმნა მაღალი ზნეობის ქალის სახე. 3247 5-ს მოსწონს
|