– თიკა რატომ გადაწყვიტე “ახალ ხმაში" მონაწილეობის მიღება?
– რამდენიმე წელია სცენაზე არ ვმდგარვარ. აქედან გამომდინარე ძალიან მომენატრა ჩემი მსმენელი, აბლოდისმენტები. კლუბებში ხშირად ვმღეროდი ჩემს მეგობრებთან ერთად, მაგრამ ეს სხვა საქმეა. სცენას სულ სხვა დატვირთვა აქვვს.
მომღერლებს, ჩემს კოლეგებს ყველას აქვს დღეს ეს პრობლემა, რომ არ ტარდება კონცერტები. ყველა საუბრობს ამის შესახებ, მაგრამ მიზეზი არავინ იცის. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მოგვარდება.
– იქიდან გამომდინარე, რომ კონცერტები არ ტარდება სიმღერა ალბათ არ არის შენი შემოსავლის ძირითადი წყარო.
– არა რა თქმა უნდა. როგორც გითხარით დროდადრო კლუბებში ვმღეროდით მე, ნინი ქარსელაძე და მარიკა თხელიძე. აქედან მქონდა რაღაც შემოსავალი, მაგრამ მხოლოდ სიმღერით ვერ იცხოვრებ დღეს.
– დავუბრუნდეთ “ახალ ხმას". ამ პროექტამდე იყო სხვადსხვა საკმაოდ პოპულარული კონკურსები. რატომ მაინცდამაინც ეს?
– ამის ანალოგ უცხოურ გადაცემებს ჰქვია: “ხმა". ხშირად ვუყურებდი ხოლმე, ბრიტანულ, ამერიკულ, ავსტრალიურ ვარიანტებს. ამ კონკურსში მინახავს ძალიან ცნობილი მომღერლები, რომლებსაც ჩემზე მეტი კლიპი აქვთ გადაღებული და ჩემზე მეტი ალბომი გამოუშვიათ. სხვათა შორის, ამ მომღერლებსაც ჩემს მსგავსად ჰქონდათ კარიერაში რაღაც “ჩავარდნა" და უნდოდათ ახალი იმიჯით გამოჩენა მსმენელის წინაშე.
ჩემი და ცხოვრობს გერმანიაში და ვფიქრობდი, რომ იქაურ `ხმაში~ მიმეღო მონაწილეობა. სწორედ ამ დროს დაიწყო საქართველოშიც იგივე პროექტი და რა თქმა უნდა ჩემს ქვეყანაში მერჩივნა დარჩენა. ძალიან მომწონს თვითონ გადაცემის ფორმატი. ახალია და საინტერესო. კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით, რომ ვმონაწილეობ.
– როგორ შეხვდენენ შენს გადაწყვეტილებას ოჯახის წევრები და მეგობრები?
– თავიდან აუცილებელი პირობა იყო, რომ მონაცემები და ვიდეო გაგეგზავნა. ჩემს კომპიუტერში გავაკეთე ეს ყველაფერი და გავაგზავნე. ამის შესახებ არავინ არ იცოდა. როდესაც უკვე ქასთინგზე დამიბარეს, მაშინ ვუთხარი ჩემებს, რომ მივდიოდი. დედაჩემს ეშინოდა ცოტა, რადგან ამდენი ხანია არ მიმღერია და ხმა არ მქონდა ფორმაში. მითხრა, რომ არ გარისკოვო, მაგრამ მე ეს მაინც გავაკეთე. ცოტა დრო მქონდა მოსამზადებლად. ბოლოს გავცივდი და ხმა საერთოდ დავკარგე.
ჩემი სამეგობრო ძალიან მობილიზებულია. მეხმარებიან და გვერდში მიდგანან. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ყველაზე კარგი მეგობრები მყავს.
– როგორ შეხვდა საზოგადოება შენს ახალ კარიერულ ნაბიჯს? ხომ არ იყო აგრესია წამოსული?
– იცით როგორ არის, თითქოს საზოგადოების აზრი ორად გაიყო. ზოგი მწერს, რომ ძალიან უხარიათ ჩემი ეს გადაწყვეტილება და მგულშემატკივრობენ. ზოგი კიდევ პირიქით. ამბობენ, რომ რა უნდა ამ პროექტში “ძველი ხმა" არისო. მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს შანსი უნდა მისცე გააკეთოს ის რაც უნდა. რაც შენი საქმე არაა იმაში კი ცხვირი არ უნდა ჩაყო. როცა ვიძახი, რომ ახალ ცხოვრებას ვიწყებ, მეც მაქვს უფლება მივიღო ამ კონკურსში მონაწილეობა. არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ ყველაზე მაგარი ვარ და აუცილებლად უნდა გავიმარჯვო. ჩემზე კარგი და ნიჭიერი ბავშვები მონაწილეობენ “ახალ ხმაში". ამ პროექტში მოვედი იმ მიზნით, რომ მენატრებოდა სცენა და მსმენელი. მე რომ ისევ ისეთი აქტიური კარიერა მქონოდა, როგორც ბავშვობაში მქონდა ბუნებრივია ამ პროექტში არ მივიღებდი მონაწილეობას.
– პირველ ტურზე წარსადგენი სიმღერა როგორ შეარჩიე?
– მოგვცეს სიმღერის ჩამონათვალი და შემდეგ ჩვენ უნდა აგვერჩია. ჩამონათვალში იყო ის სიმღეარა, რომელიც ძალიან მომწონდა და შევასრულე კიდეც. იმიჯეიკერი, ვოკალის პედაგოგი, მუსიკალური ხელმძღვანელები რუსა ბახტაძე და ქეთი გაბისიანი ძალიან გვეხმარებიან. უამრავი ადამიანი ზრუნავს იმაზე, რომ კარგად წარვსდგეთ მაყურებლის წინაშე. კმაყოფილი ვარ იმით, რომ ნინოს გუნდში ვარ.
– თავიდანვე გქონდა გადაწყვეტილი, რომ ნინოს გუნდში იქნებოდი თუ ის შემოგიტრიალდებოდა?
– ყველა ჩემმა მეგობარმა იცოდა, რომ ნინოს გუნდში მინდოდა მოხვედრა და გამიმართლა, რომ მასთან მოვხვდი. ზოგადად პირველ ტურზე გავაკეთე ჩემი შესაძლებლობების 9%. იმიტომ, რომ წინა დღეებში ძალიან ვინერვიულე. გასვლის წინ კი გავიგე, რომ ჩემი მეგობარი ვერ გადავიდა და განვიცადე. იყო ტექნიკური პრობლემებიც. ბევრად უკეთ ვმღეროდი რეპეტიციებზე.
– მონაწილეებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
– ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს მონაწილეებს ერთმანეთთან, განსაკუთრებით კი რა თქმა უნდა ჩვენი გუნდის მონაწილეებს. ყოველ დღე ვიკრიბებით და ყველგან ერთად დავდივართ. ნინო ძალიან გვეხმარება. გადაყოლილია ჩვენზე. დედას ვეძახით (იცინის). ისიც ამბობს, რომ 14 შვილი ჰყავს. ნინოსთან ერთად ვმუშაობთ და ვფიქრობთ რა როგორ გავაკეთოთ და ა.შ. მოკლედ ერთი ოჯახი ვართ.
– რინგზე ნათია არინდაულს შეხვდი. როგორ ფიქრობ, ობიექტურად გადახვედი შემდეგ ტურში?
– მყავდა ძალიან ძლიერი კონკურენტი ნათიას სახით. ხშირად ვუსმენ ჩვენს დუეტს და ვფიქრობ ხოლმე, რომ იქნებ ნათიამ უკეთესად იმღერა. ამ შემთხვევაში ვისაც ესმის მუსიკა, ჩემს მხარეს დაიჭერდა. მე იმას არ ვამბობ, რომ ნათიამ ვერ იმღერა. უბრალოდ, ამ შემთხვევაში გამიმართლა მე. რინგზე მართლა კარგად ვიმღერე.
მე და ნათიას ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ვამბობდით, რომ არ ჰქონდა აზრი ვინ გადავიდოდა შემდეგ ტურში, მთავარი იყო, კარგი დუეტი გამოსულიყო. შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო წუთამდე ვამხნევებდით ერთმანეთს.
როდესაც რინგი იწყებოდა, გადაწყვეტილი ჰქონდათ ჩემს მეგობრებს თეატრალური უნივერსიტეტიდან, რომ მოდიოდნენ ჩემს საგულშემატკივროდ. ისე მოხდა, რომ კონკურსის ამ დღეს სპექტაკლი დაემთხვა და ნათიას ჩემზე მეტი გულშემატკივარი ჰყავდა. ახლა უკვე ძალიან შემართებით არიან ჩემი მეგობრები, იმისთვის, რომ მხარი დამიჭირონ.
– თაყვანისმცემლებმა ხომ არ იმატა?
– ფეისბუქზე მწერენ თაყვანისმცემლები. ძალიან რთული გრაფიკი მაქვს, ძილიც კი მენატრება. შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერს, ამისთვის, დრო რომ არ მჩება, მაგრამ ჯერჯერობით ასეა საჭირო.
– ყოფილი მეუღლე, ბექა ხოფერია გგულშემატკივრობს?
– ეს კიდევ ცალკე თემაა. ბექა სულ ხსენებაშია. იმდენს ლაპარაკობენ მის შესახებ ჟურნალისტები და პროექტის მონაწილეები, რომ ვამბობ ხოლმე “ახალი ხმის'' 29 მონაწილეა მეთქი (იცინის). ჩვენს შორის რაც იყო დამთავრდა. ბავშვის სანახავად როდესაც მოვიდა მითხრა, რომ პირველ ტურს უყურა. სხვა არაფერი ვიცი.
– როგორი მამაა?
– კარგი. ძალიან უყვარს ნინა. ბექა ასაკით პატარაა. ნინასთან ერთად არ უცხოვრია. ჩვენი შვილი ორი თვის იყო, როდესაც დავშორდით. ბოლომდე ვერ აღიქვამს, რომ მამაა. ერთად, რომ გვეცხოვრა ალბათ უკეთესად გააცნობიერებდა.
– როგორც მითხარი დატვირთული დღის გრაფიკი გაქვს. ნინას ვინ უვლის?
– ისეთი დატვირთული რეჟიმი მაქვს, სულ გარეთ ყოფნა მიწევს. დედაჩემი ძალიან მეხმარება, ნინა სულ მასთანაა. დამხმარე არასდროს არ მყოლია. ვიცი, რომ ჩემი შვილი სანდო ხელშია და მეც არ ვნერვიულობ. თუმცა სულ მენატრება. ხშირად ვურეკავ ხოლმე დედაჩემს და ვთხოვ, რომ დამალაპარაკოს.
– უნივერსიტეტში რა ხდება? როგორც ვიცი ბოლო კურსზე ხარ.
– მუსიკისა და დრამის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ახლა საკურსო სპექტაკლს ვდგავთ. სამუშაო აქაც ბევრია. `ახალი ხმის~ გამო შეღავათებს მიწევენ და იციან, რომ როგორც კი პროექტი დამთავრდება “გადავცხოვრდები" უნივერსიტეტში.
ჩემი ოცნებაა დაიდგას საქართველოში კარგი მიუზიკლები. თუ რომელიმე რეჟისორს მოვეწონები და შემოთავაზებები მექნება, სიამოვნებით ვითამაშებ.
გეტყვით იმასაც, რომ ჩავწერე დუეტი თეატრალურ კვარტეტთან ერთად. ამ სიმღერით ჩემს მსმენელს გავახსენებ თავს და დარწმუნებული ვარ გაჰიტდება.